ას-609-946-07 1 ოქტომბერი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძესაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ც-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. შ-ე, ნოტარიუსები ც. ბ-ე და ე. ფ-ა, ი. ყ-ი, ზ. ა-ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ც-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. შ-ის, ი. ყ-ს, ზ. ა-ს, ნოტარიუსების _ ც. ბ-ისა და ე. ფ-ს მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
მ. ც-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მ.ც-ს განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულება გამოსახლების ნაწილში საქმის საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რაც გაასაჩივრა ზ. ა-ს წარმომადგენელმა ზ. გ-მ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინებით ზ. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა, რაზეც საჩივარი შეიტანა მ. ც-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინებით მ. ც-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება კი დარჩა უცვლელი. ამავე სასამართლოს 2007 წლის 4 ივლისის განჩინებით შესწორდა ზემოხსენებული განჩინების შესავალ ნაწილში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, განჩინების თარიღი “2006 წელი” შეიცვალა “2007 წლით”.
სააპელაციო სასამართლოს მითითებულ განჩინებაზე მ. ც-მა შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მ.ც-ს კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. ც-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინებაზე სააპელაციო პალატამ განიხილა 2007 წლის 11 მაისს, თუმცა განჩინების შესავალ ნაწილში შეცდომით დაფიქსირდა 2006 წელი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, კანონმდებელი ითვალისწინებს სასამართლო გადაწყვეტილებასა თუ განჩინებაში შესაძლო შეცდომის არსებობის შესაძლებლობას და ადგენს მისი გამოსწორების პროცესუალურ წესს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 4 ივლისის გასაჩივრებული განჩინებით სასამართლოს მიერ 2007 წლის 11 მაისის განჩინებაში ცვლილების შეტანა სწორია და განჩინების გაუქმების კანონიერი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ც-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.