განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-647-977-07 14 იანვარი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. ღ-ლი (განმცხადებელი)
დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განსახილველად მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. ღ-ლმა და ვ. შ-ლმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე სს “ე.-ის” მიმართ და მოითხოვეს სს “ე.-ის” 2001 წლის 1 ნოემბრის ¹კ-734 ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების ვ. შ-ლისა და ა. ღ-ლის სასარჩელო განცხადება მოპასუხე სს “ე.-ის” მიმართ 2001 წლის 1 ნოემბრის ¹კ-734 ბრძანების გაუქმების, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. შ-ლმა და ა. ღ-ლმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 17 იანვრის განჩინებით ა. ღ-ლის და ვ. შ-ლის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. ამ საქმეზე უცვლელი დარჩა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ ა. ღ-ლმა 2006 წლის ნოემბერში განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა კანონიერ ძალაში შესული ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებისა და თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 17 იანვრის განჩინების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელმა განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი. ა.ღ-ლის მითითებით, იგი 2002 წლის 17 ივნისს ¹კ-372 ბრძანების საფუძველზე რეორგანიზაცის მოტივით განთავისუფლდა სამუშაოდან. მან სამუშაოდან დათხოვის შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში მიმართა სასამართლოს. მისი მოსაზრებით, რადგან მისი სამუშაოზე აღდგენის შესახებ სარჩელის განხილვა შეუძლებელი იყო ადმინისტრაციული საქმის განხილვამდე, კერძოდ, 2001 წლის 1 ნოემბრის ¹კ-734 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების საკითხის გადაწყვეტამდე და არ დადგინდებოდა ზემოთმითითებული ბრძანების ნამდვილობა და კანონიერება, პირველი ინსტანციის სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” პუნქტის შესაბამისად უნდა შეეჩერებინა სამოქალაქო საქმის განხილვა ადმინისტრაციული საქმის გადაწყვეტამდე. ა.ღ-ლის მოსაზრებით, არაუფლებამოსილმა სასამართლომ უკანონოდ თავად შეაფასა ¹კ-734 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რის გამოც აღნიშნული ბრძანება ბათილია. განმცხადებლის მოსაზრებით, მისი სარჩელის განხილვა უნდა მომხდარიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და ამის შემდგომ სამოქალაქო წესით უნდა განხილულიყო სარჩელი სამუშაოზე აღდგენასთან დაკავშირებით. სასამართლოს მიერ ასევე დაირღვა მისი უფლება და არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა მტკიცებულებების, კერძოდ, სხვა სამუშაოზე მისი გადაყვანის შესახებ ბრძანებების გამოთხოვის თაობაზე. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ერთთვიან ვადასთან დაკავშირებით ა.ღ-ლმა მიუთითა, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება სასამართლოს კანონით დაკისრებულ ვალდებულებას და მოსარჩელის მიერ ყოველგვარი ვადების შესრულებაზე საუბარი ზედმეტია.
განმცხადებელმა ასევე მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ არაგანსჯადი ადმინისტრაციული საქმის განხილვა იწვევს საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 თებერვლის განჩინებით ა. ღ-ლის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 17 იანვრის განჩინების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი. ა. ღ-ლის განცხადება თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობის შესაბამისად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 მაისის განჩინებით ა. ღ-ლის განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი.
ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. ღ-ლმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ა. ღ-ლის მითითებით, 2007 წლის 25 ივნისის განჩინებით ა. ღ-ლის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამ საქმეზე უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 მაისის განჩინება.
ა. ღ-ლმა 2007 წლის 6 ივლისს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამ სასამართლოს 2007 წლის 25 ივნისის განჩინების გაუქმება. მან საქმის წარმოების განახლება მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის და მესამე ნაწილის “ე” და “ვ” ქვეპუნქტების საფუძველზე. კერძოდ, საქმის წარმოების განახლების განცხადებაში მიუთითა, რომ მისი შრომითი დავა განხილული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, აღნიშნული დავა განიხილა არაუფლებამოსილმა სასამართლომ. განმცხადებელმა ასევე აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მისი შუამდგომლობების მიუხედავად, მოწინააღმდეგე მხარემ არ წარმოადგინა სხვა სამუშაოზე გადაყვანის დოკუმენტები, რომელიც წარმოდგენილი იქნა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში. განმცხადებელმა განმარტა, რომ მას არ მიეცა საშუალება სასამართლოში სარჩელის საფუძვლის შეცვლისა, რაც მიანიჭებდა მოპასუხისაგან მტკიცებულებების გამოთხოვის უფლებას. განმცხადებლის მოსაზრებით, დოკუმენტები ხელმოწერილია არაუფლებამოსილი პირის, თარჯიმნის ქ. რაზმაძის მიერ, არ არსებობდა მისი თანხმობა შესაბამისად, ყალბია აღნიშნული დოკუმენტის შინაარსი. ბრძანების დედნებზე ორი ხელმოწერა არის ქსეროასლი. ბრძანების სიყალბე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით. ა.ღ-ლის მითითებით, მისთვის ცნობილი გახდა ისეთი მტკიცებულების და გარემოებების შესახებ, რაც საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო სასამართლოში წარდგენილი, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელ შედეგს. სხვა სამუშაოზე გადაყვანის ¹კ-263 და ¹კ-265 ბრძანებების არსებობის შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა, რადგან ისინი სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2003 წლის 17 იანვრის სხდომაზე. ა. ღ-ლი აღნიშნავს, რომ მას არ უნახავს აღნიშნული დოკუმენტები და მას მისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა აღნიშნულ დოკუმენტებს, ვინაიდან, მისთვის უცნობი იყო რა საფუძვლით არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული დოკუმენტები პირველი ინსტანციის სასამართლოში. ამასთან, განმცხადებელი აღნიშნავს, რომ სს „ე.-ის“ კადრების განყოფილებაში მას არწმუნებდნენ, რომ მისი შემოსავლების დეპარტამენტში გადაყვანის შესახებ, არავითარი ბრძანებები არ არსებობდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის განჩინებით ა. ღ-ლის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტსა და 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივნისის განჩინების გაუქმებას, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 მაისის განჩინება ა. ღ-ლის განცხადების ხარვეზის შეუვსებლობის გამო განუხილველად დატოვების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განმცხადებელმა მოითხოვა იმ განჩინების გაუქმება, რომელიც ეხება საქმის განხილვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის გადაწყვეტას და არა საქმის წარმოების დამთავრების თაობაზე არსებითი გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ განცხადება სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 25 ივნისის განჩინების გაუქმების და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. ღ-ლმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მისი განცხადების განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, იგი მოცემული კერძო საჩივრით ასაჩივრებს აგრეთვე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 თებერვლის განჩინებას მოსამართლე ხ.ა.-ის საქმის განხილვისაგან აცილების შესახებ, ასევე იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ მოახდინა მის 2007 წლის 20 ივლისის განცხადებაზე რეაგირება, რომლითაც საქმიდან მოსამართლე ხ.ა.-ის აცილებას ითხოვდა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 25 ივნისის განჩინება განეკუთვნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწიენებულ განჩინებას და მან სწორად მიმართა სააპელაციო სასამართლოს ამავე სასამართლოს 2007 წლის 25 ივნისის განჩინების გაუქმების მოთხოვნით. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 25 ივნისის განჩინებით დამთავრებულია საქმის წარმოება, მოცემული განჩინების გამოცემით უცვლელად იქნა დატოვებული და კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 2 მაისის განჩინება მისი განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე და ამდენად, 2007 წლის 25 ივნისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება წარმოადგენს საქმის წარმოების დამთავრების თაობაზე არსებით გადაწყვეტილებას (განჩინებას) და სწორედ იგი არის გაუქმების ობიექტი. ა.ღ-ლმა ასევე მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 ივლისის განჩინების გამოცემისას დარღვეული აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე და 429-ე მუხლებით დადგენილი საქმის განხილვის წესი. მისი განცხადების დასაშვებობის შემოწმებისას სააპელაციო სასამართლოს უნდა დაეცვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე, 426-ე და 427-ე მუხლების მოთხოვნები და ამის შემდეგ მიეღო განჩინება მისი განცხადების წარმოებაში მიღების თუ მიღებაზე უარის თქმის შესახებ. მისი მოსაზრებით, განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე, 424-ე, 429-ე და 390-ე მუხლების ნაცვლად მითითებული უნდა იყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე და 390-ე მუხლებზე. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საკასაციო სასამართლოს მიერ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 25 ივნისის განჩინება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ა. ღ-ლის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის განჩინება შემდეგი გარემოებების გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 მაისის განჩინებით ა. ღ-ლის განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი (ს.ფ. 66-67). ეს განჩინება ა. ღ-ლმა გაასაჩივრა კერძო საჩივრით, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 მაისის განჩინება (ს.ფ. 74-77). ა. ღ-ლმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივნისის განჩინებაზე შეიტანა განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე; საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაში მითითებული საფუძვლებით ა. ღ-ლი ითხოვს მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სასამართლოს გადაწყვეტილებების გაუქმებას, რადგან ისინი სამოქალაქო სამართალწარმოების ნაცვლად უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით; ა. ღ-ლის 2007 წლის 6 ივლისის განცხადების შინაარსიდან ირკვევა, რომ იგი სადავოდ ხდის საქმის განუხილველად დატოვების განჩინებას და ითხოვს მისი განცხადების არსებით განხილვას იმ საფუძვლით, რომ იგი არ არის ვალდებული მიუთითოს, თუ როდის გახდა მისთვის ცნობილი საქმისწარმოების განახლების შესახებ საფუძვლის არსებობა.
სამოქალქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობას ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებას მოითხოვენ. ის გარემოება, რომ ამ გადაწყვეტილების უცვლელად (ძალაში) დატოვების შესახებ არსებობს სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს განჩინებები, არ ცვლის განსჯადობას. განცხადება, მიუხედავად ამისა, უნდა განიხილოს გადაწყვეტილების გამომტანმა და არა იმ სასამართლომ, რომელმაც უცვლელად (ძალაში) დატოვა იგი. სხვა საკითხია, როდესაც სააპელაციო (საკასაციო) სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და თვითონ გამოაქვს ახალი გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში განცხადება საქმის განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს სააპელაციო (საკასაციო) სასამართლოში.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივნისის განჩინებით არ დამთავრებულა საქმის წარმოება. ამ განჩინებით კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 2 მაისის განჩინება, რომელიც ეხებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის დარღვევის გამო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების განუხილველად დატოვებას; აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოთმითითებული ნორმის თანახმად მოცემულ შემთხვევაში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება შეტანილი იქნა არაგანსჯად სასამართლოში.
კერძო საჩივრის ავტორი ასაჩივრებს ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 თებერვლის განჩინებას მოსამართლე ხ. ა.-ის საქმიდან აცილების შესახებ უარის თქმის თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე. ამ ნორმის თანახმად საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ა. ღ-ლმა თავისი განცხადების – ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების და თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 17 იანვრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ _ განხილვისას მან მოითხოვა მოსამართლე ხ. ა.-ის აცილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 14 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა. ღ-ლის შუამდგომლობა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვისგან მოსამართლე ხათუნა ა.-ის აცილების შესახებ (ს.ფ. 45-47). სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი და მიუთითა, რომ ა. ღ-ლი მოსამართლე ხ.ა.-ის აცილების საფუძვლად არ უთითებს ამ ნორმით გათვალისწინებულ არცერთ გარემოებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ ა.ღ-ლის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ღ-ლის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ივლისის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.