ას-650-1027-06 D 1 მარტი, 2007წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – იმერეთის ... სამმართველო
მოწინააღმდეგე მხარე – სს “ .. .. ..”
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 9 მარტს სს “ .. .. ..” გენერალურმა დირექტორმა დ. უ-მა განცხადებით მიმართა ბაღდათის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ბაღდათის შინაგან საქმეთა განყოფილების მიმართ და მოითხოვა გადახდის ბრძანებით, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების გადაუხდელობის გამო, მოპასუხისათვის 6734,60 ლარის დაკისრება.
ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 მარტის გადახდის ბრძანებით, ბაღდათის ... განყოფილებას სს “.. .. ..” სასარგებლოდ დაეკისრა ვალის სახით - 6734, 60 ლარის გადახდა, რაზეც პროტესტი შეიტანა ... სამმართველოს უფროსმა ლ. კ-მა და მოითხოვა აღნიშნული გადახდის ბრძანების გაუქმება და საქმის სასარჩელო წარმოების წესით განხილვა.
ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 მარტის განჩინებით გაუქმდა ამავე სასამართლოს 2006 წლის 9 მარტის გადახდის ბრძანება და თანხის დაკისრების შესახებ აღძრული მოთხოვნის განხილვა დადგინდა სასარჩელო წარმოების საერთო წესით.
ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 მაისის განჩინებით ბაღდათის ... განყოფილება, როგორც იმერეთის ... სამმართველოს ერთ-ერთი დანაყოფი, შეიცვალა სათანადო მოპასუხით და საქმეში მოპასუხედ ჩაერთო იმერეთის .... სამმართველო.
ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სს “ .. .. ..” გენერალური დირექტორის _ დ. უ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ... სამმართველოს დაეკისრა დავალიანების _ 6187 ლარისა და 11 თეთრის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა იმერეთის ... სამმართველოს უფროსმა _ ლ. კ-მა და მოითხოვა მისი, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი, გადაწყვეტილების გაუქმება და დაკისრებული თანხის გადახდის ვალდებულებისაგან განთავისუფლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.
2006 წლის 31 ივლისს იმერეთის ... სამმართველოს უფროსმა ლ. კ-მა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების შეყვეტა იმ მოტივით, რომ მოსარჩელის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში უკვე იყო აღძრული სარჩელი ბაღდათის ... განყოფილების მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, არსებობდა ამ დავაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება იმერეთის .... სამმართველოსათვის თანხის დაკისრების თაობაზე, რითაც, განმცხადებლის განმარტებით, დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხოლო აპელანტის მოთხოვნა ბაღდათის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ სასამართლომ არ განიხილა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრისა და, შესაბამისად, მითითებული მოთხოვნების განსახილველად, სააპელაციო საჩივარი წარმოებაში უნდა იყოს მიღებული.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხე იმერეთის ... სამმართველოს უფროსმა ლ. კ-მა განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით, იმ მოტივით, რომ მათ კანონით დადგენილი წესით სასამართლოს განცხადებით მიმართეს 275-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და სასამართლო ვალდებული იყო, დამოუკიდებლად ემსჯელა აღნიშნული განცხადების დასაშვებობაზე და არ უნდა განეხილა იგი სააპელაციო საჩივართან მთლიანობაში, ასევე მათ მიერ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების 15-დღიანი ვადა გაშვებული არ ყოფილა განცხადების შეტანის გზით, ხოლო სასამართლო, თუ არ გაიზიარებდა განცხადებაში მითითებულ მოთხოვნებს, განჩინებით უნდა ეცნობებინა მათთვის აღნიშნულის შესახებ და განჩინებითვე უნდა გაეგრძელებინა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა სააპელაციო საჩივარზე, ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კი უნდა დაეტოვებინა იგი განუხილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ იმერეთის ... სამმართველოს უფროსის _ ლ. კ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.
აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სარჩელის აღძვრა მოხდა და საქმის წარმოება გაიხსნა ახალი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამოქმედებამდე, ხოლო შემდეგ მიღებულ იქნა ახალი კანონი, სასამართლომ უნდა გამოიყენოს ეს ახალი კანონი, დამოუკიდებლად იმისა, საქმის წარმოების გახსნა და, შეიძლება ამ საქმის განხილვაც, დაიწყო თუ არა ძველი საპროცესო კანონმდებლობის მოქმედების პირობებში, ასეთ შემთხვევაში საპროცესო მოქმედებები, რომლებიც ახალი კანონმდებლობის პირობებში უნდა განხორციელდეს შესრულდება არა ძველი, არამედ ახალი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად, 2006 წლის 21 ივლისის განჩინებით მიეცა განჩინების ჩაბარებიდან 15-დღიანი ვადა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოსადგენად, ხოლო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
“სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონში 2005 წლის 25 ივლისს შეტანილ იქნა ცვლილებები, რომლის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “უ” ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში გასახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან _ ყველა საქმეზე. აღნიშნული ცვილილება ამოქმედდა გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, კერძოდ, 2006 წლის 15 აგვისტოს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, სააპელაციო სასამართლოს მიერ 2006 წლის 21 ივლისს სწორად იქნა დადგენილი ხარვეზის განჩინება, ვინაიდან ამ შემთხვევაში, მითითებული ცვლილება “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი არ ყოფილა და საპროცესო მოქმედება შესრულდა ძველი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო 2006 წლის 11 სექტემბრისათვის (გასაჩივრებული განჩინების გამოტანის დროისათვის) აღნიშნული ცვლილება უკვე ძალაში იყო შესული; სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო გამოეყენებინა ახალი კანონი და იმერეთის ... სამმართველოს სააპელაციო საჩივარი უნდა მიეღო წარმოებაში, ვინაიდან იგი წარმოადგენს სახელმწიფოს ერთ-ერთ სტრუქტურას, რომელიც ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და, შესაბამისად, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “უ” ქვეპუნქტში შესული ცვლილების თანახმად, თავისუფლდებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მითითებული საპროცესო დარღვევები გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
იმერეთის ... სამმართველოს უფროსის _ ლ. კ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.