Facebook Twitter

¹ას-645-1022-06 11 იანვარი, 2007წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. ა-ის წარმომადგენელი მ. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ქ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, საქმეთა პალატის 2006 წლის 12 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 9 ნოემბერს, მ. ქ-მა სარჩელით მიმართა დუშეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ი. ა-ის მიმართ და მოითხოვა თანასაკუთრებიდან რეალური წილის გამოყოფა. მოსარჩელის განმარტებით, დუშეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით, მას, როგორც დედამისის _ მა. ქ-ის კანონიერ მემკვიდრეს, დანაშთი ქონებიდან გამოეყო სავალდებულო წილი, მთელი ქონების 1/4¼-ის ოდენობით, ხოლო დანარჩენი ნაწილი აღირიცხა მოპასუხის სახელზე, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელემ მოითხოვა მთელი საცხოვრებელი სახლის, დამხმარე, სამეურნეო და მიწის ფართიდან 1/4-ის გამოყოფა.

მოპასუხე ი. ა-ის წარმომადგენელმა მ. ს-მ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ საზიარო ქონებიდან რეალური წილის გამოყოფით შემცირდება ქონების საბაზრო ღირებულება.

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს დედის დანაშთი ქონებიდან, საცხოვრებელი სახლიდან და მიწის ნაკვეთიდან, მდებარე - დუშეთის რაიონის, სოფელ ...... , რეალურად გამოეყო 1/4 წილი საქმეში დართული ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ი. ა-ის წარმომადგენელმა _ მ. ს-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განჩინებით ი. ა-ის წარმომადგენელ მ. ს-ს მიეცა ვადა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა დავის საგნის ღირებულების 3 %-ის ოდენობით. 2006 წლის 16 აგვისტოს, აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარადგინა 30 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი და განცხადებით მოითხოვა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება და მისი განხილვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ი. ა-ის წარმომადგენლის _ მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ 30 ლარის ოდენობით წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი მიუთითებს მასზედ, რომ მან დავის საგნის ღირებულება განსაზღვრა 1000 ლარით, რაც არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნას.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. ა-ის წარმომადგენელმა – მ. ს-მ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ სასამართლომ აღნიშნული განჩინების გამოტანისას გამოიყენა სამოქალქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი იმ რედაქციით, რომელიც ძალაშია ამ კოდექსში 2006 წლის 13 ივლისის კანონით შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების შედეგად და რაც ითვალისწინებს სააპელაციო გასაჩივრების შეზღუდვას იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება ქონებრივ-სამართლებრივ დავებში არ აღემატება 1000 ლარს. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივარი მოცემულ შემთხვევაში შეტანილ იქნა 2006 წლის 12 ივნისს, იმ დროისათვის როდესაც მოქმედებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის ის რედაქცია, რომლითაც სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გათვალისწინებული იყო 500- ლარიანი ზღვარი. მისი განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო სამართალწარმოება ხორციელდება იმ საპროცესო კანონით, რომელიც მოქმედებს ცალკეული საპროცესო მოქმედების განხორციელების მომენტში, ხოლო, რაც შეეხება დავის საგნის ღირებულების განსაზღვრას, კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ ეს უნდა განესაზღვრა ან თავად მოსარჩელეს, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს. რადგანაც მათთვის უცნობი იყო დავის საგნის ღირებულება, გადაიხადეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით იმჟამად მოქმედი რედაქციით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის მინიმალური ოდენობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრისას, სააპელაციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სარჩელით, რომელშიც ჩამოყალიბებულია მოსარჩელის მოთხოვნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით და კანონით. დავის საგნის განსაზღვრის წესი ჩამოყალიბებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 და 41-ე მუხლებში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 40-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის ფასს მიუთითებს მოსარჩელე. თუ მოსარჩელეს მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება სადავო ქონების რეალურ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს მოსამართლე სადავო ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სადავო საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება იმ დროს არსებული ფასები, როდესაც შეტანილ იქნა სარჩელი, ხოლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისას - საჩივრის შეტანის დროისათვის არსებული ფასები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.

განსახილველი საქმის დავის საგანია თანასაკუთრებიდან რეალური წილის გამოყოფა. საკასაციო პალატა თვლის, რომ, როდესაც ნივთზე უფლებრივი მდგომარეობა გარკვეულია, ამ ნივთის მესაკუთრე ცნობილია და მას მხოლოდ ხელი ეშლება თავისი საკუთრებით სარგებლობასა და განკარგვაში, ასევე მესაკუთრე მოითხოვს თავისი საკუთრების თანამესაკუთრისაგან გამოყოფას, დავის საგნის ღირებულება უნდა განისაზღვროს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით ანუ 4000 ლარით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგნის ღირებულება შეადგენს 1000 ლარს, ვინაიდან მსგავსი კატეგორიის საქმეებზე დავის საგნის ღირებულებას განსაზღვრავს კანონი.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ დავის საგნის ღირებულება არ იყო განსაზღვრული სარჩელით და არც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რის გამოც მან გადაიხადა იმ დროს მოქმედი კანონით დადგენილი სახელმწიფო ბაჟის მინიმალური ოდენობა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სარჩელით და რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ იყო განსაზღვრული დავის საგნის ღირებულება, არც სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინებაში განემარტა მხარეს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესი, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან.

სააპელაციო სასამართლომ აპელანტს უნდა გაუგრძელოს ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და განჩინებაში უნდა მიუთითოს კანონის იმ ნორმაზე, რომლითაც განისაზღვრება განსახილველი დავის საგნის ღირებულება.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 2006 წლის 13 ივლისის კანონით შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების შედეგად დადგინდა სააპელაციო საჩივარზე 1000 ლარიანი ზღვარი, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლში ცვლილებები, რომლითაც დადგინდა სააპელაციო საჩივარზე 1000 ლარიანი ზღვარი, შეტანილ იქნა 2005 წლის 23 ივნისის კანონით, რომელიც ძალაში შევიდა 2005 წლის 15 ივლისს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. ა-ის წარმომადგენლის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 სექტემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.