Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№509აპ-17 ქ. თბილისი

გ. ნ-ი, 509აპ-17 23 იანვარი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განაჩენზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორ დავით ჭარბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის განაჩენით ნ. გ-ი, – დაბადებული - – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა – 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; მასვე სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა ფარმაცევტული ნაწარმი. გაუქმდა ნ. გ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო.

2. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ნ. გ-მა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლის მალულად, გადმოიტანა დიდი ოდენობით მოძრავი ნივთი, რაც გამოიხატა შემდეგში:

· ნ. გ-მა 2017 წლის 4 თებერვალს საბაჟო გამშვებ პუნქტ „ს-ი“, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში (რომელსაც თვითონ მართავდა) სპეციალურად მოწყობილი სამალავებით საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 24128,33 ლარის საბაჟო ღირებულების რვა დასახელების ფარმაცევტული ნაწარმი (მედიკამენტები და სხვა სამედიცინო საშუალებები).

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორმა დავით ჭარბაძემ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ. გ-თვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა და საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე დანაშაულის ჩადენის იარაღის – „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთმევა იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის არის ზედმეტად მსუბუქი.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ნ. გ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს.

8. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის ავტომანქანის, როგორც დანაშაულის ჩადენის იარაღის, სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამორთმევის შესახებ, პალატა ამ ნაწილშიც ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ. გ-თვის ავტომანქანა „მერსედესის“ ჩამორთმევის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ დავით ჭარბაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე