Facebook Twitter

ას-616-953-07 8 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. ღ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “.. ..” (მოპასუხე)

დავის საგანი – შრომის წიგნაკის გაუცემლობის გამო კომპენსაცის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განსახილველად მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. ღ-მა 2006 წლის აგვისტოში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს “.. ..ს” მიმართ და მოითხოვა სამუშაოდან დათხოვნის დღეს შრომის წიგნაკის გაუცემლობის გამო სს “.. ..ს” მიერ რეორგანიზაციის საფუძველზე სამუშაოდან გათავისუფლების შემდეგ სამი თვის კომპენსაციის ანაზღაურება. მან სასარჩელო მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 1981 წლიდან მუშაობდა სს “.. ..ში” ...ად. 2002 წლის 17 ივნისს ¹კ-372 ბრძანების საფუძველზე გაათავსუფლეს სამუშაოდან რეორგანიზაციის მოტივით. მას სამუშაოდან გათავისუფლების დღეს და არც მას შემდეგ შრომის წიგნაკი არ მიუღია მოპასუხე ორგანიზაციის ადმინისტრაციის ბრალით. 2007 წლის 27 თებერვლის სასამართლო სხდომაზე მართალია გადაეცა შრომის წიგნაკი, მაგრამ არა შრომის კანონთა კოდექსის 41-ე მუხლით დადგენილი წესით. მოსარჩელემ მიუთითა შრომის კანონთა კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის დარღვევაზე, ასევე მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული შრომის კანონთა კოდექსის 41-ე მუხლით დადგენილი წესი. მოსარჩელის მითითებით, სს “.. ..ს” არ გააჩნია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელის დათხოვნის დღეს მისი ბრალით მოხდა შრომის წიგნაკის გაუცემლობა. მოსარჩელემ სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ სს “.. ..ს” შრომის წიგნაკი მისთვის უნდა გადაეცა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროს და ადგილას. მის მიერ მოთხოვილი კომპენსაცია შეადგენს 813 ლარსა და 28 თეთრს. მან სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა შრომის კანონთა კოდექსის 423-ე მუხლი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინებით ა. ღ-ს სარჩელი მოპასუხე სს “.. ..ს” მიმართ რეორგანიზაციის საფუძველზე სამუშაოდან გათავისუფლების შემდეგ დათხოვნის დღეს შრომის წიგნაკის გაუცემლობის გამო სამი თვის საშუალო ხელფასის ანაზღაურების შესახებ დარჩა განუხილველად.

საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. ღ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინებით ა. ღ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთაAკოლეგიის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინება.

ა. ღ-მა 2007 წლის 19 აპრილს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. განმცხადებელმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ასევე 423-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მან ჯერ კიდევ ზემოთმითითებული სასარჩელო განცხადების წარდგენამდე მიმართა სასამართლოს კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნით. სარჩელით კომპენსაციის ანაზღურების გარდა ითხოვდა აგრეთვე მისი კუთვნილი შრომის წიგნაკის დაბრუნებას, რომელიც მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე განზრახ არ წარმოადგინა. მოსამართლემ კი აღნიშნული გარემოებას ყურადღება არ მიაქცია, რაც დასტურდება 2005 წლის 4 აგვისტოს სხდომის ოქმით. მოპასუხემ მას შრომის წიგნაკი სასამართლოში საქმის განხილვის დროს გადასცა 2002 წლის 17 ივნისიდან თითქმის 5 წლის შემდეგ, 2007 წლის 26 თებერვალს. განმცხადებლის მოსაზრებით, მისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. მან ასეთ გარემოებად მიუთითა ის, რომ არაფერი იცოდა მისი შრომის წიგნაკის არსებობის ფაქტის თაობაზე და მისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რადგან არ იცოდა, თუ რა საფუძვლით არ უბრუნებდა მოპასუხე შრომის წიგნაკს. მან მიუთითა, რომ დაცული აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა განსჯადი სასამართლოსათვის მიმართვის თაობაზე. მან ასევე მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველს, რადგან პირველ შემთხვევაში მისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს შრომის კანონთა კოდექსის 98-ე მუხლი, ხოლო მოცემულ შემთხვევაში კი მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველია შრომის კანონთა კოდექსის 423-ე მუხლი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივლისის განჩინებით ა. ღ-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინებით ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინება, რომლითაც განუხილველი დარჩა ა. ღ-ს სარჩელი. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ა. ღ-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით უნდა შეეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სწორედ 2007 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინება არ განეკუთვნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლით გათვალისწინებულ განჩინებას. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე ჩათვალა, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. ღ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლზე, 284-ე მუხლის მეორე ნაწილსა და 25-ე მუხლის მესამე ნაწილზე, ასევე 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტზე მითითებით განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 20 ივლისის განჩინებას ხელს აწერს ერთი მოსამართლე. ა.ღ-ს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში საქმე განხილულ იქნა არაკანონიერი შემადგენლობის მიერ, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. მისი მოსაზრებით, მოსამართლეს განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანის უფლება ერთპიროვნულად არ ჰქონდა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება მისი განცხადების განსჯადობასთან დაკავშირებით. მან მიუთითა, რომ მისი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს განსჯადია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ა. ღ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივლისის განჩინება შემდეგი გარემოებების გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინებით ა. ღ-ს სარჩელი მოპასუხე სს “.. ..ს” მიმართ რეორგანიზაციის საფუძველზე სამუშაოდან გათავისუფლების შემდეგ დათხოვნის დღეს შრომის წიგნაკის გაუცემლობის გამო სამი თვის საშუალო ხელფასის ანაზღაურების შესახებ დარჩა განუხილველად. ა. ღ-მა ეს განჩინება გაასაჩივრა კერძო საჩივრით, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინება (ს.ფ. 79-80). ა. ღ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინებაზე შეიტანა განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივლისის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული იმ საფუძვლით, რომ არ იყო დაცული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლით დადგენლი განსჯადობის წესები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობას ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებას მოითხოვენ. ის გარემოება, რომ ამ გადაწყვეტილების უცვლელად (ძალაში) დატოვების შესახებ არსებობს სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს განჩინებები, არ ცვლის განსჯადობას. განცხადება, მიუხედავად ამისა, უნდა განიხილოს გადაწყვეტილების გამომტანმა და არა იმ სასამართლომ, რომელმაც უცვლელად (ძალაში) დატოვა იგი. განცხადება საქმის განახლების შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს შეტანილი სააპელაციო (საკასაციო) სასამართლოში, თუ სააპელაციო (საკასაციო) სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და თვითონ გამოაქვს ახალი გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განუმარტა მხარეს, რომ რადგან თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 10 აპრილის განჩინებით კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინება ა.ღ-ს სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე, ამიტომ, ა.ღ-ს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადება უნდა შეეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 თებერვლის განჩინებაზე და არა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინებაზე.

საკასაციო პალატა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს ა. ღ-ს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 20 ივლისის განჩინებას ხელს აწერს ერთი მოსამართლე და ეს გარემოება საკასაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უნდა მიიჩნიოს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 443-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად 2008 წლის 1 იანვრამდე შეტანილი სააპელაციო საჩივარი ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრულ საქმეებზე, ქონებრივ-სამართლებრივ დავაზე, რომლის ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს, ასევე შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ ა. ღ-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე სწორად იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ განუხილველად დატოვებული. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში კანონი არ დაურღვევია და ა. ღ-ს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ღ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივლისის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.