6-361-07 24 მაისი, 2007წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ ს.-ე, მ. ც.-ი, ვ. ბ.-ი, ნ. ბ.-ი, მ. ჩ.-ი და სხვები
წარმომადგენელი _ მ. ს.-ე
მოწინააღმდეგე მხარე – სს «ს.-ა»
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2003 წლის 22 ოქტომბერს მ. ს.-მ, მ. ც.-მა, ნ. ბ.-მა, გ. ა.-მ და სხვებმა სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე «ს.-ის» ქუთაისის სამმართველოს მიმართ და მოითხოვეს მატერიალური ზიანის ანაზღაურება იმ მოტივით, რომ 2003 წლის 28 ივნისს, ელექტროენერგიის ძაბვის მძლავრი მომატების შედეგად, მათ საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა ხანძარი, მთლიანად განადგურდა საცხოვრებელი ბინები, მოსარჩელეთა ქონება, მათ შორის, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რის გამოც მიადგათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეებმა მოითხოვეს ზიანის ანაზღაურება 45 744 ლარის ოდენობით, საიდანაც სახლის ღირებულება შეადგენს 38319 ლარს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ს.-ის, მ. ც.-ის, ნ. ბ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სს «ს.-ს» მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 6725 ლარის სოლიდარულად გადახდა, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა, საცხოვრებელი სახლისათვის ხანძრის შედეგად მიყენებული 38319 ლარის ზარალის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სს «ს.-ის» დირექტორმა და მ. ს.-მ, აგრეთვე, მ. ს.-ის წარმომადგენლობით მ. ც.-მა, ვ. ბ.-მა და სხვებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 აპრილის განჩინებით მოსარჩელეთა წარმომადგენელს _ მ. ს.-ს სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. ამ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მ. ს.-მ, მ. ს.-ის წარმომადგენლობით მ. ც.-მა, ვ. ბ.-მა და სხვებმა განჩინების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით, იმ მოტივით, რომ მოპასუხის მხრიდან მიყენებული ზიანის გამო, აღარ გააჩნდათ არავითარი მატერიალური ქონება და, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნდა გათავისუფლებულიყვნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ მ. ს.-ისა და სხვების კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო, საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, ფიზიკური პირის სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობა.
კერძო საჩივრის ავტორები საჩივარში განმარტავენ, რომ მოპასუხის მხრიდან მიყენებული ზიანის გამო, აღარ გააჩნდათ არავითარი მატერიალური ქონება და, შესაბამისად, საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, სასამართლოს უნდა გაეთავისუფლებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს, ვინაიდან დადგენილია და უდავოა, რომ ხანძრის შედეგად დაიწვა მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლი და განადგურდა მათი ქონება. შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო, სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტისას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა საქმეში არსებული მასალებისათვის და გაეთვალისწინებინა მ. ს.-ისა და სხვების ქონებრივი მდგომარეობა, მით უმეტეს, რომ ამას სააპელაციო საჩივარშივე ითხოვდნენ (ს.ფ.275), ხოლო, როგორც გასაჩივრებული განჩინებიდან ირკვევა, განჩინების გამოტანისას, სასამართლომ არა თუ გაითვალისწინა, არამედ საერთოდ არც კი იმსჯელა აპელანტთა ფინანსურ მდგომარეობაზე და, შესაბამისად, არ შეაფასა საქმეში არსებული მასალები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 სექტემბრის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ს.-ისა და სხვათა კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 სექტემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.