საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №469აპ-17 ქ. თბილისი
ფ-ა ი, 469აპ-17 23 იანვარი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის განაჩენზე საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორების - თამარ აღლემაშვილის, ამირან გულუაშვილისა და ლაშა ცქვიტარიას, მსჯავრდებულების - ი. ფ-ა და გ. ც-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-ს, მსჯავრდებულების - კ. ნ-ა და ლ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ს-ს, მსჯავრდებულების - ი. ფ-ს, გ. ც-ა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ვ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით:
ი. ფ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 25,369-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.
ი. ფ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,109-ე მუხლის ,,ა“, ,,ზ“, ,,თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. ი. ფ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 2 თებერვლიდან.
გ. ც-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 369-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.
გ. ც-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.
გ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ა“, ,,თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ც-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 2 თებერვლიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 5 მარტის განაჩენით მოხდილი სასჯელი - 11 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა.
კ. ნ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ა“, ,,ზ“, ,,თ“ ქვეპუნქტებიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).
კ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. კ. ნ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 2 თებერვლიდან.
საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე კ. ნ-ს დამატებითი სასჯელის სახით 3 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა.
ლ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 369-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ლ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 2 თებერვლიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 დეკემბრის განაჩენით მოხდილი სასჯელი - 11 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე ლ. ბ-ს დამატებითი სასჯელის სახით 3 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა.
გ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 147-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. გ. კ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან.
საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე გ. კ-ს დამატებითი სასჯელის სახით 3 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა.
2. აღნიშნული განაჩენით მსჯავრდებულების - ი. ფ-ს, გ. ც-ს, კ. ნ-ს, ლ. ბ-ა და გ. კ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2006 წლის მაისში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების მიერ დაიგეგმა და განხორციელდა სისხლიანი სპეცოპერაცია, რომელიც, მისი რეალური და შემდგომში კარგად შენიღბული მოტივის გარდა, იმ პერიოდში დანაშაულთან ბრძოლის ნულოვანი ტოლერანტობისა და დამნაშავეთა შეუწყნარებლობის გაცხადებული იდეის შესაბამისად, მიზნად ისახავდა კრიმინალთან ბრძოლის სასტიკი მეთოდების პროპაგანდას, სამართალდამცავთა შეუზღუდავი ძალაუფლებისა და ავტორიტეტის განმტკიცებას და პოლიციელთა მხრიდან ძალადობის გამოყენების კონკრეტული მაგალითების მასობრივი საშუალებების მეშვეობით, კრიმინალთან ბრძოლის დაუნდობელი პოლიტიკის გატარებას, რაც არა მხოლოდ საპატიებელს გახდიდა „დამნაშავედ“ მონათლული პირის მოკვდინებას, არამედ „ქვეყნის ინტერესების განუხრელად დაცვისათვის“ ხელისუფალთა მოწონებასაც დაიმსახურებდა.
2006 წლის 7 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ი. ფ-ს ძმა - ლ. ფ-ა. ლ. ფ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებს; მის დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე მიაწოდა ა. ხ-ა, რის შესახებაც ი. ფ-ს ცნობილი გახდა მისი მაღალი თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. ი. ფ-ს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნისათვის, მიუღებელი აღმოჩნდა მისი თანამდებობრივი ავტორიტეტისა და რეპუტაციისათვის ამგვარი ფორმით საფრთხის შექმნა, რის გამოც გადაწყვიტა შური თავისი ძმის დაკავების საქმეში მთავარი ფიგურანტის - ა. ხ-ს მიმართ. შურისძიებისათვის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენდა იმ რესურსის გამოყენება, რისი განკარგვის შესაძლებლობაც ი. ფ-ს თანამდებობრივად ჰქონდა მინიჭებული. ამისათვის კი აუცილებელი იყო მისი ქმედების იმგვარი შენიღბვა, რომ დანაშაულებრივი მიზნის აღსრულება სამართალდამცავთა კანონიერ ქმედებად წარმოჩენილიყო და დანაშაულთან ბრძოლის საქვეყნოდ გაცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ფარგლებში, სამართალდამცავთა საქმიანობის ჩვეული სახე მიეღო. აღნიშნულით ი. ფ-ა შეძლებდა არა მარტო ძმის დაკავებისათვის ა. ხ-ე შურისძიებას, არამედ დანაშაულთან მებრძოლი სამართალდამცავის იმიჯის შექმნას და ხელმძღვანელი პირებისაგან, მისი ქმედებიდან გამომდინარე, შექებასა და მოწონებასაც დაიმსახურებდა.
შემუშავებული გეგმით, ა. ხ-ს ლიკვიდაცია „წარმატებული“ სპეცოპერაციის ფორმით უნდა მომხდარიყო და ძალადობრივი მეთოდის, როგორც სამართალდამცავთა მხრიდან კრიმინალთან ბრძოლის ძირითადი ხერხის პროპაგანდის სახე მიეღო. ე.წ. „სპეცოპერაციის“ ჩასატარებლად, მან გამოიყენა ხსენებული დეპარტამენტის 30-მდე თანამშრომელი, 20-მდე სპეცრაზმელი, ავტომანქანები და ცეცხლსასროლი, მათ შორის, ავტომატური იარაღები, ასევე - ზემოხსენებულ დეპარტამენტში შემავალი არაერთი სამსახური.
საკუთარი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ი. ფ-ს ორგანიზებითა და უშუალო მონაწილეობით დაიგეგმა და განხორციელდა შემდეგი:
2006 წლის 1 მაისს ი. ფ-ს ცნობილი გახდა, რომ მომდევნო დღეს, დილის საათებში, ა. ხ-ი მეგობრებთან აპირებდა შეხვედრას, რის შემდეგაც, მათთან ერთად გაემართებოდა ი-ი-ს-ს რაიონის მიმართულებით. იმ დროისათვის ი. ფ-ს უცნობი იყო შეხვედრის მიზანი და მათი კონკრეტული მარშრუტი, ასევე ზუსტი ადგილი, სადაც ისინი აპირებდნენ მისვლას. ეს ინფორმაცია მიჩნეულ იქნა დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის კარგ საშუალებად, რის გამოც ი. ფ-ს მიერ მობილიზებულ იქნა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ა. ხ-ა და მისი მეგობრების თვალთვალის შესახებ, თუმცა ე.წ. „სპეცოპერაციის“ ადგილის შერჩევა, მათი მარშრუტის წინასწარ არცოდნის გამო, ვერ მოხერხდა, შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაქვემდებარებაში მყოფი პირების, მათ შორის - სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების ორ ჯგუფად განაწილების შესახებ. პირველი მოახდენდა თვალთვალს, ხოლო მეორე – ჩასაფრდებოდა ს-ს მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე და ა. ხ-ა და მისი მეგობრების გადაადგილების მარშრუტიდან გამომდინარე, ე.წ. „სპეცოპერაციის“ მიმდინარეობისას, შეირჩეოდა მათი ლიკვიდაციის ზუსტი ადგილი. სპეცოპერაციის ჩატარებისა და სამართალდამცავთა მობილიზების რეალური მიზეზი ფორმალურად შეინიღბა ყაჩაღური თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი პირების მიმართ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებით.
2006 წლის 2 მაისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ა. ხ-ი შეხვდა თავის მეგობრებს - ზ. ვ-ა და ბ. ფ-ს და ზ. ვ-ს ავტომანქანით გაემართა მ-ს მ-ა სანაპიროს მიმართულებით. ა. ხ-ი განთავსდა მძღოლის გვერდით, წინა მარჯვენა სავარძელზე, ხოლო ბ. ფ-ე - ავტომანქანის უკანა სავარძელზე. ამ დროისათვის მათ გადაადგილებას აკონტროლებდნენ შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.
მოძრაობისას, დაახლოებით 09:45 საათზე, ავტომანქანა, რომელსაც ზ. ვ-ი მართავდა შუქნიშნის ამკრძალავ წითელ ფერზე გაჩერდა ქ.თ-ი, მ-ს მ-ა სანაპიროზე მდებარე ს-ო კ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სამანქანო გზის სავალ ნაწილზე, ბ-ს ხიდის მიმართულებით, უკიდურეს მარცხენა ზოლში. შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან ერთად, მათ ავტომანქანებიდან უთვალთვალებდნენ. ამ დროს ი. ფ-ს მიერ ხელის რადიოსადგურის მეშვეობით ბრძანების გაცემისთანავე, ცეცხლსასროლი (მათ შორის ავტომატური) იარაღებით შეიარაღებული სპეცდანიშნულების რაზმის წევრები - ი. მ-ე, გ. გ-ი, ა. ც-ე, ზ. ჯ-ე, დ. ა-ი, ს. ჩ-ა, ა. ს-ე და კ. ნ-ი გადმოვიდნენ ავტომანქანებიდან და გაემართნენ ზ. ვ-ს ავტომანქანისაკენ. მანქანასთან მიახლოებისთანავე, მიუხედავად იმისა, რომ იმყოფებოდნენ ხალხმრავალ ადგილას, ამასთან, ავტომანქანაში მყოფი პირებისაგან არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ, ი. ფ-ს მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ყოველგვარი მოწოდებისა და გამაფრთხილებელი გასროლის გარეშე, ცეცხლი გაუხსნეს ზ. ვ-ს ავტომანქანას და მის მგზავრებს. ზ. ვ-ი სროლებისაგან თავის დაღწევის მიზნით შეეცადა ავტომანქანით გაქცევას, გადავიდა საპირისპიროდ მოძრავი ავტომანქანებისათვის განკუთვნილ გზის სავალ ნაწილზე, თუმცა ინტენსიური სროლების გამო დაკარგა ავტომანქანის მართვა და შეეჯახა ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ, გზის სავალ ნაწილზე მდებარე ელექტროგანათების ბოძს. მიუხედავად ამისა, ე.წ. „სპეცოპერაციის“ მონაწილენი, იმ მიზნით, რომ ბოლომდე დარწმუნებულიყვნენ ე.წ. „სპეცოპერაციის“ შედეგიანობაში, კვლავ აგრძელებდნენ სროლას ავტომანქანისა და მისი მგზავრების მისამართით.
ინტენსიური სროლის შეწყვეტისთანავე, ე.წ. „სპეცოპერაციის“ მონაწილე გ. ც-ე, წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, ი. ფ-ს მიერ ორგანიზებული დანაშაულის დაფარვის, თვითმხილველი მოწმეების განადგურების და წარმატებული ოპერაციის დასრულებაში დარწმუნების მიზნით, მიუახლოვდა ზ. ვ-ს ავტომობილს და თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა საკონტროლო გასროლები სალონის წინა ნაწილში მჯდომი ზ. ვ-ა და ა. ხ-ს მისამართით.
მიყენებული ჭრილობების შედეგად ზ. ვ-ი და ა. ხ-ი ადგილზევე გარდაიცვალნენ, ხოლო ბ. ფ-მ მიიღო სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანება.
აღნიშნულით დანაშაულებრივი გეგმის პირველი ნაწილი დასრულდა. ამის შემდეგ საჭირო იყო ჩატარებული ოპერაციისათვის კანონიერი სახის მიცემა. ამ მიზნით ი. ფ-მ დაგეგმა და განახორციელა შემდეგი:
ე.წ. „სპეცოპერაციის“ დასრულებისთანავე, გამომძიებელ გ. კ-ს მიერ შედგენილი ბ. ფ-ს ეჭვმიტანილის სახით დაკავების ოქმის თანახმად, ბ. ფ-ე დააკავეს ქ.თ-ი, მ-ს მ-ა სანაპიროს ჩ-ს კ-ს წინამდებარე ტერიტორიაზე 2006 წლის 2 მაისს, 09:50 საათზე, იმ საფუძვლით, რომ იგი ეჭვმიტანილი იყო ჯგუფურად ყაჩაღური თავდასხმის მომზადებაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ბ. ფ-ს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე. თუმცა, იმ დროისათვის ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე არ იყო მოპოვებული არც ერთი მტკიცებულება, რის გამოც არ არსებობდა ბ. ფ-ს დაკავების არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი.
ყაჩაღური თავდასხმის მომზადების ფაქტზე გამოძიება შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მხოლოდ სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ დაიწყო. აღნიშნული, პირველ რიგში, მიზნად ისახავდა ჩატარებული სპეცოპერაციისათვის კანონიერი სახის მიცემას და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის გზით მომხდარის ისე წარმოჩენას, თითქოსდა სამართალდამცავებმა სპეცოპერაციის ჩატარების დროს მოახდინეს კანონიერი რეაგირება დამნაშავე პირთა მხრიდან გაწეულ შეიარაღებულ წინააღმდეგობაზე. ამ მიზნით, ი. ფ-მ, როგორ ე.წ. „სპეცოპერაციის“ მთავარმა შემოქმედმა და ხელმძღვანელმა, ორგანიზება გაუწია ზ. ვ-ს, ა. ხ-ა და ბ. ფ-ს მიერ ყაჩაღური თავდასხმის მომზადების ფაქტზე არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას, კერძოდ:
შემთხვევის ადგილზე მიყვანილ იქნა შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების გმს ინსპექტორ-გამომძიებელ გ. დ-ე განპიროვნებული BMW-ს მარკის ავტომანქანა, რომელსაც აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი დაზიანება წინა საქარე მინაზე. ხსენებული ავტომანქანა განთავსდა ზ. ვ-ს ავტომანქანის უკან, 48 მეტრის მოშორებით, თითქოსდა შუქნიშნის წითელ ამკრძალავ ფერზე დგომისას, ზ. ვ-ს ავტომანქანის უკანა საქარე მინიდან მოხდა გასროლა, ხოლო ტყვია მოხვდა გ. დ-ს ზემოხსენებულ ავტომანქანას. შემთხვევის ადგილზე მოხდა ხსენებული ავტომანქანის დათვალიერება, რის შემდგომაც ავტომანქანა, ფალსიფიცირებული მტკიცებულების სახით, ამოღებულ იქნა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.
თუმცა, მხოლოდ ავტომანქანის დაზიანება არასაკმარისად იქნა მიჩნეული შეიარაღებული წინააღმდეგობის მოსანათლად, აუცილებელი იყო ადამიანური მსხვერპლის არსებობა, რის გამოც შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს ლიდერებთან ბრძოლის განყოფილების უფროსმა გამომძიებელმა ლ. ბ-მ თვითდაზიანება მიიყენა მარცხენა ფეხის არეში და იმავე დღეს, 2006 წლის 2 მაისს, მიმართა სამედიცინო დაწესებულებას შემოწმების გავლის მიზნით. დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ლ. ბ-ს აღენიშნებოდა დაჟეჟილობა მარცხენა ფეხის არეში. აღნიშნული კი არ ჩაითვლებოდა მექანიკური დაზიანების განსაზღვრის საკმარის ნიშნად, რის გამოც ლ. ბ-მ კვლავ მიიყენა დაზიანება და ახალი დაზიანებით გამოცხადდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტთან, სადაც დაფიქსირდა სისხლნაჟღენთის და ნაჭდევის არსებობა. ამით კი შეიქმნა მტკიცებულება ზ. ვ-ს, ბ. ფ-ა და ა. ხ-ს მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის ფაქტის დასადგენად.
ზ. ვ-ს, ა. ხ-ა და ბ. ფ-ს მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა აუცილებლად გულისხმობდა ავტომანქანაში ყაჩაღური თავდასხმისათვის საჭირო ნივთებისა და ცეცხლსასროლი იარაღის არსებობას, სხვა შემთხვევაში კი ავტომანქანისა და მისი მგზავრებისათვის ცეცხლის გახსნა კანონიერ სახეს ვერ შეიძენდა, რის გამოც ი. ფ-ს დავალებით შსს თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე მიიტანეს და ავტომობილში ჩააწყვეს ცეცხლსასროლი იარაღები, მასრები, რაციები და ყაჩაღობისათვის საჭირო სხვა ნივთები, რითაც მოხდა მტკიცებულებების ფალსიფიცირება.
იმ ვერსიის გასამყარებლად, რომ ბ. ფ-მ, ზ. ვ-ა და ა. ხ-ა დაგეგმეს ყაჩაღური თავდასხმა, საჭირო იყო დაზარალებული პირის არსებობაც. ამისათვის აუცილებელი იყო სამართალდამცავ ორგანოებს მოეძებნათ დაზარალებული, რომლის ჩვენება თანხვდენილი იქნებოდა მომხდარის მათ მიერვე შეთხზულ ვერსიასთან. ამ მიზნით, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ი. ფ-მ გამოძიებას წარუდგინა ა. მ-ი, ვითომდა დაზარალებული, რომელზეც თითქოსდა თავდასხმას აპირებდნენ ზ. ვ-ი, ა. ხ-ი და ბ. ფ-ე გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად.
გარდა ამისა, საჭირო იყო პირი, რომელიც „დააგვირგვინებდა“ ვერსიას ყაჩაღური თავდასხმის მომზადების შესახებ და აღიარებდა ხსენებულ პირებთან ერთად დანაშაულის ჩადენას, ამისათვის კი ი. ფ-ს სრული თავისუფლება ჰქონდა: შეთხზულ საქმეში ასევე ფიგურირებდა გამოძიებით დაუდგენელი პირიც, რომლის დადგენა, ბუნებრივია, ი. ფ-ს და მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს უნდა მოეხდინათ. ეს შესაძლებლობაც მან წარმატებით გამოიყენა. 2006 წლის 3 ივნისს გ. ც-მ აიძულა ე. ს-ი, ეთქვა, რომ თითქოსდა ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდა თანამზრახველებთან ერთად, რა დროსაც მოხდა ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა და მიღებული მასალები დაერთო საქმეს, როგორც ყაჩაღური თავდასხმის მომზადების მტკიცებულება.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ü პროკურორებმა - ია დარჯანიამ და თამარ აღლემაშვილმა ითხოვეს განაჩენის გაუქმება ი. ფ-ს მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ორგანიზებისათვის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 25,369-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია); გ. ც-ს მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისათვის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 369-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია); გ. ც-ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მისი დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების ამ ნაწილში; კ. ნ-ს ბრალდების გადაკვალიფიცირების ნაწილში და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია); ასევე განაჩენის გაუქმება სასჯელის დანიშვნის ნაწილში და ყველა მსჯავრდებულისათვის სანქციით გათვალისწინებულ მაქსიმუმთან მიახლოებული სასჯელების განსაზღვრა შემდეგი საფუძვლებით:
- მოსამართლის გადაწყვეტილება გარკვეულ დანაშაულებრივ ეპიზოდებში ბრალდებულთა გამართლების, კვალიფიკაციის შეცვლისა და დანიშნული სასჯელის ზომის ნაწილში არ შეესაბამება საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და კანონის სრული დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებებს, ასევე სრულყოფილად არ ასახავს ბრალდებულთა მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი. ფ-ს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენის გარდა, წარდგენილი ჰქონდა მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ორგანიზება, რაშიც იგი გამართლდა. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ორგანიზება განახორციელა უშუალოდ ი. ფ-მ, თუმცა სასამართლომ ამ კუთხით ბრალდების მხარის მტკიცებულებები არასრულყოფილად შეაფასა და არ გაიზიარა არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც ამ ნაწილში ი. ფ-ს ბრალეულობას ადასტურებდა.
- გ. ც-ნ დაკავშირებით სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ფარული ჩანაწერი, რომელშიც ასახულია ე. ს-ა და გ. ც-ს საუბარი. როგორც საუბრის ტექსტიდან ირკვევა, ყაჩაღობის მომზადების შესახებ ვერსიასა და მასთან დაკავშირებულ დეტალებზე ყვება არა თავად ე. ს-ი, არამედ სათქმელს სთავაზობს გ. ც-ე, ხოლო ე. ს-ი ეთანხმება მას. ე. ს-ე ზეწოლის ფაქტს ადასტურებენ მოწმეები - ე. ს-ა (ე. ს-ს და) და ადვოკატი მ. კ-ი. ამდენად, ერთი მხრივ, მოწმეთა, ხოლო მეორე მხრივ, ე. ს-ს ჩვენებებით დასტურდება, რომ მისგან სასურველი ჩვენების მიღების მიზნით მასზე ზეწოლას ახდენდა გ. ც-ე. აღნიშნულს ადასტურებს ასევე გამოკვლეული ვიდეო-აუდიოჩანაწერი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.
- გასაჩივრებული განაჩენით გ. ც-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) შერაცხული ბრალდება. ამასთან, განაჩენით დადგენილია, რომ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში გარკვეული თანაამსრულებლების მიერ გამოიყენებოდა ისეთი საშუალება, რომელიც საფრთხეს უქმნიდა სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, თუმცა ეს ბრალდება გ. ც-ს ამოერიცხა იმ არგუმენტზე მითითებით, რომ თავად მას ამგვარი საშუალება არ გამოუყენებია. ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას და მიიჩნია, რომ ვინაიდან ,,კ-ს სპეცოპერაცია“ იყო წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა, გ. ც-ს, წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, არათუ შეცნობილი ჰქონდა მომეტებული საფრთხის შემცველი საშუალების გამოყენება სხვა თანაამსრულებელთა მხრიდან, არამედ თავად აგრძელებდა დაწყებულ მკვლელობას; იგი თავიდანვე მონაწილეობდა ერთიან ჯგუფურ დანაშაულში და საქართველოს სსკ-ის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მას უნდა შეერაცხოს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ის ნიშანიც, რომელიც მის მხარეს არ არსებობდა, მაგრამ რომელიც შეცნობილი ჰქონდა.
- ბრალდების მხარემ მიუთითა, რომ კ. ნ-ს ქმედება წარმოადგენს ერთიანი დანაშაულის შემადგენელ ნაწილს და მანაც, უმართლობის განმახორციელებელი სხვა პირების მსგავსად, პასუხი უნდა აგოს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის, თუნდაც გაურკვეველი დარჩეს - გამოიწვია თუ არა მისმა ნასროლმა ტყვიამ რომელიმე პირის სიკვდილი.
- გარდა აღნიშნულისა, ბრალდების მხარე არ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს მსჯავრდებულთა მიმართ დანიშნული სასჯელების ნაწილში. აპელანტების განმარტებით, მართალია, განაჩენში აღნიშნულია ის გარემოებები, რომლებიც სასამართლომ მხედველობაში მიიღო სასჯელის შეფარდების დროს, მაგრამ ისინი სრულყოფილად არ ასახავს ბრალდებულთა პიროვნებებს და მათ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის სპეციფიკას, რის გამოც დანიშნული სასჯელები უსამართლოდ მსუბუქია და რის გამოც ბრალდების მხარემ ითხოვა მსჯავრდებულების - ი. ფ-ს, გ. ც-ს, კ. ნ-ს, ლ. ბ-ა და გ. კ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელების დამძიმება.
ü ადვოკატებმა - დ. ხ-მ, კ. შ-მ და ი. ს-ა ითხოვეს განაჩანის გაუქმება და მსჯავრდებულების - ი. ფ-ს, გ. ც-ს, კ. ნ-ა და ლ. ბ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგი საფუძვლებით:
- სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია ი. ფ-ს მიერ ა. ხ-ე შურისძიების მოტივით განხორციელებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით და ამ ნაწილში დაეყრდნო მოწმეების - კ. მ-ს, ლ. ა-ა და ჯ. შ-ს ჩვენებებს, თუმცა სასამართლომ არასწორად შეაფასა აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები როგორც სანდოობის, ასევე საქმესთან მათი შეხების თვალსაზრისით. ასევე, ამ ნაწილში სათანადოდ არ იქნა გააზრებული და შეფასებული მოწმე ი. ზ-ს ჩვენება და ვარაუდებზე დაყრდნობით მიიღო არასწორი გადაწყვეტილება.
- გაუგებარია, თუ რატომ დააყენა სასამართლომ საკითხი ამგვარად - იყო თუ არა მხოლოდ ოპერატიული ინფორმაცია საკმარისი საფუძველი დაკავების განსახორციელებლად. „პოლიციის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის ,,ბ“ პუნქტის შესაბამისად, პოლიცია ვალდებული იყო, მიეღო ზომები მოსალოდნელი დანაშაულის აღსაკვეთად, რის გამოც დაიგეგმა კიდეც აღნიშნული სპეცოპერაცია და რამდენადაც არსებობდა ინფორმაცია შეიარაღებული ჯგუფის შესახებ, სპეცოპერაციაში ჩართეს სპეცრაზმი. ის ფაქტი, რომ გამოძიების დასაწყებად ზ. ფ-ს მიერ შედგენილი პატაკი სპეცოპერაციის შემდეგ დაიწერა, დაცვის მხარეც ადასტურებს, თუმცა მანამდე არსებობდა აგენტის მიერ შედგენილი საიდუმლო პატაკი, რომელიც საქმის მასალებში ვერ მოხვდებოდა. საფუძველსმოკლებულია ასევე არგუმენტი, რომ თითქოს გარდაცვლილი პიროვნებების ვინაობა სამართალდამცველთათვის სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. ამ ნაწილში გამომძიებელ შ. ნ-ა და ექსპერტ მ. გ-ს ჩვენებებზე დაყრდნობა უსაფუძვლოა, ვინაიდან ისინი არ იყვნენ სპეცოპერაციის მონაწილე პირები, არ დასწრებიან თათბირს და შესაძლოა, არც იცოდნენ ამ პირთა ვინაობა. რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რატომ არ თქვეს სამართალდამცველებმა ამ პირთა ვინაობა, დაცვის მხარე განმარტავს, რომ მიმდინარეობდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მეოთხე პირის დასაკავებლად, რის გამოც შესაძლებელია გახმაურებულიყო ფაქტები, რაც ხელს შეუშლიდა გამოძიებას დამნაშავის დაკავებაში.
- სასამართლო ასევე არასწორად უთითებს, რომ თითქოს სპეცოპერაციის ჩატარების ადგილზე „საცობი“ ხელოვნურად შეიქმნა და რომ დამნაშავე პირთა დაკავება შეიძლებოდა მომხდარიყო იქ, სადაც ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს ამ გადაწყვეტილების მიღების უფლებას და საშუალებას მისცემდა, ეს დასკვნაც ვარაუდს ეყრდნობა. ამ ფაქტთან დაკავშირებით აღსანიშნავია მოწმეების: ა. ს-ს (ისევე, როგორც სხვა სპეცრაზმელების), კ. გ-ა და ქ. მ-ს ჩვენებები.
- ადვოკატთა განმარტებით, იმ ნაწილში - გაუწიეს თუ არა მათ წინააღმდეგობა პოლიციას, სასამართლო დაეყრდნო სპეცრაზმელების, ასევე შემსწრე პირების - კ. გ-ს, თ. გ-ს, ე. მ-ა და დაზარალებულ ბ. ფ-ს ჩვენებებს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ პირველად გაისროლეს პოლიციელებმა და ვ-ს მანქანიდან გასროლა არ მომხდარა. დამცველთა განმარტებით, სასამართლო ამ შემთხვევაშიც არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს მოწმეთა ჩვენებებს, კერძოდ, სპეცრაზმელების ჩვენებები არადამაჯერებელია და არ შეიცავს უტყუარ მონაცემებს კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით. მათი ჩვენებები ერთმანეთის იდენტურია და ფაქტია, რომ ისინი წინასწარ შეათანხმეს და მოამზადეს ასეთი ჩვენებების მისაცემად. გარდა ამისა, მათი ჩვენებები ვერ და არ ადასტურებენ გ. ც-ს მიერ საკონტროლო გასროლების ფაქტს, მათ მიერ იდენტურად აღწერილი გარემოებები გ. ც-ნ მიმართებით, ასევე ვარაუდია და არ წარმოადგენს ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებას. აღსანიშნავია სხვა მოწმეების - გ-ს, მ-ს, გ-ს ჩვენებები, რომლებიც ზ. ვ-ს ავტომანქანაში გასროლის ფაქტთან დაკავშირებით, არ უნდა იქნეს გაზიარებული. ყველა აღნიშნული მოწმე აცხადებს, რომ მანქანიდან გასროლა არ დაუნახავთ, მაგრამ რომ ყოფილიყო, გაიგონებდნენ. გაუგებარია, თუ რატომ უნდა ეფიქრა რომელიმე მათგანს, დაკვირვებოდა ზ. ვ-ს მანქანას, რათა დაედგინა - მანქანიდან ხომ არ ისვრიანო, ან მანქანიდან სროლის ხმა ხომ არ ისმისო. ამდენად, აღნიშნულ პირთა ჩვენებები არადამაჯერებელია და გაზიარებული არ უნდა იქნეს.
- სასამართლო დაეყრდნო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც შემთხვევის ადგილზე გ. დ-ს ავტომანქანის დაზიანება, ტყვიის ტრაექტორიის გათვალისწინებით, შეუძლებელია მომხდარიყო ზ. ვ-ს ავტომანქანიდან, მიუხედავად მსროლელის განლაგებისა. ამასთან, სასამართლო გვერდს უვლის მნიშვნელოვან ექსპერტიზის დასკვნებს, კერძოდ, ექსპერტმა ლ. კ-ა აჩვენა, რომ მის მიერ 2006 წლის 3 მაისს გაცემული №რან/.... დასკვნა და 2006 წლის 16 ივნისს გაცემული №რან/... დასკვნა ნამდვილია და ამ დასკვნებით დადგენილია, რომ ზ. ვ-ს, ა. ხ-ა და ბ. ფ-ს ხელების ანაწმენდებზე დაფიქსირდა დენთის კვალი. გარდა ამისა, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებიდან ჩანს, რომ ზ. ვ-ს ავტომობილის სალონში დაფიქსირდა დენთის წვის პროდუქტები, ხოლო ქიმიური ექსპერტიზის №.../რან დასკვნის თანახმად, ზ. ვ-ს, ა. ხ-ა და ბ. ფ-ს ტანსაცმელზე აღმოჩნდა რკინის მეტალიზაციის ნაკლები ინტენსივობის კვალი. აღნიშნულით კი დასტურდება, რომ მანქანაში მყოფ პირებს თან ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღები.
- გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ მსჯელობისას სასამართლო, დ-ს ავტომანქანაზე მოხვედრილი ტყვიის გარდა, არ განიხილავს ვ-ს ავტომანქანიდან სხვა გასროლების შესაძლებლობას, მიუხედავად მრავალი მტკიცებულებისა. სასამართლო არასწორად აფასებს კ. ნ-ს ჩვენებას, რომელშიც ის განმარტავს, რომ ზ. ვ-ს ავტომანქანის წინა მარჯვენა ფანჯრიდან განხორციელდა გასროლები ჰაერში, რასაც მოჰყვა მისი მხრიდან გასროლები ავტომანქანის საბურავების მიმართულებით.
- სასამართლო საერთოდ არ ამახვილებს ყურადღებას სხვა მნიშვნელოვან მტკიცებულებებსა და ექსპერტთა დასკვნებზე „საკონტროლო გასროლებთან“ დაკავშირებით და არასწორად აფასებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ მ. გ-ს, მოწმე მ-ა და ბრალდებულ გ. ც-ს ჩვენებებს. ამ საქმის განხილვისას ეჭვის გამომრიცხავი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა გ. ც-ს მიერ საკონტროლო გასროლების განხორციელების შესახებ არ შეკრებილა.
- რაც შეეხება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის გზით დანაშაულებრივი აქტის შენიღბვას, სასამართლო აქაც არასწორად აფასებს ფაქტებს და მოწმეთა ჩვენებებს. უპირველეს ყოვლისა, თვითონვე აღნიშნავს, რომ შეუძლებელია, დაადგინოს, ვისი მითითებით და ვინ ჩადო ზ. ვ-ს მანქანაში იარაღები, მაგრამ ვარაუდობს, რომ ეს უნდა ყოფილიყო ვ. ლ-ე. ვ. ლ-ს ჩვენება და მასთან დაკავშირებული მტკიცებულებანი არასწორად შეფასდა, ისევე როგორც მოწმე გ-ს ჩვენება და სასამართლოში გამოკვლეული ვიდეოკადრები. მანქანაში აღმოჩენილი იარაღების მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩახმახები დაშვებული ჰქონდათ, სასამართლოში გამოიკვეთა შემდეგი გარემოება, კერძოდ: კ. ნ-ა, ი. ფ-მ და სხვა მოწმეებმა აღნიშნეს, რომ ოპერაციის დამთავრების შემდეგ სპეცრაზმის წევრები აუცილებლად განმუხტავენ ირაღებს, თუ ისინი საბრძოლო მდგომარეობაშია. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, რის შემდეგაც ჩახმახდაშვებული იარაღები კვლავ მოთავსდა მანქანაში ოპერატორებისთვის კადრების ასაღებად. თუმცა დაცვის მხარის აღნიშნული არგუმენტაცია სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა. უსაფუძვლოა სასამართლოს დასკვნები ლ. ბ-ნ მიმართებითაც, ვინაიდან ლ. ბ-ს მანქანა შეეჯახებოდა თუ არა, არაფერს ცვლიდა, აღნიშნული ფაქტის დაფიქსირება არც სპეცოპერაციაში მონაწილე პირებს უმყარებდა რაიმეს და არც გამოძიებას. მის სხეულზე ნაჭდევის სახით არსებული დაზიანება კი პირველ ქირურგს უბრალოდ უყურადღებოდ დარჩა და არ მიაქცია მას მნიშვნელოვანი ყურადღება მცირე დაზიანების გამო.
- სასამართლომ ასევე ბრმად გაიზიარა ე. ს-ს ჩვენება, რომ თითქოსდა მასზე აღიარებითი ჩვენების მისაღებად ახდენდნენ ზეწოლას, ემუქრებოდნენ ნარკოტიკის ჩადებით და ოჯახის წევრების დაპატიმრებით; თითქოს გ. ც-ნ მისი საუბრის ჩანაწერი არის რეპეტიცია იმისა, რაც უნდა ეთქვა სასამართლო სხდომაზე. აპელანტისთვის გაუგებარია, თუ რატომ იზიარებს სასამართლო ე. ს-ს, ასევე ე. ს-ა და ლ. ს-ს ჩვენებებს, როდესაც ისინი სასამართლო სხდომებს არ დასწრებიან და ზეწოლის ფაქტზე მხოლოდ ე. ს-ს ციხიდან გამოსვლის შემდეგ შეიტყვეს. რაც შეეხება ადვოკატ მ. კ-ს ჩვენებას, მისი ნათქვამი სასამართლომ კონტექსტიდან ამოგლეჯილად დააფიქსირა.
- ზეწოლაზე საუბრობს დაზარალებული ბ. ფ-ც, რომელიც აღნიშნავს, რომ მას არ უტარდებოდა ქირურგიული ოპერაცია, რის გამოც იძულებული იყო, მიეცა აღიარებითი ჩვენება. თუმცა მან ვერ დაასახელა პირები, რომლებმაც მასზე ზეწოლა მოახდინეს; მას ჰყავდა შეთანხმებით აყვანილი ადვოკატი, რომლის მონაწილეობითაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება; ასევე, სასამართლოზე ნებაყოფლობით მისცა აღიარებითი ჩვენება, თუ როგორ მოახდინა გასროლები ვ-ს მანქანიდან.
ü მსჯავრდებულ ი. ფ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ვ-ა ითხოვა განაჩენის გაუქმება და ი. ფ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა შემდეგი საფუძვლებით:
- სასამართლომ საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს არსებითად დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები. განაჩენში არც ერთი დასკვნა და გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებელი, რადგან ისინი არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ვინაიდან ასეთი სახის მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება და გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უდევს მხოლოდ ვარაუდი. ადვოკატის განმარტებით, სასამართლომ დანაშაულის მოტივზე მსჯელობისას თავისი ვარაუდი გამოთქვა, რომელსაც არანაირი შეხება მტკიცებულებებთან არ ჰქონია და ამ ნაწილში განაჩენს საფუძვლად დაუდო მოწმე კ. მ-ს ცალმხრივად შეფასებული ჩვენება, ასევე ირიბი მოწმის - ჯ. შ-ს ჩვენება. სასამართლომ ცალსახად დაარღვია საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც განაჩენი დაამყარა ირიბი მოწმის ჩვენებაზე.
- დაკავების კანონიერებაზე მსჯელობისას სასამართლო არასწორად აფასებს ფაქტებს და ასკვნის, რომ დაკავება იყო უკანონო, ვინაიდან ყაჩაღობის მომზადებისათვის დაკავების საფუძველი არ არსებობდა, ხოლო დაკავების სხვა საფუძველი ოქმში მითითებული არ არის. იმდენად, რამდენადაც დაკავების ოქმი შეადგინა გამომძიებელმა გ. კ-მ და თავადაა პასუხისმგებელი, მასში რატომ არ ასახა დაკავების კიდევ ორი საფუძველი - ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება და პოლიციისთვის წაინააღმდეგობის გაწევა. აღნიშნული არ შეიძლება შეფასდეს ი. ფ-ს მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებად. მას არც სამართლებრივი და არც პროცესუალური უფლება არ ჰქონდა, ჩარეულიყო ან მითითება მიეცა გამომძიებლისათვის საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს.
- რაც შეეხება განაჩენში დასმულ მომდევნო შეკითხვას - თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო დაკავება, აქაც სასამართლო თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევს მსჯავრდებულ ი. ფ-ა და სხვა მოწმეების ჩვენებებს და ასკვნის, რომ კ-ნ ლიკვიდაცია წინასწარ იყო დაგეგმილი. რეალურად კი მტკიცებულებებით იკვეთება სრულიად საწინააღმდეგო, კერძოდ, ის, რომ თვალთვალის დროს მოხდა მათი თვალთახედვიდან დაკარგვა და საცობში სწორედ დაძებნის მიზნით გადმოვიდნენ ავტომანქანებიდან. ამ დროს ჯგუფის წევრების, მათ შორის - ი. ფ-ს მოქმედება იყო სრულიად ლეგიტიმური.
- სასამართლომ ფაქტები დაამახინჯა ასევე პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ საკითხზე მსჯელობისას და მოწმე კ. გ-ს ჩვენებაზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ ვ-ს ავტომანქანიდან გასროლა არ მომხდარა. სინამდვილეში კი მოწმე კ. გ-ს ჩვენება არ ეწინააღმდეგება გ. დ-ა და სპეცოპერაციაში მონაწილე სხვა პირების ჩვენებებს, რომლებიც აცხადებენ, რომ პირველი გასროლა განხორციელდა ვ-ს მანქანიდან. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც შეუძლებელი იყო ვ-ს მანქანიდან მომხდარ გასროლას დაეზიანებინა გ. დ-ს ავტომანქანა, არის მხოლოდ უსაფუძვლო ვარაუდი. ამ საკითხზე მსჯელობისას ყურადღება არ მიექცა იმ გარემოებას, რომ ექსპერტიზა ჩატარდა არა შემთხვევის ადგილზე, არამედ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ეზოში და გათვალისწინებული არ იყო შემთხვევის ადგილისათვის დამახასიათებელი პირობები, მათ შორის - შემთხვევის ადგილზე სავალი გზის დახრილობა. ამასთან, პასუხგაუცემელია კითხვა - თუ რატომ არის გამორიცხული, რომ ვ-ს მანქანიდან პოლიციელების მიმართულებით გასროლა მოეხდინათ ღია კარიდან ან სულაც, ჩაწეული ფანჯრებიდან. მოსამართლე არასწორად აფასებს პოლიციელების მიერ ცეცხლის გახსნის ფაქტს და არ ითვალისწინებს იმ დროისათვის მოქმედი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული გარემოებების არსებობის შემთხვევას, რამდენადაც მოცემულ საქმეში ისინი სწორედ შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციას და არსებობდა ადეკვატური ძალის გამოყენების აუცილებლობა.
- მტკიცებულებების ფალსიფიკაციის საკითხზე მსჯელობისას სასამართლომ უგულებელყო დენთის კვალზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც წარმოადგენს ვ-ს ავტომანქანაში არსებული პირების მხრიდან გასროლების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას. სასამართლომ ასევე უკანონოდ გაიზიარა ირიბი მოწმის - ე. ს-ს ადვოკატ მ. კ-ს ჩვენება, ასევე თავად ე. ს-ს შეცვლილი ჩვენება და ისინი დაუდო საფუძვლად განაჩენს. გარდა ამისა, სასამართლომ არასწორად შეაფასა კიდევ ერთი მტკიცებულება - ე. ს-ა და გ. ც-ს შორის გამართული საუბრის ვიდეოჩანაწერი, რომელზეც მიუთითა, რომ ჩანაწერი არ ტოვებდა ც-ს მხრიდან ს-ე ზეწოლის შთაბეჭდილებას, თუმცა მაინც გაიზიარა ს-ს ჩვენება, რომ ზეწოლის შედეგად მისცა აღიარებითი ჩვენება.
- სასამართლომ ი. ფ-ა დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში, მაშინ, როდესაც აღნიშნულის არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არსებობს; არ იკვეთება მსჯავრდებულის განზრახვა და არც რაიმე მტკიცებულება არსებობს ი. ფ-ს მხრიდან დანაშაულის ორგანიზების შესახებ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გ. ც-ს არანაირი მოტივი არ გააჩნდა ვ-ს ავტომანქანაში მყოფი არც ერთი პირის მიმართ, თუმცა სასამართლომ ისე გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი განზრახ მკვლელობისათვის, ამ საკითხზე არ უმსჯელია.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს და არ გაიზიარა ე.წ. ,,კ-ს სპეცოპერაციის“ დაცვის მხარის ვერსია შემდეგ გარემოებათა გამო: პირველ რიგში, სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო იმ ფაქტს, რომ ჩადენილი დანაშაულის მოტივთან დაკავშირებით 1-ლი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, სპეცოპერაციის ღონისძიებას საფუძვლად დაედო ი. ფ-ს მხრიდან ა. ხ-ს მიმართ შურისძიება, ვინაიდან ამ უკანასკნელმა სამართალდამცავებს მიაწოდა ინფორმაცია ი. ფ-ს ძმის - ლ. ფ-ს დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. 1-ლი ინსტანციის სასამართლომ დაასკვნა, რომ, ერთი მხრივ, ლ. ფ-ა და ა. ხ-ს შორის არსებული დაპირისპირება, ხოლო, მეორე მხრივ, ა. ხ-ს მიერ კ. მ-ს ინფორმაციის მიწოდება საკმარის საფუძველს წარმოადგენდა ა. ხ-ე შურისძიებისათვის.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტაცია, რომ ამ ნაწილში სასამართლო დაეყრდნო არასანდო მოწმეთა ჩვენებებს და ვარაუდებზე დაყრდნობით გამოიტანა მცდარი დასკვნა, კერძოდ:
წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ფ-ს მხრიდან ა. ხ-ე შურისძიებისათვის საკმარის საფუძველს წარმოადგენდა ლ. ფ-ა და ა. ხ-ს შორის არსებული დაპირისპირება, ასევე, ა. ხ-ს მიერ კ. მ-ს ინფორმაციის მიწოდება ლ. ფ-ს მიერ ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების თაობაზე. ამ ნაწილში პალატამ არ გაიზიარა მსჯავრდებულ ი. ფ-ს განმარტება, რომლის მიხედვითაც, კ. მ-ა სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება, მინისტრ ი. მ-ს მისთვის არ დაურეკავს და არც ლ. ა-ა და მეწარმეს შორის საუბრის ფირი უჩვენებია მისთვის. მსჯავრდებულის აღნიშნული განმარტება უსაფუძვლოა, ვინაიდან ის ფაქტი, რომ კ. მ-ი ნამდვილად დაიბარა მინისტრმა ა-ს საკითხთან დაკავშირებით და ნამდვილად არსებობდა ფარული ჩანაწერი, დასტურდება არა მხოლოდ კ. მ-ს, არამედ ლ. ა-ა და ი. ზ-ს ჩვენებებითაც. ლ. ა-ს განმარტებით, მინისტრთან შეხვედრის შემდეგ კ. მ-ა უთხრა, რომ მისი და მეწარმის საუბარი ფარულად იყო გადაღებული კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, ხოლო ინფორმაცია მინისტრისთვის იმგვარად იყო მიწოდებული, რომ თითქოს იგი (ლ. ა-ე) რაიმეს სძალავდა ქარხნის მეპატრონეს. ლ. ა-ა და ინდმეწარმის შეხვედრის ფარული ჩაწერა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ასევე დაადასტურა მოწმე ი. ზ-ა, რომელმაც განმარტა, რომ სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში არსებობდა ინფორმაცია - ოჯახის კუთვნილ ნივთთან დაკავშირებული დავის გამო ლ. ა-ს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.
მსჯავრდებულმა ი. ფ-მ ასევე განმარტა, რომ ლ. ფ-ს დაკავება ვერ დაედებოდა საფუძვლად სამსახურიდან ლ. ა-ს გათავისუფლებას, ვინაიდან ლ. ფ-ა დააკავეს 2006 წლის 7 აპრილს, ხოლო გათავისუფლების ბრძანება დათარიღებულია 2006 წლის 27 აპრილით. მსჯავრდებულის აღნიშნული განმარტება ასევე არ იქნა გაზიარებული, ვინაიდან მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ მინისტრის მოთხოვნის საფუძველზე ლ. ა-ე ჯერ კიდევ 2006 წლის მარტში გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რაც დოკუმენტურად მოგვიანებით გაფორმდა. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლ. ა-ნ მიმართებით არც თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გამოცემული ბრძანების თარიღი ემთხვევა რეალურად მის თანამდებობაზე განმწესების თარიღს, კერძოდ - 2005 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით ლ. ა-ე დაინიშნა შსს სოდ-ის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან, ტრეფიკინგთან და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ, ხოლო ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსად - 2005 წლის 30 აგვისტოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია, რომლის თანახმადაც, იმ პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული პრაქტიკის მიხედვით, თანამშრომელთა სამსახურში დანიშვნისა თუ გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული თარიღი არ შეესაბამებოდა მათი თანამდებობაზე დანიშვნისა თუ გათავისუფლების ფაქტობრივ დროს.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საფუძვლიანია 1-ლი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ი. ფ-მ იცოდა ა. ხ-ს მიერ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის ლ. ფ-ს მამხილებელი ინფორმაციის მიწოდების შესახებ, რის გამოც არსებობდა საკმარისი საფუძველი, რათა ი. ფ-ა შურისძიების გრძნობით განმსჭვალულიყო ა. ხ-ს მიმართ; ამასთან, შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა აშკარა გახადა, რომ ი. ფ-ს ამოძრავებდა პირადი მოტივი და არა დანაშაულის ჩასადენად მიმავალი ა. ხ-ს დაკავების რეალური მიზანი.
დაცვის მხარის მიერ ჩამოყალიბებული ვერსიის მიხედვით, სპეცოპერაციას საფუძვლად დაედო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შესული ოპერატიული ინფორმაცია, მოსალოდნელი ყაჩაღური თავდასხმის შესახებ. ი. ფ-მ ოპერატიულად შეისწავლა ინფორმაციაში მითითებული პირები და აღმოჩნდა, რომ ისინი ფიგურირებდნენ სხვადასხვა კრიმინალურ საქმეში. მოპოვებულ იქნა ასევე ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ა. ხ-ს მობილურ ტელეფონს უკვე უსმენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფი, საუბარში ნახსენები იყო სიტყვა ,,რკინები“, რაც იარაღის აღმნიშვნელ სიტყვად მოიაზრებოდა. აღნიშნული კი კიდევ უფრო ამყარებდა ოპერატიული ინფორმაციის ნამდვილობას, სადაც საუბარი იყო ყაჩაღური თავდასხმის მზადებაზე. აღნიშნულის გამო, 2006 წლის 1 მაისს ი. ქ-ნ გაიმართა თათბირი და მეორე დღისთვის დაიგეგმა დაკავების ღონისძიების ჩატარება, რათა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისათვის ხელი შეეშალათ მოსალოდნელ ყაჩაღურ თავდასხაში.
სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალების მიხედვით, იხატება სრულიად სხვაგვარი სურათი, ვიდრე ამას დაცვის მხარე წარმოაჩენს, ასევე დგინდება, რომ გამომძიებელ გ. კ-ს მიერ ბ. ფ-ს დაკავება იყო უკანონო, ვინაიდან არ არსებობდა დაკავების საფუძველი, კერძოდ: მსჯავრდებულმა ი. ფ-მ განმარტა, რომ მან ოპერატიული კუთხით შეისწავლა ინფორმაციაში მითითებული პირები, რაშიც იგულისხმა კ-ს სპეცოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე ა. ხ-ს ტელეფონზე ფარული მიყურადების ღონისძიება, რა დროსაც თითქოსდა საუბარში ნახსენები იყო სიტყვა ,,რკინები“, რაც იარაღთან ასოცირდებოდა. საქმის მასალებში მართლაც არის მოთავსებული სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების კრებსები, რაზედაც მსჯავრდებულმა ფ-მ განმარტა, რომ თითქოს აღნიშნული ფარული მიყურადება ხორციელდებოდა ერთ-ერთი ძებნის საქმეზე სხვა სტრუქტურის მიერ (მოგვიანებით განმარტა, რომ მიყურადებას ახორციელებდა ი-ს სამსახური).
,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა არის ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო ორგანოების სპეციალური სამსახურების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ღია თუ ფარული მეთოდით ჩატარებული ღონისძიებების სისტემა, რომლის მიზანია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების, საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ემყარება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, კონსპირაციის, ღია და ფარული მეთოდების შეხამების პრინციპებს. ამავე კანონის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ გამოიყენება მოსამართლის ბრძანებით ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა, კინო და ფოტოგადაღება; ელექტრული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს. აღნიშნული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ ტარდება მოსამართლის ბრძანებით. ბრძანებას, მოკვლევის ორგანოს უფროსის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, გასცემს იმ სასამართლოს მოსამართლე, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება. გადაუდებელი აუცილებლობისას, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება, ან როდესაც შეუძლებელია მოსამართლის ბრძანების მიღება მისი ადგილზე არყოფნის გამო, მოკვლევის ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით შეიძლება ჩატარდეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდეც. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შესახებ მისი დაწყებიდან 24 საათის ვადაში უნდა ეცნობოს შესაბამის პროკურორს. ამასთან, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისას დგება ოქმი, რომელშიც აისახება, თუ რა პირობებში იქნა გამოყენებული ტექნიკური საშუალებები. ამავე კანონის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების საფუძვლებია: აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის დავალება მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ი. ფ-ს მიერ მითითებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონიერად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი გამოძიებამ ვერ მოიძია. გარდა ამისა, სატელეფონო საუბრის დროს იარაღებთან დაკავშირებით არაფერი გაჟღერებულა და მსგავსი შინაარსის კრებსი საქმის მასალებში არ მოიპოვება. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას 1-ლი ინსტანციის სასამართლომ დაასკვნა შემდეგი: ,,იმ ფონზე, როცა ოპერატიული ინფორმაციის გარდა ჯერჯერობით სხვა არაფერი დამატებითი ინფორმაცია მოპოვებული არ იყო, დაკავების გადაწყვეტილების უსაფუძვლოდ მიღება და დაკავების ღონისძიების დაგეგმვა მიუთითებს იმაზე, რომ დასაკავებელი პირის მიმართ არაჯანსაღი ინტერესი იყო გამოვლენილი“.
იმ გარემოებას, რომ სპეცოპერაციის ჩატარებამდე არანაირი ოფიციალური ოპერატიული შესწავლა არ მომხდარა, ამყარებს საქმეზე მოწმის სახით დაკითხული თ-ს პოლიციის იმჟამინდელი უფროსის მ. ბ-ს ჩვენებაც. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმემ განმარტა, რომ სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ მას დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ი. მ-ი და კრიმინალური პოლიციის დახმარების მიზნით სთხოვა მოეძიებინა ინფორმაცია სპეცოპერაციის დროს ჩაცხრილული ახალგაზრდების შესახებ. მოძიებული გადაუმოწმებელი ინფორმაცია კი ბრიფინგზე გაავრცელა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ი. ქ-მ. ამ შემთხვევაში სავსებით საფუძვლიანია ბრალდების მხარის არგუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, ი. ფ-ს სპეცოპერაციის ჩატარებამდე ოფიციალური ოპერატიული შემოწმება რომ მოეხდინა, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი დახმარებისათვის არ მიმართავდა ქ. თ-ს პოლიციის სამმართველოს და არც გადაუმოწმებელ ინფორმაციას განაცხადებდა ბრიფინგზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქმის მასალებში მოთავსებულია პოლიციის თანამშრომელ ზ. ფ-ს მიერ შედგენილი პატაკი, რომელიც კიდევ უფრო მეტ ეჭვებს ბადებს სპეცოპერაციის ჩატარებამდე პირბის შესწავლისა და მათი ვინაობის ცოდნის კუთხით. პირველ რიგში, ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ როგორც სასამართლო სხდომაზე ი. ფ-მ განმარტა, ა. ხ-ს ზუსტი სახელი სამართალდამცავებისთვის უცნობი იყო და მხოლოდ მისი მეტსახელი ,,ს-ა“ იცოდნენ. ასეთ შემთხვევაში როგორ მოხვდა, როგორც მსჯავრდებული აცხადებს, ,,სპეცოპერაციამდე დაწერილ“ ზ. ფ-ს პატაკში ჩანაწერი - ,,ა-ე (ს-ა) ხ-ი?“. აღნიშნულ კითხვას პასუხს სცემს მოწმის სახით დაკითხული კ. ს-ა და შ. ნ-ს ჩვენებები, საიდანაც დასტურდება, რომ პატაკი ოპერატიული ინფორმაციის მიღების შესახებ გამოძიების დაწყებამდე არ არსებობდა. მოწმე შ. ნ-მ განმარტა, რომ ზ. ფ-მ პატაკი შეადგინა ზ. ქ-ს დავალებით მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილიდან დაბრუნდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. შემთხვევის ადგილის დათვალიერება თვითონ ჩაატარა, თუმცა დათვალიერების მომენტში მისთვის გარდაცვლილი პირების ვინაობა ცნობილი არ იყო. ანალოგიური სახის ჩვენება მისცა სასამართლოს კ. ს-ც, რომელმაც განმარტა, რომ ზ. ფ-ს პატაკი შედგენილია სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, რათა სამართლებრივად შექმნილიყო გამოძიების დაწყების საფუძველი. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ იგი შემთხვევის ადგილზე მივიდა დაახლოებით 11:00 საათისათვის და ამ დროისთვის გარდაცვლილ და დაშავებულ პირთა ვინაობა გამოძიებისთვის ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი. შესაბამისად, სპეცოპერაციის დაწყებამდე მათი ვინაობა პატაკში ვერ დაფიქსირდებოდა. ანალოგიური დასტურდება ექსპერტ მ. გ-ს ჩვენებითაც, რომელმაც განმარტა, რომ გვამების დათვალიერებისას გამომძიებლის მითითებით ეძებდა გარდაცვლილი პირების ვინაობის დასადგენად საჭირო დოკუმენტაციას. ის ფაქტი, რომ ზ. ვ-ს ვინაობა გამოძიებისათვის ცნობილი გახდა მისი მშობლების პროზექტურაში მისვლის შემდეგ, დასტურდება დაზარალებულის უფლებამონაცვლე ც. შ-ა და ი. ვ-ს ჩვენებებითაც.
აქვე სააპელაციო პალატამ ყურადღება შეაჩერა დაცვის მხარის პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც, მტკიცებულების სახით არ უნდა იქნეს გამოყენებული მოწმეების - კ. ს-ს, ლ. ა-ს, ე. ს-ს, ზ. ს-ს და ი. ვ-ს ჩვენებები, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე ისინი გამოქვეყნდა საპროცესო კანონის მოთხოვნათა დარღვევით. პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის ეს მოთხოვნა შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილი უშვებს მოწმის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვის შესაძლებლობას, თუ მოწმე გარდაიცვალა, არ იმყოფება საქართველოში, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია მისი სასამართლოში წარმოდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და ჩვენება მიცემულია საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
რაც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს და აღნიშნული საკითხის სამართლებრივ შეფასებას:
გადაწყვეტილებაში „იქსი გერმანიის წინააღმდეგ“ (X. v. FEDERAL REPUBLIC OF GERMANY, საჩივარი № 8414/78; 4.07.1979) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის თანახმად, მოწმეები უნდა დაიკითხონ სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს. სხვა მუხლის მიხედვით, გამონაკლის შემთხვევებში, ნებადართულია მოწმეთა მიერ სასამართლო დაკითხვამდე მიღებული ჩვენების გამოყენება. საქმის განმხილველ მოსამართლეს, მოწმის დაკითხვის დროს შეუძლია მის მიერ პოლიციისათვის მიცემული ჩვენება გამოიყენოს და პოლიციის ოფიცერს, რომელმაც მოწმე დაკითხვა, საქმის განხილვის დროს შეუძლია შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა. კომისია აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეზე პოლიციის წინაშე მოწმეების მიერ ჩვენებების მიცემისას აღნიშნული პრინციპები იქნა გამოყენებული. ადამიანის უფლებათა ევროპული კომისია მიიჩნევს, რომ მსგავსი პროცედურა არ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფით გათვალისწინებულ ,,სამართლიანი განხილვის’’ უფლებას. კერძოდ, აღნიშნული დებულება, არ გამორიცხავს, რომ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით სასამართლოს შეუძლია ირიბ ჩვენებაზე დაყრდნობა, თუ საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მსგავსი მტკიცებულება არ იქნება გამოყენებული კანონის დარღვევით.
საქმეში - „მირილაშვილი რუსეთის წინააღმდეგ“ (MIRILASHVILI v. RUSSIA, საჩივარი № 6293/04, გადაწყვეტილება (პირველი სექცია) 11.12.2008წ.) აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა გარკვეული პირობების არსებობისას, უნდა გაითვალისწინონ მოწმეთა ის ჩვენებები, რომლებიც მიცემულ იქნა საგამოძიებო ორგანოებისთვის. პირველ რიგში, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, იყო თუ არა უზრუნველყოფილი ხელისუფლების მიერ მოწმის პირადად გამოცხადება. ამასთან, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ განმცხადებელმა რაიმე ფორმით არ განაცხადა უარი ჯვარედინ დაკითხვაზე. თუკი სასამართლო დაადგენს, რომ მოწმე საპატიო მიზეზების გამო იყო მიუწვდომელი და ვერ მოხერხდა მისი დაკითხვა, სასამართლომ უნდა განიხილოს სხვა ფაქტორებიც, კერძოდ, სასამართლომ უნდა გაარკვიოს, იყო თუ არა სასამართლოში გაცხადებული მოწმის ჩვენებები სხვა მტკიცებულებებით დადასტურებული.
საქმეში - „ფაფროვიჩი პოლონეთის წინააღმდეგ“ (FĄFROWICZ v. POLAND, საჩივარი: 43609/07) გადაწყვეტილება (მეოთხე სექცია) 17.07.2012) მომჩივანი, პოლონელი რობერტ ფაფროვიჩი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პარაგრაფსა (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-6 მუხლის მე-3 პარაგრაფის ,,დ’’ ქვეპუნქტზე (სამართლიანი სასამართლოს უფლება - მოწმის დაკითხვის უფლება) დაყრდნობით ჩიოდა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოება უსამართლო იყო. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მას არ მიეცა მოწმის ჯვარედინად დაკითხვის შესაძლებლობა, რომლის ჩვენებაც გამოყენებული იყო მომჩივნის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენის მისაღებად. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა მომჩივნის საჩივარი და დაადგინა, რომ არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი მე-6 მუხლის მე-3 პარაგრაფის ,,დ’’ ქვეპუნქტთან ერთობლივად.
ამდენად, როგორც შიგასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო კონვენციები უშვებენ შესაძლებლობას, შესაბამისი გარემოებების არსებობისას გამოყენებულ იქნეს მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება. ამასთან, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს საფუძვლად.
მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილი იყო მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ ზემოჩამოთვლილ პირთა სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობას, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით მოხდა სასამართლო სხდომაზე მათი ჩვენებების წაკითხვა. შესაბამისად, აღნიშნულ მტკიცებულებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები არ დარღვეულა.
როგორც ზემოთ აღწერილი მტკიცებულებებიდან გამოიკვეთა, მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებს არ მოუპოვებიათ არანაირი ინფორმაცია არათუ ჩასადენ დანაშაულთან (ყაჩაღობასთან) დაკავშირებით, არამედ თავად პირების შესახებ და არ არსებობდა მათი დაკავების არანაირი სამართლებრივი საფუძველი, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ. ამასთან, 2006 წლის 2 მაისს, 10:00 საათზე გამომძიებელმა გ. კ-მ შეადგინა ბ. ფ-ს დაკავების ოქმი ჯგუფურად ყაჩაღური თავდასხმის მომზადებისათვის, დანაშაულზე წასწრების საფუძვლით. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებს არ გააჩნდათ არანაირი დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულება ჯგუფის წევრების მიერ ყაჩაღური თავდასხმის ორგანიზებასთან დაკავშირებით, გაუგებარია, თუ რატომ მიუთითა გამომძიებელმა გ. კ-მ დაკავების საფუძვლად ყაჩაღური თავდასხმის მომზადება და არა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება ან პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა (თუკი აღნიშნული ფაქტები მართლაც მოხდა). აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა დასკვნა, რომ არ არსებობდა ბ. ფ-ს დაკავების საკმარისი სამართლებრივი საფუძველი და გ. კ-მ განზრახ უკანონოდ დააკავა იგი. ზოგადად კი დაკავების ღონისძიების მითითება ოპერაციის დაგეგმვის საფუძვლად წარმოადგენდა მომავალში განსახორციელებელი უკანონო ქმედებების ვითომდა საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევის მცდელობას.
სააპელაციო პალატამ დაკავების ღონისძიებასთან დაკავშირებით დაცვის მხარის ვერსია მცდარად და მტკიცებულებებთან შეუსაბამოდ მიიჩნია შემდეგ გარემოებათა გამო: პირველ რიგში, პალატამ ყურადღება მიაპყრო ფაქტის თვითმხილველი მოწმეების, სპეცოპერაციაში მონაწილე სპეცრაზმელების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს. დაცვის მხარემ აღნიშნულ პირთა ჩვენებების სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დაკავების შემდეგ ისინი შეგნებულად მოათავსეს ერთ საკანში, რათა ერთმანეთთან შეეჯერებინათ ცრუ ჩვენებები და მომზადებულნი წარმდგარიყვნენ სასამართლო სხდომაზე; მათი ერთ საკანში მოთავსებით დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 205-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები, რის გამოც ისინი დაუშვებელ მტკიცებულებებად უნდა იქნენ ცნობილი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დაცვის მხარის ინიციატივით სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები: ნ. რ-ე, ლ. ა-ი და გ. ჩ-ე. აღნიშნულმა მოწმეებმა განმარტეს, რომ 2015 წლის 22 აპრილს განახორციელეს №9 დაწესებულების მონიტორინგი და აღმოაჩინეს, რომ №.. საკანში ერთად იყვნენ განთავსებული შემდეგი პატიმრები: გ. გ-ი, ზ. ჯ-ე, ი. მ-ე, ა. ს-ე, დ. ა-ი, ს. ჩ-ა და ა. ც-ე; მათ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწესებულების ადმინისტრაციისგან გამოითხოვეს შესაბამისი ცნობა.
სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა დაცვის მხარის არგუმენტაციას მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხული სპეცრაზმელთა ჩვენებების გაუზიარებლობის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
დასახელებული პირები მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოადგინეს როგორც ბრალდების მხარის მტკიცებულება და სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმის სახით. საქართველოს სსსკ-ის 118-ე მუხლი ადგენს მოწმის დაკითხვის წესს საქმის არსებითი განხილვის დროს. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,მოწმე უნდა დაიკითხოს იმ მოწმეთაგან განცალკევებით, რომლებიც ჯერ არ დაკითხულან. ამასთანავე, სასამართლო იღებს ზომებს, რათა ერთ საქმეზე გამოძახებულ მოწმეებს დაკითხვის დამთავრებამდე ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ. დაკითხვის დასრულების შემდეგ მოსამართლემ უნდა განუმარტოს მოწმეს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება“. 1-ლი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით, სპეცრაზმელების - გ. გ-ს, ზ. ჯ-ს, ი. მ-ს, ა. ს-ს, დ. ა-ს, ს. ჩ-ა და ა. ც-ს დაკითხვის დროს დაცულ იქნა საპროცესო კანონმდებლობის აღნიშნული მოთხოვნა, მოწმეები დაიკითხნენ განცალკევებით და რომელიმე მათგანს სხვა მოწმის ჩვენება არ მოუსმენია. რაც შეეხება დაკითხვის დაწყებამდე მოწმეთა შორის კომუნიკაციის აკრძალვას, აღნიშნულის თაობაზე სისხლის საპროცესო კოდექსში რაიმე სახის ჩანაწერი არ არსებობს. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაძლებელია, მოვიყვანოთ მაგალითი, როდესაც ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი შეესწრება დანაშაულებრივ ფაქტს და მიენიჭებათ მოწმის სტატუსი. ბუნებრივია, სასამართლოში ჩვენების მიცემამდე მათ ერთად ცხოვრებას და ერთმანეთთან კომუნიკაციას ვერავინ აუკრძალავს, თუმცა სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს დაცული უნდა იყოს სსსკ-ის 118-ე მუხლით დადგენილი წესი და ისინი განცალკევებით უნდა დაიკითხონ.
დაცვის მხარე ასევე აპელირებს საქართველოს სსსკ-ის 205-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომელიც ადგენს ერთ საქმეზე ბრალდებულ პირთა პენიტენციურ დაწესებულებაში ერთად მოთავსების აკრძალვას, რასაც გააჩნია პრევენციის მიზანი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლისა და ბრალდებულთა უსაფრთხოების კუთხით. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული სპეცრაზმელები სასამართლოში დაკითხვის მომენტისათვის არ წარმოადგენენ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ პირებს; შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში მათი განთავსების პროცესში თუკი დაირღვა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, აღნიშნულის თაობაზე, შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, უნდა იმსჯელოს მათი ბრალდების საქმის განმხილველმა უწყებამ და მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, აღნიშნული მტკიცებულებების სანდოობის კუთხით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოწმე სპეცრაზმელთა ჩვენებები არ წარმოადგენს ერთადერთ და გადამწყვეტ მტკიცებულებებს იმ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რაზედაც მათ ისაუბრეს თავიანთ ჩვენებებში. ამასთან, მხარეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის წესით უშუალოდ მიეღოთ ინფორმაცია ამ მოწმეებისგან; მათი ჩვენებები გამყარებულია სხვა არაერთი პირდაპირი მტკიცებულებით; შესაბამისად, პალატას არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს მოწმის სახით დაკითხული სპეცრაზმელების ჩვენებებში.
მოწმე სპეცრაზმელთა ჩვენებები არ წარმოადგენს ერთადერთ და გადამწყვეტ მტკიცებულებებს იმ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რაზეც ისინი საუბრობენ თავიანთ ჩვენებებში. შესაბამისად, მათი ჩვენებების არგაზიარება ვერ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი მსჯავრდებულთა უდანაშაულობის დადასტურების თვალსაზრისით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სპეცრაზმელებმა - გ. გ-ა, ზ. ჯ-მ, ი. მ-მ, ა. ს-მ, დ. ა-ა, ს. ჩ-მ და ა. ც-მ განმარტეს, რომ 2006 წლის 1 მაისს კ. ნ-ნ მათთვის ცნობილი გახდა, რომ მეორე დღეს, დილის საათებში, მონაწილეობა უნდა მიეღოთ რაღაც კონკრეტულ ღონისძიებაში. მოწმე გ. გ-ა ასევე განმარტა, რომ 1 მაისს თავად კ. ნ-ც უცნობი იყო ღონისძიების დეტალები. მეორე დღეს - 2 მაისს, კ. ნ-ს ბრძანების თანახმად, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, ა. ს-ს ხელმძღვანელობით, განაწილდნენ მიკროავტობუსში, ხოლო გ. გ-ი, კ. ნ-ი და მისი მძღოლი - ზ. ი-ი განთავსდნენ კ. ნ-ს სამსახურებრივ ავტომანქანაში. ყველა მათგანს, გარდა კ. ნ-ა და გ. გ-ა, ეცვათ სამხედრო ფორმა შესაბამისი აღჭურვილობით და შეიარაღებული იყვნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით. სამსახურიდან გასულები მივიდნენ შს სამინისტროსთან, სადაც კ. ნ-ნ ცნობილი გახდა, რომ დასაკავებელი იყო ყაჩაღური ჯგუფი 3-4 კაცის შემადგენლობით, რომლებიც გეგმავდნენ ყაჩაღურ თავდასხმას და იყვნენ შეიარაღებულები. ნ-ა ასევე განუმარტა, რომ ოპერაციას ატარებდა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ი. ფ-ა. როდესაც სამინისტროდან გამოვიდნენ, მ-ს მ-ა სანაპიროზე მდებარე ს-ნ კ. ნ-ა დამატებით ჩაუტარა ინსტრუქტაჟი, რომლის მიხედვითაც, ადგილზე ავტომანქანით მივიდოდნენ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებსაც უნდა გაჰყოლოდა სპეცრაზმის მიკროავტობუსი. კ-ნ მდებარე შუქნიშანთან ეს მანქანა შექმნიდა ხელოვნურ საცობს, რა დროსაც მათ უკან აღმოჩნდებოდა შავი BMW-ს მარკის ავტომანქანა, ანუ ღონისძიების ობიექტი. კ-ს ტერიტორიაზე მიახლოებისთანავე, მითითებულმა პოლიციელთა ავტომანქანამ მართლაც შექმნა ხელოვნური საცობი, რაც იყო ნიშანი სპეცოპერაციის დაწყებისა. ა. ს-ს ბრძანების შესაბამისად, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები გადმოვიდნენ მიკროავტობუსიდან და იერიში მიიტანეს მათი მიკროავტობუსის უკან მდგარ, ასევე შავი BMW-ს მარკის ავტომანქანაზე, რომელიც შეცდომით სხვა ავტომანქანა აღმოჩნდა. ამ დროს დააპირეს მიკროავტობუსში ასვლა, რა დროსაც მათგან რამდენიმე მეტრის მოშორებით, ბორდიურთან, შენიშნეს კ. ნ-ი, რომელიც გადმოვიდა ავტომანქანების რიგში და დაიძრა მ-ი ხიდის მიმართულებით, ამასთან, ზურგს უკან ეჭირა პისტოლეტი. ამ დროს შენიშნეს მ-ი ხიდის მხრიდან ავტომანქანების მესამე ზოლში ფეხით მოძრავი, პისტოლეტებით შეიარაღებული კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. ამავდროულად გზის საპირისპირო - კ-ს მხრიდან გადმოვიდა ი. ფ-ა პოლიციის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად, იგი მიუახლოვდა საცობში გაჩერებულ მუქი ფერის BMW-ს მარკის ავტომანქანას, რომელსაც მართავდა ზ. ვ-ი და გასცა მისი მიმართულებით სროლის ბრძანება. ბრძანების გაცემისთანავე მანქანასთან დაახლოებით ერთ მეტრში მდგარმა კ. ნ-ა დაიწყო გასროლები ავტომანქანის წინა მარჯვენა კარის მიმართულებით, ისროდნენ ასევე ი. ფ-ა და ავტომანქანასთან მისული კრიმინალური პოლიციის სხვა თანამშრომლები. ავტომანქანამ საცობში დაიწყო მანევრირება, შეეჯახა მის წინ და უკან მდგომ ავტომობილებს, გაითავისუფლა ადგილი, გამოვიდა რიგიდან და გაემართა ბ-ს ხიდის მიმართულებით, რის შემდეგაც დაკარგა მართვა და დაეჯახა გარე განათების ბოძს. იმის გათვალისწინებით, რომ სპეცოპერაციის ხელმძღვანელმა, სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებმა და მათმა უშუალო უფროსმა - კ. ნ-ა ისროლეს ავტომანქანის მიმართულებით, მათაც (სპეცრაზმის წევრებმა) ესროლეს მანქანას შეჩერების მიზნით. მათივე განმარტებით, პოლიციელები შეიარაღებულნი იყვნენ როგორც პისტოლეტებით, ასევე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით და ისროდნენ ავტომანქანის მიმართულებით. ბრძანების გაცემისთანავე კ. ნ-ა ისე ისროლა ავტომანქანის მისამართით ყოველგვარი გაფრთხილებისა და მოწოდების გარეშე, რომ ავტომანქანიდან არანაირი საფრთხე არ მოდიოდა და კ. ნ-ს გასროლამდე სხვა გასროლა არ ყოფილა.
მოწმეთა ჩვენებით თვალნათლივ დასტურდება, რომ კ-ს მიმდებარედ შექმნილი საცობი ხელოვნურად იყო მოწყობილი პოლიციის თანამშრომლების მიერ და ეს უნდა ყოფილიყო სპეცოპერაციის დაწყების ნიშანი. სპეცრაზმელთა მიერ მიცემული ჩვენებები სრულად არის თანხვდენილი საქმეზე დაკითხული ნეიტრალური მოწმეების - თ. გ-ა და ე. მ-ს ჩვენებებთან. კერძოდ, მოწმის სახით დაკითხულმა თ. გ-მ განმარტა, რომ 2006 წლის მაისის თვის მდგომარეობით მუშაობდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. 2 მაისს მ-ა ს-ს გავლით მძღოლ ე. მ-ნ ერთად მიდიოდა სამსახურში. იჯდა მძღოლის გვერდითა სავარძელზე. უკანა სავარძელზე იჯდა მისი მამა, რომელიც უნდა დაეტოვებინათ კულტურის სამინისტროსთან. ლ-ა ვ-ნ, სადაც მოძრაობდნენ მესამე ზოლში, შენიშნა მათი ავტომობილის უკან მოძრავი მუქი ფერის BMW-ს მარკის დაბურულშუშებიანი ავტომობილი, ჩათვალა, რომ ავტომობილი იყო პოლიციელების და მძღოლს მიანიშნა, რომ გზა დაეთმო მისთვის, თუმცა მანქანამ არ გაუსწრო და კვლავ მათ უკან მოძრაობდა. როდესაც მ-ლ ხიდს გასცდნენ, გადავიდნენ პირველ ზოლში და მამა ჩამოვიდა ავტომანქანიდან, დააპირეს ისევ მესამე ზოლში დაბრუნება. როდესაც შუქნიშანზე გაჩერდნენ, შუშაზე მიმაგრებული სარკიდან შენიშნა, რომ მუქი ფერის BMW-ს მარკის ავტომობილი კვლავ მათ უკან იყო გაჩერებული. მოულოდნელად გაიღო ოთხივე კარი და გადმოვიდა ოთხი შეიარაღებული პირი. ორმა მათგანმა მისი მხრიდან ჩაუარა მანქანას, ორმა კი - მძღოლის მხრიდან და მივიდნენ მათი მანქანის წინ, ერთი მანქანის შემდეგ მდგარ შავი BMW-ს მარკის მანქანასთან. გაიგონა რაღაც შეძახილის და გასროლის ხმა, როგორც აღიქვა, ისროდა მანქანის მიმართულებით მარჯვენა მხრიდან, უფრო წინ მიმავალი მამაკაცი, რომელსაც უკან მყოფი ეფარებოდა. სროლის დროს პოლიციელებს თავდაცვის მიზნით რაიმე დამალვის მსგავსი მოქმედება არ განუხორციელებიათ, ამიტომ მიიჩნია, რომ ისინი ისროდნენ. BMW-ს მარკის ავტომობილი შეეცადა რიგიდან გამოსვლას, წინ და უკან შეეჯახა მანქანებს და გადავიდა მეორე მხარეს. ამ დროს უკვე მარჯვენა მხარეს შენიშნა სამი პირი (მესამე საიდან მოვიდა, ვერ დააფიქსირა) და ხუთივე შეიარაღებული სროლით გაჰყვნენ ავტომობილს. გაიგონა ასევე ავტომატიდან ჯერით გასროლის ხმაც. შიშის გამო ორივენი ჩაიმალნენ ავტომობილში და როდესაც შეჯახების ხმა გაიგონა, შეეცადა თავი ამოეწია, თუმცა ჯერი ისევ განახლდა და ვერ მოახერხა. დაახლოებით 10-15 წამში შეჩერდა სროლები და გაიხედა გარეთ, რა დროსაც დაინახა ბოძზე შეჯახებული ავტომობილი, ამ დროს პოლიციელმა მიანიშნა, რომ ემოძრავათ.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა მოწმის სახით დაკითხულმა ე. მ-ა, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ მარჯვენა მხრიდან BMW-ს მარკის ავტომანქანასთან იდგა მესამე, შავებში ჩაცმული მელოტი პირი, მარცხენა მხრიდან კი მივიდა ორი პირი, რა დროსაც გაიგონეს ყვირილის და გასროლის ხმა.
მსჯავრდებულმა ი. ფ-მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ თ. გ-ა და ე. მ-ი არიან ცრუ მოწმეები, ვინაიდან მათ მიერ ჩვენებაში გაცხადებული გარემოებები შეუძლებელია რეალობას შეესაბამებოდეს. მსჯავრდებულის განმარტებით, თუკი მათი მანქანა ტროტუართან გაჩერდა, საიდანაც თ. გ-ს მამა ჩამოვიდა, შეუძლებელია მესამე ზოლში დაბრუნების შემდეგ მათი მანქანის უკან კვლავ იგივე მუქი BMW-ს მარკის მანქანა აღმოჩენილიყო. მსჯავრდებულის აღნიშნული განმარტება სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა, ვინაიდან ორივე მოწმემ საკმაოდ დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერა ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, განმარტეს, რომ აღნიშნულმა მუქმა ფერის მანქანამ მათი ყურადღება სწორედ იმის გამო მიიქცია, რომ მათ უკან უცნაურად მოძრაობდა, მათ გზა დაუთმეს კიდეც, თუმცა მანქანამ არ გაუსწრო და კვლავ მათი ავტომობილის უკან მოექცა.
ამ მხრივ საინტერესოა მოწმის სახით დაკითხული კ. გ-ს ჩვენებაც, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განმარტა შემდეგი: 2006 წლის 2 მაისს, დილით, გამოვიდა სახლიდან მეგობარ ქალთან - ნ. ფ-ნ ერთად, რომელიც მიჰყავდა სამსახურში, ს-ე. როდესაც სანაპიროზე ჩამოვიდა და ბ-ს ხიდის ქვეშ გაიარა, შუქნიშნის წითელ ფერზე შეანელა სვლა. როცა მწვანე აინთო, დააპირა გასწრებაზე გასვლა, რა დროსაც დაინახა მოპირდაპირე მხარეს შუქნიშანზე გაჩერებული ავტომობილები, მათ შორის მისგან მარცხენა მხარეს, გზაგამყოფ ზოლთან იდგა მუქი BMW-ს მარკის ავტომანქანა. ამ დროს შენიშნა პირები, რომლებმაც გადმოირბინეს გაჩერებული მანქანების მხარეს და გაიგონა გასროლის ხმა, რასაც მოჰყვა მრავალჯერადი სროლები. აღნიშნული მუქი მანქანა გადმოვიდა მოპირდაპირე მხარეს. მას უკნიდან და გვერდიდან სროლა-სროლით მოჰყვებოდნენ სპეცრაზმი და სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გადავიდა უკიდურეს მარცხენა მხარეს და შეეჯახა განათების ბოძს. სროლების დროს ტყვია მოხვდა მის მანქანასაც საქარე მინაზე და შუშა გაიბზარა. გადმოვიდა მანქანიდან, რა დროსაც ჩაიარა სამარშრუტო მიკროავტობუსმა, რომელსაც ასევე მოხვდა ტყვია. გადმოსვლის შემდეგ ნახა, რომ მის მანქანას კიდევ ერთი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი მარცხენა ფრთაზე. დააპირა აგურის კედლის მხრიდან საშველად მისულიყო ბოძზე შეჯახებული მანქანის მძღოლთან, რომელსაც ცალი ხელი საჭეზე ედო, მეორეთი კი თითქოს ცდილობდა კარის გაღებას და ითხოვდა შველას. მანქანაში ასევე დაინახა მძღოლის გვერდით მჯდომი მეორე პირი, რომელსაც ხელები ისე ჰქონდა, თითქოს სციოდა. ორივენი იყვნენ ცოცხლები. მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღი არ დაუნახავს. მოწმის განმარტებით, ამ დროს კედლის მხრიდან შემოვიდა შავკოსტიუმიანი პიროვნება (მიანიშნებს გ. ც-ე), რომელმაც უხეშად უთხრა - ,,გადი ბიჭო აქედან, გაეცალე აქაურობასო“. ამ დროს მან (კ. გ-ა) დაუძახა მეგობარ ქალს, მიეწოდებინა წყალი, რათა დახმარებოდა დაჭრილ მძღოლს, თან დაიძრა თავისი მანქანის მიმართულებით, რა დროსაც გაიგონა დაგუდული გასროლის ხმა. შემოტრიალდა და დაინახა, რომ ეს პირი (მიანიშნებს გ. ც-ე) იყო წელში ოდნავ მოხრილი, იდგა მძღოლის კართან, რომელიც იყო გაღებული, მარჯვენა ხელში ეჭირა პისტოლეტი, რომელიც შეყოფილი ჰქონდა მანქანაში. დაინახა, რომ გასროლისთანავე გაწითლდა წინა საქარე მინა. ამ დროს ნ. ფ-მ მიაწოდა წყალი, რომელსაც უთხრა - ,,მოკლა გონიაო“ და გაიგონა მეორე გასროლის ხმაც. მძღოლის გვერდით მჯდომი მეორე პირი თითქოს აკანკალდა და ჩამოყარა ხელები. მეორე გასროლის ხმის გაგების შემდეგ ეს პირი (მიანიშნებს გ. ც-ე) გაბრუნდა იმავე მხარეს, საიდანაც შემოვიდა. ამ დროს შეჯახებულ მანქანასთან მოვიდა სპორტულებში ჩაცმული მამაკაცი, რომელმაც ჩაიხედა მანქანაში და თქვა - ,,სუფთები არიანო“ და იარაღი ჩაუწყო. დაინახა წინ მჯდომი პირის ფეხებთან ე.წ. ,,კოვრიკებთან“ რომ დადო პისტოლეტი. შემდეგ მოვიდა სპეცრაზმელი, რომელმაც გამოაღო უკანა კარი და იქედან გადმოიყვანა პირი, რომლიც მანამდე არ შეუნიშნავს.
მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე დაჰყო დაახლოებით 30-40 წუთს. გაიგონა ამ პირის (მიანიშნებს ი. ფ-ე) საუბარი, რომელიც ამბობდა, - „პირველი ამათ გვესროლესო“. მალევე მოიყვანეს შავი ,,BMW“-ს მარკის ავტომობილი, რომელსაც წინა საქარე მინა ჰქონდა დაზიანებული. აღნიშნული ავტომობილი მანამდე იქ არ შეუნიშნავს. მან დაურეკა ვიღაც პირს, მოვიდა დაბალი „ღიპიანი“ კაცი, რომელსაც კეპი ეხურა და ბოძზე შეჯახებულ ავტომობილში ჩაყარა ნასროლი და მთელი ტყვიები. შემდეგ თავადვე ამოიღო და დაიძახა - ,,აი ტყვიებიო“, რა დროსაც ექსპერტმა უთხრა, რომ დაენებებინა თავი და არაფრისთვის მოეკიდა ხელი. მას გაუკვირდა პოლიციელების ასეთი საუბარი, ვინაიდან BMW-ს მარკის ავტომობილიდან არ უსვრიათ და ის მხოლოდ გაქცევას ცდილობდა. მას წინ თავისუფალი ხედვა ჰქონდა და მსგავსი არაფერი დაუნახავს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტს მისცა ინტერვიუ, თუმცა ყველაფერი ვერ თქვა, რადგან გ. ც-ე იქვე მოძრაობდა და მისი შეეშინდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ბ. ფ-მ განმარტა, რომ ზ. ვ-ს იცნობდა ბავშვობიდან, ს. ხ-ს კი - დაახლოებით ბოლო სამი წელი და მასთან უფრო ხშირი ურთიერთობა ჰქონდა. 2006 წლის 1 მაისს შემთხვევით შეხვდა ს. ხ-ს, რომელმაც სთხოვა, რომ მეორე დღეს, დილის საათებში, მეგობართან გაჰყოლოდა. თუ რა საქმეზე ხვდებოდა მეგობარს, არ იცის, რადგან არ უკითხავს. მეორე დღეს მართლაც დაურეკა ს-მ (ა. ხ-ა) და გაუარა სახლთან, რის შემდეგაც ფეხით წავიდნენ კ-ს ქუჩაზე, მეუღლისთვის რაღაც ნივთების დასატოვებლად. ს-მ უთხრა, რომ ს-ნ მოაკითხავდათ ზ. ვ-ი და მანქანით წაიყვანდა მეგობრის სანახავად. დაახლოებით 09:15 საათზე შეხვდნენ ზ-ს და გაიარეს ვ-ს დასახლებაში, სადაც ს. ხ-ი გადავიდა დაახლოებით 5 წუთით, რის შემდეგაც გაემართნენ მ-ა სანაპიროსკენ და გაჩერდნენ კ-ნ წითელ შუქნიშანზე უკიდურეს მარცხენა მხარეს. ს. ხ-ი იჯდა მძღოლის გვერდით წინა სავარძელში, ხოლო თავად - უკანა მარჯვენა სავარძელში. ამ დროს ს-ს მხრიდან შენიშნა შავ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცის ტანი, რომელსაც სახეზე ვერ ხედავდა. მას ხელში ეჭირა პისტოლეტი. უცებ გაიგონა ყვირილის ხმა და უცნობმა მამაკაცმა დაიწყო სროლა მათი მანქანის მიმართულებით, ზ-მ თავდაცვისა და გაქცევის მიზნით ინსტინქტურად უცებ დაძრა მანქანა, რა დროსაც დაეჯახა უკან მდგარ ავტომობილს. იგი ცდილობდა მარცხნივ, საწინააღმდეგო სავალ გზაზე გადასვლას, რა დროსაც დაიწყო ინტენსიური სროლები და ტყვიები ხვდებოდა მანქანას. იგრძნო, რომ ორი ტყვია მასაც მოხვდა, რა დროსაც დაკარგა გონება. გონზე მოვიდა მანქანის ბოძზე შეჯახების დროს, ახსოვს წამიერი სიჩუმე და ზ. ვ-ს სიტყვები - ,,რა უნდათ, რას გვერჩიან, რატომ გვკლავენო“ და ატყდა ისევ სროლები. მას კიდევ მოხვდა ტყვიები, ხოლო როცა სროლა შეწყდა, სპეცრაზმელებმა გადმოაგდეს მანქანიდან. მოწმის განმარტებით, ახსოვს სიჩუმეში ერთეული გასროლებიც, თუმცა ვერ იხსენებს - ამ დროს მანქანაში იმყოფებოდა თუ გარეთ. ეს ერთეული გასროლები ავტომატიდან ნასროლს არ ჰგავდა. მანვე აღნიშნა, რომ ავტომობილში მათ ცეცხლსასროლი იარაღები არ ჰქონიათ და არც პოლიციელებისთვის გაუწევიათ წინააღმდეგობა. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ მოვიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელმაც გადაიყვანა საავადმყოფოში, გაუკეთდა ოპერაცია. იმავე საღამოს გადაიყვანეს ე.წ. ,,რეზბალნიცაზე“, სადაც მეორე დღეს გაურთულდა მდგომარეობა და კვლავ დააბრუნეს საოპერაციოდ. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ გამომძიებელმა კ-მ წაუყენა ბრალი ყაჩაღობის მომზადებისათვის, რასაც თავიდან არ აღიარებდა, თუმცა შემდეგში, ვინაიდან ნაწლავი ჰქონდა გამოტანილი გარეთ და იყო სასწრაფო საოპერაციო, რაზედაც უარს ეუბნებოდნენ, იძულებული გახდა, დათანხმებულიყო აღიარებითი ჩვენების მიცემაზე, რის შემდეგაც გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება და გაუკეთეს ოპერაციაც.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქ. მ-ა განმარტა, რომ ცხოვრობს კ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ს-ს ქ.№...ა-ში. მისი სახლი გადაჰყურებს იმ ტერიტორიას, სადაც შემთხვევა მოხდა. 2006 წლის 2 მაისს, დილით, გააღვიძა მიჯრით სროლის ხმამ, მაშინვე წამოდგა საწოლიდან და გავიდა აივანზე, დაინახა მანქანა, რომელიც გამოვიდა რიგიდან, გადავიდა მოპირდაპირე მხარეს, სროლების გამო აერია საჭე და დაეჯახა განათების ბოძს. გამოჩნდნენ დაფოთლილფორმიანი და ნიღბიანი პირები, ასევე - სამოქალაქო ტანსაცმლიანი პირები, რომლებსაც ზოგს პისტოლეტი ეჭირა, ზოგს - ავტომატი და სროლით მისდევდნენ აღნიშნულ ავტომობილს. ამ დროს, ვინაიდან აინთო მწვანე შუქნიშანი, გაჩერებული მანქანები დაიძრნენ და იარაღიანმა პირებმა ძალაუნებურად უკან დაიხიეს. ერთ-ერთი პირი, რომელსაც ეცვა შავი პიჯაკი და ჰქონდა შავი თმა (მიანიშნებს გ. ც-ე), უკანა მხრიდან მივიდა მძღოლის მხარეს და ესროლა ჯერ მძღოლს, შემდეგ კი - მის გვრდით მჯდომს. შემდეგ უკვე მანქანას მიუახლოვდნენ სამოქალაქოტანსაცმლიანი პირები, რომლებიც ავტომობილის გარშემო ტრიალებდნენ. სამხედროფორმიანებმა გახსნეს უკანა კარი და მანქანიდან გადმოიყვანეს დაჭრილი მესამე პირი. მან გარკვევით დაინახა პარკში ჩაწყობილი ცეცხლსასროლი იარაღები, რომლებიც ერთ-ერთმა პირმა მიიტანა და ჩააწყო ბოძზე შეჯახებულ მანქანაში. 2006 წელს მიმდინარე გამოძიების პროცესში მასზე რამდენჯერმე იყო ზეწოლის მცდელობა, ურეკავდნენ, აფრთხილებდნენ და ემუქრებოდნენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ხმა არ ამოეღო.
მოწმე ქ. მ-ს ჩვენებასთან დაკავშირებით მსჯავრდებულმა გ. ც-მ განმარტა, რომ იგი არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან ეს მოწმე არის დაინტერესებული პირი და შეგნებულად მისცა ცრუ ჩვენება. მოწმის ჩვენების მთავარ საწინააღმდეგო არგუმენტად დაცვის მხარე უთითებს ქ. მ-ს სახლსა და ბოძს შეჯახებულ ავტომობილს შორის არსებულ მანძილს და განმარტავს, რომ აღნიშნული მანძილის გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო პირის ამოცნობა. მსჯავრდებულმა ი. ფ-მ ასევე მიუთითა, რომ მათი მამხილებელი ცრუ ჩვენების მიცემის შემდეგ ქ. მ-ი შეცვლილი პასპორტით გაუშვეს უცხო სახელმწიფოში, სადაც ს-ს საელჩოს მეშვეობით მთავრობისგან ითხოვს ფულს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრება სიმართლის თქმით.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქ. მ-ს ჩვენების სანდოობასთან დაკავშირებით დაცვის მხარის არგუმენტაციის გაზიარების არანაირი საფუძველი არ არსებობს. დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე ჰქონდა მცდელობა, რომ ქ. მ-ს სახლის აივანსა და შეჯახების ადგილს შორის არსებული მანძილი გაზრდილი სახით წარმოეჩინა, რათა გაჩენილიყო ეჭვი ამ მანძილზე პირის სახის გარჩევისა და აღქმის კუთხით. აღნიშნულის დამადასტურებლად დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას წარმოადგინა შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეოკადრებიდან ამოჭრილი ფოტოსურათი, რომელზეც ასახულია სახლის აივანზე მდგარი პირი. ადვოკატის განმარტებით, ფოტოსურათიდანაც კარგად ჩანს, რომ ბოძიდან აივანი დიდი მანძილითაა დაშორებული და მასზე მდგარი პირი მხოლოდ შავი სილუეტის სახით მოჩანს, შესაბამისად, შეუძლებელია ამ მანძილიდან ადამიანის სახის ნაკვთების ამოცნობა. დამცველის მითითებული არგუმენტაცია რეალობასთან შეუსაბამოა, ვინაიდან აღნიშნული ფოტოსურათით და ჩანაწერით დასტურდება, რომ აივანზე მართლაც იდგა ადამიანი. გარდა ამისა, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია არავითარი მტკიცებულება, რომ გადამღები მოწყობილობის გარჩევადობა აივნის მიმართულებით და ადამიანის მხედველობა აივნიდან შემთხვევის ადგილის მიმართულებით ერთი და იგივეა. მოწმის სახით დაკითხულმა ქ. მ-ა საკმაოდ დამაჯერებლად განმარტა, რომ მისი სახლის აივნიდან შემთხვევის ადგილი მოჩანდა კარგად და გარკვევით; შორ მანძილზე ხედავს კარგად და პრობლემა არ გააჩნია; ვინაიდან ფაქტიც ძალიან ამაზრზენი იყო, ყურადღება მიაქცია და დაამახსოვრდა იმ პირის სახის ნაკვთები, რომელსაც მკერდს ზემოთ კარგად ხედავდა და რომელმაც მანქანაში მსხდომებს ესროლა (მიუთითა გ. ც-ე). შესაბამისად, დაცვის მხარის არგუმენტაცია შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოსურათზე აპელირებით, ვერ გახდება მოწმე ქ. მ-ს ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი.
დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს კ. გ-ს ჩვენებაზეც და განმარტავს, რომ თუკი იგი განვითარებულ მოვლენებს მართლაც შეესწრო და სიმართლე უთხრა ინტერვიუს დროს ჟურნალისტს, რატომ არ განაცხადა გ. ც-ს მიერ მანქანაში მსხდომი პირების მისამართით საკონტროლო გასროლების შესახებ. აღნიშნული არგუმენტი უსაფუძვლოა, ვინაიდან კ. გ-ა სასამართლოში დაკითხვის დროს განმარტა, რომ გ. ც-ე მის სიახლოვეს იმყოფებოდა, რის გამოც თავი აარიდა ჟურნალისტთან დეტალებზე საუბარს და თავისი ვინაობაც კი არ გაუმხილა.
ამასთან, 1-ლი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ვიდეოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, კ. გ-ი ნამდვილად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. მან მომხდარიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ინტერვიუ მისცა ჟურნალისტს, რომლის თანახმადაც ისროდნენ მხოლოდ პოლიციელები და შეჯახებული მანქანიდან არ უსვრიათ.
1-ლი ინსტანციის სასამართლომ განაჩენით დადასტურებულად მიიჩნია პოლიციელების მხრიდან ზ. ვ-ს ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღების ჩადების ფაქტი, რასაც კატეგორიულად გამორიცხავს დაცვის მხარე და განმარტავენ, რომ მოწმეები ქ. მ-ი და კ. გ-ი შეგნებულად ცრუობენ, გამოძიების დროს მათი მონაწილეობით დათვალიერდა სხვადასხვა ტელეკომპანიის მიერ მოწოდებული მასალები, სადაც მათ იარაღის ჩამდებ პირად ამოიცნეს ს. თ-ი, რომელიც შემთხვევის ადგილზე ერთი საათის შემდეგ მივიდა და მანქანაში იარაღებს ვერანაირად ვერ ჩააწყობდა; სასამართლო სხდომაზე კი აღნიშნულმა მოწმეებმა მიუთითეს, რომ იარაღები მანქანაში ჩადო სპორტულფორმიანმა პირმა, რომელიც აღმოჩნდა ვ. ლ-ე. დაცვის მხარის განმარტებით, აღნიშნული ფაქტიც ადასტურებს, რომ ეს მოწმეები ცრუ ჩვენებებს იძლევიან.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, ცალსახად და გადაჭრით მართლაც შეუძლებელია მტკიცება, თუ ვინ განათავსა ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღები. თუმცა, ფაქტია და სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ. ვ-ს ავტომობილში ბოძზე შეჯახებამდე ცეცხლსასროლი იარაღები არ იყო და პოლიციელების მიმართულებით გასროლა არ მომხდარა. აღნიშნული დასტურდება არა მხოლოდ ფაქტის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებით (კ. გ-ი, ქ. მ-ი, ე. მ-ი, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები), არამედ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებითაც. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოწმე სპეცრაზმელთა განმარტებით, სპეცოპერაციის დროს პოლიციის თანამშრომლები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აქტიურობით და სროლების დასრულების შემდეგ ისინი პირველები მივიდნენ ვ-ს ავტომობილთან. როგორც მოწმე კ. გ-ა განმარტა, სწორედ ამ დროს პოლიციელთა შორის მყოფმა სპორტულტანსაცმლიანმა მამაკაცმა ავტომობილში ჩადო ცეცხლსასროლი იარაღები.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმე ვ. ლ-მ განმარტა, რომ მამაკაცი, რომელიც პირველი მიდის შეჯახებულ ავტომობილთან და აცვია სპორტული ტანსაცმელი, არის თავად. მოწმემ ასევე განმარტა, რომ 2006 წლის 2 მაისის მდგომარეობით მუშაობდა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ავტოტრანსპორტის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში ინსპექტორ-გამომძიებლად. ვინაიდან ჰქონდა ყოფითი პრობლემები და სახლის რემონტი, ზეპირი განცხადების საფუძველზე ორი-სამი დღით სამსახურიდან დაეთხოვა ი. ფ-ს. 2 მაისს, დილით, მ-ს ხიდის მახლობლად შეხვდა მუშებს და სანაპიროს გავლით დააპირა კ-ს მოედნისკენ წასვლა. ეცვა სპორტული ტანსაცმელი თეთრი წვრილი ზოლებით. როდესაც კულტურის სამინისტროს მიუახლოვდა, შემოესმა ინტენსიური გასროლის ხმები, რის გამოც თავი ვალდებულად ჩათვალა, გადმოსულიყო მანქანიდან და გაქცეულიყო სროლების მხარეს. ხელში ეჭირა პირადი „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი. სპეცრაზმელებთან ერთად მივიდა შეჯახებულ ავტომანქანასთან და ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა სცადა კარის გამოღება, თუმცა ვერ მოახერხა. წინა მარჯვენა კარის მინიდან, რომელიც იყო ჩამსხვრეული, ჩაიხედა მანქანაში და დაინახა ცეცხლსასროლი იარაღი და მასრები. ერთმა სპეცრაზმელმა გამოაღო უკანა კარი, დაიძახა - ცოცხალიაო და გადმოიყვანა პირი, რა დროსაც დავარდა წითელტარიანი ,,მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი. აღნიშნული იარაღი სპეცრაზმელმა აიღო და განმუხტული ისევ მანქანაში შეაგდო. წინ მსხდომ პირებს სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდათ. მოწმის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდა, რა ხდებოდა და ვის მისდევდა სპეცრაზმი, მაინც საჭიროდ ჩათვალა გაქცეულიყო შეჯახებული მანქანის მხარეს, თუ რატომ, არ იცის და ვერ ხსნის.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოწმე ვ. ლ-ს მიერ მიცემული ჩვენება ფაქტებთან შეუსაბამო და არასარწმუნოა. გამოკვლეული ვიდეომასალით კარგად ჩანს, რომ სპორტულ ტანსაცმლიანი ვ. ლ-ე სროლების დასრულებისთანავე აქტიურად ცდილობს, პირველი მივიდეს შეჯახებულ ავტომობილთან და ამას ახერხებს კიდეც. მას ხელში უჭირავს ,,მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, რომლის მსგავსიც ვარდება შემდეგ ბ. ფ-ს მანქანიდან გადმოყვანის დროს. ვ. ლ-ს ქცევა სპეცოპერაციის მიმდინარეობის დროს აშკარად საეჭვოს ხდის მისი ჩვენების რეალობას, რომ თითქოს მან სპეცოპერაციის შესახებ არაფერი იცოდა და მუშებთან შესახვედრად მყოფი შემთხვევით შეესწრო ღონისძიებას. ის ფაქტი, რომ ვ. ლ-ს იარაღის ტარების უფლება არ გააჩნდა და იმ მომენტში ტაბელური იარაღიც არ ერიცხებოდა, ჰბადებს საფუძვლიან ეჭვს, თუ რატომ გარბოდა იგი ერთ-ერთი პირველი ვ-ს ავტომობილისკენ იარაღით ხელში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოწმის პირველი განმარტებით, შეჯახებულ ავტომობილთან იგი სპეცრაზმელებთან ერთად მივიდა, თუმცა სასამართლო სხდომაზე ვიდეომასალის წარდგენის შემდეგ შეცვალა პოზიცია და განმარტა, რომ არ შეუძლია ახსნას, თუ რატომ გაიქცა ერთ-ერთი პირველი ავტომობილისკენ.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ზ. ს-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 1991-2007 წლებში მუშაოდა შს სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა განყოფილებაში. ,,კ-ს სპეცოპერაციის“ ჩატარებისას ეკავა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის თანამდებობა. 2006 წლის 2 მაისს, დაახლოებით 09:30 საათზე, იმყოფებოდა ო-ი, შს სამინისტროს წინ, რა დროსაც დაინახა დეპარტამენტის თანამშრომლები და მისი უშუალო ხელმძღვანელი ზ. ქ-ა, რომელმაც უთხრა, რომ თ-ი, კ-ნ, მოხდა სროლები და უნდა წაჰყოლოდა შემთხვევის ადგილზე. მართლაც, მისი (ზ. ქ-ს) ავტომანქანით მივიდნენ კ-ნ. შემთხვევის ადგილზე მისულმა კ-ს წინ ნახა BMW-ს მარკის ავტომობილი, რომელიც შეჯახებული იყო ბოძზე, მასში იმყოფებოდა ორი გარდაცვილილი პირი, ხოლო ერთი დაჭრილი - გვარად ფ-ე, იყო შემთხვევის ადგილზე. როგორც ხელმძღვანელობისგან მისთვის გახდა ცნობილი, ხსენებულმა პირებმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციელებს და მოხდა მათი ლიკვიდაცია. შემთხვევის ადგილზე მყოფ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ხელმძღვანელობდა ი. ფ-ა, რომელიც უშუალოდ აძლევდა მითითებებს, თუ ვის რა მოქმედებები უნდა შეესრულებინა. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე ვერ აღმოაჩინა ვერანაირი კვალი იმისა, რომ დაცხრილული მანქანიდან უწევდნენ წინააღმდეგობას, კერძოდ, არ იყო არც დაზარალებული და არც დაზიანებული ავტომობილი. თავის უშუალო უფროსს ზ. ქ-ს უთხრა, რომ ამ საქმის გამოძიებას ხელს არ მოჰკიდებდა, რაზეც ზ. ქ-მ უპასუხა, რომ ი. ფ-ს მითითებით, უნდა მომხდარიყო ისეთი ვერსიის გამოკვეთა, რომ თითქოს დაცხრილული მანქანიდან ისროდნენ და სამართალდამცავებიც საპასუხოდ ისროდნენ. გამოძიებას უნდა შეეკრიბა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ვინაიდან ეს იყო სიცრუე, მან (ზ. ს-მ) უარი განაცხადა ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაზე, გაერიდა შემთხვევის ადგილს და იმყოფებოდა შეკრებილ ხალხთან ერთად. როგორც მისთვის ადგილზე მყოფი პოლიცილებისგან გახდა ცნობილი, მანქანაში მყოფ ბიჭებს იარაღები არ ჰქონდათ და ისინი ჩაალაგეს ოპერატიულმა მუშაკებმა. სანამ გამომძიებელი დათვალიერებას დაიწყებდა, მათთვის იარაღები უკვე ჩალაგებული იყო. შემთხვევის ადგილზე დაზიანებული ავტომობილის დასაფიქსირებლად მათ აარჩიეს ერთი პოლიციელის ავტომობილი, როგორც ახსოვს BMW-ს მარკის, რომელსაც ერთხელ ესროლეს და სპეციალურად დაუზიანეს საქარე მინა. ამ სახით მიიყვანეს შემთხვევის ადგილზე და დააფიქსირეს დათვალიების ოქმში. მოწმის განმარტებით, ამ ყველაფერმა (მტკიცებულებების ფალსიფიკაციამ) გამოიწვია მისი და დანარჩენი გამომძიებლების გაღიზიანება. მან უარი თქვა ამ ფალსიფიკაციაში მონაწილეობაზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ მასთან სამსახურში მივიდა კ. ს-ე და უთხრა, რომ გარდაცვლილ ა. ხ-ს სახლში ჩაატარა ჩხრეკა, მაგრამ კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი აღმოაჩინა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების საერთო ანალიზი იძლევა შემდეგი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას: სპეცოპერაციის დასრულებისთანავე საჭირო გახდა გარკვეული ქმედებების განხორციელება, რაც გაამართლებდა სამართალდამცავთა ქცევას და ახსნიდა მათი მხრიდან ცეცხლის გახსნის აუცილებლობას. იმ ვერსიის ნამდვილობის გასამყარებლად, რომ პირველად ზ. ვ-ს ავტომობილიდან გაისროლეს, საჭირო იყო ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღების აღმოჩენა, რაც განხორციელდა კიდეც. შესაბამისად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გასროლების დასრულებისთანავე ზ. ვ-ს ავტომობილში ჩაალაგეს ცეცხლსასროლი იარაღები, თუმცა, როგორც აღინიშნა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელია დადგინდეს, თუ უშუალოდ ვისი მითითებით, ან კონკრეტულად ვინ განახორციელა აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სპეცოპერაციის დროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოყენებული ყველა იარაღი არ იყო ტაბელური. აღნიშნულის თქმის საშუალებას იძლევა შემდეგი: დადგენილია, რომ სპეცრაზმელები, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით, განთავსებული იყვნენ ავტომობილის მარჯვენა მხარეს და ამ პოზიციიდან ისროდნენ. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზ. ვ-ს ავტომობილს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებები განვითარებული აქვს ძირითადად მარჯვენა მხრიდან. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ავტომანქანას ასევე აღენიშნება 9 მმ კალიბრიანი პისტოლეტისათვის დამახასიათებელი ჭურვიდან წარმოქმნილი დაზიანებები უკანა და მარცხენა ნაწილში. აღსანიშნავია, რომ 2006 წელს ჩატარებული საექსპერტო კვლევის დროს ზ. ვ-ს ავტომობილის ე.წ. ,,ტორპედოს“ მონაცემთა დაფაში აღმოჩნდა 9 მმ კალიბრიანი ტყვია. სასამართლო ბალისტიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ,,ტორპედოს“ მაჩვენებლის მონაცემთა დაფაზე არსებული დაზიანება ცეცხლნასროლი წარმოშობისაა და განვითარებულია გარედან შიგნით, მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვემოთ, წინა მარცხენა კარის ფანჯრის ჩარჩოში გავლილი, ძალადაკარგული, მონაცემთა დაფიდან ამოღებული ტყვიით. აღნიშნული ტყვია, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, არ არის გასროლილი კრიმინალური პოლიციის თანამშრომელთა ტაბელური იარაღებიდან, ისევე, როგორც ავტომანქანაში ჩადებული იარაღებიდან. ტყვია შედარდა არა მხოლოდ სპეცოპერაციაში მონაწილე პირთა ტაბელურ იარაღებს, არამედ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმ თანამშრომლების იარაღებსაც, რომლებიც, ოფიციალური ვერსიით, სპეცოპერაციაში არ მონაწილეობდნენ. მართალია, საკვლევი ობიექტი სავსებით ვარგისი იყო იდენტიფიკაციისათვის, მაგრამ კონკრეტული იარაღის დადგენა ვერ მოხერხდა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სპეცოპერაციის დროს 9 მმ კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღები კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ჰქონდათ, ცხადი ხდება, რომ მათ მიერ გამოყენებული ყველა იარაღი არ იყო ტაბელური.
დაცვის მხარის ვერსიით, ზ. ვ-ს ავტომობილიდან გასროლილი ტყვია მოხვდა იმ ავტომობილს, რომელსაც პოლიციელი გ. დ-ა მართავდა, რამაც განაპირობა პოლიციელთა მხრიდან საპასუხო სროლები. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიებამ დანიშნა ბალისტიკური ექსპერტიზა და ექსპერტს დაესვა კითხვა - ,,მოწმე გ. დ-ს ჩვენებიდან გამომდინარე, მანქანების ურთიერთგანლაგების გათვალისწინებით, BMW-ს მარკის ავტომანქანის, სახ.№..., წინა საქარე მინაზე არსებული დაზიანება შესაძლებელია თუ არა მიყენებული იყოს ზ. ვ-ს მართვის ქვეშ მყოფი BMW-ს მარკის ავტომანქანის, სახ. №..., სალონიდან განხორციელებული გასროლის შედეგად?“. ექსპერტიზის ჩამტარებელმა პირებმა - ა. ა-მ და ნ. მ-ა გასცეს დასკვნა, რომლის მიხედვითაც - ,,მოწმე გ. დ-ს ჩვენების მონაცემთა ანალიზის მიხედვით და მანქანების ურთიერთგანლაგების გათვალისწინებით, ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლებელია №... ავტომანქანის სალონიდან გასროლით (უკანა ხედვის მინაზე არსებული დაზიანების ჩათვლით), უკან მარცხნივ მდგომ №... ავტომანქანის წინა საქარე მინაზე არსებული სახით, დაზიანების განვითარება“.
ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ზ. ვ-ს ავტომობილის უკანა საქარე მინაზე არსებული დაზიანება მიყენებულია მიწის ზედაპირიდან 123 სმ-ზე, ხოლო გ. დ-ს ავტომობილზე არსებული დაზიანება - 111 სმ-ზე. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ გ. დ-ს ავტომობილის წინა საქარე მინაზე არსებული დაზიანება მიმართული უნდა იყოს ზემოდან ქვემოთ. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი, მანქანის წინა საქარე მინა დაზიანებულია ქვემოდან ზემოთ სროლისას. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ. მ-ა.
ანალოგიური ვითარება დადასტურდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 5 ივნისის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნითაც.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში განავითარა მსჯელობა, რომ ახალი ექსპერტიზის ჩამტარებელ პირებს წარუდგინეს ავტომობილების განლაგების არასწორი გრაფიკა, არ იქნა გათვალისწინებული კ-ს მიმდებარედ ავტომანქანების სავალი გზის დახრილობა, რამაც გამოიწვია დასკვნის ასეთი სახით გაცემა. სინამდვილეში კი გ. დ-ს ავტომობილის წინა მხარე უფრო მეტად უნდა ყოფილიყო დაშორებული ღერძულა ხაზიდან, უნდა გაეთვალისწინებინათ გზის დახრილობა, რაც სრულად იქნებოდა შესაბამისი სროლის ტრაექტორიასთან. სააპელაციო პალატამ უსაფუძლოდ მიიჩნია დაცვის მხარის აღნიშნული არგუმენტაცია, ვინაიდან, როგორც ექსპერტიზის დასკვნიდან ირკვევა, კვლევის დროს გამოიყენეს შემთხვევის ადგილის სქემა, გ. დ-ს ჩვენების მონაცემები და მოდელირებით მიღებული სქემატური ნახაზი. აღნიშნული მონაცემების გამოყენებით შედგა სისტემური ნახაზი, რომელსაც დაეყრდნო ექსპერტიზა და მისი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს.
იმ შემთხვევაში, თუკი გ. დ-ს ავტომანქანის მიმართულებით გასროლა მოხდა ზ. ვ-ს ავტომობილის უკანა საქარე მინაზე არსებული დაზიანების ადგილის გავლით, მაშინ საფუძვლიანია 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ ამ დაზიანებებიდან ერთი მაინც გამოწვეული უნდა იყოს შიგნიდან გარეთ ნასროლი ტყვიის ჭურვის მოქმედებით. ამ მხრივ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტრასოლოგიური და ბალისტიკური ექსპერტიზის დანიშვნის მომენტისათვის ზ. ვ-ს ავტომობილის უკანა საქარე მინა უკვე დაზიანებული იყო, თუმცა საექსპერტო კვლევის შედეგად მაინც დადგინდა, რომ უკანა საქარე მინაზე არსებული ორივე დაზიანება განვითარებულია გარედან შიგნით ნასროლი ტყვიით. იმავე ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ზ. ვ-ს ავტომობილს არ გააჩნია არც ერთი შიგნიდან გარეთ გამომავალი დაზიანება. ის სამი გამომავალი დაზიანება კი, რომელიც ავტომობილის წინა ნაწილში აღინიშნება, წარმოადგენს გარედან შიგნით ნასროლი ჭურვის ტრაექტორიის გაგრძელებას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა - ლ. მ-ა და რ. ს-მ განმარტეს, რომ 2006 წლის 15 ივნისს გაცემულ ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნაში ტყვიის მოძრაობის ტრაექტორიის განსაზღვრაზე არ უმსჯელიათ, რადგან ეს არ შედიოდა გამოძიების მიერ დასმულ შეკითხვებში. შემდგომში კი დადგინდა, რომ წინა საქარე მინაზე არსებული შიგნიდან გარეთ მიმართული დაზიანებები იყო გარედან შიგნით მოძრავი ჭურვის ტრაექტორიის გაგრძელება. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ასევე დადასტურებულია, რომ აღნიშნული ავტომობილის ყველა შუშა იყო ამოწეული, რაც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა გ. ლ-მ. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ზ. ვ-ს ავტომობილიდან ამოიღეს 13 გასროლილი მასრა. ბუნებრივია, იბადება ლოგიკური კითხვა - როგორ მოხდა აღნიშნული მასრების გასროლა ავტომობილიდან, თუკი ყველა მინა იყო ამოწეული და ავტომობილს არც ერთი გამომავალი დაზიანება არ აღენიშნება? უფრო მეტიც, გარდა ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებისა, სასამართლო სხდომაზე დაკითხული სპეცრაზმელების, ასევე მოწმეების - კ. გ-ს, ე. მ-ს, ზ. ს-ს ჩვენებებით დგინდება, რომ სროლების დაწყებამდე ზ. ვ-ს ავტომობილის მარცხნივ, საპირისპიროდ მოძრავი ავტომანქანებისათვის განკუთვნილ გზის სავალ ნაწილზე, ბ-ს ხიდისკენ მიმართული ავტომანქანა საერთოდ არ მდგარა და, შესაბამისად, მისკენ რაიმე გასროლაც არ მომხდარა.
ამასვე ადასტურებს მოწმის სახით დაკითხული ზ. ქ-ი, რომელმაც განმარტა შემდეგი: 2006 წლის მაისის მდგომარეობით მუშაობდა შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად. 2006 წლის 2 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციაში პირადად მონაწილეობა არ მიუღია, შემდეგში მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებებში. სპეცოპერაციის წინა ღამეს ღონისძიების დეტალებთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი არ ყოფილა. მეორე დღეს ხელმძღვანელობამ დაიბარა დილის 7 საათისთვის, ვინაიდან უთხრეს, რომ იგეგმებოდა რაღაც ღონისძიება. 2006 წლის 2 მაისს, როცა კ-ნ მივიდა, ნახა ბოძზე შეჯახებული ავტომობილი, რომელსაც ეტყობოდა ნატყვიარევი. ავტომობილის წინა კარების მინები იყო ჩამსხვრეული და სალონში ჩანდა ორი გარდაცვლილი პირი. დანარჩენი მინების მთლიანობა დარღვეული არ იყო. ხელმძღვანელობის დავალებით შეადგინა შემთხვევის ადგილის სქემა, რაც თან ერთვის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს. სქემაში ასახული მასრები შემთხვევის ადგილზე მის მისვლამდე იყო აღმოჩენილი ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, რაც მან დააფიქსირა ნახაზში. მოწმის განმარტებით, იმის დასადასტურებლად, რომ მოწინააღმდეგე მანქანიდან მოხდა გასროლა, ი. ფ-ს თანხმობით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ნატყვიარევი ავტომანქანა უნდა გაჩერებულიყო იმ ადგილზე, რაც უნდა დაფიქსირებულიყო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე დართულ ნახაზში. გ. დ-ს ავტომანქანა მისი მისვლის მომენტში იქ არ მდგარა, იგი შემდეგ მოიყვანეს და დააყენეს შეჯახებული მანქანის უკან, ბ-ს ხიდის მიმართულებით.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, მოწმე კ. ს-ს მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2006 წლის მაისის მდგომარეობით იყო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2006 წლის 2 მაისს, დილით, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც დაურეკა დეპარტამენტის დირექტორმა ი. ქ-მ და უთხრა, რომ სასწრაფოდ მისულიყო კ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე. იგი თავისი მამიდაშვილის და მძღოლის - ს. თ-ს ავტომანქანით გაემართა შემთხვევის ადგილისკენ. შემთხვევის ადგილზე მისვლისას ნახა ბოძზე შეჯახებული BMW-ს მარკის ავტომობილი, რომელიც იყო დაცხრილული და მის წინა სავარძლებზე ესვენა ორი მამაკაცის გვამი. კითხვაზე, თუ რა მოხდა, ი. ფ-მ უპასუხა, რომ „ახორციელებდნენ დევნას, რა დროსაც პოლიციელების მისამართით გაიხსნა ცეცხლი, რის გამოც თავადაც გაუცია ცეცხლის გახსნის ბრძანება“. კითხვაზე, ხომ არ იყო ვინმე დაშავებული პოლიციელების მხრიდან, ი. ფ-მ უპასუხა, რომ ბოროტმოქმედების მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა პოლიციელ გ. დ-ს ავტომობილსო და მიუთითა აღნიშნულ მანქანაზე, რომელიც იდგა ბოძზე შეჯახებული მანქანის უკან, ცხვირით მ-ი ხიდის მიმართულებით. მას გაუკვირდა ავტომობილის ასეთი მდებარეობა, რადგან იგი არ შეესაბამებოდა ი. ფ-ს მიერ მოყოლილ ვერსიას და აღნიშნულის თაობაზე შეეკითხა ი. ფ-ს. როგორც ფ-მ განუმარტა, დ-ს მანქანის განლაგება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ისე იქნებოდა აღნიშნული, რომ არ შეეწინააღმდეგებოდა მის მიერ მოყოლილ ვერსიას. მოწმემ ასევე განმარტა, რომ როგორც შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციელებისაგან შეიტყო, მანქანაში ჩაცხრილული პირებიდან ყველა არ ჰყავდათ იდენტიფიცირებული და არ იცოდნენ ყველას ვინაობა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით იკვეთება, შეგნებულად დააზიანეს ზ. ვ-ს ავტომობილის უკანა საქარე მინის ზედა მარცხენა კუთხე, რადგან დაშვებული ყოფილიყო აღნიშნული ავტომობილიდან გ. დ-ს ავტომობილის დაზიანების შესაძლებლობა. სასამართლო სხდომაზე ექსპერტებმა - ლ. მ-ა და რ. ს-მ განმარტეს, რომ მათი ხელმძღვანელობა კატეგორიულად მოითხოვდა მათგან გამოძიების მიერ დასმულ კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემას, რასთან დაკავშირებითაც, საჭირო გახდა ექსპერტის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა. აღნიშნული ექსპერტიზა შეეხებოდა ზ. ვ-ს ავტომანქანიდან გ. დ-ს ავტომანქანის დაზიანების შესაძლებლობას. კვლევის ჩასატარებლად ექსპერტმა რ. ს-მ მოითხოვა შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, თუმცა საბოლოოდ მანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში განათავსეს. ექსპერტების განმარტებით, გ. დ-მ პირველი ცდით ვერ შეძლო ავტომანქანების იმგვარად დაყენება, რომ დაშვებულიყო სროლის შესაძლებლობა. მას შემდეგ კი, რაც ვიზირების მეთოდის დროს გამოყენებულმა ლაზერმა მიუთითა გ. დ-ს ავტომანქანის დგომის ადგილი, მან შეცვალა საკუთარი ავტომანქანის მდებარეობა და მანქანები იმგვარად განალაგა, რაც უკვე ეწინააღმდეგებოდა თავად გ. დ-ს მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ტ. გ-ა განმარტა, რომ 2006 წლის მდგომარეობით მუშაობდა საპატრულო პოლიციის საჯარიმო სადგომზე ევაკუატორის მძღოლად. შემთხვევის ადგილზე მივიდა 10 საათის შემდეგ. დაავალეს, რომ აღეწერა ბოძს შეჯახებული ავტომობილი. მას უნდა დაეფიქსირებინა დაზიანებები (გარდა ნატყვიარევისა) და მანქანაში არსებული ნივთები, რომ გაყვანის დროს მეპატრონეს პრეტენზია არ ჰქონოდა. უკანა საქარე მინა ოქმში არ დაუფიქსირებია, რადგან იგი დაზიანებული არ ყოფილა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად დააფიქსირებდა. მანქანა ევაკუატორით გადაიყვანა ო-ი არსებულ ავტოსადგომზე. შემდეგ მოხდა ამ ავტომობილის გადაადგილება, მაგრამ ვის მიერ, მისთვის უცნობია. მისი უფროსი წუხდა, რომ მანქანა ვიღაცას დაუზიანებია. როდესაც მანქანა შსს-ში გადაიყვანეს, ჩატეხილი ჰქონდა უკანა მინა მარცხენა ზედა ნაწილში.
მიუხედავად იმისა, რომ ზ. ვ-ს ავტომობილის თავდაპირველი განთავსების ადგილზე სავსებით შესაძლებელი იყო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, იგი მაინც გადაიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში. აღნიშნულის მიზეზი, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, იყო ავტომანქანის უკანა საქარე მინაზე სასურველი მანიპულაციების ჩატარება. თუმცა ვერ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებს ზ. ვ-ს ავტომანქანა სრულად ჰქონდათ დასურათებული და უკანა საქარე მინა პირვანდელ მდგომარეობაში უკვე დაფიქსირებული იყო. როგორც აღნიშნული სურათიდან ჩანს, ზ. ვ-ს ავტომანქანის უკანა საქარე მინის მარცხენა ნახევარში დაფიქსირებულია სამი ცეცხლნასროლი დაზიანება. ექსპერტებმა შეძლეს დადგენა, რომ ამ დაზიანებებიდან არც ერთი არ არის განვითარებული შიგნიდან გარეთ მიმართული ტყვიით.
ამდენად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ როგორც ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებითა და სხვა უტყუარი მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ ზ. ვ-ს ავტომობილიდან გასროლა არ მომხდარა და ტყვია გ. დ-ს ავტომობილს არ მოხვედრია, უფრო მეტიც, გ. დ-ს ავტომობილი სროლების დაწყებამდე შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა.
რაც შეეხება დაცვის მხარის მინიშნებას 2006 წელს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებზე, რომელთა მიხედვითაც, ავტომობილში მყოფ პირებს დაუდასტურდათ დენთისა და რკინის მეტალიზაციის კვალის არსებობა, ვერ გამოდგება იმის უტყუარ დასტურად, რომ ზ. ვ-ს, ა. ხ-ა და ბ. ფ-ს ნამდვილად ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღები და ავტომობილიდან ისროდნენ პოლიციელების მიმართულებით. როგორც სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა განმარტებს, დენთის კვალის არსებობა არ უკავშირდება მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ფაქტს და იგი შესაძლოა, გარედან შიგნით შემომავალმა ტყვიამ შემოიტანოს. ასევე, მეტალიზაციის კვალი შესაძლოა, დარჩეს მეტალის შემცველ საგანთან შეხებით.
ის ფაქტი, რომ ზ. ვ-ს ავტომობილიდან არ უსვრიათ, დასტურდება ასევე სხვა მტკიცებულებებითაც, კერძოდ: სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა შსს პრესსამსახურის მიერ სპეცოპერაციის დასრულებისთანავე გადაღებული ვიდეომასალა. ერთ-ერთ მომენტში კადრში ჩნდება წინა მარჯვენა სავარძლის საფენზე, ა. ხ-ს ფეხებთან არსებული „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, ა. ხ-ს ფეხებთან, წინა მარჯვენა რეზინის საფენიდან ამოღებულ იქნა ,,მაკაროვის“ სისტემის №PM-6426 ცეცხლსასროლი პისტოლეტი. 2006 წლის 20 ივნისის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული პისტოლეტიდან გასროლილია სამი ვაზნა. როგორც ვიდეოკადრში არის ასახული, ხ-ს ფეხებთან არსებული „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტის ჩახმახი დაშვებულია. ექსპერტებმა - ზ. ყ-ა და ზ. ზ-მ განმარტეს, რომ სროლის შემთხვევაში იარაღის ჩახმახი გადაწეული იქნებოდა და შეუძლებელია, იგი დაშვებულ მდგომარეობაში დარჩენილიყო.
ცეცხლსასროლი იარაღების ამ მდგომარეობაში დაფიქსირების ფაქტთან დაკავშირებით მსჯავრდებულმა ი. ფ-მ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და იარაღების ავტომობილიდან ამოღების შემდეგ, პრესსამსახურის თხოვნის საფუძველზე, მოხდა იარაღების კვლავ ჩადება ავტომანქანაში ,,კადრის აღების“ მიზნით, რაც სხვა ღონისძიებების დროსაც ხშირად მომხდარა და დამკვიდრებული პრაქტიკა იყო. სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულის განმარტება უსაფუძვლოდ მიიჩნია, ვინაიდან მასალებით დგინდება, რომ პრესსამსახური განვითარებულ მოვლენებს თავიდანვე იღებდა და მანქანაში არსებული იარაღების დაფიქსირებაში მას ხელს არავინ უშლიდა. ვიდეომასალაზე ასახულია ასევე ფაქტი, როდესაც ავტომობილის უკანა სალონიდან გადმოჰყავთ ბ. ფ-ე და ამ დროს ცეცხლსასროლი იარაღი ვარდება. აღნიშნულით კი დასტურდება, რომ ვიდეოგადაღება თავიდანვე მიმდინარეობდა; ამასთან, ბ. ფ-ს გადმოყვანის დროს ჩამოვარდნილი იარაღის დამცველიც ჩამოწეულ მდგომარეობაშია, რაც ასევე გამორიცხავს აღნიშნული იარაღიდან სროლას.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, მძღოლის სავარძელსა და ხელის მუხრუჭს შორის ნანახი და ამოღებულ იქნა CZ-ს სისტემის №6283 პისტოლეტი. 2006 წლის 20 ივნისის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მისგან სრულად მოხდა ტყვიების გახარჯვა. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ზ. ზ-მ განმარტა, რომ იარაღიდან ტყვიების სრულად გახარჯვის შემთხვევაში, ამ იარაღის ჩამკეტი უკიდურეს უკანა მდგომარეობაში დარჩებოდა. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტების მიერ გადაღებულ ფოტომასალაში აღბეჭდილი იარაღის მდგომარეობა კი ეწინააღმდეგება ექსპერტის აღნიშნულ განმარტებას. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა ექსპერტმა ზ. ა-ა, რომელმაც განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე მისულმა პირადად დაათვალიერა ავტომობილი და იარაღები, რომლებიც იმავე მდგომარეობაში იყო, რაც კადრშია ასახული. იარაღების ამგვარი მდგომარეობა კი გამორიცხავს მათგან სროლას.
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს პოლიციელის მიერ ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესს. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებად ითვლება გამიზნული გასროლა. პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს, უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი მოქალაქისა და საკუთარი თავის დასაცავად ისეთი საფრთხისაგან, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; ასევე მძიმე დანაშაულის აღსაკვეთად, ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი წინააღმდეგობას უწევს პოლიციის თანამშრომელს ან შეეცდება გაქცევას. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს სიტყვიერი გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია გამაფრთხილებელი გასროლა. გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეიძლება დამნაშავის დაკავების ან დაპატიმრების დროს შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე საერთაშორისო კონვენციებითა და აქტებით სიცოცხლის უფლება დაცულია და მისი ხელყოფა აკრძალულია, გამონაკლისი შემთხვევის გარდა. ამ მოცემულობის ფუნდამენტური მნიშვნელობა ცალსახად დეკლარირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლში.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ საქმეში „სტიუარტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (STEWART v UNITED KINGDOM, no.10044/82, 10.07.1984) განმარტა, რომ ძალის გამოყენება უნდა იყოს დასახული კანონიერი მიზნის მკაცრად პროპორციული, ხოლო შეფასებისას - იყო თუ არა ძალის გამოყენება მკაცრად პროპორციული, გათვალისწინებული უნდა იყოს დასახული მიზნის რაობა, სხვათა სიცოცხლისათვის შექმნილი საშიშროება, ვითარებისათვის დამახასიათებელი შედეგები, ანუ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარება და რისკის ხარისხი - მოჰყვება თუ არა ძალის გამოყენებას სიცოცხლის მოსპობა.
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ ზ. ვ-ს, ა. ხ-ა და ბ. ფ-ს მხრიდან პოლიციელების მისამართით გასროლა არ მომხდარა, რაიმე საფრთხე მათგან არ მომდინარეობდა, ხოლო პოლიციელებმა ყოველგვარი მოწოდებისა და გაფრთხილების გარეშე, ხელოვნურად მოწყობილ საცობში გაჩერებულ ავტომობილზე პირდაპირ მიიტანეს იერიში, ანუ ძალის გამოყენება მოხდა ყოველგვარი საფუძვლისა და წინა პირობის გარეშე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სპეცოპერაციის შემდგომ განხორციელებული უკანონო მოქმედებები, რაც გამოიხატა მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში, მოწმეთა ყალბი ჩვენებების დაფიქსირებაში და სხვ. ფაქტობრივად, ემსახურებოდა რეალურად ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ შეფუთვას (კანონიერი სახის მიცემას) და საზოგადოებაში ყალბი განწყობების შექმნას.
ის ფაქტი, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელდა მტკიცებულებათა ფალსიფიცირება, დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებითაც:
მოწმე კ. ს-მ განმარტა, რომ მან ოპერატიული სამსახურისაგან მოითხოვა დაზარალებულის დადგენა, რაზედაც ი. ფ-მ უპასუხა, რომ ვინმე დაზარალებულს შეარჩევდა. მოგვიანებით ასეთ პირად, ვისზედაც თითქოსდა იგეგმებოდა ყაჩაღური თავდასხმა, დასახელდა ა. მ-ი.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ა. მ-ა განმარტა, რომ ა. ხ-ს, ზ. ვ-ს, ბ. ფ-ა და ე. ს-ს საერთოდ არ იცნობდა. როდესაც კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიბარეს, პოლიციელებმა უთხრეს, რომ „ბედზე იყო გადარჩენილი“, რადგან კ-ს სპეცოპერაციის დროს გამოვლენილი პირები თურმე მის დაყაჩაღებას გეგმავდნენ. პოლიციელებმა ასევე უთხრეს, რომ ჩვენებაში უნდა მიეთითებინა, თითქოს სახლში 30 000 დოლარს ინახავდა, რაზედაც მან უარი განაცხადა, რადგან ამ ოდენობის თანხა საერთოდ არ ჰქონია. აღნიშნულზე გამომძიებელმა უთხრა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მის ჩვენებაში ასე უნდა დაფიქსირებულიყო და აღნიშნული ოდენობის თანხა ჩაწერა დაკითხვის ოქმში.
სასამართლო სხდომაზე, საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, გამოქვეყნდა დაზარალებულ ე. ს-ს მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება, რომლის მიხედვითად დგინდება შემდეგი: ე. ს-ს განმარტებით, იცნობდა ა. ხ-ს, რომელიც გაიცნო 2005 წელს. 2006 წლის 2 მაისს ა. ხ-ნ, ზ. ვ-ა და ბ. ფ-ნ ერთად ყაჩაღურ თავდასხმას არ გეგმავდა. დილით უნდა შეხვედროდა მხოლოდ ა. ხ-ს, რათა შეეძინათ ნარკოტიკული ნივთიერება პირადი მოხმარებისათვის და ეყურებინათ ძაღლების ბრძოლების ჩანაწერი. 2006 წლის 26 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენება მისცა ზეწოლით და არ ადასტურებს. ზეწოლა გამოიხატებოდა იმაში, რომ პოლიციის თანამშრომლები ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდნენ მის ოჯახს. იგივე პოლიციელები აღიარების სანაცვლოდ ჰპირდებოდნენ სასჯელის ნაკლებ ვადას და სასჯელის მოხდის შემდეგ - უ-ს მოქალაქეობას. თანამშრომლობაზე მისი დაყოლიების ერთ-ერთი მეთოდი იყო 2006 წლის 3 ივნისს მისი დაკავება. როდესაც შსს-ს შენობაში მიიყვანეს, ერთ-ერთმა პოლიციელმა შარვლის უკანა ჯიბეზე მიარტყა ხელი და მოახდინა ვითომდა ნარკოტიკული ნივთიერების ამოღების იმიტაცია. შემდეგ აჩვენეს დაფასოებული პაკეტები და უთხრეს, რომ თუ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, 20 წლით მოუწევდა ციხეში ყოფნა. ოთახში შემოიყვანეს უცნობი გოგონა, რომელზეც უთხრეს, რომ ის იქნებოდა მისგან ნარკოტიკული ნივთიერების ამოღების მოწმე. დაემუქრნენ ასევე, რომ ციხეში მის დას და დისშვილის ქმარსაც ჩასვამდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ მასთან მივიდა პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ფარულად იღებდა მის დაკითხვას. აღნიშნულმა პოლიციელმა უთხრა, რომ მისი ძმა მანქანამ გაიტანა და შემდგომში შესაძლოა, უარესიც მომხდარიყო. აღნიშნულით მიანიშნა, რომ მას სასამართლოში აღიარებითი ჩვენება უნდა მიეცა. მანვე შესთავაზა ლეგენდა, რაც უნდა მოეყოლა სასამართლოში და ჩაუტარა რეპეტიცია - უსვამდა შეკითხვებს, რაზედაც პასუხობდა ისე, როგორც უნდა ეთქვა სასამართლოში. მისთვის არ უთქვამთ, რომ აღნიშნული საუბრის ვიდეოჩაწერა ხორციელდებოდა. პოლიციელმა ასევე უთხრა, რომ ჩვენება რუსულ ენაზე მიეცა, რათა სასამართლოში დეტალურად არ დაკითხულიყო. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოში დაკითხვამდე მას შეხვდა პროკურორი, რომელმაც უთხრა, რომ გადარჩენილ ბ. ფ-ს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ოპერაცია, რასაც სასამართლოს დასრულებამდე არ გაუკეთებდნენ. მას (ე. ს-ს) ჩვენება არ უნდა შეეცვალა, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გაიწელებოდა და ფ-ს სიკვდილი მის სინდისზე იქნებოდა.
ე. ს-ს ადვოკატ მ. კ-ს განმარტებით, როგორც ე. ს-ნ იცის, მან აღიარებითი ჩვენება მისცა პოლიციელების მხრიდან ნარკოტიკების ჩადებისა და დიდი სასჯელის მუქარით.
დაზარალებულ ე. ს-ს დამ, ე. ს-მ განმარტა, რომ როგორც მისი ძმისგან გადმოცემით იცის, აღიარება გამოწვეული იყო მასზე განხორციელებული ზეწოლით. ანალოგიური დაადასტურა ე. ს-ს მეუღლემ, ლ. ს-ა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ვიდეო-აუდიოჩანაწერი, რომელზეც ასახულია ე. ს-ა და პოლიციელს (გ. ც-ს) შორის შემდგარი საუბარი. აღნიშნული მტკიცებულება 1-ლი ინსტანციის სასამართლომ არ მიიჩნია გ. ც-ს მიმართ მტკიცებულების ფალსიფიკაციის ნაწილში წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელ სარწმუნო მტკიცებულებად და მიუთითა შემდეგი: ,,ე. ს-ა და გ. ც-ს შორის შემდგარი საუბრის პროცესი არ სტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ გ. ც-ე რაიმე სახის გავლენას ახდენს მოსაუბრეზე და მინიშნებით, მითითებით ან სხვა რაიმე ფომით ცდილობს მოსაუბრის დაყოლიებას, რომ თქვას ისეთი რამ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება და ყალბია“. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა მოკლებულია საფუძვლიანობას, ვინაიდან ჩანაწერიდან ჩანს, რომ ე. ს-ი ხელბორკილდადებული შეჰყავთ გ. ც-ნ, მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ არ არის დაკავებული. ეს გარემოებაც ადასტურებს, თუ რა ზეწოლა ხორციელდებოდა ე. ს-ე სასურველი ჩვენების მისაღებად.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ბრალდების მხარის აღნიშნული არგუმენტაცია და მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ ამ ნაწილში სწორად შეაფასა წარმოდგენილი მასალები და გ. ც-ე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ნაწილში გაამართლა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით იკვეთება, რომ ე. ს-ე მართლაც განხორციელდა ზეწოლა გამოძიებისათვის სასურველი ჩვენების მიღების მიზნით. აღნიშნულს მოწმობს ის ფაქტიც, რომ ჯერ კიდევ დაუკავებელი ს-ი დაკითხვაზე ხელბორკილით შემოჰყავთ, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით, ე. ს-ე ზეწოლა უშუალოდ გ. ც-მ მოახდინა და მას ყალბი ჩვენება მიაცემინა. შესაბამისად, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ნაწილში მსჯავრდებული გ. ც-ე უნდა გამართლდეს.
მოწმეების - ქ. მ-ა და კ. გ-ს ჩვენებების თანახმად, ინტენსიური სროლების დასრულების შემდეგ ბოძზე შეჯახებულ ავტომანქანასთან პირველები მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები. ერთ-ერთი მათგანი, რომელშიც მათ გ. ც-ე ამოიცნეს, შევიდა ავტომანქანასა და კედელს შორის მარცხენა მხრიდან, მივიდა მძღოლის კართან და თავის არეში ესროლა ჯერ ზ. ვ-ს, ხოლო შემდეგ - ა. ხ-ს. მოწმეთა განმარტებით, გასროლებამდე ორივე მათგანი იყო ცოცხალი. ანალოგიური დაადასტურა დაზარალებულმა ბ. ფ-ც. მსჯავრდებულმა ი. ფ-მ განმარტა, რომ ბ. ფ-ე ცრუ ჩვენებას იძლევა, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ვ-ს თავის არეში მინიმუმ სამი ჭრილობა ჰქონდა. თუკი ერთი მათგანი საკონტროლო გასროლითაა მიყენებული, ბოძზე შეჯახების მომენტისათვის მას ორი ჭრილობა ექნებოდა თავის არეში და ვერ იტყოდა სიტყვებს - „რას გვერჩიან, რატომ გვკლავენო“. მსჯავრდებულის აღნიშნული მსჯელობა არ იქნა გაზიარებული, ვინაიდან არასწორად არის ინტერპრეტირებული ბ. ფ-ს ჩვენება, რომელმაც განმარტა შემდეგი: ,,მე გონს მანქანის შეჯახებამ მომიყვანა, რის შემდეგაც წამიერად სიჩუმე იყო. მაგ დროს ხ-ი არ ვიცი, ცოცხალი იყო თუ არა, ს-ს უკან ვიჯექი და ვერ ვხედავდი. ვ-ი დავინახე რომ ცოცხალი იყო, რადგან მოასწრო სიტყვების თქმა - ,,რას გვერჩიან, რატომ გვკლავენო“, რის შემდეგაც ატყდა სროლები და ისევ ბევრი ტყვია მომხვდა“. მანვე განმარტა, რომ ახსოვს ერთეული გასროლებიც, თუმცა ვერ იხსენებს, ამ დროს მანქანაში იყო თუ გარეთ. შესაბამისად, ბ. ფ-ს ჩვენების მიხედვით ცხადი ხდება, თუ როდის მიიღო ზ. ვ-ა სასიკვდილო ჭრილობები და როდის განხორციელდა მისი მიმართულებით საკონტროლო გასროლა. ის, რომ ზ. ვ-ა და ა. ხ-ს სხეულზე არსებული ყველა დაზიანება სიცოცხლისდროინდელია, დასტურდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითაც. 2006 წლის 22 მაისის №.. და №.. სასამართლო-სამედიცინო დასკვნების მიხედვით, ზ. ვ-ა და ა. ხ-ს თავის არეში დაზიანებები მიყენებული აქვთ მარცხენა მხრიდან, რაც სრულად შეესაბამება მოწმეთა მიერ აღწერილ გარემოებებს გ. ც-ს დგომასთან დაკავშირებით ავტომანქანასთან.
ექსპერტ მ. ნ-ს მიერ ჩატარებული კვლევით და მის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ზ. ვ-ს თხემ-კეფის მიდამოში მარცხნივ, ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთჯერადად გასროლილი ჭურვებით მიყენებული დაზიანებების სიმჭიდროვე და დაზიანების მოცულობა, სროლის დამაზიანებელი ფაქტორების მექანიკური მოქმედების სიმძლავრე და ჰიდროდინამიკური მოქმედების კვალი (ძვლის ვრცელი დეფექტი, რბილი ქსოვილების ვრცელი დეფექტი და ნაფლეთოვანი კიდეები, ტვინის ნივთიერების გამოდევნა) მიუთითებს იმაზე, რომ ამ მიდამოში ზ. ვ-ს ესროდნენ უდავოდ მარცხნიდან და ახლო მანძილიდან.
როგორც უკვე აღინიშნა, ფაქტის თვითმხილველი მოწმეები საკმაოდ დამაჯერებლად აღწერენ გ. ც-ს ქმედებას და განმარტავენ, რომ იგი შევიდა ავტომობილსა და კედელს შორის მარცხენა მხრიდან და ესროდა ავტომობილის წინა სავარძლებზე მსხდომ პირებს. სპეცრაზმელთა ჩვენებების თანახმად, მათ დაინახეს ავტომობილის მარცხენა მხარეს შესული გ. ც-ე, რომელიც გაჩერდა მძღოლის კართან და გაიგონეს ორი გასროლის ხმა, შემდეგ კი დაინახეს, თუ როგორ გამოდიოდა იარაღმომარჯვებული გ. ც-ე იმავე მხრიდან. მოწმეთა ჩვენებები სრულად შეესაბამება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს. შესაბამისად, უდავოდ დადასტურებულია, რომ გ. ც-მ მოახდინა მიზანმიმართული გასროლები ზ. ვ-ა და ა. ხ-ს მიმართ. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მსჯავრდებულის განმარტება, რომლითაც იგი უარყოფს საკონტროლო გასროლებს და არგუმენტად მოჰყავს ის ფაქტი, რომ გამოძიებამ ვერ დაადგინა, თუ რომელი იარაღიდან მოახდინა მან აღნიშნული გასროლები, თუკი მან მართლაც ჩაიდინა აღნიშნული ქმედება. მსჯავრდებულის ეს მსჯელობა უსაფუძვლოა, ვინაიდან თუ სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებებით დგინდება მკვლელობის ჩადენის ფაქტი, მკვლელობის იარაღის დაუდგენლობა ხელს ვერ შეუშლის აღნიშნული ქმედების მკვლელობად დაკვალიფიცირებას. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და განმარტა, რომ პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როცა მკვლელობის იარაღი მოშორებულია, მაგრამ ეს არ იწვევს მკვლელობის ჩამდენი პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას.
სააპელაციო პალატამ საფუძვლიანად მიიჩნია 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა გ. ც-ს მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ზ“ პუნქტის ამორიცხვასთან დაკავშირებით. პალატამ განმარტა, რომ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, გულისხმობს დამნაშავის მხრიდან იმის ცოდნას, რომ მის ქმედებას გარდაუვალად მოჰყვება სხვათა სიკვდილი ან ჯანმრთელობის დაზიანება. მოცემულ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ გ. ც-მ ავტომობილის სალონში მყოფი ორი პირის მიმართ განახორციელა მიზანმიმართული სროლები, რა დროსაც სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას არ შექმნია რაიმე საფრთხე. შესაბამისად, მისი ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება მუხლის იმ პუნქტით, რომლის დისპოზიციაში აღწერილი ქმედებაც არ ჩაუდენია. რაც შეეხება სსკ-ის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილს, აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით: ,,როცა ამსრულებლის ან თანამონაწილის მხარეს არის ისეთი ნიშანი, რომელიც ახასიათებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, მაშინ ეს ნიშანი შეერაცხება სხვა ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომლის მხარესაც იგი არ არსებობდა, თუ მას ეს ნიშანი შეცნობილი ჰქონდა“. სწორედ აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით შეერაცხა გ. ც-ს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ა“ პუნქტთან ერთად ,,თ“ პუნქტი - ორი პირის მკვლელობა ჯგუფურად. აღნიშნულთან დაკავშირებით საფუძვლიანია 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლის მიხედვითაც, მკვლელობაში გ. ც-ნ ერთად სხვა პირებიც მონაწილეობდნენ. მართალია, გ. ც-მ პერსონალურად განახორციელა ე.წ. ,,საკონტროლო გასროლები“, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მკვლელობა მან მარტომ ჩაიდინა და ამ შედეგის დადგომაში სხვა არ მონაწილეობდა. ამასთან, გ. ც-ს ცნობილი იყო, რომ მის მიერ საკონტროლო გასროლებამდე ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ არაერთხელ ისროლეს, რის შედეგადაც მათ მიადგათ სხვადასხვა სახის მრავლობითი დაზიანება. ამდენად, მტკიცებულებების საერთო ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლის მიხედვითაც, გ. ც-მ ჩაიდინა ორი პირის განზრახ მკვლელობა ჯგუფურად და მან პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულისათვის.
რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ არ ესროლა გ. ც-მ ავტომანქანაში მყოფ მესამე პირს - ბ. ფ-ს (ვერ დაინახა იგი, გარდაცვლილი ეგონა, თუ არსებობდა კიდევ სხვა რაიმე გარემოება), გადაჭრით რომელიმე ვერსიის მტკიცება შეუძლებელია. ფაქტია, რომ გ. ც-ს მესამე პირისთვის - ბ. ფ-ს არ უსვრია, თუმცა ეს არ გამორიცხავს მისი მხრიდან ავტომობილის წინა სავარძელზე მსხდომი პირების მიმართ გასროლებს და მათ განზრახ მკვლელობას.
მსჯავრდებულმა ი. ფ-მ განმარტა, რომ მას ცეცხლის გახსნის ბრძანება იმ სახით არ გაუცია, როგორც ამას სპეცრაზმელები აღწერენ. მართალია, რაციის საშუალებით პოლიციელებს მოუწოდა სიტყვებით - ,,აცადეთ სპეცრაზმს“, თუმცა ეს მოწოდება განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ იგი უფრთხილდებოდა პოლიციელთა სიცოცხლეს, ვინაიდან მათ არ ეცვათ ტყვიაგაუმტარი ჟილეტები. მსჯავრდებულის აღნიშნული განმარტება, სააპელაციო პალატის აზრით, უსაფუძვლოა, ვინაიდან თუკი პოლიციელებმა და სპეცრაზმის წევრებმა ი. ფ-ს სიტყვები არასწორად გაიგეს, მაშინ ავტომანქანის მიმართულებით სროლების დაწყებისთანავე მას, როგორც ღონისძიების ხელმძღვანელს, უნდა მიეღო ზომები ცეცხლის შესაწყვეტად, რაც არ გაუკეთებია.
სპეცოპერაციის დასრულებისთანავე დაიწყო რეალური სურათის დამახინჯებისთვის მიმართული მოქმედებები. აღნიშნულს მოწმობს ის გარემოება, რომ რამდენიმე საათის შემდეგ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმჟამინდელმა დირექტორმა ი. ქ-მ განაცხადა ფაქტები, რომლებიც არ შეესაბამებოდა რეალობას. მათ შორის, როგორც ბრიფინგზე ი. ქ-ე განმარტავს, ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 2006 წლის 2 მაისს აპირებდნენ ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაზე ყაჩაღურ თავდასხმას. ი. ქ-მ ოჯახის დასახელებისაგან თავი შეიკავა იმ მოტივით, რომ დაცული ყოფილიყო მისი უსაფრთხოება. შესაბამისად, ბრიფინგის გამართვის მომენტისათვის ი. ქ-ს (შესაბამისად, გამოძიებისთვის), ცნობილი უნდა ყოფილიყო ოჯახი, რომელზეც ,,დამნაშავეები“ აპირებდნენ ყაჩაღურ თავდასხმას. 2006 წელს წარმოებული გამოძიების მასალების მიხედვით კი დგინდება, რომ თითქმის ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გამოძიება მიმდინარეობდა დაუდგენელ პირზე ყაჩაღური თავდასხმის მომზადებისათვის და დაზარალებული ა. მ-ი საქმეში გამოჩნდა 2006 წლის 6 ივნისს, მას შემდეგ, რაც გ. ც-მ ფარულად ჩაწერა ე. ს-ნ გამართული საუბარი.
ამავე ბრიფინგზე ი. ქ-მ წარმოადგინა მცდარი ინფორმაცია, რომ თითქოს ზ. ვ-ს ავტომანქანიდან, ცეცხლსასროლი იარაღებისა და რაციის გარდა, ამოიღეს დასაძინებელი საინიექციო საშუალებები და ნიღბები, რაც მოგვიანებით არ დადასტურდა. ამავე ბრიფინგზე ი. ქ-მ განაცხადა, რომ აღნიშნული ჯგუფის წევრებს მანამდეც ჩადენილი ჰქონდათ არაერთი დანაშაული, მათ შორის 2006 წლის 30 აპრილს ყაჩაღურად თავს დაესხნენ ყ-ს გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ლომბარდს, საიდანაც გაიტაცეს დიდძალი თანხა. შემდეგში მოწმე მ. ბ-მ განმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაცია გადაუმოწმებელი იყო და მასზე მტკიცებით ფორმატში საუბარი შეუძლებელი იყო.
ამდენად, გამოძიების საწყის ეტაპზე დაშვებულ იქნა მნიშვნელოვანი უზუსტობები და ცდომილებები. სასამართლოს დასკვნით, ეს გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ გამოძიება არ იყო ჩამოყალიბებული, თუ როგორ დაალაგებდა შემდგომში საქმის გარემოებებს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს აღნიშნული დასკვნა საფუძვლიანია და ლოგიკურად თანხვდენილია ზემოთ აღწერილ და საქმესთან დაკავშირებულ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან.
სააპელაციო პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ორგანიზებაში ი. ფ-ს გამართლების ნაწილში, ვინაიდან ბრალდება ემყარებოდა ერთგვარ ვარაუდს. გამოკვლეული მტკიცებულებები ცხადყოფენ, რომ მოცემულ საქმეზე შემთხვევის პირველივე წუთებიდანვე აქტიურად მიმდინარეობდა მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. მართალია, ზოგიერთი მტკიცებულებით იკვეთება სპეცოპერაციის ხელმძღვანელის - ი. ფ-ს სურვილი, მომხდარიყო მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და ამ კუთხით არაერთი პირი მოქმედებდა კიდეც, მაგრამ კატეგორიულად იმის მტკიცება, რომ აღნიშნული პირები უშუალოდ ი. ფ-ს დავალებას ასრულებდნენ, შეუძლებელია. შესაბამისად, სასამართლომ იხელმძღვანელა კონსტიტუციური პრინციპით, რომ ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ამ ნაწილში ი. ფ-ს მიმართ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი, რასაც სააპელაციო პალატა დაეთანხმა.
რაც შეეხება განზრახ მკვლელობის ორგანიზების ბრალდებას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ამ ნაწილში ი. ფ-ს ბრალეულობას. შესაბამისად, შეუძლებელია გაზიარებულ იქნეს მსჯავრდებულის განმარტება, რომლის მიხედვითაც, თითქოს 2006 წლის 2 მაისის სპეცოპერაცია მიზნად ისახავდა დამნაშავე პირთა დაკავებას, თუმცა მათი მხრიდან გაწეული წინააღმდეგობისა და ცეცხლის გახსნის გამო, ღონისძიება დასრულდა ტრაგიკულად. წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა (რაზედაც ზემოთ ვრცლად იყო საუბარი) ნათლად წარმოაჩენს, რომ 2 მაისის სპეცოპერაცია და კ-ნ განვითარებული მოვლენები ნამდვილად არ ისახავდა დამნაშავე პირთა დაკავების მიზანს. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პირადი შურისძიების მოტივით შეპყრობილმა ი. ფ-მ იმგვარად დაგეგმა ა. ხ-ს განზრახ მკვლელობა, რომ რეალური სურათი შეენიღბა ხელოვნურად შეთხზულ ვერსიას; ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა მასთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდნენ სხვა პირებიც და ინტენსიური სროლის პირობებში გარდაუვალი იქნებოდა მათი დაზიანება, არ შეცვალა გეგმა და შეგნებულად დაუშვა სხვა პირთა სასიკვდილო შედეგის დადგომაც. ი. ფ-ს დანაშაულებრივმა ქმედებამ გამოიწვია ორი პირის - ა. ხ-ა და ზ. ვ-ს გარდაცვალება, ხოლო ბ. ფ-მ მიიღო სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანება.
მოწმე სპეცრაზმელთა განმარტებით, ი. ფ-ს მიერ ავტომანქანა BMW-ს მიმართულებით სროლის ბრძანების გაცემისთანავე დაახლოებით ერთ მეტრში მდგარმა კ. ნ-ა განახორციელა გასროლები ავტომანქანის წინა მარჯვენა კარისკენ, ისროდნენ ასევე ი. ფ-ა და ავტომობილთან მისული კრიმინალური პოლიციის სხვა თანამშრომლები. მოწმეების - კ. გ-ს, თ. გ-ს, ე. მ-ს, ქ. მ-ს, ბ. ფ-ს ჩვენებები სრულად შეესაბამება აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს. მათ მიერ აღწერილი, მანქანასთან მიახლოებული, შავებში ჩაცმული, მელოტი პირი ემთხვევა კ. ნ-ს აღწერილობას და მის ჩაცმულობას შემთხვევის ადგილზე.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კ. ნ-ს ქმედებას 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. მართალია, როგორც თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიდან ირკვევა, ი. ფ-ს მიერ ბრძანების გაცემის შემდეგ ავტომანქანასთან ერთ მეტრში მდგარმა კ. ნ-ა პირველმა ისროლა წინა მარჯვენა კარის მიმართულებით, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ მან გაისროლა ავტომანქანაში მყოფი პირების მკვლელობის მიზნით (როგორც სპეცრაზმელები განმარტავენ, ისინი ისროდნენ ავტომობილის შეჩერების მიზნით). გარდა პირველი გასროლისა, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე ხელშესახები მტკიცებულება, რაც კ. ნ-ს შემდგომ ქმედებებს ასახავდა და მისი მხრიდან განზრახ მკვლელობის ჩადენის მიზანს გამოკვეთავდა. მოცემულ შემთხვევაში არ გამოკვეთილა ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობა კ. ნ-ს მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენის ნაწილში დამნაშავედ ცნობისათვის. გამომდინარე იქიდან, რომ კ. ნ-ა, როგორც მოხელემ და იმ მომენტში სპეცრაზმის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა ისეთ პირობებში, როდესაც მისი გამოყენების საჭიროება არ არსებობდა, მან პასუხი უნდა აგოს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
დაცვის მხარემ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი დაასაბუთა ასევე პოლიციელ ლ. ბ-ს სხეულის დაზიანების მიყენებით. მსჯავრდებულმა ლ. ბ-მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სპეცოპერაციის დეტალები მისთვის უცნობი იყო, თუმცა იცოდა, რომ საჭიროების შემთხვევაში საპროცესო დოკუმენტების შედგენა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება მოუწევდა. სხვა მოვალეობა მას სპეცოპერაციაში არ გააჩნდა. მიუხედავად ამისა, სროლების დაწყებისთანავე იგი გადავიდა გ. ც-ს ავტომანქანიდან და მიუახლოვდა ზ. ვ-ს ავტომობილს, რა დროსაც აღნიშნული ავტომობილი კოჭ-სახსრის არეში დაეჯახა წინა ბამპერით, რის გამოც იქვე დაეცა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მსჯავრდებულ ლ. ბ-ს აღნიშნული განმარტება, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მის მიმართ ზ. ვ-ს ავტომობილის შეჯახების ფაქტი. უფრო მეტიც, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფოს მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, ლ. ბ-ს 2006 წლის 2 მაისს აღენიშნებოდა შესიება და შეშუპება მარცხენა მცირე წვივის ძვლის ქვემო მესამედში, რაზედაც დაესვა დიაგნოზი - მარცხენა წვივის მიდამოს დაჟეჟილობა. აღნიშნული დოკუმენტაციის შემდგენმა ექიმმა ბ. მ-მ განმარტა, რომ მან სრულად აღწერა ის დაზიანებები, რაც პაციენტს აღენიშნებოდა კლინიკაში გამოცხადების დროისათვის, ანუ 2006 წლის 2 მაისს, 11:45 საათზე. მისივე განმარტებით, ლ. ბ-ს შემოწმებისას ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები არ აღენიშნებოდა. 2006 წლის 4 მაისს ექსპერტმა გ. მ-მ კვლავ შეამოწმა ლ. ბ-ე და დააფიქსირა სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების არსებობა, რაც შეფასდა მსუბუქი ხარისხის დაზიანებად ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს ექსპერტებმა - ზ. გ-ა და გ. მ-მ განმარტეს, რომ მხოლოდ შესიება და შეშუპება არ წარმოადგენს მექანიკური დაზიანების ობიექტურ ნიშნებს და საექსპერტო კვლევისას არ ფიქსირდება როგორც დაზიანება. მათვე აღნიშნეს, რომ შეუძლებელია შესიება და შეშუპება შემდგომში განვითარდეს ნაჭდევად; ნაჭდევის გამოვლენას არ ესაჭიროება ორი დღე და იგი დამაზიანებელი ობიექტის მოქმედებისთანავე ჩნდება სხეულზე.
ამდენად, საფუძვლიანია სასამართლოს დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ლ. ბ-ს სპეცოპერაციის დროს არ მიუღია ის დაზიანება, რაც სამედიცინო დასკვნაშია მითითებული და იგი ექსპერტიზაზე გამოცხადდა ორი სხვადასხვა დაზიანებით. აღნიშნულის თქმის საფუძველს იძლევა არა მარტო სასამართლოში დაკითხული ექსპერტების ჩვენებები, არამედ ის ფაქტიც, რომ ავტომობილის კორპუსის მიწის პირიდან დაშორების გათვალისწინებით, შეუძლებელია, შეჯახების დროს ლ. ბ-ს დაზიანება წვივის ქვემო მესამედში მიეღო. აღსანიშნავია ასევე იმ მოწმეთა ჩვენებებიც, რომლებიც ლ. ბ-ე ავტომანქანის შეჯახების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა ეს ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავი და არასარწმუნოა. მოწმის სახით დაკითხულმა გ. ხ-ა განმარტა, რომ ლ. ბ-ს ავტომანქანა წინა ნაწილით შეეჯახა, ხოლო გ. დ-მ განაცხადა, რომ შეჯახება უკანა ნაწილით მოხდა. სპეცოპერაციაში მონაწილე პირთა უმეტესობამ კი არ დაადასტურა ლ. ბ-ე ვ-ს ავტომობილის შეჯახების ფაქტი.
პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია, პრევენციული ღონისძიების დროს გაითვალისწინოს უპირველესი მიზანი - ადამიანის უფლებების დაცვა. ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, პოლიციის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობის და საკუთრების უფლებებს. ამავე კანონის მე-10 მუხლის თანახმად, პოლიციელების მიერ განხორციელებული საპოლიციო ღონისძიება უნდა გამომდინარეობდეს კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებიდან. შერჩეული საპოლიციო ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული. გარდა ამისა, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, ამოიწურა თუ არა ძალის გამოყენებამდე ყველა სხვა საშუალება მიზნის მისაღწევად და მართლაც წარმოადგენდა თუ არა ძალის გამოყენება უკანასკნელ საშუალებას („ფინოგენოვი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“, Finogenov and Other Russia N 18299/03 2011 წლის გადაწყვეტილება §§218-219). ამასთან, პირის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება, რომელიც მკაცრად აუცილებელი არ ყოფილა თავად ამ პირის ქცევიდან გამომდინარე, აკნინებს ადამიანის ღირსებას და პროპორციულად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მესამე მუხლით გათვალისწინებულ არასათანადო მოპყრობის აკრძალვას („ნალბანდიანი სომხეთის წინააღმდეგ“, Nalbandyan v. Armenia N 9935/06, 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება §96). როდესაც პირი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოქმედებას დაექვემდებარება, ეს უნდა გაბათილდეს დამაჯერებელი, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებებით პირის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების ბუნების და ხარისხის თაობაზე („აქთურქი თურქეთის წინააღმდეგ“, Akturk v. Turkey N 70945/10, 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება §32. „ვასილი ივანიშენკო უკრაინის წინააღმდეგ“, Vasiliy Ivanishenko v.Ukraine N 760/03, 2012 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება §§79-80). კონვენციის მეორე მუხლი არ კრძალავს ძალის გამოყენებას დაკავების მიზნებისათვის, თუმცა მსგავსი ძალის გამოყენება შეიძლება მხოლოდ გარდაუვალ ვითარებაში და ის არ უნდა იყოს გადამეტებული. ფაქტია, რომ ზ. ვ-ა და ა. ხ-ს სასიკვდილო შედეგი არ იყო მათ მიმართ ძალის გამოყენების აბსოლუტური აუცილებლობით განპირობებული და წარმოადგენს განზრახ ჩადენილ დანაშაულს.
რაც შეეხება სასჯელებს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დანიშნული სასჯელები მსჯავრდებულთა პიროვნებებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა თანაზომიერი და პროპორციულია. სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავეთა წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის მსჯავრდებულთა, როგორც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების, როლი დანაშაულის წინააღმდეგ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში; გათვალისწინებულ იქნა ასევე ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულები - ი. ფ-ა, კ. ნ-ი და გ. კ-ე წარსულში არიან ნასამართლევები; გ. ც-ა და ლ. ბ-ს მოხდილი აქვთ სასჯელი ადრე ჩადენილი დანაშაულისათვის, თუმცა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული სასჯელები მათ უნდა ჩაეთვალოთ საბოლოო სასჯელებში, ვინაიდან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალად წარდგენილი დანაშაულები მათ ჩაიდინეს წინა განაჩენის გამოტანამდე.
6. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ü საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორები - თამარ აღლემაშვილი, ამირან გულუაშვილი და ლაშა ცქვიტარია საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებას იმავე სამართლებრივი საფუძვლებით, რაზეც უთითებდნენ სააპელაციო საჩივარში, კერძოდ:
1. ი. ფ-ს მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ორგანიზებისათვის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში და მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 25,369-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
2. გ. ც-ს მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისათვის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში და მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 369-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
3. გ. ც-ს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში და მის დამნაშავედ ცნობას წარდგენილი ბრალდების ამ ნაწილში;
4. სასჯელის დანიშვნის ნაწილში და ყველა მსჯავრდებულისათვის სანქციით გათვალისწინებულ მაქსიმუმთან მიახლოებული სასჯელების განსაზღვრას.
ü მსჯავრდებულების - კ. ნ-ა და ლ. ბ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ს-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მათ გამართლებას შერაცხულ ბრალდებებში იმავე სამართლებრივი საფუძვლებით, რაზეც უთითებდა სააპელაციო საჩივარში.
ü მსჯავრდებულების - ი. ფ-ა და გ. ც-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ი-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულების - ი. ფ-ა და გ. ც-ს გამართლებას შერაცხულ ბრალდებებში შემდეგი საფუძვლებით:
განაჩენი არის უკანონო მათი მსჯავრდების მთლიან ნაწილში, ვინაიდან განაჩენის დადგენისას არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რიგი ნორმები, რაც არ გამოავლინეს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა და რაც მათ დაუშვეს საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისას. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და პატიმრობის კოდექსის 74-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნები, რომელთა თანახმად, ერთსა და იმავე საქმეზე ბრალდებულები ცალ-ცალკე უნდა იყვნენ მოთავსებულნი. სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ, განსხვავებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსაგან „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ (ENUKIDZE AND GIRGVLIANI v. GEORGIA, 25091/07, §276, 26.07.2011) რეაგირების გარეშე დატოვა ის ფაქტი, რომ მოცემულ საქმეზე დაკითხული ბრალდებული სპეცრაზმელები ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოთავსებულნი იყვნენ ერთ საკანში, რითაც მათ მიეცათ შესაძლებლობა, ერთმანეთთან შეეთანხმებინათ თავიანთი ცრუ ჩვენებები. სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის პოზიციის აშკარა დამახინჯების ფონზე სცადა, გამართლება მოეძებნა საქმის არსებითად განხილვის დროს უკანონოდ გამოკვლეული ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების მისი მხრიდან გაზიარების პროცესისათვის, კერძოდ: გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ისეთი ოფიციალური დოკუმეტი, საგამოძიებო მოქმედების ოქმები, სახელდობრ, კ. ს-ს, ლ. ა-ს, ზ. ს-ს, ე. ს-ა და ი. ვ-ს დაკითხვის ოქმები, რომელთა წარმომავლობა და ავთენტურობა, საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე არ დადასტურდა, რადგან არ დაკითხულა არც ერთი ის პირი, რომელმაც ისინი მოიპოვა/შექმნა, ან რომელთანაც ინახებოდა მათი სასამართლოში წარდგენამდე. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერები მოპოვებულია კანონის არსებითი დარღვევით, რადგან ისინი გამოთხოვილი და მიღებულია საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის მოთხოვნათა უგულებელყოფით. სასამართლოებმა ასევე საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მოთხოვნათა იგნორირებით, უკანონოდ გაიზიარეს მოწმეთა მიერ გ. ც-ს, ი. ფ-ა და კ. ნ-ს ამოცნობა. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ გაიზიარა ი. ფ-ს მხრიდან ა. ხ-ს მიმართ შურისძიების მოტივის არსებობა, რაც დაასაბუთა მოწმე კ. მ-ს ჩვენებით, რომელიც არის არასანდო. სააპელაციო პალატამ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო ბრალდების მხარის ირიბი მოწმის - ჯ. შ-ს ჩვენება, რომელიც განაწყენებული იყო მოცემულ საქმეზე ბრალდებულ პირებზე და მისი ჩვენების არც ერთი დეტალი არ იყო გამყარებული სხვა მტკიცებულებებით. შემოსული ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, დაიგეგმა არა უშუალოდ დაკავების ღონისძიება (რის შესახებაც არასწორად აპელირებს სასამართლო, რომ დაკავება იყო უკანონო), არამედ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით - თვალთვალის ღონისძიება, რასაც ფაქტის დადასტურების შემდეგ თავისთავად მოჰყვებოდა სავარაუდო დამნაშავე პირთა დაკავებაც, რათა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისათვის ხელი შეეშალათ მოსალოდნელ ყაჩაღურ თავდასხმაში. ცრუ ჩვენება მისცეს ასევე მოწმეებმა - ზ. ქ-ა და შ. ნ-მ. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ გ. ც-მ ზ. ვ-ა და ა. ხ-ს მიმართ მოახდინა საკონტროლო გასროლები, რაც არ დასტურდება მოწმეთა ჩვენებებითა და ექსპერტიზის დასკვნებით. დაუსაბუთებელია ბრალდების მხარის მტკიცება, რომ ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზ. ვ-ს ა/მანქანას არ აღენიშნებოდა გამომავალი დაზიანება, ამ მანქანიდან არ უსვრიათ, რადგან გამოძიების პროცესში მითითებული ა/მანქანის ყველა მინა არ შესწავლილა; ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ წინა მარჯვენა კარის მინა გაღებული იყო 8 სმ-ით, საიდანაც შესაძლებელი იყო გასროლა. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებელი დასკვნა გამოიტანა ლ. ბ-ს სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით, როდესაც არ გაიზიარა მასზე ზ. ვ-ს ა/მანქანის შეჯახების ფაქტი იმ საფუძვლით, რომ დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებს შორის იყო არსებითი წინააღმდეგობა, რაც არ შეესაბამება რეალობას. გასაჩივრებული განაჩენი ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასმართლოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.ü მსჯავრდებულები - ი. ფ-ა, გ. ც-ე და მათი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ვ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას შერაცხულ ბრალდებებში შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლო შემადგენლობას, კერძოდ, თავმჯდომარე მანუჩარ კაპანაძეს არ ჰქონდა ამ საქმის განხილვის უფლება, რადგან მან ფაქტობრივად ერთი და იგივე საქმე ორჯერ განიხილა სააპელაციო წესით; სასამართლო განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო ირიბ ჩვენებას, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში მოწმე ჯ. შ-ა და კ. მ-ს ჩვენებები არის ირიბი ხასიათის, ვინაიდან მათ მიერ სასამართლოზე გაცხადებული ემყარებოდა მესამე პირის - ა. ხ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რითაც უგულებელყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; ბრალდების მხარემ არ ამოწურა მოწმეთა სასამართლოში გამოცხადების ყველა შესაძლებლობა და ისე გამოქვეყნდა მათ მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები; საქმეში არ არის წარმოდგენილი ი. ვ-ს გარდაცვალების მოწმობა ან რაიმე სხვა მტკიცებულება იმისა, რომ იგი გარდაცვლილია. ბრალდებამ კი განაცხადა, რომ მისი გარდაცვალება იყო საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან კანონი განსაზღვრავს საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს, რაშიც არავითარ შემთხვევაში არ შედის ი. ვ-ს გარდაცვალების ფაქტი; განსახილველ საქმეზე დაცვის მხარემ სადავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები; მიუხედავად ამისა, საქმეზე არ დაკითხულა არც ერთი გამომძიებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ სრულად საეჭვო ხდება ყველა ის დოკუმენტი, რომელიც მოპოვებული, შექმნილი და შენახულია მათ მიერ. შესაბამისად, იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც გამოქვეყნდა სასამართლოზე, დაუშვებელი მტკიცებულებებია, ვინაიდან სასამართლო პროცესზე არავის დაუდასტურებია აღნიშნული დოკუმენტის ავთენტურობა; მოცემულ საქმეში უგულებელყოფილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება საქმეზე „ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ“ (SCHATSCHASCHWILI v. GERMANY, N 9154/10, §63, 65, 15.12.2015), რომლის თანახმად, მანამ, სანამ პირს მსჯავრი დაედება, ყველა მტკიცებულება წარმოდგენილი უნდა იყოს საჯარო განხილვაზე. განსახილველ საქმეში კი ამოიღეს მხოლოდ ცნობა საზღვრიდან და წარმოადგინეს ბინაზე გამოცხადების ოქმი, რომლითაც ისიც კი არ დასტურდებოდა, რომ მოწმე (ს-ე) ჩვენების გამოქვეყნების დღეს არ იმყოფებოდა საქართველოში; სასამართლომ ასევე უგულებელყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კიდევ ერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება საქმეზე - „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ (ENUKIDZE AND GIRGVLIANI v. GEORGIA, 25091/07, §257, 26.07.2011), რომლის თანახმად, ევროპულმა სასამართლომ საგანგაშოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ პროკურატურამ და სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა არ უზრუნველყვეს ოთხი ბრალდებულის სხვადასხვა საკანში მოთავსება. მოცემულ საქმეზე ორივე ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა იმ ბრალდებული სპეცრაზმელების ჩვენებები, რომლებიც შეგნებულად იყვნენ მოთავსებული ერთ საკანში, რათა ერთმანეთთან შეეჯერებინათ ცრუ ჩვენებები და წინასწარ მომზადებულნი წარმდგარიყვნენ სასამართლოს სხდომაზე, რაც უკანონოა. სააპელაციო სასამართლომ ასევე კანონის დარღვევით გაიზიარა მოწმეების - კ. გ-ა და ქ. მ-ს ცრუ ჩვენებები; სააპელაციო პალატა განაჩენში უპირობოდ იზიარებს ზ. ვ-ს ავტომანქანაზე ჩატარებული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას. როგორც ექსპერტიზის დასკვნიდან, ისე სასამართლოს მსჯელობიდან ცხადია, რომ აღნიშნული დასკვნის გასაცემად საკვანძო იყო მოწმე გ. დ-ს ჩვენება და ამ ნაწილში სასამართლო მის ჩვენებას უპირობოდ იზიარებს, ხოლო სხვა ნაწილში რატომღაც არ იზიარებს, რაც უდავოდ არის კანონშეუსაბამო. სასამართლომ დამახინჯებულად წარმოაჩინა გარკვეული ექსპერტიზის დასკვნები, როდესაც მიუთითა, რომ ზ. ვ-ს ავტომანქანის ყველა შუშა იყო ამოწეული და მას არც-ერთი გამომავალი დაზიანება არ ეტყობოდა, რაც არ შეესაბამება რეალობას, რადგან სწორედ ექსპერტიზის დასკვნებითაა დადგენილი, რომ ავტომანქანის ერთი ფანჯარა ჩამოწეული იყო - 2, ხოლო მეორე 8 სმ-ზე, სადაც გაეტეოდა როგორც ტყვია, ისე იარაღი.7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორები ვერ უთითებენ ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას.
9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, არ ემყარება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და სასამართლოს დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა მსჯავრდებულების - ი. ფ-ს, გ. ც-ს, კ. ნ-ა და ლ. ბ-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, რის შესაბამისადაც, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა.
10. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლზე, რომელიც კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ნორმაა, იცავს სიცოცხლის უფლებას და ადგენს გარემოებებს, რომლის დროსაც მისი შელახვა შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს. კონვენციის ამოცანა და მიზანია ინდივიდთა დაცვა, ამიტომაც ის ითხოვს, მეორე მუხლი გამოყენებულ და განმარტებულ იქნეს იმგვარად, რომ მის მიერ დადგენილი დაცვის გარანტიები იყოს ეფექტური და პრაქტიკული („მაკქენი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ McCann and others v. the United Kingdom (დიდი პალატა) N18984/91; §§146-147; 27.09.1995).
11. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებით არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა შემდეგი:
- კონვენციის მეორე მუხლის მეორე პუნქტით არ არის განსაზღვრული ის შემთხვევები, როცა ნებადართულია პირის განზრახ მკვლელობა, არამედ მითითებულია ის გარემოებები, რომლის დროსაც შესაძლებელია „ძალის გამოყენება“, რასაც შედეგად შესაძლოა, მოჰყვეს გაუთვალისწინებელი შედეგი, სიცოცხლის მოსპობის სახით. შესაბამისად, ძალის გამოყენება უნდა იყოს „აბსოლუტურად აუცილებელი“ კონვენციის მეორე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად. ამ თვალსაზრისით, ტერმინი „აბსოლუტური აუცილებლობა“ კონვენციის მეორე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, გულისხმობს აუცილებლობის უფრო მკაცრ ტესტს, ვიდრე იგი გამოყენებული იქნებოდა სახელმწიფოს ქმედების შესაფასებლად, რომელიც „აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში“ კონვენციის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული შემზღუდავი ასპექტების მხედველობაში მიღებით. კერძოდ, გამოყენებული ძალა უნდა იყოს მკაცრად პროპორციული კონვენციის მეორე მუხლის მეორე პუნქტით დასახული მიზნების მიღწევისთვის („მაკქენი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, McCann and others v. the United Kingdom (დიდი პალატა) N18984/91; §§148-149; 27.09.1995; „ერგი თურქეთის წინააღმდეგ“ Ergi v. Turkey, N23818/94; §79; 28.07.1998).
- ევროპული კონვენციის მეორე მუხლით გათვალისწინებული სიცოცხლის უფლების დაცვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სასამართლომ სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები განსაკუთრებულ შესწავლას უნდა დაუქვემდებაროს, არა მარტო სახელმწიფოს იმ წარმომადგენლების ქმედებების გათვალისწინებით, რომლებიც რეალურად აკონტროლებენ ძალას, არამედ სხვა ყველა არსებული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით. კერძოდ, აუცილებელია შემოწმდეს, იყო თუ არა ოპერაცია დაგეგმილი და კონტროლირებადი ხელისუფლების ორგანოების მიერ ისე, რომ მაქსიმალურად შემცირებულიყო ლეტალური ძალის გამოყენების შესაძლებლობა. სახელმწიფოს წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის რისკი მინიმუმამდე შემცირდეს („ისაევა, უსუპოვა და ბაზაევა რუსეთის წინააღმდეგ“, Isayeva, Yusupova and Bazayeva v. Russia, N 57947/00, 57948/00, 57949/00; § 170-171; 24.02.2005; „ერგი თურქეთის წინააღმდეგ“ Ergi v. Turkey, N23818/94; §79; 28.07.1998).
12. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში პოლიციელთა ქმედება არ იყო დაგეგმილი და კონტროლირებადი იმდაგვარად, რომ მაქსიმალურად შემცირებულიყო ლეტალური ძალის გამოყენების შესაძლებლობა და ამასთანავე, ძალის გამოყენება არ იყო „აბსოლუტურად აუცილებელი“ და პროპორციული კონვენციის მეორე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად. შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივებს, რომ: ზ. ვ-ს, ა. ხ-ა და ბ. ფ-ს პოლიციელების მისამართით არ უსვრიათ, მათი მხრიდან რაიმე საფრთხე არ მომდინარეობდა, ხოლო პოლიციელებმა ყოველგვარი მოწოდებისა და გაფრთხილების გარეშე, ხელოვნურად მოწყობილ საცობში გაჩერებულ ავტომობილზე პირდაპირ მიიტანეს იერიში, ანუ ძალა გამოიყენეს ყოველგვარი საფუძვლისა და წინაპირობის გარეშე; სპეცოპერაციის შემდეგ განხორციელებული უკანონო მოქმედებები, რაც გამოიხატა მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში, მოწმეთა ყალბი ჩვენებების დაფიქსირებასა და სხვა ქმედებებში, ფაქტობრივად, ემსახურებოდა რეალურად განხორციელებული დანაშაულისათვის კანონიერი სახის მიცემასა და საზოგადოებაში ყალბი განწყობების შექმნას.
13. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნა, რის დასტურადაც ისინი უთითებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს საქმეებზე: „ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ“ (SCHATSCHASCHWILI v. GERMANY, N 9154/10, § 63, 65, 15.12.2015.) (მოწმეთა ჩვენებების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებასთან მიმართებით) და „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ (ENUKIDZE AND GIRGVLIANI v. GEORGIA, 25091/07, §257, 26.07.2011.) (სპეცრაზმელების ჩვენებებთან მიმართებით).
14. დაცვის მხარის მოცემული არგუმენტების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ გასაჩივრებულ განაჩენში ამომწურავად იმსჯელა და ამასთანავე, მართებულად მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს შემდეგს: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში განმარტა: მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც მოწმის დაუსწრებლობის საფუძვლიანი მიზეზი უნდა არსებობდეს, პირველ რიგში უნდა იქნეს გათვალისწინებული, კერძოდ კი მანამდე, სანამ იმაზე დაიწყება მსჯელობა კონკრეტული მტკიცებულება იყო თუ არა ერთადერთი ან გადამწყვეტი. როდესაც მოწმე არ ესწრება სასამართლო პროცესს ჩვენების უშუალოდ მიცემის მიზნით, არსებობს ვალდებულება, რომლის შესაბამისადაც, შესწავლილ უნდა იქნეს მოწმის გამოუცხადებლობის საფუძვლიანი მიზეზების არსებობა („ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინაღმდეგ“ Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom [დიდი პალატა], N 26766/05; 22228/06, § 120, 15.12.2011.); როდესაც ბრალდებულის მიერ მოწმის დაკითხვა შეუძლებელია მისი სასამართლოში გამოუცხადებლობის გამო, ხელისუფლებამ გონივრული ძალისხმევა უნდა მიმართოს, რათა უზრუნველყოს მისი სასამართლოში გამოცხადება („კარპენკო რუსეთის წინააღმდეგ“ Karpenko v. Russia, N 5605/04), § 62, 24.09.2012); გარკვეულ გარემოებებში შეიძლება მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული საგამოძიებო ეტაპზე ჩამორთმეულ ჩვენებებზე დაყრდნობა, მაგალითად, თუ მოწმე გარდაიცვალა („მიკა შვედეთის წინააღმდეგ“, Mika v. Sweden, N 31243/06 § 37, 27.01.2009), დუმილის უფლებით ისარგებლა („კრაქსი იტალიის წინააღმდეგ“ Craxi v. Italy, N 34896/97, § 86, 05.03.2003), ან როდესაც მთავრობის მიერ მოწმის სასამართლოში გამოცხადებისთვის მიმართული ძალისხმევის მიუხედავად, იგი არ გამოცხადდა სასამართლოში („მირილაშვილი რუსეთის წინააღმდეგ“, Mirilashvili v. Russia, N 6293/04, §217, 05.06.2009); მაშინაც კი, როდესაც სხვის სიტყვებზე დაფუძნებით მიცემული ჩვენება მოპასუხის წინააღმდეგ არსებული ერთადერთი ან გადამწყვეტი მნიშვნელობის ჩვენებაა, მისი დასაშვებად ცნობა ავტომატურად არ წარმოადგენს მუხლი 6 §1-ის დარღვევას. მიუხედავად ამისა, ის გარემოება, რომ მოპასუხის მსჯავრდება ძირითადად, ან უმეტესწილად იმ მოწმის მიერ მიცემულ ჩვენებას ეყრდნობა, რომელიც სასამართლოში არ გამოცხადებულა, ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად იქნება მიჩნეული, მასთან დაკავშირებული საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის ძლიერი პროცესუალური გარანტიების არსებობა. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, არსებობდა თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის მტკიცებულებების სანდოობისა და სარწმუნოობის შეფასებაზე მიმართული სამართლიანი და სათანადო ზომები. ასეთი მტკიცებულებების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მათზე დაყრდნობით მსჯავრდება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ მტკიცებულება საკმარისად სარწმუნოა („ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინაღმდეგ“ Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom [დიდი პალატა], N 26766/05; 22228/06, § 147, 15.12.2011).
15. ამდენად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ მოწმეთა სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობას, რის გამოც მათი ჩვენებების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნება კანონიერია და, შესაბამისად, მათი გამოკვლევისას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები არ დარღვეულა. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივებს, რომ სპეცრაზმელები - გ. გ-ი, ზ. ჯ-ე, ი. მ-ე, ა. ს-ე, დ. ა-ი, ს. ჩ-ა და ა. ც-ე მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოადგენდნენ ბრალდების მხარის მოწმეებს და მათი მოწმის სახით დაკითხვისას არ დარღვეულა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 118-ე მუხლითა და 205-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებითაც დადგენილია, შესაბამისად, მოწმეთა დაკითხვისა და ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ პირთა პენიტენციურ დაწესებულებაში ერთად მოთავსების აკრძალვის წესები.
16. საკასაციო პალატა არ ეთანხმება ბრალდების მხარის არგუმენტებს მსჯავრდებულ ი. ფ-ს საქართველოს სსკ-ის 25, 369-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), ხოლო გ. ც-ს სსკ-ის 369-ე მუხლის მე-3 ნაწილითა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 109-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით. ბრალდების მითითებულ ეპიზოდებში საკასაციო პალატა ასევე სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მითითებულ ეპიზოდებში არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მსჯავრდებულების - ი. ფ-ა და გ. ც-ს მიერ აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
17. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის კიდევ ერთ მოთხოვნას მსჯავრდებულთათვის შეფარდებული სასჯელების დამძიმების შესახებ და მიუთითებს, რომ მსჯავრდებულთათვის შეფარდებული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო პალატამ ინდივიდუალურად შეაფასა თვითოეული მსჯავრდებულის პიროვნება და გადაწვეტილებაში მიუთითა იმ არგუმენტებზე, რომელთა გამოც პირველი ინსტანციის განაჩენით განსაზღვრული სასჯელები სამართლიანად ჩათვალა.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორების - თამარ აღლემაშვილის, ამირან გულუაშვილისა და ლაშა ცქვიტარიას, მსჯავრდებულების - ი. ფ-ა და გ. ც-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-ს, მსჯავრდებულების - კ. ნ-ა და ლ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ს-ს, მსჯავრდებულების - ი. ფ-ს, გ. ც-ა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ვ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი