Facebook Twitter

ას-64-413-07 26 მარტი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ც. ხ-ი (მოპასუხე ძირითად სარჩელში, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ჩ-ე (მოსარჩელე ძირითად სარჩელში, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

დავის საგანი სარჩელში – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და

ხელშეშლის აღკვეთა

შეგებებულ სარჩელში – თანამესაკუთრედ ცნობა და წილის გამოყოფა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. ჩ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს ც. ხ-ის, ა. ჩ-ის, ნ. ჩ-ისა და გ. ღ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეების გამოსახლება სადავო ბინიდან მათთან მცხოვრებ პირებთან ერთად.

მოსარჩელის განმარტებით, საკუთრების უფლებით მის სახელზე ირიცხება ქ.თბილისში, ... შესახვევ ¹9ბ-ში მდებარე ბინა. მოპასუხეები ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეიჭრნენ ბინაში და მიუხედავად არა ერთი გაფრთხილებისა, არ ათავისუფლებენ ბინას. მოსარჩელემ მოითხოვა სადავო ბინიდან მოპასუხეების გამოსახლება მათთან მცხოვრებ პირებთან ერთად.

ც. ხ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სადავო ბინიდან, რომელიც, მისი განმარტებით, წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას,½წილის გამოყოფა, ასევე საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანა და სადავო ბინის 1/2½ წილის მის სახელზე აღრიცხვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ც. ხ-ს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ა. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეები ც. ხ-ი, ა. ჩ-ე, ნ. ჩ-ე და გ. ღ-ი გამოსახლდნენ ქ.თბილისში, ... შესახვევ ¹9ბ-ში მდებარე ბინიდან.

ზემოაღნიშნული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ც. ხ-მა და ა. ჩ-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ც. ხ-ს მიეცა 10 - დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად ბაჟის გადაუხდელობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12 დეკემბრის განჩინებით ც. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ც. ხ-მა კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე.

2007 წლის 21 მარტს ც. ხ-მა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას, რომლითაც უარი განაცხადა კერძო საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა ც. ხ-ის განცხადების განხილვის შედეგად თვლის, რომ განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე შეწყდეს კერძო საჩივრის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მეორე ნაწილში კი მითითებულია, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

ვინაიდან ც. ხ-მა უარი განაცხადა კერძო საჩივრის განხილვაზე, აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მისი განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე შეწყდეს კერძო საჩივრის წარმოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 284-ე 372-ე, 399-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის განჩინებაზე შეტანილ კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ ც. ხ-ის განცხადება დაკმაყოფილდეს;

მოცემულ საქმეზე შეწყდეს კერძო საჩივრის წარმოება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.