Facebook Twitter

ას-650-957-09 23 ივლისი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ვ. ჟ-ა (მოსარჩელე)

კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი _ ა. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – დახურული სააქციო საზოგადოება “ .. ..” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი _თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ვ. ჟ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე დახურული სააქციო საზოგადოება „ .. ..“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხეზე თანხის დაკისრება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. ჟ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დახურული სააქციო საზოგადოება „ .. ..“ ვ. ჟ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 780 673 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა და დაეკისრა პირგასამტეხლო – ძირითადი თანხის (780 673 აშშ დოლარის) წლიური 6%-ის ოდენობით 1998 წლის 29 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ჟ-მ და დახურული სააქციო საზოგადოება „ .. ..“.

2009 წლის 03 ივნისს დანიშნულ სხდომაზე მეორე აპელანტის (დახურული სააქციო საზოგადოება „ .. ..“) წარმომადგენლებმა თ. ა-მ და დ. ბ-მ წარმოადგინეს შუამდგომლობა და მოითხოვეს საქმის წარმოების შეჩერება შემდეგი საფუძვლებით:

სახელმწიფო საწარმო დახურული სააქციო საზოგადოება „.. .. და შპს „მ...ის“ შორის 2000 წლის 01 მარტს ერთობლივი საქმიანობის შესახებ გაფორმებული მავალდებულებელი ხელშეკრულებით განსაზღვრული იქნა გარკვეული სავალდებულო პირობები.

ამ ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო საწარმოს იმდროინდელ დირექტორს გ. ა-ს და შესაბამისად, დახურული სააქციო საზოგადოება „ .. ..“@ არ გააჩნდა შპს „მ...ისა“ და სომხეთის რესპუბლიკის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს მიერ ერთობლივად გაცემული ნებართვა (მინდობილობა), რომლითაც სახელმწიფო საწარმოს დირექტორს უფლება ექნებოდა ხელი მოეწერა ორ დოკუმენტზე. ეს დოკუმენტებია: 1. 2000 წლის 5 ოქტომბრის ¹01-72 წერილი, რომლითაც სახელმწიფო საწარმოს დირექტორი შპს „მთ...ის“ (მოსარჩელე ვ. ჟ-სათვის მოთხოვნის დამთმობი საზოგადოება) დირექტორს სთხოვს დავალიანების გადახდის ვადის გაგრძელებას 2003 წლის 31 დეკემბრამდე; 2. 2000 წლის 5 ოქტომბრის შეთანხმება, რომლითაც დამატება შევიდა 24.05.1996 წელს მხარეებს შორის (სააქციო საზოგადოება „ .. ..“ და კორპორაცია „მთ...ი“) დადებულ ¹... კონტრაქტის ¹1 დამატების პუნქტ 4-ში და რომლითაც სახელმწიფო საწარმოს დირექტორმა აიღო ვალდებულება შპს „მთ...ის“ წინაშე 2003 წლის 31 დეკემბრამდე დაეფარა დავალიანება.

შუამდგომლობის ავტორთა მითითებით, 2009 წლის 27 აპრილს სომხეთის რესპუბლიკაში ლორის რეგიონის პირველი ინსტანციის საერთო უფლებების სასამართლოს მიერ წარმოებაში იქნა მიღებული კომპანია „მ...ის“ სარჩელი მოპასუხე სს „ .. ..“ მიმართ, მესამე პირი სომხეთის რესპუბლიკის ... სამინისტრო, მითითებული სარჩელით მოსარჩელე ითხოვს ზემოაღნიშნული წერილისა და შეთანხმების ბათილად ცნობას. შუამდგომლობის ავტორთა მოსაზრებით, იმ შემთხვევაში თუკი სომხეთის რესპუბლიკაში ლორის რეგიონის პირველი ინსტანციის საერთო უფლებების სასამართლოს მიერ ბათილად იქნება ცნობილი ზემოაღნიშნული ორი დოკუმენტი, ვ. ჟ-ს სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების გადახდის თაობაზე აღმოჩნდება არათუ უსაფუძვლო, არამედ ხანდაზმულიც, რადგან თუ მხარეების შეთანხმება გადახდის 2003 წლის 31 დეკემბრამდე გადავადების შესახებ ბათილად იქნა ცნობილი, მაშინ მოსარჩელის მიერ 2006 წლის 27 დეკემბერს შეტანილი სარჩელი უკვე რამოდენიმე წლის ხანდაზმული აღმოჩნდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ივნისის განჩინებით დახურული სააქციო საზოგადოება „ .. ..“ წარმომადგენლების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

პალატის განმარტებით, უდავოდ დადგენილია, რომ ვ. ჟ-ს სასარჩელო მოთხოვნა ძირითადად ეფუძნება იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც გამომდინარეობს სააქციო საზოგადოება „ .. ..“ დირექტორის 2000 წლის 5 ოქტომბრის ¹01-72 წერილიდან და იმავე თარიღით გაფორმებული შეთანხმებიდან, რომლითაც დამატება შევიდა 24.05.1996 წელს მხარეებს შორის (სს „ .. ..” და კორპორაცია “მთ...ი”) დადებულ ¹... კონტრაქტის ¹1 დამატების პუნქტ 4-ში და რომლითაც სახელმწიფო საწარმოს დირექტორმა აიღო ვალდებულება შპს “მთ...ის” წინაშე 2003 წლის 31 დეკემბრამდე დაეფარა დავალიანება. შუამდგომლობის ავტორების მიერ კი წარმოდგენილია სომხეთის რესპუბლიკის ლორის რეგიონის პირველი ინსტანციის საერთო უფლებების სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის განჩინება, რომლითაც წარმოებაში იქნა მიღებული კომპანია „მ...ის“ სარჩელი მოპასუხე სს „ .. ..“ მიმართ, მესამე პირი სომხეთის რესპუბლიკის ... სამინისტრო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ლორის რეგიონის პირველი ინსტანციის საერთო უფლებების სასამართლოს წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა ამ საქმის გადაწყვეტისას. ამასთან, პალატამ ჩათვალა, რომ არსებობს კავშირი განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც განხილული უნდა იქნეს სომხეთის რესპუბლიკაში. ამასთან, ისინი გამომდინარეობენ ერთი და იგივე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობებიდან.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ჟ-მ.

კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის აზრით, საქმის შეჩერების საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელის შეტანა.

კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მოიშველია სსსკ 106-ე მუხლი, რომელიც პრეიდიციულ ფაქტებს ადგენს, ვინაიდან ეს მუხლი შეეხება უკვე არსებულ სასამართლო გადაწყვეტილებებს და არა მომავალში გამოსატან გადაწყვეტილებებს. ამდენად, მისი აზრით, სომხეთის სასამართლო გადაწყვეტილება პრეიდიციულ მნიშვნელობას ვერასოდეს შეიძენს. ამასთან, 106-ე მუხლი საქმის შეჩერებასთან არავითარ კავშირში არ არის. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, შეჩერება უნდა მოხდეს საქმის განხილვის შეუძლებლობის გამო და არა მომავალში გამოსატანი, თუნდაც ლოგიკურად დაკავშირებული გადაწყვეტილების გამო. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, საქმის შეჩერება ემსახურება სომხური მხარის მიზანს, გაჭიანურდეს საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივრის საფუძვლები, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ ვ. ჟ-ს სარჩელის გამო წარმოება შეაჩერა იმ საფუძვლით, რომ სომხეთის რესპუბლიკის ლორის რეგიონის პირველი ინსტანციის საერთო უფლებების სასამართლომ 2009 წლის 27 აპრილის განჩინებით წარმოებაში მიიღო შპს ,,მ...ის’’ სარჩელი კომპანია დახურული სააქციო საზოგადოება ,, .. ..’’ მიმართ, რომლითაც მოსარჩელე ითხოვს იმ წერილისა და შეთანხმების ბათილად ცნობას, რომლითაც ვ. ჟ-ა ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნას.

უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ სომხეთის რესპუბლიკაში განსახილველ დავაში მოსარჩელე შპს ,,მ...ი’’ არ წარმოადგენს სადავო ხელშეკრულების მხარეს. იგი არ მონაწილეობს მოცემულ დავაშიც. სააპელაციო სასამართლოს მიერ განსახილველ დავაზე სარჩელი აღძრულია 2006 წელს. ხოლო მხარეები დავობენ 1996 წელს წარმოშობილ ურთიერთობებზე. ამ პერიოდის განმავლობაში განმცხადებელს შეეძლო მიემართა დავის განმხილველი სასამართლოსათვის და ჩართულიყო დავაში მესამე პირის სახით თუ მისი უფლებები იქნებოდა დარღვეული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტი მიუთითებს შეჩერების აუცილებლობაზე იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია გადაწყდეს განსახილველი დავა. შეუძლებლობა განპირობებული უნდა იყოს კონკრეტული გარემოებებით და არა ამ დავასთან დაკავშირებული ნებისმიერი პირის მიერ სარჩელის აღძვრით. მხოლოდ იმის მითითება, რომ აღიძრა სარჩელი, არ არის საქმის შეჩერების აუცილებელი წინაპირობა. აუცილებელია აიხსნას განსახილველი დავის გადაწყვეტის შეუძლებლობის მიზეზები. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებიმიერი პირის მიერ სადავო გარიგების ბათილობის მოთხოვნით სარჩელის სასამართლოში შეტანისას საქმის წარმოების შეჩერების შემთხვევებში შეუძლებელი გახდება დავის გადაწყვეტა და საქმის წარმოების დამთავრება.

ამასთან, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სომხეთის რესპუბლიკაში მიღებულ გადაწყვეტილებას სავალდებულო (და არა პრეიუდიციული) ძალა ექნება საქმისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი კანონით დადგენილი წესით ცნობილი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებარება აღსრულებას. ასეთ შეთხვევაშიც არსებობს საპროცესო ნორმები, რომლითაც შესაძლებელი იქნება მოგებული მხარისათვის სასურველი შედეგის მიღწევა.

ამრიგად საკასაციო სასამართლო თვლის, არ არსებობს მოცემული დავის შეჩერების აუცილებლობა და საქმის განხილვა უნდა გაგრძელდეს კანონით დადგენილი წესით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. ჟ-ს წარმომადგენლის ა. კ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 3 ივნისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.