Facebook Twitter

ას-628-852-08 10 სექტემბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. ჩ-იძე

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს გენერალური პროკურატურა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ივნისის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სარჩელი გ. ჩ-იძის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა, გ. ჩ-იძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 79 837 ლარისა და 95 თეთრის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჩ-იძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 თებერვლის განჩინებით აპელანტ გ. ჩ-იძეს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 3193 ლარისა და 50 თეთრის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა.

2008 წლის 30 აპრილს გ. ჩ-იძემ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, წარმოადგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილის წესის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივარი და იშუამდგომლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის პირველი მაისის განჩინებით გ. ჩ-იძის განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლითაც დაასაბუთებდა სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას ან 3193 ლარისა და 50 თეთრის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.

2008 წლის 12 ივნისს გ. ჩ-იძემ კვლავ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სახელმწფიო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟისგან გათავისუფლების თაობაზე, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ივნისის განჩინება ყადაღის დადების შესახებ, “სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდში” გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი და საშემოსავლო დეკლარაციები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები არ ჩათვალა იმ უტყუარ მტკიცებულებად, რომლითაც დადასტურდებოდა აპელანტის მიერ სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობა და 2008 წლის 16 ივნისის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ჩ-იძემ განჩინების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იგი უნდა გათავისუფლებულიყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან უტყუარი მტკიცებულებები წარუდგინა სასამართლოს თავისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებული ქონება დაყადაღებულია, ოჯახის შემოსავალს წარმოადგენს მეუღლის ხელფასი, თავად არის უმუშევარი, ხოლო შვილები სტუდენტები, მაგრამ მიუხედავად ამისა, სააპელაციო საჩივარი სასამართლომ განუხილევლად დატოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ გ. ჩ-იძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტ გ. ჩ-იძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 13 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 3193 ლარისა და 50 თეთრის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა.

ასევე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის პირველი მაისის განჩინებით გ. ჩ-იძის განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლითაც დაასაბუთებდა სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას ან 3193 ლარისა და 50 თეთრის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იგი უნდა გათავისუფლებულიყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან უტყუარი მტკიცებულებები წარუდგინა სასამართლოს თავისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებული ქონება დაყადაღებულია, ოჯახის შემოსავალს წარმოადგენს მეუღლის ხელფასი, თავად არის უმუშევარი, ხოლო შვილები სტუდენტები. აღნიშნულს საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მითითებული მუხლის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია სახელმწიფო ხარჯებისაგან მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს მხარე მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, რომლის მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრება მხარეს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ჩ-იძემ ვერ წარმოადგინა რაიმე ისეთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედებოდა მის გათავისუფლებას სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, გ. ჩ-იძის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ჩ-იძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივნისის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.