Facebook Twitter

ას-634-941-09 13 ივლისი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ჯ-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “თელასი” (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ივნისის განჩინება

დავის საგანი _ სააბონენტო დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 12 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. ჯ-შვილმა მოპასუხე სს “თელასის” მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა უკანონოდ დარიცხული თანხის ჩამოწერა და მოპასუხის მიერ ელექტროენერგიის გათიშვის პერიოდში მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ მ. ჯ-შვილი 2007 წლის ოქტომბრამდე სს “თელასის” დავალიანებას იხდიდა ძველი მრიცხველის ჩვენების შესაბამისად. მოცემული ფაქტობრივი გარემოება დასტურდებოდა გადახდის ქვითრებით და მოპასუხის ბაზაში არსებული ინფორმაციით, რომელიც მოთხოვნის მიუხედავად მისთვის არ მიუწოდებიათ. 2007 წლის 4 ოქტომბრიდან ელექტროენერგიის შეწყვეტამდე (2008 წლის იანვრამდე) მოსარჩელე სააბონენტო გადასახადს იხდიდა ახალი მრიცხველის ჩვენების მიხედვით. დავალიანების წარმოშობის წყარო მისთვის უცნობია (ს.ფ. 1-9).

მოპასუხე სს “თელასმა” შესაგებელში განმარტა, რომ აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად, 1999 წლის ივლისიდან 2001 წლის მაისამდე თელასი აბონენტს დავალიანებას არიცხავდა ფიქსირებული წესით, თუმცა 2001 წლის 30 მაისს დაფიქსირდა შიდა მრიცხველის ჩვენება და ამ პერიოდიდან თელასმა დაიწყო აბონენტის შიდა მრიცხველით ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა. ეს გრძელდებოდა 2002 წლის ნოემბრამდე, რა დროსაც სს “თელასმა” დააფიქსირა და შეადგინა აქტი ¹020299. ამ აქტის საფუძველზე აბონენტს დაერიცხა დავალიანება 174.46 ლარის ოდენობით. ამ არალეგალური მოხმარების დაფიქსირების შემდეგ თელასი ისევ გადავიდა უმრიცხველოდ ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვაზე.

მოპასუხე ასევე მიუთითებდა, რომ 2005 წლის თებერვლამდე _ 769.57 ლარის ოდენობით დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ მოთხოვნა ხანდაზმული იყო (ს.ფ. 31-39).

საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მ. ჯ-შვილმა საბოლოოდ მოითხოვა ზედმეტად დარიცხული დავალიანების _ 1 132 ლარის ჩამოწერა (ს.ფ. 74-76).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ჯ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აბონენტი ¹2829586 კ-ძე გათავისუფლდა სს “თელასის” სასარგებლოდ 423 ლარის გადახდისაგან, მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 25 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ სს “თელასის” აბონენტად ¹2829586 ირიცხება ე. კ-ძე. მ. ჯ-შვილის დაბადების მოწმობის თანახმად, აბონენტი კ-ძე არის დედამისი, რომელიც 2004 წლის 8 სექტემბერს გარდაიცვალა. მოსარჩელე დედის გარდაცვალების შემდეგ განაგრძობს ცხოვრებას მის ბინაში. მოსარჩელე სადავოდ ხდის სს “თელასის” მიერ 2008 წლამდე დარიცხული დავალიანების კანონიერებას.

სასამართლომ აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად დადგენილად მიიჩნია, რომ 2002 წლის 29 ნოემბრის აქტის საფუძველზე აბონენტს დაერიცხა დავალიანება 174.46 ლარის ოდენობით. მხარეებმა არ წარადგინეს ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტი და დარიცხვის ოქმი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს დაერიცხა დავალიანება, რამაც მრიცხველის დადგმამდე _ 2007 წლის 4 ოქტომბრამდე შეადგინა 1192.14 ლარი, აქედან 769 ლარი 2005 წლის 21 თებერვლამდე, ხოლო შემდეგ _ 423 ლარი.

საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელის მოთხოვნა 2005 წლის 21 თებერვლამდე დარიცხული დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ იყო ხანდაზმული, რამდენადაც მ. ჯ-შვილმა 769 ლარის ოდენობით ელექტროენერგიის დავალიანების დარიცხვის შესახებ შეიტყო 2005 წლის თებერვლამდე და მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სწორედ ამ დღიდან დაიწყო. შესაბამისად, მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება უნდა გამოეყენებინა 2008 წლის თებერვლამდე, მან კი სს “თელასის” მიმართ სარჩელი 2008 წლის 12 თებერვალს აღძრა.

2005 წლის 21 თებერვლის შემდეგ უმრიცხველოდ დარიცხული დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ განმარტა შემდეგი:

საქმეში არსებული აბონენტის ბრუნვის ისტორიიდან ცალსახად დგინდებოდა, რომ მ. ჯ-შვილს თანხა დაერიცხა როგორც უმრიცხველო აბონენტს. სადავო დავალიანების დარიცხვის დროს მოქმედი სემეკის 2001 წლის 20 სექტემბრის ¹10 დადგენილების მე-16 მუხლი ითვალისწინებდა დაზიანებული მრიცხველის ან მრიცხველის არარსებობის შემთხვევაში შესაბამისი მეთოდის გამოყენების შესაძლებლობას. ასეთად მიჩნეული იყო ფიქსირებული დარიცხვის მეთოდი, ხოლო ფიქსირებული გადასახადის მიხედვით ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 30 დეკემბრის ¹1/3/136 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, 2003 წლის 1 იანვრიდან, უმრიცხველო წესით დავალიანების დარიცხვის სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობდა.

ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ 423 ლარი მ. ჯ-შვილს დარიცხული ჰქონდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და არ ექვემდებარებოდა გადახდას (ს.ფ. 79-84).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჯ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და უსაფუძვლოდ დარიცხული დავალიანებისაგან გათავისუფლება (ს.ფ. 88-92).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ივნისის განჩინებით მ. ჯ-შვილის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

საქმეზე დგინდებოდა, რომ აპელანტს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააბონენტო დავალიანება დაუდგინდა 769.57 ლარის ოდენობით. მან მოითხოვა აღნიშნული თანხის დაკისრების შესახებ მითითებული გადაწყვეტილების გაუქმება და სს “თელასის” მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული დავალიანების გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ფასი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, არ აღემატებოდა 1000 ლარს, რაც ამავე კოდექსის 365-ე მუხლის მიხედვით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა (ს.ფ. 97-99).

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ჯ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინების კანონსაწინააღმდეგობას ასაბუთებს ის გარემოება, რომ მისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა კანონის მოთხოვნა დარღვევით (ს.ფ. 104).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჯ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ივნისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ჯ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აბონენტი ¹2829586 კ-ძე (მ. ჯ-შვილის დედა) გათავისუფლდა სს “თელასის” სასარგებლოდ 423 ლარის გადახდისაგან, ხოლო სარჩელი 2005 წლის 21 თებერვლამდე დარიცხული დავალიანების _ 769 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 79-84). დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჯ-შვილმა. აპელანტი ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სს “თელასის” მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული დავალიანების გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებას (ს.ფ. 88-92). რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში მ. ჯ-შვილი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გათავისუფლებული იყო 423 ლარის გადახდისაგან, ხოლო მისი სარჩელი არ იყო დაკმაყოფილებული მხოლოდ 769 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების ნაწილში, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დავის საგანს წარმოადგენდა სწორედ 769 ლარისაგან გათავისუფლება და აქედან გამომდინარე სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 769 ლარს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მოცემულ შემთხვევაში მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის თაობაზე, რამდენადაც აპელანტის მოთხოვნა არ აკმაყოფილებს კანონის ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრულ დასაშვებობის პირობას, კერძოდ, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საპროცესო საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ჯ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ივნისის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.