¹ას-647-1024-06 15 იანვარი 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ზ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს ,, .. .. ..” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი _ უკანონოდ დარიცხული თანხის ჩამოწერა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :+
2005 წლის 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ი/მ ,,გ. ზ-მ” მოპასუხე სს ,, .. .. ..” მიმართ უკანონოდ დარიცხული თანხის ჩამოწერის თაობაზე.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1998 წლიდან მეტრო ,, ....”-ს მიმდებარე ტერიტორიაზე სასურსათო მაღაზიაში აწარმოებდა პროდუქტების რეალიზაციას. 1999 წლის 9 ოქტომბერს საწარმომ შეწყვიტა ფუნქციონირება, რაზედაც აცნობა სამგორის რაიონის საგასახადო ინსპექციას. გ. ზ-ს თბილისის მერიის მუნიციპალური საწარმო ,, .. .. ..”-ს 1998 წლის 15 ივნისის წერილით ეცნობა, რომ ობიექტზე მოეწყო დ/ძ გამანაწილებელი ფარი და ობიექტი უზრუნველყოფილი იყო ელ. ენერგიის აღრიცხვით ერთფაზა მრიცხველის დაყენებით. მოპასუხემ მას 2001 წლის 25 მაისიდან 2003 წლის 27 მარტამდე დაარიცხა 986,72 ლარი, რაც მოსარჩელისათვის გაუგებარია, რადგან ამ დროს სასურსათო მაღაზია აღარ ფუნქციონირებდა. აქედან გამომდინარე, გ. ზ-მ მოითხოვა უკანონოდ დარიცხული თანხის _ 986,72 ლარის ჩამოწერა და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სასამართლო და სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯების _ 538, 17 ლარის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ი/მ ,,გ. ზ-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად სააპელაციო საჩივრებით გაასაჩივრეს გ. ზ-მ და მისმა წარმომადგენელმა დ. შ-მ. აპელანტმა გ. ზ-მ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით უკანონოდ დარიცხული თანხის _ 986,72 ლარის ჩამოწერა და სს ,, .. .. ..”-სათვის მის მიერ 70 ლარის ოდენობით გაწეული სასამართლო ხარჯების დაკისრება, ხოლო გ. ზ-ის წარმომადგენელმა დ. შ-მ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 14 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივრები დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გ. ზ-ე და მისი წარმომადგენელი დ. შ-ა თავიანთი სააპელაციო საჩივრებით ითხოვდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ. ზ-ის სარჩელი უკანონოდ დარიცხული თანხის ჩამოწერის შესახებ, შესაბამისად, დავის საგანს წარმოადგენდა უკანონოდ დარიცხული თანხის _ 986,72 ლარის ჩამოწერა.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს (მესამე პირს). აქედან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრები დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ზ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
კერძო საჩივრების ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივრით მან მოითხოვა უკანონოდ დარიცხული თანხის _ 986,72 ლარის ჩამოწერა და მის მიერ გაწეული სასამართლოს ხარჯების დაკისრება მოპასუხისათვის 70 ლარის ოდენობით, რაც აღემატება 1000 ლარს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო კერძო საჩივარს და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ზ-მ და მისმა წარმომადგენელმა დ. შ-მ. გ. ზ-ე სააპელაციო საჩივრით ითხოვს მოპასუხისაგან 986,72 ლარის ჩამოწერას და მის მიერ გაწეული ხარჯის 70 ლარის გადახდევინებას.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ი/მ. გ. ზ-სათვის უკანონოდ დარიცხული თანხის 986,72 ლარის ჩამოწერა, ანუ აღნიშნული თანხა წარმოადგენს დავის საგნის ღირებულებასაც, რაც შეეხება 70 ლარს, რომელზეც კერძო საჩივრის ავტორი უთითებს იგი შეადგენს სასამართლო ხარჯს, რაც არ შეიძლება მიჩნეული იქნეს დავის საგნად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ ხარჯების განაწილების წესს და მიუხედავად იმისა მხარე ითხოვს თუ არა წაგებული მხარისათვის სასამართლო ხარჯების დაკისრებას სასამართლო ვალდებულია წაგებულ მხარეს დააკისროს მეორე მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა. ამდენად კერძო საჩივარში მითითებული 70 ლარი არ შეიძლება მოიაზრებოდეს დავის საგნის ღირებულებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმების საფუძველი და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აგვისტოს განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.