Facebook Twitter

¹¹ბს-1062-643(კ-05) 21 სექტემბერი, 2005წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),

ჯ. გახოკიძე

სარჩელის საგანი: პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. მ-ემ განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის _ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალციხის ფილიალის მიმართ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მამა დაეღუპა სამამულო ომში, დედა _ მ. მაკარიძე სსრ კავშირის სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის 1944წ. 31 ივლისის ¹6279 დადგენილებით საქართველოდან გადასახლებულ იქნა უზბეკეთში. დედის გადასახლების პერიოდში დაიბადა უზბეკეთის რესპუბლიკაში. საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 2 ივლისის ¹286 ბრძანებულებით ა. მ-ემ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით აღდგენილი აქვს ქართული გვარი და ეროვნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ განცხადებით მოითხოვა “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის საფუძველზე პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. მ-ეს უარი ეთქვა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების თაობაზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ა. მ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ გააუქმა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს მიერ დაირღვა სსსკ-ის 394-ე მუხლის “ე” პუნქტი, რომლის თანახმად, გადაწყვეტილება ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იურიდიულად დაუსაბუთებელია. მოცემულ შემთხვევაში საქმე უდავო წარმოების წესით არ უნდა განეხილა სასამართლოს.

საქმის განხილვის დროს დაირღვა სსსკ-ის მე-4 მუხლის მოთხოვნა, რადგან საქმის განხილვისას არ იყო მიწვეული სოცუზრუნველყოფის განყოფილება. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005წ. 25 იანვრის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ა. მ-ე ცნობილ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სოციალური დაზღვევის ერთიანი ფონდის ახალციხის ფილიალმა, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 31.05.2005წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი შემდეგ გარემოებათა გამო: რაიონული სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებისას არასწორად იქნა გამოყენებული “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-3 მუხლის “ა” ქვეპუნქტი. მოსარჩელის დედა გასახლებულ იქნა უზბეკეთის რესპუბლიკაში, როგორც ეთნიკურ ჯგუფს მიკუთვნებული პირი და შესაბამისად, იგი მიეკუთვნება იმ პირთა წრეს, რომელზეც ვრცელდება ამავე კანონის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის დებულება, რომლის თანახმად, ეს კანონი არ ვრცელდება 1921წ. 25 თებერვლიდან 1990წ. 28 ოქტომბრამდე დეპორტირებულ, ეთნიკურ ჯგუფს მიკუთვნებულ პირებზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-ემ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებლად მიიჩნია, რადგან დამამტკიცებელი საბუთის გარეშე მიაკუთვნა ა. მ-ე ეთნიკურ ჯგუფს. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ის კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ეს კანონი არ ვრცელდება 1921წ. 25 თებერვლიდან 1990წ. 28 თებერვლამდე პერიოდში დეპორტირებულ, ეთნიკურ ჯგუფს მიკუთვნებულ პირებზე. საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც რეპრესია განიცადეს 1921წ. 25 თებერვლიდან 1990წ. 28 ოქტომბრამდე, ვრცელდება 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილი, ხოლო კასატორის საქართველოს მოქალაქეობის საკითხი დავას არ იწვევს.

აქედან გამომდინარე, კასატორი ითხოვს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 მაისის გადაწყვეტილება.

სსკ-ის 407-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

ა. მ-ის დედა, მ. მ-ე, სსრ კავშირის სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის 1944წ. 31 ივლისის ¹6279 დადგენილებით საქართველოდან გასახლებულ იქნა უზბეკეთის სს რესპუბლიკაში, როგორც ეთნიკურ ჯგუფს მიკუთვნებული პირი, სადაც 1956 წლამდე იმყოფებოდა აღრიცხვაზე სპეცკომენდატურაში. სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1956წ. 28 აპრილის ¹135/42 დადგენილების საფუძველზე მოიხსნა სპეცკომენდატურის აღრიცხვიდან.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სამართლის ნორმის დარღვევის გარეშე. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი. გადაწყვეტილება იურიდიულად დასაბუთებულია.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ ა. მ-ის დედა _ მ. მ-ე საქართველოდან გასახლებულ იქნა უზბეკეთის რესპუბლიკაში, როგორც სასაზღვრო რაიონში ეთნიკურ ჯგუფს მიკუთვნებული პირი და იგი არ წარმოადგენს “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის სუბიექტს, რადგან მითითებული კანონის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ეს კანონი არ ვრცელდება 1921წ. 25 თებერვლიდან 1990წ. 28 ოქტომბრამდე პერიოდში დეპორტირებულ, ეთნიკურ ჯგუფს მიკუთვნებულ პირებზე, რომელთა რეაბილიტაციის წესი ცალკე განისაზღვრება.

საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა აღნიშნული კანონის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი, ნაცვლად ამავე კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტისა, რადგან იგი არის საქართველოს მოქალაქე და მასზე ვრცელდება ზემომითითებული კანონის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილი.

საკასაციო პალატის აზრით, ის გარემოება, რომ ა. მ-ე საქართველოს მოქალაქეა, არ წარმოადგენს მისი საკასაციო საჩივრის და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს, რადგან ამავე კანონის მე-3 მუხლი განსაზღვრავს, ვინ მიიჩნევა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. კასატორი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს დედის _ მ. მ-ის გასახლების ფაქტს და არა ამავე კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით უშუალოდ მასზე განხორციელებულ რეპრესიას. ა. მ-ის დედა _ მ. მ-ე კი გასახლებულ იქნა როგორც ეთნიკურ ჯგუფს მიკუთვნებული პირი, რომელზეც “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება.

უსაფუძვლობის მოტივით საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საკასაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია მ. მ-ე ეთნიკურ ჯგუფს მიკუთვნებულ პირად. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შს სამინისტროს 05.02.2001წ. ¹7/6/1-მ-9 საარქივო ცნობით დასტურდება, რომ მ. მ-ის გადასახლების საფუძველს წარმოადგენდა სსრკ სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის 1944წ. 31 ივლისის ¹6279 დადგენილება, რომელიც ითვალისწინებდა სასაზღვრო რაიონში ეთნიკურ ჯგუფს მიკუთვნებული პირების გადასახლებას.

კასატორის მიერ წარმოდგენილი არ არის სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მ. მ-ის საქართველოდან უზბეკეთის რესპუბლიკაში გადასახლებას ზემოხსენებული კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით, რის გამოც კასატორის აღნიშნული მოსაზრება გაზიარებული ვერ იქნება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 მაისის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.