Facebook Twitter

საქმე №349აპ-17 ქ. თბილისი

მ–ი ზ., 349აპ-17 5 დეკემბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ბესარიონ ალავიძე, ნინო გვენეტაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ თამთა რეხვიაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 3 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის განაჩენით ზ. მ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა აეთვალა 2016 წლის 30 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2016 წლის 3 მარტიდან იმავე წლის 5 მარტის ჩათვლით.

2. განაჩენით მსჯავრდებულ ზ. მ–ს მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს სხვა ნარკოტიკული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 მაისის განაჩენით ნასამართლევი ზ. მ–ი ნასამართლობის გაქარწყლებამდე, 2016 წლის 3 მარტს, დღის საათებში, თ...ი, ....–ის ქ. №...–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება 0,00042 გრამ „მეტამფეტამინს“ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს: AM– 2201, MAM– 2201, AKB–48 (APINACA).

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორს - თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ თ. რეხვიაშვილს თავის საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი აქვს იგივე მოთხოვნა, რასაც წინათ ბრალდების მხარე იმავე საქმეზე შეტანილ სააპელაციო საჩივარში აყენებდა. პროკურორს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა მსჯავრდებულ ზ. მ–ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას დაარღვიეს მატერიალური სამართლის ნორმებით, კერძოდ, საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლითა და იმავე კოდექსის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები – არ გააუქმეს წინა განაჩენით მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრი და არ დანიშნეს სასჯელი განაჩენთა ერთობლიობის წესით. საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება – მსჯავრდებულ ზ. მ–ის მიმართ გაუქმდეს წინა განაჩენით გამოყენებული პირობითი მსჯავრი და სასჯელი განსაზღვრულ იქნეს საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილით გათვალისწინებული განაჩენთა ერთობლიობის წესით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ ზ. მ–ის საქმის მასალები, შეამოწმა სტაჟიორ–პროკურორ თამთა რეხვიაშვილის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2015 წლის 5 მაისს ბრალდებისა და დაცვის მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამოტანილი განაჩენით ზ. მ–ი ცნობილ იქნა ბრალეულად ,,ოპიუმის“ ჯგუფს მიკუთვნებული ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით (2007 წლის 3 ივლისის რედაქცია), რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63–ე და 64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განაჩენით დადგენილად არის მიჩნეული, რომ ზ. მ–მ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2016 წლის 3 მარტს ანუ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 მაისის განაჩენით დადგენილი გამოსაცდელი ვადის გასვლამდე. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც აპელანტი ითხოვდა ზ. მ–ის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და სასჯელის დანიშვნას განაჩენთა ერთობლიობის წესით.

3. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ბრალდების მხარეს მისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის არსებით განხილვასა და, შესაბამისად, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა შემდეგი მოტივით: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298–ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში კი პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარეს სასჯელთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

4. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკითხი ეხება სისხლის სამართლის კოდექსის იმპერატიული მოთხოვნის დარღვევას პირობითი მსჯავრის გაუქმების შესახებ. სასამართლოს ვალდებულება გააუქმოს პირობითი მსჯავრი, არ არის დამოკიდებული პროკურორის პოზიციაზე და იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენა გამოსაცდელ ვადაში, სასამართლოს მიერ პირობითი მსჯავრის არგაუქმებით არსებითად ირღვევა მატერიალური კანონი, რისი გასაჩივრების უფლებაც ბრალდების მხარეს ვერ შეეზღუდება.

5. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს არსებითად უნდა ემსჯელა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში სასამართლოს მიერ დაშვებული უკანონობის თაობაზე და განეხილა მხარის მოთხოვნა მის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენთა ერთობლიობის წესით სასჯელის დანიშვნის შესახებ.

6. ბრალდების მხარე მართებულად მიუთითებს თავის საკასაციო საჩივარში, რომ დარღვეულია მოქმედი მატერიალური სისხლის სამართლის ნორმებით დადგენილი მოთხოვნები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილითა და იმავე კოდექსის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილით. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა, მიუხედავად მოცემული საკითხის თაობაზე მის მიერ უკვე დამკვიდრებული პრაქტიკისა (მაგალითის სახით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 20.. წლის .. ოქტომბრის №... განაჩენი, 20.. წლის ... ივნისის №.... განაჩენი), კიდევ ერთხელ განმარტავს: საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილით დადგენილია, რომ პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენის ნებისმიერ შემთხვევაში, პირობითი მსჯავრი გაუქმებულად უნდა ჩაითვალოს და ახალი დანაშაულისათვის სასჯელის შეფარდებისას სასამართლომ უნდა გამოიყენოს განაჩენთა ერთობლიობის წესი, საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილით გათვალისწინებული პირობების დაცვით. მატერიალური სისხლის სამართლის ამ დანაწესს აქვს იმპერატიული ხასიათი, რომელსაც ვერც შეცვლის და ვერც გააუქმებს სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული რეგულაციები, რომლებიც შეეხება მხოლოდ პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენისას გამოსაცდელი ვადის დინების შეჩერებასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებს და არა პირობითი მსჯავრის გაუქმება – არგაუქმების საკითხს, რომელიც მატერიალური სისხლის სამართლის სფეროს მიეკუთვნება.

7. კონკრეტულად, საკასაციო პალატას მხედველობაში აქვს ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონი, კერძოდ, ამ კანონის 23-ე მუხლის მე-81 ნაწილი, რომელიც აწესრიგებს პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენის დროს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შეთხვევაში, სააღსრულებო წარმოების შეჩერების საკითხს, რაზედაც აპელირებენ ქვემდგომი სასამართლოები მსჯავრდებულ ზ. მ–ის მიმართ სასჯელის დანიშვნის წესთან დაკავშირებით. როგორც ვხედავთ, აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა უშუალოდ არ ეხება და არც წყვეტს მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენისას ამ ვადის დინებისა და, შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მიმდინარეობის შეჩერების ან შეწყვეტის საკითხს, რადგან იგი არ მიეკუთვნება აღნიშნული საკანონმდებლო აქტის რეგულაციის სფეროს. ამიტომ განსახილველ შემთხვევაში უნდა ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ზემოხსენებული ნორმებით დადგენილი მოთხოვნებით.

8. აღნიშნული პოზიციის საწინააღმდეგოდ, გასაჩივრებულ განაჩენებში წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით: როდესაც პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენისას, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ არის გამოყენებული, მაშინ გამოსაცდელი ვადა ჩვეულებრივად მიედინება და ახალი დანაშაულისათვის განაჩენის დადგენამდე ამ ვადის ამოწურვის შემთხვევაში, მსჯავრდებულის მიერ პირობითი მსჯავრი მოხდილად უნდა ჩაითვალოს, რაც გამორიცხავს ახალი დანაშაულისათვის მის მიმართ სასჯელის დანიშვნას განაჩენთა ერთობლიობის წესით. საკასაციო პალატის აზრით, ასეთი მიდგომა უეჭველად გამოიწვევს აშკარა შეუსაბამობას სისხლის სამართალში მოქმედ პროპორციულობის პრინციპთან და ყოვლად გაუმართლებელ უსამართლობას დასჯადობაში, რადგან მსგავს შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ განაჩენთა ერთობლიობის წესით სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობა მთლიანად იქნება დამოკიდებული არა შესაბამისი სისხლისსამართლებრივი ნორმებით განსაზღვრულ წესსა და კანონზომიერებაზე, არამედ - სრულიად სხვადასხვა შემთხვევით გარემოებაზე, მაგალითად, ახალი დანაშაულის საქმეზე რამდენად სწრაფად დამთავრდება გამოძიება და გადაეცემა საქმე სასამართლოს განსახილველად; თავის მხრივ, სასამართლო რამდენად დროულად დაიწყებს საქმის არსებით განხილვას, გამომდინარე მისი დატვირთულობიდან; რამდენ ხანს გაგრძელდება საქმის განხილვა სასამართლოში, გამოსაკვლევი მტკიცებულებების მოცულობის გათვალისწინებით, და ა.შ. ასეთ პირობებში კი არც ასეთი შემთხვევა იქნება გამორიცხული: გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის პირობით მსჯავრდებულს, მის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენისას, როდესაც ეს ვადა, მართალია, მინიმალური იყო, მაგრამ ახალი დანაშაულის გამო მისი ბრალდების საქმეზე საპროცესო წარმოება სწრაფად დასრულდა მის მიმართ დანიშნული გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე, სასჯელი დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობის უფრო მკაცრი წესით, ვიდრე იმ პირს, ვინც პირობით მსჯავრდებული იყო უფრო მძიმე, განზრახი დანაშაულისათვის და მისი გამოსაცდელი ვადაც ბევრად უფრო ხანგრძლივი იყო. მაგრამ, ზემოაღნიშნულ შემთხვევით გარემოებებზე დამოკიდებულებით, თუკი ამ უკანასკნელის მიმართ ახალი დანაშაულის საქმეზე საპროცესო წარმოება მეტისმეტად გაჭიანურდა და ამის შედეგად გამოსაცდელი ვადა ამოიწურა განაჩენის გამოტანამდე, მაშინ შეუძლებელი გახდება მის მიმართ სასჯელის დანიშვნა განაჩენთა ერთობლიობის წესით. სასჯელის დანიშვნის პრაქტიკაში ამგვარი არათანაბარი მიდგომა და ამით განპირობებული აშკარა უსამართლობის შესაძლებლობა დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული. ამრიგად, საბოლოო დასკვნა ასეთია: ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაული ჩაიდინა, კერძოდ, საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–4 ნაწილით (როდესაც პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით საქმის განხილვისას სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მის მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრის გაუქმება) და ასევე, მე–5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირობითი მსჯავრი უნდა გაუქმდეს და ახალი დანაშაულისათვის მისი მსჯავრდებისას სასჯელი უნდა დაინიშნოს განაჩენთა ერთობლიობის წესით.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 3 მაისს ზ. მ–ის ბრალდების საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის ნაწილში უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის საუარესოდ, კერძოდ: საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე მის მიმართ უნდა გაუქმდეს წინა განაჩენით გამოყენებული პირობითი მსჯავრი და საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს სსკ-ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ თამთა რეხვიაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს ზ. მ–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 მაისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გასაჩივრებული განაჩენით საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია) განსაზღვრულმა სასჯელმა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქას წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 მაისის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ზ. მ–ს მოსახდელად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. გვენეტაძე