Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №377აპ-17 ქ. თბილისი

გ-ე ნ, 377აპ-17 15 დეკემბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მაისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ჭურღულიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის განაჩენით ნ. გ-ე, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 1-15 ივლისის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი; საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 1-15 ივლისის ეპიზოდი) შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. გ-ს სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი. მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვა სამეწარმეო სუბიექტებში მატერიალურად პასუხისმგებელი თანამდებობის დაკავების უფლება (მოლარე, კონსულტანტი).

აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. გ-მ ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (2015 წლის 1-15 ივლისის და 2016 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდები).

ნ. გ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის 1 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ქ. თ-ი, გ-ი, თ. ბ-ს ქ. №...-ში მდებარე ლ. ღ-ს სასურსათო მაღაზიის გამყიდველმა ნ. გ-მ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა თანხა - 500 ლარი და 280 ლარის ღირებულების პროდუქტი.

2016 წლის 5 სექტემბერს, დილის საათებში, ქ. თ-ი, დ. გ-ს გამზირი, №...-ში მდებარე შპს „გ-ს“ მაღაზიიდან გამყიდველმა ნ. გ-მ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მისი, როგორც მაღაზიის გამყიდველის, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული თანხა - 1 164 ლარი.

2. აპელანტის მოთხოვნა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ნ. გ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელების დამძიმების კუთხით, ხოლო სააპელაციო პალატის სხდომაზე დააზუსტა მოთხოვნა, კერძოდ, ითხოვა დანაშაულის ორივე ეპიზოდისათვის შეფარდებული მხოლოდ ძირითადი სასჯელების დამძიმება და ჯარიმის ნაცვლად თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მიუთითა, რომ

ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულებისა და მოწმეების: ლ. ღ-ს, დ. ჩ-ს, მ. ბ-ს ჩვენებების, დათვალიერების ოქმების, აღწერის დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმის, მაღაზიის საკუთრების დოკუმენტაციის, ამოცნობის ოქმების, ნ. გ-ს ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების შემდგომ პალატამ დაასკვნა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ნ. გ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 1-15 ივლისისა და 2016 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები. ზემოხსენებული მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ–ის 73–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლომ მიიღო გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან ისინი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და შეთანხმდნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებზე.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტი, რომელსაც იგი სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მიიჩნევდა, კერძოდ: ნ. გ-მ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განზრახი დანაშაული, მან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ბოროტად ისარგებლა ნდობით და მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული თანხები და პროდუქტები მიითვისა. პალატამ მიუთითა, რომ ზემოხსენებული არგუმენტები საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის დისპოზიციით (თავისი მაკვალიფიცირებელი გარემოებებით) გათვალისწინებული ქმედების ნიშნებია, რომელთა გარეშეც არ გამოიკვეთებოდა საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდი, რისთვისაც მსჯავრი დაედო ნ. გ-ს და, ამდენად, ეს გარემოებები ვერ მოახდენს გავლენას მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული ძირითადი სასჯელის ზომის გამკაცრებაზე.

რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულმა მხოლოდ ერთ დაზარალებულს - ლ. ღ-ს აუნაზღაურა მიყენებული ზიანი, ხოლო მეორე დაზარალებულს ზიანი არ ანაზღაურებია და მსჯავრდებული მასთან შერიგებული არ არის, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთ გარემოებაზე, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას კანონი მას არ ავალდებულებს. პალატამ აგრეთვე მიუთითა, რომ შერიგება ორმხრივი აქტია და მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, თვითონ დაზარალებულმა გამოხატა თუ არა მსჯავრდებულთან შერიგების სურვილი მაშინ, როდესაც სააპელაციო პალატის სხდომაზე, სახელმწიფო ბრალმდებლის პასუხად, მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მსჯავრდებული ნ. გ-ე მზად იყო შერიგებოდა დ. ჩ-ს და აენაზღაურებინა მისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე.

გარდა ზემოხსენებული გარემოებებისა, სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულისათვის სასჯელის შეფარდების დროს გაითვალისწინა, ის გარემოება, რომ ნ. გ-მ როგორც წინასწარ გამოძიებაში, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოშიც თავი ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხოლო საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობით ითანამშრომლა გამოძიებასთან. პალატამ მიიჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. აგრეთვე, ნ. გ-მ სადავოდ არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. გარდა ამისა, ნ. გ-მ დაზარალებულ ლ. ღ-ს სრულად აუნაზღაურა მიყენებული ზიანი და მას მსჯავრდებულის მიმართ არ გააჩნია არანაირი პრეტენზია. ამასთან, ნ. გ-ე ხასიათდება დადებითად, იგი არის სამი მცირეწლოვანი შვილის მარტოხელა დედა, რომელთაგან უმცროსი დაბადებულია 2015 წლის 3 ნოემბერს.

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის. მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის განაჩენით ნ. გ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 182–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში (გამოკვეთილია დანაშაულთა ერთობლიობა), რომლისთვისაც ორივე ეპიზოდში სრულიად კანონიერად დაენიშნა ძირითადი სასჯელები ცალ-ცალკე (ჯარიმა 2-2 ათასი ლარის ოდენობით), თუმცა დამატებითი სასჯელი - 6 (ექვსი) თვით სამეწარმეო სუბიექტებში მატერიალურად პასუხისმგებელი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა მსჯავრდებულს განესაზღვრა არა თითოეული დანაშაულის ეპიზოდზე ცალ-ცალკე, არამედ - ერთიანად, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლომ იმსჯელა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპით საბოლოო ძირითადი სასჯელის დადგენაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს ნ. გ-ს მიმართ განაჩენში აღარ უმსჯელია ამავე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციის მიხედვით, კერძოდ, დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობის დროს ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელი. შეჯამებისას საბოლოო დამატებითი სასჯელის ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ სასჯელის მოცემული სახისათვის ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ზომას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არის უფლებამოსილი და სამართლებრივად მოკლებულია შესაძლებლობას, მსჯავრდებულ ნ. გ-ს ჩადენილი დანაშაულის ორივე ეპიზოდში ცალ-ცალკე დაუნიშნოს დამატებითი სასჯელი, ხოლო შემდეგ იმსჯელოს დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო დამატებითი სასჯელის შეფარდებისას მათ შეჯამებაზე, ვინაიდან აღნიშნულით უარესდება მსჯავრდებულ ნ. გ-ს სამართლებრივი მდგომარეობა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არც სააპელაციო საჩივრით და არც სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში სახელმწიფო ბრალმდებელს არ მოუთხოვია ნ. გ-ს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით განსაზღვრული დამატებითი სასჯელის დამძიმება და მოითხოვა განაჩენის ამ ნაწილის უცვლელად დატოვება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის განაჩენი ნ. გ-ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი. ­­­

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ ჭურღულიამ, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას სასჯელის ნაწილში, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის ძირითადი სასჯელის სახით შეფარდებული სასჯელის დამძიმებასა და მისთვის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას იმავე საფუძვლებით, რაზეც უთითებდა სააპელაციო საჩივარში. პროკურორმა დამატებით აღნიშნა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობა, თუ რამდენად შეძლებდა იგი დაკისრებული ჯარიმის გადახდას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ნ. გ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით (მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები; დაზარალებულ ლ. ღ-ს სრულად აუნაზღაურა მიყენებული ზიანი; ხასიათდება დადებითად და არის სამი მცირეწლოვანი შვილის მარტოხელა დედა), განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

8. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ჭურღულიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი