Facebook Twitter

¹ას-651-873-08 7 ნოემბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. ი-ოვას წარმომადგენელი ი. ა-აია

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ნ-ანი, ზ. ჯ-ევი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივლისის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის პირველი მაისის გადაწყვეტილებით გ. ი-ოვას სარჩელი მ. ნ-ანისა და ზ. ჯ-ევას მიმართ თანამესაკუთრედ ცნობისა და შვილებთან ერთად ბინაში შესახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე გ. ი-ოვამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. გ. ი-ოვამ სააპელაციო საჩივარს დაურთო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა და ითხოვა სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივნისის განჩინებით გ. ი-ოვას, სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 400 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის ან სამოქალაქო საპროცესო კოდექისის 46-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ იგი იღებდა საარსებო შემწეობას.

აღნიშნული განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაჰბარდა, როგორც გ. ი-ოვას, ისე მის წარმომადგენლებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო 2008 წლის 2 ივლისის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რომელზეც კერძო საჩივარი შეიტანა გ. ი-ოვას წარმომადგენელმა ი. ა-იამ განჩინების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ გ. ი-ოვას წარმომადგენელ ი. ა-აიას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ი-ოვას, სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 400 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის ან სამოქალაქო საპროცესო კოდექისის 46-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ აპელანტი იღებდა საარსებო შემწეობას.

ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული განჩინების ასლი გ. ი-ოვასა და მის წარმომადგენლებს გაეგზავნათ და ჩაჰბარდათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, გ. ი-ოვას ჩაჰბარდა 2008 წლის 23 ივნისს (ს.ფ.111), მის წარმომადგენელ ვასილ კვირიკაშვილს 2008 წლის 16 ივნისს (ს.ფ.109), ხოლო ი. ა-აიას _ 2008 წლის 2 ივლისს (ს.ფ.112). ხარვეზის შევსების ვადის ათვლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაიწყო ვასილ კვირიკაშვილისათვის განჩინების ჩაბარებიდან მეორე დღეს და, შესაბამისად, ხარვეზის შევსების ბოლო ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების თანახმად, იყო 2008 წლის 26 ივნისი. გ. ი-ოვამ ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორა. მან 2008 წლის 30 ივნისს, ვადის გასვლის შემდგომ, განცხადებით მიმართა სასამართლოს და წარმოადგინა სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა, თუმცა რაიმე დოკუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ იღებდა საარსებო შემწეობას არ წარმოუდგენია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

გ. ი-ოვას წარმომადგენელი ი. ა-აია კერძოO საჩივარში განმარტავს, რომ სასამართლომ არასწორად დაიწყო განჩინების ჩაბარების თარიღის ათვლა, ვინაიდან ვ. კ-შვილს საერთოდ არ ჩაჰბარებია განჩინება კანონის მოთხოვნათა დაცვით და ამასთან, იგი გ. ი-ოვას წარმომადგენლობას აღარ ახორციელებდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარების დროის ათვლა უნდა დაეწყო თავად გ. ი-ოვასათვის განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან, ანუ 2008 წლის 23 ივნისიდან.

აღნიშნულ განმარტებას საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს, ვინაიდან გ. ი-ოვა სააპელაციო საჩივარში საკონტაქტო პირად თავადვე უთითებდა ვ. კ-შვილს და ამასთან, საქმეში არსებული ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულების თანახმად (ს.ფ.4), ვასილ კვირიკაშვილი განჩინების მიღებისა და გაგზავნის დროისთვის ახორციელებდა გ. ი-ოვას წარმომადგენლობას. საქმეში არ მოიპოვება რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ ვ. კ-შვილს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლის მიხედვით შეწყვეტილი ჰქონდა წარმომადგენლის უფლებამოსილება, და არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლით გათვალისწინებული წარმომადგენლის საქმიანობის შეზღუდვის საფუძვლები განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს. გარდა ამისა, საფოსტო შეტყობინებით დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი ვ. კ-შვილის მეუღლეს ჩაჰბარდა და, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გზავნილი ვ. კ-შვილისათვის ჩაბარებულად ითვლება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ი-ოვას წარმომადგენელ ი. ა-აიას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივლისის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.