¹ას-611-948-07 15 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მ. ცისკაძე (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – რ. ჩ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ჯ-ა (მოსარჩელე)
დავის საგანი – ბინიდან გამოსახლება, ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. ჯ-მ 2006 წლის ნოემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების რ., რო. და მ. ჩ-ების, ე. ც-ის მიმართ და მოითხოვა მათი გამოსახლება ქ.თბილისში, ... IVა მ/რ, მე-9 კორპუსში მდებარე ბინა ¹71-დან და მოსარჩელისათვის ბინის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა, მოპასუხე რ. ჩ-სათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით. ი. ჯ-მ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ კანონის დაცვით აუქციონის წესით შეიძინა ქ.თბილისში, ... IVა მ/რ, მე-9 კორპუსში მდებარე ¹71-ე ბინა, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით. მოსარჩელის მითითებით, ზემოაღნიშნულ ბინაში ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ცხოვრობენ მოპასუხეები. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლებით. იმის გამო, რომ მოსარჩელე ვერ სარგებლობს კუთვნილი ბინით, იგი ყოველთვიურად განიცდის 200 ლარის ზარალს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ჯ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; თანამოპასუხეები _ რ. ჩ-ა, რო. ჩ-ა, მ. ჩ-ა და ე. ც-ი გამოსახლდნენ ქ.თბილისში, ... IVა მ/რ, ¹9 კორპუსში მდებარე ბინა ¹71-დან და დასახელებული ბინა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელე ი. ჯ-ს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ჩ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მაისის განჩინებით რ. ჩ-ს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და სააპელაციო საჩივრის ასლების წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
რ. ჩ-მ 2007 წლის 8 ივნისს სააპელაციო სასამართლოში წარადგინა მისი და მისი ოჯახის წევრების სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის ასლი, სააპელაციო საჩივარი თანდართული მასალებითურთ ორ ეგზემპლარად და მიუთითა, რომ იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ივნისის განჩინებით რ. ჩ-ს გაუგრძელდა საპროცესო ვადა სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად, მას დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის დედნის სახით სასამართლოში წარმოდგენა. აქვე განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივნისის განჩინებით რ. ჩ-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლზე მითითებით დადგენილად ჩათვალა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ივნისის განჩინება საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტს ჩაბარდა 2007 წლის 20 ივნისს, ხარვეზის შევსების ვადა კი ამოიწურა 2007 წლის 25 ივნისს. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლით და ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა რ. ჩ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მას სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 მაისის განჩინება, რომლითაც ევალებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 160 ლარის ოდენობით, გადაეცა ორჯერ, პირველად 30 მაისს, ხოლო შემდეგ 2007 წლის 20 ივნისს. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 14 ივნისის განჩინებას, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი მას არ ჩაბარებია, ამ განჩინების ნაცვლად მას შეცდომით ორჯერ გაეგზავნა ერთი და იგივე 2007 წლის 29 მაისის განჩინება. სწორედ აღნიშნულ გარემოების გამო იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას სასამართლოსათვის წარედგინა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის დედანი. რ ჩ-მ კერძო საჩივარს დაურთო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის დედანი და თბილისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანცელარიის ბეჭდით დამოწმებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მაისის განჩინება ორ ეგზემპლარად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ რ. ჩ-ს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივნისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მაისის განჩინებით რ. ჩ-ს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და სააპელაციო საჩივრის ასლების წარმოდგენა (ს.ფ. 62-63). აპელანტმა ზემოაღნიშნული ხარვეზის შესავსებად სასამართლოში წარადგინა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის ასლი და სააპელაციო საჩივარი დანართითურთ (ს.ფ. 65-72). მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ ხარვეზი არ მიიჩნია შევსებულად და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ივნისის განჩინებით აპელანტს გაუგრძელა ხარვეზის შესავსებად დანიშნული საპროცესო ვადა (ს.ფ. 73-74); თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივნისის განჩინებით კი განუხილველად იქნა დატოვებული რ.ჩ-ს სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კერძო საჩივრის იმ მითითების შესახებ, რომ რ.ჩ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ივნისის განჩინება არ ჩაბარებია, ხოლო ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 29 მაისის განჩინება ორჯერ აქვს ჩაბარებული, აღნიშნულის დასადასტურებლად რ.ჩ-მ კერძო საჩივარს დაურთო თბილისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანცელარიის ბეჭდით დამოწმებული ასლები ორ ეგზემპლარად, ასევე წარმოადგინა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის დედანი (ს.ფ. 84-90). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ჯერ უნდა გაარკვიოს, ცნობილი იყო თუ არა აპელანტისათვის ხარვეზის შევსების თაობაზე დანიშნული ვადის გაგრძელების 2007 წლის 14 ივნისის განჩინების შესახებ და ამის შემდეგ იმსჯელოს რ. ჩ-ს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე. მით უფრო, რომ მან სასამართლოს დათქმულ ვადაში წარუდგინა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა ასლის სახით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ რ. ჩ-ს კერძო საჩივარი საფუძვლიანია, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივნისის განჩინება უნდა გაუქმდეს და რ. ჩ-ს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ. ჩ-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივნისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.