Facebook Twitter

ას-628-936-09 27 ივლისი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ უ. ა-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ თ. ო-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ივნისის განჩინება

სარჩელის საგანი _ თანხის დაკისრება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 21 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა უ. ა-მ მოპასუხე თ. ო-ის წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

მოსარჩელის მითითებით, უ. ა-ს ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1979 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით 1979 წლის 16 ნოემბერს მიეცა ორდერი თბილისში, ... ქ. ¹11-ში მდებარე ¹4 ოროთახიან ბინაში შესახლების უფლებით, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. 1982 წლის 10 მარტს უ. ა-სა და ც. ა-ს შორის არსებული ქორწინება შეწყდა, რის შემდეგაც მოსარჩელე ამოეწერა ქ. თბილისში, ... ქ. ¹11-ში მდებარე ბინიდან, თუმცა ზემოაღნიშნული ბინა 1988 წლის 14 მარტამდე ირიცხებოდა უ. ა-ს სახელზე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ შვილებისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით მან მოიპოვა ბინაზე დამატებითი ფართის მიშენების უფლება და საკუთარი ხარჯებით განახორციელა საჭირო სამუშაოები, რომლებიც საბოლოოდ დასრულდა 1990-1992 წლებში. 1993 წლის 3 აპრილს ც. ა-მ თავის სახელზე განახორციელა აღნიშნული ბინის პრივატიზაცია, 2000 წლის 11 ოქტომბერს კი ც. ა-ს და თ. ო-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. მოსარჩელე მიუთითებს, რომ თ. ო-ს საკუთრებაში გადაეცა 2-ოთახიანი ბინა ფართით 32,8 კვ.მ. ხოლო ბინაზე მიშენება არ არის ლეგალიზებული და აღნიშნულის განხორციელება შედის ბინის დღევანდელი მესაკუთრის უფლებაში. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ თბილისში, ... ქ. ¹11-ში მდებარე ბინის მიშენებაზე გაწეული ხარჯი უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარე, უნდა დაეკისროს მოპასუხეს, ვინაიდან იგი გაწეულია მოსარჩელის მიერ. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ საცხოვრებელ ბინას სრული მოცულობით ფლობს მოპასუხე, რომელსაც არ შეუსყიდია მოსარჩელის მიერ მიშენებული ბინის ნაწილი. აღნიშნულის გათვალისწინებით უ. ა-მ მოითხოვა თ. ო-ისათვის მის მიერ მიშენებული საცხოვრებელი ბინის ნაწილის _ 46.60 კვ.მ. საბაზრო ღირებულების _ 4600 აშშ დოლარის დაკისრება (ს.ფ. 4-13).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით უ. ა-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ უ. ა-მ ვერ დაადასტურა აღნიშნულ ბინაზე მის მიერ გარკვეული ხარჯების გაღების ფაქტი. ც. ა-ს მიერ უ. ა-სგან სათანადო საფუძვლის გარეშე რაიმე მატერიალური სიკეთის მიღების შემთხვევაშიც თ. ო-ი ვერ ჩაითვლებოდა უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ურთიერთობის მონაწილე მხარედ. ვინაიდან აღნიშნულ ბინაზე მიშენება დასრულდა 1992 წელს, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით (ს.ფ. 257-260).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა უ. ა-მ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. აპელანტმა მიუთითა, რომ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ იგი აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. მისი მოსაზრებით, მოპასუხეს არ შეუძენია არსებული მიშენება. სააპელაციო საჩივარში აპელანტმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო (ს.ფ. 268-276).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 მაისის განჩინებით უ. ა-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. უ. ა-ს დაევალა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსება, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდა დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა (ს.ფ. 279-280).

აპელანტის მიერ 2009 წლის 8 ივნისს წარმოდგენილ იქნა განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თხოვნით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 ივნისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, უ. ა-ს სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა ისე, რომ აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც გამორიცხავდა სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ (ს.ფ. 286-287).

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა უ. ა-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე (ს.ფ. 293-294).

D

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უ. ა-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ივნისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 მაისის განჩინება ხარვეზის შესახებ უ. ა-ს ჩაჰბარდა 2009 წლის 23 მაისს. განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადა ამოიწურა 1 ივნისს. აღნიშნულ ვადაში სააპელაციო საჩივრის ხარვეზი აპელანტს არ შეუვსია, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარუდგენია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. მართალია, მან კვლავ წარადგინა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების მოთხოვნით, მაგრამ აღნიშნულ შუამდგომლობაზე დაუსაბუთებლობის გამო, მას ერთხელ უკვე ეთქვა უარი სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 მაისის განჩინებით, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სწორად არ გაიზიარა იგი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ვინაიდან უ. ა-მ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივრის ხარვეზი, მითითებული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს უ. ა-ს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

უ. ა-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ივნისის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.