Facebook Twitter

¹ას637-1015-06 8 იანვარი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრების ავტორები – მ. ჯ-ი, დ. ი-ი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარეები –ე. ტ-ე, ლ. ც-ა, ი. ჭ-ე, ს. მ-ი და ვ. ს-ა (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 აგვისტოს განჩინება.

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – შპს “საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის’ 2004 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების და ამავე სასამართლოს 2004 წლის ... აპრილის ¹.... სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს 2005 წლის 20 იანვარს სარჩელით მიმართეს დ. ი-მა და მ. ჯ-მა აღნიშნეს, რომ 2003 წლის 4 აგვისტოს მათსა და მოპასუხეებს ე. ტ-ს, ლ. ც-ს, ი. ჭ-ს, ს. მ-ის და ვ. ს-ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელეებმა მოპასუხეებისაგან სესხად მიიღეს 7260 აშშ დოლარი თვეში 3 პროცენტის დარიცხვით. მათთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხეებს მიუმართავთ საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟისათვის ვალის დაკისრების მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა კიდეც და 13 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს დაეკისრათ მოპასუხეთა სასარგებლოდ 32473 აშშ დოლარი სესხის, ამასთან 1851 ლარის ბაჟის და 100 აშშ დოლარის ადვოკატის მომსახურების ხარჯების გადახდა. მოსარჩელეთა მითითებით, ისინი არ ყოფილან მოწვეული საქმის განხილვაში არბიტრაჟის დებულების 7-ე 15-ე მუხლების მიხედვით და “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მოსარჩელეთა განმარტებით, არბიტრაჟმა გადააცილა საქმის განხილვის ერთ თვიან ვადებს და დაირღვა “კერძო არბიტრაჟის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის მოთხოვნები. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელეები მოითხოვენ საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2004 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების და ამავე სასამართლოს 2004 წლის ... აპრილის ¹...... სააღსრულებო ფურცლის გაუქმებას.

მოსარჩელეებმა სარჩელში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად წარმოადგინეს საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2004 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება.

მოპასუხეები სარჩელს არ ცნობენ და მიუთითებენ, რომ საქართველოს მუდმივმოქმედ არბიტრაჟში საქმის განხილვის დროს „არც კერძო არბიტრაჟის შესახებ“ კანონის და არც არბიტრაჟის დებულების მოთხოვნები არ დარღვეულა, მოსარჩელეები საქმის განხილვაში მოწვეული იყვნენ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მაგრამ ისინი როგორც ყოველთვის თავს არიდებენ საქმის განხილვაში მონაწილეობაზე და შეგნებულად აჭიანურებენ ვალის დაბრუნებას.

2005 წლის 26 აპრილს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ მოსარჩელეთა გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელზე. 2005 წლის 26 აპრილის განჩინებაზე საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა. საჩივარი 2005 წლის 25 ივნისის განჩინებით დასაშვებად იქნა მიჩნეული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 მარტის განჩინებით დ. ი-ს და მ. ჯ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა გაუქმდა 2005 წლის 26 აპრილის თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ის და დ. ი-ის სარჩელი არბიტრაჟის 2004 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების და ამავე სასამართლოს 2004 წლის ... აპრილის ¹...... სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჯ-მა და დ. ი-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 აგვისტოს განჩინებით მ. ჯ-ის და დ. ი-ის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დატოვებული იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 3 აგვისტოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მ. ჯ-მა და დ. ი-მა. კერძო საჩივრის ავტორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მათ სასამართლოში წარადგინეს მტკიცებულებანი შვილის ავადმყოფობის თაობაზე, სასამართლომ კი არ გაითვალისწინა ეს გარემოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო კერძო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია მხარეს გადაუდოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯის გადახდა. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მხარისათვის ასეთი სახის შეღავათის მიცემა დამოკიდებულია მის ქონებრივ მდგომარეობაზე, ანუ იმ გარემოებაზე, რომ მხარეს სხვადასხვა მიზეზთა გამო შექმნილი აქვს ისეთი სიტუაცია, რომ მას არ შეუძლია გაწიოს სასამართლო ხარჯები. აღნიშნულში მოიაზრება უმუშევრობა, მრავალსულიან ოჯახში ცხოვრება და ა.შ. ქონებრივი მდგომარეობის შეფასება უნდა მოხდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარის მიერ ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების შეფასების საფუძველზე. ერთადერთი მტკიცებულება, რაც მ. ჯ-მ სასამართლოს წარუდგინა არის სს „ .. .. ..” ამონაწერი სტაციონალური ბარათიდან, საიდანაც ირკვევა, რომ ნ. ჯ-ი მკურნალობდა მითითებულ კლინიკაში. მოცემულ შემთხვევაში გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მ. ჯ-ს იმის მტკიცებულებებიც კი არ წარმოუდგენია, რომ ნ. ჯ-ი მისი შვილია. თუმცა შვილის ავადმყოფობაც კი არ შეიძლება ცალსახად მიჩნეულ იქნეს ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელ გარემოებად. აღნიშნული გასაზიარებელი შეიძლება ყოფილიყო დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის საფუძველზე. რაც საქმის მასალებში არ მოიპოვება. რაც შეეხება დ. ი-ს, მას არცერთი სახის მტკიცებულება მისი ქონებრივი მდგომარეობის თაობაზე სასამართლოში არ წარმოუდგენია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო მოქმედებები შესრულებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, ამიტომ არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. ი-ის და მ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 3 აგვისტოს განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.