Facebook Twitter

ას-622-930-09

შპს “ბორჯომი-ლიკანი” 2 ივლისი 2009 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე მომხსენებელი),

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ო. დ-შვილი (მოპასუხე)

კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი _ თ. კ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ბორჯომი-ლიკანი” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ დებიტორული დავალიანების ანაზღაურება – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს „ბორჯომი-ლიკანის“ სარჩელი მოპასუხე ო. დ-შვილის მიმართ დებიტორული დავალიანების ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი იქნა შეტანილი ო. დ-შვილის წარმომადგენლის თ. კ-ძის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველი.

პალატის განმარტებით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე და მისი დენა იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება.

საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება აპელანტს ჩაბარდა 2009 წლის 27 აპრილს.

ო. დ-შვილის წარმომადგენელმა თ. კ-ძემ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიას ჩააბარა 2009 წლის 14 მაისს.

პალატის განმარტებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა წარედგინა 2009 ოწლის 11 მაისის ოცდაოთხ საათამდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ო. დ-შვილმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის აღძვრის საპროცესო კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი 14 დღიანი ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო. დ-შვილის წარმომადგენელმა თ. კ-ძემ.

კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, განჩინებაში მითითებულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება მას ჩაბარდა 2009 წლის 27 აპრილს, სინამდვილეში კი გადაწყვეტილება საერთოდ არ ჩაჰბარებია. იგი მოტივირებულ გადაწყვეტილებას გაეცნო 2009 წლის 14 მაისს და იმავე დღესვე წარადგინა სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში.

კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, საფოსტო გზავნილით დასტურდება ის ფაქტი, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ჩაბარდა ო. დ-შვილის დედას ვ. დ-შვილს, რადგან ადრესატი ამ დროისათვის თბილისში არ იმყოფებოდა. კონვერტის გადაცემა კი მოხდა მოპასუხის დაბრუნებისთანავე.

კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, ვ. დ-შვილისათვის არ აუხსნიათ, რომ საჭირო იყო საფოსტო გზავნილზე შესაბამისი აღნიშვნების გაკეთება, ან გზავნილის დაუყოვნებლივ გადაცემის ვალდებულების აღება. ამგვარად, ო. დ-შვილის, ოჯახის წევრის ან მისი წარმომადგენლისათვის მოტივირებული გადაწყვეტილების ჩაბარება არ მომხდარა საპროცესო ნორმების დაცვით.

კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო საქმეზე წარმოდგენილ კერძო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის განჩინებით ო. დ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა Dშეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებად ითვლება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად ჩაბარება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება ო. დ-შვილს გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე და ჩაიბარა მისმა დედამ ვ. დ-შვილმა 2009 წლის 27 აპრილს (ს.ფ. 274).

კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მას გადაწყვეტილება საერთოდ არ ჩაბარებია, იგი ჩაბარდა ო. დ-შვილის დედას, მისთვის კი არ განუმარტავთ, რომ საჭირო იყო გზავნილის დაუყოვნებლივ გადაცემა. ო. დ-შვილი ამ დროისათვის თბილისში არ იმყოფებოდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. ამავე კოდექსის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უწყების მიღებაზე 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტის უარის შემთხვევაში სასამართლო უწყება არ ჩაითვლება მოპასუხისათვის ჩაბარებულად. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში უწყება ჩაიბარა ო. დ-შვილის დედამ, როგორც ოჯახის წევრმა, შესაბამისად მან თავის თავზე აიღო ო. დ-შვილისათვის გზავნილის გადაცემის ვალდებულება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ო. დ-შვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით – 2009 წლის 27 აპრილს, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონმდებლობით დადგენილი 14 დღიანი ვადის გასვლის შემდგომ – 2009 წლის 14 მაისს და შესაბამისად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი განუხილველი დაუშვებლობის გამო.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რადგან მხარემ კანონით გათვალისწინებულ ვადაში არ შეიტანა სააპელაციო საჩივარი შესაბამის სასამართლოში, დაკარგა აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ო. დ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.