¹ას-648-955-09 26 ნოემბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ც-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს “ენერგო-პრო-ჯორჯია” (მოსარჩელე)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
აღწერილობითი ნაწილი
სს “ენერგო-პრო-ჯორჯიამ” სარჩელით მიმართა სასამართლოს მ. ც-ძის მიმართ თანახის დაკისრების შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ როგორც, ელექტროენერგიის მომმარაგებელი ორგანიზაცია, მოპასუხე მ. ც-ძეს 2007 წლის 30 ივნისიდან აწვდის ელექტროენერგიას. მოპასუხის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა განისაზღვრებოდა ინდივიდუალური მრიცხველით. ინდივიდუალური მრიცხველის მიერ აღრიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა აისახება ენერგოკომპანიის ბილინგის მონაცემებშიც, რომლის თანახმად მოპასუხეს 2008 წლის 29 ოქტომბრის მდგომარეობით, ელექტროენერგიის ღირებულების გადაუხდელობის გამო, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიმართ გააჩნია დავალიანება 1352,64 ლარი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხეს არაერთგზის გაეგზავნა ქვითარი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის მოთხოვნით, მაგრამ მან ქვითრით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა ელექტროენერგიის საფასური და არ დაფარა რიცხული დავალიანება, რის გამოც სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ადგება ზიანი.
სს „ენერგო პრო ჯორჯია“, როგორც ელექტროენერგიის მომმარაგებელი ორგანიზაცია, მოპასუხე მ. ც-ძეს აწვდის ელექტროენერგიას. მოპასუხის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია განისაზღვრება ინდივიდუალურ მრიცხველით. სემეკის 15.05.06 წლის ¹18 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-3 მუხლის თანახმად, 220\380 ძაბვის მომხმარებელი მოსახლეობისათვის (მომხმარებელთა აღნიშნულ კატეგორიას განეკუთვნება მოპასუხე) ელექტროენერგიის საფასური დღგ-ს გარეშე 1 კვტ-სთ-ზე განისაზღვრება 11.0 თეთრით (დღგ-ს ჩათვლით 12.98 თეთრით), თუ კალენდარული დღის განმავლობაში მოხმარებულ ელექტროენერგიის რაოდენობა არ აღემატება 100 კვტ-სთ-ს. 101 კვტ-სთ-დან 300 კვტ-სთ-ის ჩათვლით მოხმარების პირობებში ტარიფი შეადგენს 14.0 თეთრს (დღგ-ს ჩათვლით 16.52 თეთრი), ხოლო 301 კვტ-სთ-ზე მეტი მოხმარების შემთხვევაში 14,83 თეთრს (დღგ-ს ჩათვლით 17,50 თეთრს).
სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მ. ც-ძეს სახლში უკანონოდ ჰქონდა შეყვანილი არალეგალური ხაზი, რომლითაც აღურიცხავად მოიხმარდა ელექტროენერგიას 6 ამპერის ოდენობით.
18.04.08 წლის ¹62 აქტის სს “ენერგო პრო ჯორჯიას“ სათანადო უფლებამოსილების სამსახურის მიერ სემეკის 31.12.01 წლის ¹15 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო, საბიუჯეტო და კომერციულ სექტორში აღურიცხავი ელექტროენერგიის დარიცხვის მეთოდიკის“ მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტის, მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის და მე-4 ნაწილის „ა“ პუნქტის შესაბამისად, დაანგარიშებულ იქნა აღურიცხავი მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა და მოპასუხეს დაერიცხა მისი საფასური 1352,73 ლარი. მოპასუხეს არც აღნიშნულ დარიცხვასთან, არც მიმდინარე ხარჯის გაანგარიშებასთან დაკავშირებით პრეტენზი. არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ არ გადაიხადა დავალიანება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა აღნიშნული თანხის 1352,64 ლარის სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ სასარგებლოდ გადახდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით სს “ენერგო-პრო-ჯორჯიას” სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. ც-ძეს სს “ენერგო-პრო-ჯორჯიას” სასარგებლოდ დაეკისრა 1352.64 ლარის გადახდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. ც-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 8 ივნისის განჩინებით მ. ც-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ც-ძემ და მიუთითა, რომ მან სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შეავსო ხარვეზი, კერძოდ, მას ხარვეზის განჩინება ჩაჰბარდა 2009 წლის 27 მაისს, ხოლო მის ყოფილ წარმომადგენელს 20 მაისს. მან 2009 წლის 1 ივნისს ფოსტის მეშვეობით გააგზავნა სასამართლოში განცხადება და ცნობა იმის შესახებ, რომ იგი არის დარეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, რის გამოც მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება ან საპროცესო ვადის გაგრძელება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული განჩინება ჩაბარებულად ჩათვალა 20 მაისს და აქედან დაიწყო ვადის ათვლა. ხარვეზის განჩინება არ შეიძლება ჩაითვალოს ჩაბარებულად იმის გამო, რომ მის ყოფილ წარმომადგენელს მისთვის არ უცნობები. აღნიშნული განჩინების ჩაბარების შესახებ, ამასთან ი. ა-ძე აღარ არის ამჟამად მისი წარმომადგენელი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ მ. ც-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ 2009 წლის 18 მაისის განჩინებით მიიჩნია, რომ მ. ც-ძემ სრულად არ შეავსო ხარვეზი, რის გამოც მას გაუგრძელა ვადა 5 დღით.
აპელანტს განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2009 წლის 27 მაისს, ხოლო მის წარმომადგენელ ი. ა-ძეს 20 მაისს, მაგრამ აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, არ გადაიხადა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟი, კერძოდ, მას სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარმოედგინა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, ე.ი. 2009 წლის 25 მაისის ჩათვლით. ვინაიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული, სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 8 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით Dდადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მას არ დაურღვევია სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მას ხარვეზის განჩინება ჩაჰბარდა 27 მაისს, ხოლო მის წარმომადგენელ ი. ა-ძეს 20 მაისს. ი. ა-ძესთან რწმუნებულების გაუქმების შესახებ სანოტარო აქტი რეგისტრირებულია 2009 წლის 18 ივნისს. განჩინების გაგაზავნისა და ჩაბარების მომენტისათვის ი. ა-ძეს ჰქონდა მისი რწმუნება, აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა განჩინება ჩაბარებულად. გარდა ამისა, რწმუნების გაუქმების შემთხვევაში მარწუმუნებელი ვალდებულია, ამის შესახებ აცნობოს სასამართლოს. რაც შეეხება მის მიერ გაგზავნილ განცხადებას, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება გაიგზავნა ფოსტით 2009 წლის 1 ივნისს, ვადის დარღვევით, რის გამოც ითვლება რომ საპროცესო მოქმედება არ შესრულებულა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისიწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა არ შეავსო ხარვეზი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში და ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ც-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივნისის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.