¹ას-623-1002-06 15 თებერვალი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. ს-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ... სამმართველო (მოპასუხე)
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 სექტემბრის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და უფლებამონაცვლედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. ს-მა და სხვებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ... სამმართველოს წინააღმდეგ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ... სამმართველოს უფროსის ბრძანების თანახმად, ჩატარდა საქართველოს ... სამმართველოს რეორგანიზაცია. მოსარჩელეებმა მოითხოვეს აღნიშნული ბრძანების გაუქმება და სამუშაოზე აღდგენა, აგრეთვე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ... სამმართველოს 2004 წლის 30 სექტემბრის ბრძანების მე-4, მე-6, მე-7, მე-8, მე-10 პუნქტები. მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ სამუშაოზე, ასევე აუნაზღაურდათ იძულებითი განაცდური სამუშაოზე აღდგენამდე.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ... გაერთიანებამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 6 სექტემბრის განჩინებით ... გაერთიანების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება ჯ. გ-ის, გ. კ-ის, ჯ. ყ-ის, ვ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 6 სექტემბრის საოქმო განჩინებით, ა. ს-ის გარდაცვალების გამო, შეწყდა საქმის წარმოება ა. ს-ის სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ს-მა. მან მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2006 წლის 6 სექტემბერს გამოტანილ იქნა საოქმო განჩინება. აღნიშნული განჩინებით არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა ა. ს-ის უფლებამონაცვლედ ჩაბმის თაობაზე. კერძო საჩივრის ავტორმა ასევე მიუთითა, რომ, ა. ს-ის გარდაცვალების გამო, სასამართლოს საქმე უნდა შეეჩერებინა უფლებამონაცვლის დადგენამდე. მან მოითხოვა ა. ს-ის უფლებამონაცვლედ ცნობა და იმ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, რაც უნდა მიეღო ა. ს-ს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ გ. ს-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას.
ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლემონაცვლეობა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო ურთიერთობას. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ ის წარმოადგენს გარდაცვლილის უფლებამონაცვლეს იძულებითი განაცდურის მოთხოვნის ნაწილში. ამდენად, სასამართლოს უნდა შეეფასებინა პროცესუალური უფლებამონაცვლეობა მატერიალური უფლებამონაცვლეობის ინსტიტუტით დაცული მოთხოვნების კონტექსტის გათვალისწინებით, რადგან პროცესუალური უფლებამონაცვლეობა არ დაიშვება თუ დაუშვებელია მატერიალურ-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების გადასვლა ერთ პირისაგან მეორე პირზე. კონკერტულ შემთხვევაში გარდაცვალების ფაქტი იწვევს ისეთი ურთიერთობების შეწყვეტას, რომლებიც განპირობებული არის გარდაცვლილის პირადი თვისებებით, (მაგალითად შრომის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების გადასვლა, ან საალიმენტო უფლებების გადასვლა სხვა პირზე). კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი აქვს შრომის ურთიერთობიდან გამომდინარე ისეთი უფლებების გადასვლას (უფლებამონაცვლეობისას ასევე შესაძლებელია ადგილი ჰქონდეთ მხოლოდ უფლებების გადასვლას ან მხოლოდ ვალდებულებების გადასვლას), რაც დაკავშირებულია იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან. ამდენად, იძულებით გაცდენილი დროის მანძილზე მიუღებელი თანხის მოთხოვნის უფლება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 152-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს არამატერიალური ქონებრივ სიკეთეს, რომლის გადასვლაც სხვა პირზე შესაძლებელია, ამ უფლების მფლობელის გარდაცვალების შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლებით.
ამდენად, იძულებითი განაცდურით მიუღებელი თანხა წარმოადგენს ფინანსურ აქტივს, რომელსაც შეიცავს სამკვიდრო (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილი) და რომლის მიღების უფლება, სამკვიდროს გახსნის შემთხვევაში გააჩნიათ მემკვიდრეებს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 6 სექტემბრის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ საოქმო განჩინება უნდა გაუქმდეს ა. ს-ის სამუშაოდან განთავისუფლების გამო განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, რადგან განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნისას უფლებამონაცვლეობა დასაშვებია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ს-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 სექტემბრის საოქმო განჩინება ა. ს-სათვის განაცდურის ანაზღაურების თაობაზე საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე პალატას. დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.