¹ას-622-1001-06 19 თებერვალი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ე-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ე-ი (მოპასუხე)
დავის საგანი – ვენახის დაბრუნება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 1 აგვისტოსა და 4 აგვისტოს განჩინებები
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზ. ე-მა 2005 წლის სექტემბერში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე მ. ე-ის მიმართ და მოითხოვა მ. ე-სა და ნ. ე-ს შორის დადებული ვენახის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მ. ე-სათვის ვენახით სარგებლობის აღკვეთა, მისსა და მის მეუღლის თანასაკუთრებაში არსებული ვენახის უკანონო მფლობელობისათვის ჩამორთმება. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ ზ. ე-ს 2004 წელს გარდაეცვალა მეუღლე რ. ე-ი. იგი, როგორც მეუღლის თანამესაკუთრე, ფლობს სამკვიდროს. მისმა შვილმა ნ. ე-მა, დედის ნებართვის გარეშე ზეპირი გარიგების საფუძველზე გაასხვისა აწ გარდაცვლილი რ. ე-ის სახელზე რიცხული ვენახი და 300 ლარად მიჰყიდა მ. ე-ს, რომელმაც დაიწყო ამ ვენახის ფლობა და სარგებლობა. მოსარჩელის მოსაზრებით, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგება საჭიროებდა სანოტარო წესით დადასტურებას, შესაბამისად, კანონის ამ მოთხოვნის დაცვის გარეშე დადებული გარიგება ბათილია. ამასთან, გარიგება დადებულია არასათანადო მხარესთან – მოსარჩელის შვილთან, რომელიც არ იყო ნივთის მესაკუთრე და არ ჰქონდა გასხვისების უფლება.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. ე-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ნ. ე-სა და მ. ე-ს შორის ვენახის ნასყიდობის შესახებ დადებული ზეპირი გარიგება. სასარჩელო მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ე-მა.
ზ. ე-მა 2006 წლის 6 ივნისს განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სადავო ვენახზე ყადაღის დადება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივნისის განჩინებით ზ. ე-ის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მ. ე-ს აეკრძალა ქ.გურჯაანში, ... მიმდებარე ტერიტორიაზე სარწყავი არხის ზემოთ მდებარე 25 რიგისაგან შემდგარ ვენახში საქმიანობა და მოსავლის აღება. სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად დაშვებული ღონისძიებები გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რაც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გატარებულ ღონისძიებათა შედეგად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივნისის განჩინებაზე 2006 წლის 29 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ე-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 1 აგვისტოს განჩინებით მ. ე-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივნისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების ნაწილში; უარი ეთქვა ზ. ე-ს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარებაზე. სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოების არ არსებობის გამო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება მიზანშეუწონელია.
... სააღსრულებო ბიუროს უფროსმა ი. ტ-მ 2006 წლის 2 აგვისტოს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა იმ საფუძვლით, რომ სააღსრულებო ფურცლის დედანი დაიკარგა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 აგვისტოს განჩინებით ... სააღსრულებო ბიუროს უფროსის ი. ტ-ის მოთხოვნას სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის თაობაზე საქმის წარმოების ამ ეტაპზე ეთქვა უარი. სააპელაციო სასამართლომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და 26-ე მუხლების საფუძველზე მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 7 ივნისის განჩინება, რაზეც გაიცა 2006 წლის 6 ივნისის ¹... სააღსრულებო ფურცელი, გაუქმებულია სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 1 აგვისტოს განჩინებით.
ზ. ე-მა კერძო საჩივარი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 1 აგვისტოსა და 4 აგვისტოს განჩინებებზე და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება, სადავო ვენახზე ყადაღის დადება და სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, გურჯანიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით იგი ცნობილი იქნა გარდაცვლილი მეუღლის რ. ე-ის სამკვიდრო ქონების, მათ შორის ვენახის მემკვიდრედ და მესაკუთრედ. ამ ვენახით უკანონოდ სარგებლობს მოპასუხე, შესაბამისად უკანონოა სააპელაციო სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარებაზე უარის თქმის შესახებ, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ. ე-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო; ამ საქმეზე გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ზ. ე-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ზ. ე-ი კერძო საჩივრით მოითხოვს მოცემულ საქმეზე გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეზე პალატის 2006 წლის 1 აგვისტოს განჩინების გაუქმებას, რომლითაც გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივნისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების ნაწილში (ს.ფ. 103-106); სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. საკასაციო პალატა თვლის, რომ სარჩელის უზრუნველყოფა ესაა გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების კონკრეტულ სახეებზე მითითებულია იმავე კოდექსის 198-ე მუხლში. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულია, რომ საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სწორად მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება მთლიანად დამოკიდებულია სარჩელის ხასიათზე, იმაზე, თუ რას მოითხოვს მოსარჩელე; ვინაიდან ზ. ე-მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მ. ე-ის მიერ სადავო ვენახით სარგებლობის აღკვეთა და მისი უკანონო მფლობელობიდან ვენახის გამოთხოვა, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა დასაბუთებულად მ. ე-ის კერძო საჩივრის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოების არ არსებობის გამო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება მიზანშეუწონელია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ასევე უსაფუძვლოა ზ. ე-ის კერძო საჩივრის მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 აგვისტოს განჩინების გაუქმების მოთხოვნით, რომლითაც ... სააღსრულებო ბიუროს უფროსის ი. ტ-ის მოთხოვნას სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის თაობაზე საქმის წარმოების ამ ეტაპზე უარი ეთქვა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მე-2 მუხლზე და სწორად ჩათვალა, რადგან გაუქმებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივნისის განჩინება, რაზეც გაიცა სააღსრულებო ფურცელი, ამიტომ დაუშვებელია ასეთ განჩინებაზე გაცემული სააღსრულებიო ფურცლის დუბლიკატის გაცემა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. ე-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 1 აგვისტოსა და 4 აგვისტოს განჩინებები.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.