Facebook Twitter

ას-618-843--08 17 სექტემბერი 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

როზა ნადირიანი, თემურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. ხ-იძე

მოწინააღმდეგე მხარე –გ. ჭ-იძე, ი. პ-იძე, ე. ა-ანი, ვ. ა-იძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

დავის საგანი –გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 16 მაისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ლ. ხ-იძემ, მოწინააღმდეგე მხარედ დაასახელა გ. ჭ-იძე, ი. პ-იძე, ე. ა-ანი, ვ. ა-იძე და განმარტა, რომ 2002 წლის 11 ოქტომბერს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ განიხილა მისი სააპელაციო საჩივარი, ქუთაისში ........ ქუჩა ¹4-ში მდებარე მიწაზე მესაკუთრედ ცნობის, უკანონო მშენებლობის აღებისა და სასაზღვრო მიჯნის აღმართვის შესახებ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ შეიცვალა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 5 ნოემბრის მიღებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომელიც უზენაეს სასამართლოს 2003 წლის 16 მაისის განჩინებით დარჩა უცვლელად და შევიდა კანონიერ ძალაში. განმცხადებლმა მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოება განახლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივნისის განჩინებით ლ. ხ-იძის განცხადება, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.

პალატამ მიიჩნია, რომ ლ. ხ-იძის განცხადება არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მოთხოვნებს; განცხადების შინაარსით არ ირკვეოდა კანონიერ ძალაში შესული გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველი. ასევე არ იყო მითითება იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობდნენ, რომ დაცული იყო მისი შეტანის ვადა; განცხადებასთან ერთად არ იყო წარმოდგენილი აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

აღნიშნული ხარვეზის შესავსებად განმცხადებელს, 2008 წლის 23 მაისის განჩინებით განესაზღვრა ვადა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღე და განემარტა, რომ თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა განცხადება აღარ დაიშვებოდა.

ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი, განცხადების ავტორს, ლ. ხ-იძეს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2008 წლის 2 ივნისს.

ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება სააპელაციო სასამართლოში შევიდა 2008 წლის 10 ივნისს. პალატამ მიიჩნია, რომ განმცხადებელმა ხარვეზი ვადაში არ შეავსო სსკ-ის 427-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 429-ე მუხლის შესაბამისად, რაც განცხადების დაუშვებლობის გამო განუხილველად დატოვების საფუძველია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ხ-იძემ.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ უნდა ჩაებარებინა 2008 წლის 9 ივნისს, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო: ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი, სოციალური მდგომარეობა, ადვოკატის გარეშე მუშაობა სააპელაციო სასამართლოს ჩააბარა ერთი დღის დაგვიანებით 2008 წლის 10 ივნისს. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საპატიოდ ჩაეთვალოს ერთი დღის დაგვიანებით ხარვეზის განცხადების ჩაბარება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს, საქმის მასალებს და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 მაისის განჩინებით ლ. ხ-იძეს დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა ხარვეზის შესავსებად.

მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო პალატამ 2008 წლის 16 ივნისის განჩინებით ლ. ხ-იძის განცხადება დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველი განცხადება, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 429-ე მუხლის თანახმად მხარის მიერ ხარვეზის დროულად შეუვსებლობა წარმოადგენს განცხადების განუხილველად დატოვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ სამართლებრივ საფუძველს.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ასაკის, ჯანმრთელობის და სოციალური მდგომარეობის გამო საპატიოდ უნდა ჩაეთვალოს მის მიერ სააპელაციო სასამართლოში ერთი დღის დაგვიანებით ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადების ჩაბარება, აღნიშნულს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მხარემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად დაკარგა აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება არ შეიძლება გახდეს სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 ივნისის განჩინების გაუქმების და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ხ-იძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივნისის განჩინება

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.