¹ას-648-870-08 15 სექტემბერი, 2008წ.
¹ თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ი. გ-შვილი (წარმომადგენელი მ. ნ-ანი)
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ ნ. კ-იძე, ბ. და ბ. ა-შვილები
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 24 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ი. გ-შვილმა მოპასუხე ნ. კ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა თბილისში, ........ ქ. ¹48-ში მდებარე მის საკუთრებაში არსებული ფართიდან მოპასუხისა და მისი თანმხლები პირების გამოსახლება.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ 1999 წელს ი. გ-შვილსა და მოპასუხეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ 1 წლით ისესხა 5000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის სახელზე რიცხული თბილისში, ........ ქ. ¹48-ში მდებარე 17კვ.მ ბინა.
მოპასუხემ სესხის დროულად დაბრუნება ვერ შეძლო, რის გამოც მისი სარჩელის საფუძველზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ნ. კ-იძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10 700 აშშ დოლარის გადახდა, ამავე გდაწყვეტილებით გადახდევინება მიქცეულ იქნა იპოთეკით დატვირთულ ზემოაღნიშნულ ბინაზე. დასახელებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მიმდინარე სააღსრულებო წარმოების პროცესში ბინის გაყიდვა ვერ მოხერხდა და ორი უშედეგო აუქციონის შემდეგ, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2007 წლის 20 აპრილის განკარგულებით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მოსარჩელეს გადაეცა ნატურით. აღნიშნულის შედეგად ბინის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში ი. გ-შვილი დარეგისტრირდა. შესაბამისად, მოსარჩელეს გააჩნდა მის საკუთრებაში არსებული ქონების თავისუფლად ფლობისა და განკარგვის შესაძლებლობა, რის საშუალებასაც მოპასუხე არ აძლევდა და რაც მისი უფლებების დარღვევაზე მიუთითებდა (ს.ფ. 2-3).
2007 წლის 13 აგვისტოს ხარვეზის შევსების მიზნით წარდგენილ განცხადებაში მოსარჩელემ მოპასუხეებად დამატებით ბ. და ბ. ა-შვილები დაასახელა (ს.ფ. 19).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით ი. გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა თბილისში, ........ ქ. ¹48-ში, პირველ სართულზე მდებარე ი. გ-შვილის კუთვნილი ........ საცხოვრებელი ფართიდან მოპასუხეების გამოსახლება და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ფართის მოსარჩელისათვის გადაცემა.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ი. გ-შვილი წარმოადგენდა თბილისში, ........ ქ. ¹48-ში მდებარე 17კვ.მ საცხოვრებელი ფართის მესაკუთრეს. აღნიშნულ ფართს ფლობდნენ ნ. კ-ძე, ბ. და ბ. ა-შვილები, რომლებმაც ვერ შეძლეს დაესაბუთებინათ, რომ მათ ამ ფართის ფლობის უფლება გააჩნდათ. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების შინაარსისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ სარჩელი ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ს.ფ. 58-61).
2008 წლის 14 მარტს ი. გ-შვილმა იმავე სასამართლოში ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ შუამდგომლობა წარადგინა (ს.ფ. 62).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 მარტის განჩინებით ი. გ-შვილის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 621-623).
საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანით მოსარჩელისათვის გადასაცემი ფართის დაკონკრეტება, კერძოდ, მოპასუხის გამოსახლება თბილისში, ........ ქ. 48-ში, პირველ სართულზე მდებარე 17 კვ.მ იზოლირებული ფართიდან, რომელშიც იგულისხმება შესაბამისი საცხოვრებელი და დამხმარე ფართები (ს.ფ. 81-88).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინებით ი. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება ი. გ-შვილს ჩაჰბარდა 2008 წლის 3 აპრილს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში მისთვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2008 წლის 4 აპრილს. ამავე კოდექსის 61-ე მუხლიდან გამომდინარე, ვადა ამოიწურა 2008 წლის 17 აპრილს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველი. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზეც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, რამდენადაც ი. გ-შვილის მიერ სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის დარღვევით, აღნიშნული სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ს.ფ. 104-108).
დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ი. გ-შვილმა (წარმომადგენელი მ. ნ-ანი), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა, შემდეგი მოტივებით:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება არც ი. გ-შვილს და არც მის წარმომადგენელს არც ჩაჰბარებია. ი. გ-შვილისათვის განკუთვნილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტური, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი, მისთვის უცნობი პირის მიერაა ხელმოწერილი. დასტურზე არსებული ბეჭდით დგინდება, რომ საფოსტო გზავნილი ბაღდათის სახალხო ფოსტაში 04.04.2008წ. შევიდა, რაც გამორიცხავს აღნიშნული გზავნილის ი. გ-შვილისათვის 3 აპრილს ჩაბარებას.
იმ გარემოებას, რომ საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურზე ხელმომწერი პირი _ ც. ე-ძე ი. გ-შვილის დედას არ წარმოადგენს, კერძო საჩივრის ავტორი ასაბუთებს მის მიერ წარდგენილი ც. გ-შვილის პირადობისა და ი. გ-შვილის დაბადების მოწმობებით. მისი აზრით, დასახელებული მტკიცებულებები გარკვევით მიუთითებს მოსარჩელის დედის გვარს _ გ-შვილი (ს.ფ. 126-127; 129; 137).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრისა და საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. გ-შვილის (წარმომადგენელი მ. ნ-ანი) კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება ი. გ-შვილს გაეგზავნა 25 მარტს და ჩაბარდა 2008 წლის 3 აპრილს (ს.ფ. 67), ხოლო სააპელაციო საჩივარი ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ი. გ-შვილმა 2008 წლის 18 აპრილს, ანუ გასაჩივრებისათვის კანონით განსაზღვრული 14-დღიანი ვადის დარღვევით შეიტანა (ს.ფ. 81-88). საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას იმის შესახებ, რომ საკასაციო საჩივარი ი. გ-შვილს არ ჩაბარებია. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გზავნილის ჩაბარების დასტურზე ხელის მომწერ პირად მითითებულია ი. გ-შვილის დედა _ ც. ე-ძე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარის მიერ მითითებულ მისამართზე მისი ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრისათვის უწყების ჩაბარება ჩაითვლება ადრესატისათვის უწყების ჩაბარებად. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, კერძო საჩივრის ავტორი კი მოცემულ შემთხვევაში ვერ ამტკიცებს, რომ ე-ძე არ არის მოსარჩელის დედის ქორწინებამდელი გვარი და რომ ზემოაღნიშნული გზავნილი მოსარჩელის დედას არ ჩაბარებია.
გარდა ამისა, ი. გ-შვილისათვის განკუთვნილ საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურზე ასახული თარიღის _ “3 აპრილი” ნამდვილობას ვერ გააქარწყლებს ამავე დასტურზე დასმულ შტამპზე დაფიქსირებული თარიღი _ “4 აპრილი”, რამდენადაც ეს უკანასკნელი მიუთითებს არა გზავნილის ადრესატის მიერ ჩაბარების, არამედ შეტყობინების ბაღდათის სახალხო ფოსტიდან გამოსვლის დროს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ვინაიდან ი. გ-შვილმა გაუშვა სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონმდებლობით დადგენილი ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 63-ე მუხლის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი სწორად იქნა დატოვებული განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. გ-შვილის (წარმომადგენელი მ. ნ-ანი) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.