საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-624-848-08 1 აგვისტო 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მაია სულხანიშვილი მომხსენებელი) როზა ნადირიანი.
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს ,,ქართული ჩოგბურთი”(მოპასუხე)
წარმომადგენელი----- დ. ლ-ავა
მოწინააღმდეგე მხარე _ სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯია” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სააღსრულებო ფურცლის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა სს „ბანკი ქართუმ“ მოპასუხეების ლეილა მესხისა და შპს „ლეილა მესხის“ მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით სს „ბანკი ქართუს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება გაასაჩივრა სს „ბანკი ქართუმ“ სააპელაციო საჩივრით, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. ამასთან, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 430 852 აშშ დოლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 10 იანვრის საოქმო განჩინებით ლეილა მესხის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება შპს „ქართული ჩოგბურთი“. ამავე სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და მოითხოვეს მისი დამტკიცება.
თბილისის სააპელაციო სასამაოთლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 იანვრის განჩინებით დამტკიცდა მხარეებს შორის მორიგება. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება. განჩინება არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.
2008 წლის 3 ივნისს ს.ს „ვითიბი ბანკი ჯორჯიამ“ განცხადებით მომართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ს\ს „ვითიბი ბანკ ჯორჯიაზე“ სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივნისის განჩინებით ს.ს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ განცხადება დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 იანვრის განჩინებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი ამ განჩინებაში დასახელებული კრედიტორის –სს ,,ბანკი ქართუ”-ს უფლებამონაცვლეზე---სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯია”-ზე.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,ქართული ჩოგბურთის” წარმომადგენელმა დ. ლ-ავამ.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით 2008 წლის 18 ივნისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ისე დააკმაყოფილა სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ უფლებამოსილი პირის სასარგებლოდ, რომ მხოლოდ უფლებამონაცვლის შეცვლით არ გემოიფარგლა, არამედ სამოტივაციო ნაწილით გაზარდა უფლებამონაცვლისთვის მოთხოვნის საგანი. კერძოდ:
2007 შწლის 10 ივნისის მორიგების აქტის მიხედვით საკრედიტო დავალიანების და მასზედ დარიცხული პროცენტების უზრუნველყოფას წარმოადგენდა მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება“ (მორიგების მე-7 მუხლი), ხოლო 2008 წლის 18 ივნისის განჩინების სამოტივაციო ნაწილში სასამართლო „უძრავი ქონების“ ტერმინით არ შემოიფარგლება და შეცვალა იგი „მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით“, რაც ფაქტიურად ამახინჯებს მორიგების შინაარსს.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით შენობა-ნაგებობებით და თანაც მშენებარე შენობა- ნაგებობებით მათ იპოთეკით დავტვირთეს მხოლოდ მე-3 რიგის იპოთეკის დროს 2007 წლის 17 აპრილს, ანუ მორიგების დადების შემდეგ. ამდენად გაუგებარია როგორ შეიძლებოდა მისი მოხვედრა იმ მორიგების აქტში, რომელიც მანამდეა შესრულებული.
კერძო საჩივრის ავტორის აზრით სამოტივაციო ნაწილი უნდა შეიცვალოს და დაფიქსირდეს ისე, როგორც ამას კანონი და მორიგება მოითხოვს. სასამართლოს არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გაემოეყენებინა (სსსკ-ის 92-ე მუხლი) და არასწორად განმარტა კანონი, რაც არის განჩინების ნაწილის გაუქმების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილის გაუქმებას და ახალი განჩინების ნაწილის მიღებას, სადაც ამოღებული იქნება წინადადება ,,და მასზე არსებული შენობა- ნაგებობები”.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმეზე წარმოდგენილ კერძო საჩივარს და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ 2008 წლის 18 ივნისის განჩინების სამოტივაციო ნაწილში ტემინი ,,უძრავი ქონება’ არასწორად შეცვალა ტერმინით ,,მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა ნაგებობები”. სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლი განსაზღვრავს უძრავი ნივთის ცნებას. აღნიშნული ნორმის თანახმად უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასზე არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე. ამავე კანონის 150-ე მუხლის თანახმად შენობა-ნაგებობანი წარმოადგენს მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს, რომელიც ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში კი კანონი ითვალისწინებს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის არა როგორც ცალ-ცალკე უფლების ობიექტის, არამედ, როგორც ერთიანი ნივთის რეალიზაციის შესაძლებლობას. (სამოქალაქო კოდექსის 300-ე, 301-ე მუხლები) ამდენად, სასამართლო მოიხსენიებს მხოლოდ უძრავ ნივთს თუ უძრავ ნივთს მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებთან ერთად არ იცვლება უძრავი ნივთის სამართლებრივი დატვირთვა, მით უფრო განჩინების შინაარსი. მითუმეტეს, რომ აღსასრულებლად სავალდებულოა არა სამოტივაციო ნაწილი, არამედ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი.
ამასთან, სადავო განჩინებით სს ,,ბანკი ქართუს” უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯია” და ამ უკანასკნელზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. აღნიშნული განჩინების საფუძველზე სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯიას” მიმართ გავრცელდა 2007 წლის 10 იანვრის განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობები და შეუძლებელია გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში რაიმე სახის მითითებამ შეცვალოს სასამართლოს მიერ დამტკიცებული ეს პირობები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს ,,ქართული ჩოგბურთის“ წარმომადგენლის დ. ლ-ავას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.