¹ას-621-846-08 10 სექტემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ჯ. და გ. ხ-აძეები
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ხ-აძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 მარტის განჩინება
დავის საგანი – საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ე. და ჯ. ხ-ძეების სარჩელი დაკმაყოფილდა; მათ ქ. ბათუმში, ....... ქ. ¹124-ში არსებული სამკვიდრო ქონებიდან საკუთრების უფლებით გამოეყოთ 28,23 კვ.მ. ფართი, ასევე მეუღლესთან ს. ხ-ძესთან ერთად ცხოვრების პერიოდში აშენებული 109,7 კვ.მ. ფართობიდან 1/2 ანუ 54,85 კვ.მ. მათ საკუთრებად მთლიანად აღირიცხა 83,08 კვ.მ. ფართი. მოპასუხე თ. ხ-აძეს დაევალა ამჟამად მეორე სართულზე არსებული კიბისათვის დემონტაჟის გაკეთება და მისი აგება პირველ სართულზე არსებული სამზარეულოს მიმართულებით, რათა მოსარჩელე ჯ. ხ-ძეს მიეცეს საშუალება მოაწყოს თავისუფალი შემოსასვლელი თავის საკუთრებაში არსებული ფართის სარგებლობისათვის; მოსარჩელე გული ხ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და მას, როგორც მემკვიდრეს, საკუთრების უფლებით გამოეყო სადავო სახლთმფლობელობის პირველ სართულზე არსებული ¹2 და ¹4 ოთახები, ამ ოთახებიდან გამოსახლდა მოპასუხე თ. ხ-აძე ოჯახის წევრებთან და შიგ არსებულ საოჯახო ნივთებთან ერთად და ფართი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელე გ. ხ-ძეს; მოსარჩელე ჯ. ხ-ძის სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მას მიეკუთვნა ქ. ბათუმში, ........... ქ. 124-ში მდებარე, მის მიერ დაკავებული 318 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ტექნიკური ნახაზის მიხედვით სახლის პირველ სართულზე არსებული ¹1 და ¹3 ოთახები და მეორე სართულზე არსებული ¹1 და ¹3ა ოთახები, ხოლო უარი ეთქვა მის მოთხოვნას თ. ხ-აძის სარგებლობაში არსებულ მეორე სართულზე განლაგებული ¹2, 3 და 6 ოთახებისა და 8 კვ.მ დამხმარე ფართის, მისთვის გადაცემის თაობაზე უსაფუძვლობის გამო და იგი საკუთრების უფლებით დარჩა თ. ხ-ძეს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ხ-აძემ. შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანეს სასამართლოში გ., ე. და ჯ. ხ-ძეებმა.
საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ და ბოლოს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა განცხადებით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს მათ შორის მორიგების დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 მარტის განჩინებით მხარეთა შუამდგომლობა მორიგების დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება და შეწყდა საქმის წარმოება.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ჯ. და გ. ხ-აძეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის არსებითად განხილვის მიზნით იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ თ. ხ-აძემ ბოროტად გამოიყენა თავისი უფლება და არ შეასრულა მორიგებით ნაკისრი ვალდებულება. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, მათთვის აზრი აღარ აქვს ასეთ მორიგებას, რის გამოც სურთ დავის გაგრძელება სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილი წილის მიღების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ჯ. და გ. ხ-აძეების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.
მხარეთა მორიგება _ ესაა ურთიერთდათმობის გზით მხარეთა შორის დადებული გარიგება, რომელიც ახლებურად განსაზღვრავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ.
დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო პროცესში, რომელიც სამოქალაქო მატერიალური სამართლის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპის _ ნების ავტონომიის ანარეკლია, ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
სამოქალაქო უფლების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ეს უფლება მისი მფლობელის სრულ განკარგულებაშია. პირს შეუძლია ისარგებლოს ამ სიკეთით, გაასხვისოს თავისი უფლება ან საერთოდ უარი თქვას მასზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა განცხადებით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს მათ შორის მორიგების დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
კერძო საჩივრის ავტორები განმარტავენ რომ, ვინაიდან თ. ხ-აძემ ბოროტად გამოიყენა თავისი უფლება და არ შეასრულა მორიგებით ნაკისრი ვალდებულება, მათთვის აზრი აღარ აქვს ასეთ მორიგებას, რის გამოც სურთ დავის გაგრძელება სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილი წილის მიღების თაობაზე. აღნიშნულს საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან ჯ. და გ. ხ-აძეებმა მორიგებაზე თანხმობით განკარგეს თავიანთი კანონით მინიჭებული უფლება, თავადვე განესაზღვრათ და მიეღოთ გადაწყვეტილება საქმის მორიგებით დამთავრებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რაც დაადასტურეს პირადი ხელმოწერით და ის გარემოება, რომ თ. ხ-ძე არ ასრულებს მორიგებით ნაკისრ ვალდებულებას, ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორები უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ ამ განჩინების იძულებითი აღსრულება.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ. და გ. ხ-აძეების კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯ. და გ. ხ-აძეების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ამ საქმეზე უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 მარტის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.