Facebook Twitter

ას-650-980-07 19 ნოემბერი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ სპს “ნა...” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ნ...” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს “ნ...მა” სარჩელი აღძრა სასამართლოში სპს “ნა...ს” მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 19836 ლარის გადახდა, ხოლო სარჩელი უკანონო მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის გამოთხოვის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც სპს “ნა...მა” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 აპრილის განჩინებით სპს “ნა...ს” სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 793,4 ლარის გადახდა. საქმის მასალებში წარმოდგენილი სახალხო ფოსტის შეტყობინების ბარათის მიხედვით, ხარვეზის განჩინების ასლი მხარეს ჩაბარდა 2007 წლის 3 ივლისს, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრები აპელანტმა სასამართლოს გაუგზავნა ამავე წლის 16 ივლისს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2007 წლის 20 ივლისის განჩინებით სპს “ნა...ს” სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი და აპელანტს დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აპელანტ სპს “ნა...ს” მიეცა 10 დღის საპროცესო ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად _ 793,4 ლარის გადასახდელად. ხარვეზის განჩინების ასლი აპელანტმა ჩაიბარა 2007 წლის 3 ივლისს, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია. პალატამ იხელძმღვანელა ამავე კოდექსის 63-ე მუხლით და მიიჩნია, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ _ 2007 წლის 16 ივლისს შეტანილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრები ხარვეზის შევსებულად მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სპს “ნა...მა” შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა ტენდენციურად და მიკერძოებულად, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა მხარემ დროულად ვერ შეძლო უსახსრობის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ სპს “ნა...ს” კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახლებული ნორმების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობის შემთხვევაში აპელანტი ვალდებულია, გამოასწოროს იგი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება.

მოცემულ შემთხვევაში სპს “ნა...მა” ხარვეზის განჩინებით მისთვის დაკისრებული თანხა გადაიხადა, თუმცა აღნიშნული საპროცესო მოქმედება შეასრულა სასამართლოს მიერ დადგენილი 10-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც აპელანტის მიერ წარდგენილი საბუთები სასამართლომ მართებულად არ გაითვალისწინა.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ ხარვეზი დროულად ვერ გამოასწორა უსახსრობის გამო, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გააგრძელოს სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა. ამდენად, აპელანტს შეეძლო გარკვეული ხელისშემშლელი გარემოებების არსებობისას ეშუამდგომლა სასამართლოს წინაშე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე, თუმცა სპს “ნა...ს” აღნიშნული შესაძლებლობით არ უსარგებლია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლით და სპს “ნა...ს” სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სპს “ნა...ს” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.