საქმე ¹ას-639-863-08 20 ოქტომბერი, 2008 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა:
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვლი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი. ზ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ფ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სასაზღვრე ღობის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. ზ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ფ-ის მიმართ მხარეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთების გამყოფი ღობის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ი. ზ-ისა და ა. ფ-ის მიწის ნაკვეთები მდებარეობს ერთმანეთის გვერდიგვერდ. მოპასუხემ მოსარჩელის სახლში არყოფნის დროს უკანონოდ გადმოსწია ნაკვეთებს შორის სასაზღვრო ღობე და შეიჭრა ი. ზ-ის ნაკვეთში.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ი. ზ-ის მიერ დასახელებული გარემოებანი სინამდვილეს არ შეესაბამება.
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, რაც გაასაჩივრა ი. ზ-მა. ამავე სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ი. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
რაიონული სასამართლოს განჩინება ი. ზ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივნისის განჩინებით ი. ზ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ამავე სასამართლოს 2008 წლის 13 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა სახელმწიფო ბაჟის – 160 ლარისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარსადგენად. ი. ზ-მა ხარვეზის გამოსწორების მიზნით სააპელაცო საჩივარი შეიტანა სასამართლოში, თუმცა იგი კანონით დადგენილი წესით შედგენილი არ იყო, ამასთან, მხარეს არც სახელმწიფო ბაჟის ნაწილში ხარვეზი არ გამოუსწორებია. სააპელაციო პალატის 2008 წლის 14 აპრილის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა სასამართლოს ინიციატივით კიდევ 10 დღით გაუგრძელდა. აღნიშნული განჩინების ასლი ი. ზ-ს ჩაბარდა 2008 წლის 13 მაისს, თუმცა აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია. სააპელაცო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილით, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და მიიჩნია, რომ ი.ზ-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი. ზ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა განუხილველად ი. ზ-ის სააპელაცო საჩივარი, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გადასცა სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხა თავის ადვოკატს და აცნობდა არსებული ხარვეზის შესახებ. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მიღებულ იქნა კანონდარღვევით.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 13 თებერვლის განჩინებით ი. ზ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად – სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრისა და კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარსადგენად.
სააპელაცო სასამართლოს 2008 წლის 14 აპრილის განჩინებით მხარეს ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით გაუგრძელდა. საფოსტო შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ აღნიშნული განჩინების ასლი ი. ზ-ს ჩაბარდა 2008 წლის 13 მაისს, თუმცა აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ ი. ზ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტ ი. ზ-ს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადის გაგრძელების თაობაზე განჩინების ჩაბარების შემდეგ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში და არც შემდგომ ხარვეზის გამოსწორების მიზნით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველი.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას რაიონული სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების კანონდარღვევით მიღების თაობაზე, აღნიშნულ საკითხზე საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს რადგანაც მიმდინარე ეტაპზე საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ფარგლებს იხილავს მხოლოდ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობის საკითხს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. ზ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.