ას-639-969-07 14 ნოემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – კ. კ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს “ .. ..”E (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 მაისის განჩინება
დავის საგანი _ არასწორად დარიცხული თანხის ჩამოწერა
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
კ. კ-მ სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს სს “ .. ..” წინააღმდეგ არასწორად დარიცხული თანხის ჩამოწერის თაობაზე. მან მიუთითა, რომ 1999 წლიდან თავისი კუთვნილ მიწის ნაკვეთზე დაამონტაჟა ტრანსფორმატორი, საიდანაც ელექტროენერგიას იღებდა 70 ოჯახი და მოხმარებული ე.რგიის გადასახადსაც იხდიდნენ. 2005 წლის 2 დეკემბერს, თითქოსდა 2002 წლიდან 2005 წლის 2 დეკემბრამდე არსებული დავალიანების გამო, შეუწყდათ ე.რგიის მიწოდება სრულიად უკანონოდ, რადგან აღნიშნულ პერიოდში მოხმარებული ელ. ენერგიის გადასახადი გადახდილია, რასაც დაადასტურებს ზ. მ-ი, რომელიც იმ პერიოდში მუშაობდა ინკასატორად. ზემოაღნიშნულ საკითხის გასარკვევად განცხადებით მიმართა მოპასუხე ორგანიზაციას და მოითხოვა 2002 წლიდან 2005 წლის ჩათვლით ყოველწლიური შედარების აქტი, კ. კ-ის სახელზე გაწერილი ქვითრის პირველი პირები და დებულება, რითაც ეს ორგანიზაცია ხელმძღვანელობს, მაგრამ განცხადებაზე პასუხი არავის გაუცია და კვლავ აგრძელებდნენ დავალიანების გადახდის მოთხოვნას, რასაც მოსარჩელე მიიჩნევს უკანონოდ და უსაფუძვლოდ.
მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება და სასამართლო სხდომაზე სარჩელის მოთხოვნა დააზუსტა, კერძოდ, ნაცვლად უკანონოდ დარიცხული 668 ლარის ჩამოწერისა, ითხოვა 649 ლარის ჩამოწერა და, შესაბამისად, ბათილად ცნობა იმ შედარების აქტებისა, რითაც მას დაერიცხა თანხა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით კ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა კ. კ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის განჩინებით კ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა კ. კ-მ და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად დავის საგნის ღირებულების გამო.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ კ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
მოცემულ შემთხვევაში კ. კ-ე ასაჩივრებს თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი მოპასუხე სს „ .. ..“ მიმართ მოპასუხის მიერ მის სახელზე შედგენილი 2003, 2004 და 2005 წლების ფორმა ¹7ა-ს (წლიური ფორმა ერთ აბონენტზე) ბათილად ცნობისა და უკანონოდ დარიცხული ელექტროენერგიის ღირებულების - 646 ლარის ჩამოწერის შესახებ.
მართალია, მოსარჩელე კ. კ-ე მოპასუხის მიერ უკანონოდ დარიცხული ელექტროენერგიის ღირებულების ჩამოწერასთან ერთად ითხოვს მის სახელზე შედგენილი 2003, 2004 და 2005 წლების ფორმა ¹7ა-ს (წლიური ფორმა ერთ აბონენტზე) ბათილად ცნობას, მაგრამ ამ უკანასკნელი მოთხოვნიდან გამომდინარე, მისი იურიდიული ინტერესი სწორედ უკანონოდ დარიცხული ელექტროენერგიის ღირებულების - 646 ლარის ჩამოწერა, ანუ აღნიშნული თანხის გადახდისაგან განთავისუფლებაა, შესაბამისად, მისი სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება ამავე თანხით უნდა განისაზღვროს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონი პირდაპირ მიუთითებს რა შემთხვევაშია შესაძლებელი სააპელაციო საჩივრის მიღება და განხილვა. თუ სააპელაციო საჩივარი 1000 ლარზე ნაკლებია, არ შეიძლება სასამართლომ ის მიიღოს წარმოებაში და, შესაბამისად, მოხდეს მისი არსებითი განხილვა. სასამართლოს უფლება არა აქვს იგნონირება გაუკეთოს კანონის მოთხოვნებს, რასაც მოითხოვს მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია, ვინაიდან დავის საგნის ღირებულება 1000 ლარზე ნაკლებია, აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 მაისის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.