ას-613-839-08 15 სექტემბერი, 2008წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ი. კ.-ე (წარმომადგენელი მ. პ-ა)
მოსარჩელეები _ რ. გ.-ი, რ. ს.-ი, ა. კ.-ე, თ. მ.-ე, ნ. კ.-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ გ. წ.-ი; ფირმა «ე.-ი»; ნოტარიუსი შ. კ.-ე
მესამე პირები _ ვ. კ.-ე; მ. გ.-ე; პ. ბ.-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2002 წლის 26 ივლისს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს შპს «კ.-ის» პარტნიორებმა: ი. კ.-მ, რ. გ.-მა, რ. ს.-მა, ა. კ.-მ, თ. მ.-მ და ნ. კ.-მ მოპასუხეების: გ. წ.-ის, ფირმა «ე.-ისა» და ნოტარიუს შ. კ.-ის, მესამე პირების: ვ. კ.-ის, მ. გ.-ის და პ. ბ.-ის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ფირმა «ე.-ის» მიერ ვ. კ.-სთან, მ. გ.-სთან, გ. წ.-სთან და პ. ბ.-სთან 1997 წლის 10 ნოემბერს დადებული წილის დათმობის შესახებ ხელშეკრულებების ბათილად ცნობა (ს.ფ. 4-7).
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 14 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს «კ.-ის» პარტნიორების: ი. კ.-ის, რ. გ.-ის, ა. კ.-ის, თ. მ.-ისა და ნ. კ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა მათი გამოუცხადებლობის გამო (ს.ფ. 154-156).
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანეს ი. კ.-მ (წარმომადგენელი ი. ნ.-ა), რ. გ.-მა, ა. კ.-მ, თ. მ.-მ და ნ. კ.-მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა (ს.ფ. 170-174).
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 მაისის განჩინებით ი. კ.-ის (წარმომადგენელი ი. ნ.-ა), რ. გ.-ის, ა. კ.-ის, თ. მ.-ისა და ნ. კ.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2003 წლის 14 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ. 199-200).
2008 წლის 30 აპრილს რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. კ.-მ (წარმომადგენელი მ. პ.-ა), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის არსებითად განხილვა (ს.ფ. 208-211).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 მაისის განჩინებით ი. კ.-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 მაისის განჩინება ი. კ.-ის წარმომადგენელ ი. ნ.-ს (რომელსაც იმ დროისათვის გააჩნდა მარწმუნებლის სახელით სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლებამოსილება) ჩაჰბარდა 2003 წლის 16 ივნისს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2003 წელს მოქმედი რედაქცია) და განმარტა, რომ მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დროს და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სუბიექტს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. კანონის აღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინება ჩაბარებულად მიიჩნია ი. კ.-ც. კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა ამოიწურა 2003 წლის 1 ივლისს, ხოლო რამდენადაც ი. კ.-მ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2008 წლის 30 აპრილს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი გასაჩივრების 14-დღიანი ვადა დარღვეული იყო (ს.ფ. 220-222).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. კ.-მ (წარმომადგენელი მ. პ.-ა), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სასამართლოში საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნება, შემდეგი მოტივებით:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის 2003 წლისათვის მოქმედი რედაქცია, რომელიც გასაჩივრებული განჩინების ძირითად სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. სადავო პერიოდში კანონის აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენდა სასამართლო უწყების როგორც მხარის, ასევე მისი წარმომადგენლისათვის გაგზავნის ვალდებულებას, რაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს არ განუხორციელებია. დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 მაისის განჩინება ი. კ.-ს პირადად არ ჩაჰბარებია, აღნიშნული განჩინება მხოლოდ მის წარმომადგენელ ი. ნ.-ს ჩაჰბარდა. შესაბამისად, დროის დასახელებულ მონაკვეთში გასაჩივრების ვადის დენა ი. კ.-ის მიმართ ვერ დაიწყებოდა. მისთვის აღნიშნული განჩინების ოფიციალურად გადაცემა მხოლოდ 2008 წლის 17 აპრილს გახდა შესაძლებელი, რასაც საქმეში არსებული მასალებიც ადასტურებს. რაიონული სასამართლოს განჩინების გასაჩივრების საპროცესო ვადის ათვლა სწორედ ამ უკანასკნელ თარიღს უნდა დაუკავშირდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე მისი მომდევნო დღიდან, კერძოდ _ 18 აპრილიდან დაიწყოს, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი ვადაში წარდგენილად ითვლება.
იმის მიუხედავად, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი 2007 წლის 28 დეკემბრის კანონით განხორციელებული ცვლილების შედეგად სხვაგვარი სახით ჩამოყალიბდა, კერძოდ, სასამართლოს მხარისა და მისი წარმომადგენლისათვის (ორივე მათგანისათვის) სასამართლო უწყების გაგზავნის ვალდებულება მოეხსნა, სამართლებრივი უსაფრთხოების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპიდან გამომდინარე, კანონის ამჟამინდელი რედაქცია სადავო პერიოდზე უკუქცევითი ძალითაც ვერ გავრცელდება, რამდენადაც ასეთ შემთხვევაში პირის მდგომარეობა გაუარესდება (ს.ფ. 226-229).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 მაისის განჩინება მოსარჩელე ი. კ.-ის წარმომადგენელ ი. ნ.-ს, რომელსაც მარწმუნებლის სახელით სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილება გააჩნდა, ჩაჰბარდა 2003 წლის 22 მაისს. შპს «კ.-ის» დანარჩენ პარტნიორებს, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ საქმეში თანამოსარჩელეებად, რაიონული სასამართლოს აღნიშნული განჩინება ჩაჰბარდათ 2003 წლის ივნისში. მათ ეს განჩინება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ. ი. კ.-მ სააპელაციო საჩივარი აღნიშნულ განჩინებაზე 2008 წლის 26 აპრილს _ მისი წარმომადგენლისა და სხვა პარტნიორების მიერ განჩინების ჩაბარებიდან დაახლოებით 4 წლისა და 11 თვის გასვლის შემდეგ შეიტანა (ს.ფ.201-206, 208-218).
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ი. კ.-ის სააპელაციო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი ერთთვიანი გასაჩივრების ვადის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ დროს მოქმედი რედაქცია) გაშვების შემდეგ, რამდენადაც საქმის გარემოებები იძლევა ყველა საფუძველს დასკვნისათვის, რომ ი. კ.-ს, რომელიც იყო ი. ნ.-ს მარწმუნებელი, გადაეცა და იცოდა აღნიშნული განჩინების თაობაზე, ხოლო თავად კერძო საჩივრის ავტორი ამის საწინააღმდეგოს ვერაფერს მიუთითებს. კერძო საჩივრის ავტორი ვერ ადასტურებს, რომ მას რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ გადასცემია და 4 წლისა და 11 თვის განმავლობაში აღნიშნულის თაობაზე მისთვის ცნობილი არ გამხდარა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. კ.-ის (წარმომადგენელი მ. პ.-ა) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივნისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.