Facebook Twitter

ას-651-981-07 28 ნოემბერი,2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ნ. რ-ე, მ. დ-ი (მოპასუხეები)

წარმომადგენელი – თ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები – ი. და გ. ვ-ები (მოსარჩელეები)

მეურვე---ს. თედეევა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – დანაშთ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 20 ივნისს, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართა მოსარჩელეების - ი. და გ. ვ-ების მზრუნველმა ს. თ-მა და ადვოკატმა ნ. ლ-მ სარჩელით, მოპასუხეების - ნ. რ-ის და მ. დ-ს, მესამე პირების - ... ორგანოს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ... სამსახურის მიმართ, ი. ვ-ს დანაშთი ქონების 1/3 წილზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე. სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელეების პაპას - ი. ვ-ს ჰყავდა სამი შვილი: ზ. ვ-ი - მათი მამა, მოპასუხეები - მათი მამიდები. მოსარჩელეების მამა - ზ. ვ-ი გარდაიცვალა 1992 წლის 7 ნოემბერს, ბებია – გ. ვ-ე გარდაიცვალა 2000 წლის 16 ოქტომბერს, ხოლო პაპა - ი. ვ-ი გარდაიცვალა 2002 წლის 18 ივნისს. მოსარჩელეების დედა - მ. უ-ე, აფხაზეთის ომის მონაწილე, მსჯავრდებულია და იძებნება. მოსარჩელეების მეურვეობა დაეკისრა მოსარჩელეების ბებიას, დედის მხრიდან, ს. თ-ს. ქ.თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს 1990 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების დედა მ. უ-ე, მათთან ერთად შესახლებული იქნა პაპის ი. ვ-ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, ქ. თბილისი, ... ქ. ¹23. მამის გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელეები იზრდებოდნენ ბებია - ს. თ-თან.

მოსარჩელეებისათვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხეების მამიდებმა 2005 წლის 31 მაისს საჯარო რეესტრში შეიტანეს განაცხადი ი. ვ-ს დანაშთ ქონებაზე საკუთრების უფლების სარეგისტრაციოდ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს: 1. ქ.თბილისში, ... ქ. ¹23-ში მდებარე, ი. ვ-ს კუთვნილი საცხოვრებელი სახლის 1/3 წილზე მესაკუთრედ ცნობა; 2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ.თბილისში, ... ქ. ¹23-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/3-ის მათ საკუთრებად აღრიცხვის დავალება.

ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 23 ივნისის განჩინებით სარჩელი ქვემდებარეობით განსახილველად გადაიგზავნა ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, სადაც წარმოებაში იყო მიღებული 2005 წლის 30 ივნისს.

მოსარჩელე მხარემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე დააზუსტა მოთხოვნა. ი. ვ-ს დანაშთი ქონების 1/3 წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა. მხარემ მიუთითა, რომ მართალია, 1990 წლის 24 დეკემბერს სასამართლოს მიერ მ. უ-ე მცირეწლოვან შვილებთან ერთად შესახლებული იყო ი. ვ-ს საცხოვრებელ ბინაში, რამდენიმე ხანში ისინი აღსაზრდელად წაიყვანა ბებიამ ს. თედეევმა. 1992 წლის 7 ნოემბერს გარდაიცვალა ბავშვების მამა - ზ. ვ-ი, ექვს თვეში დედაც იყო გაწვეული აფხაზეთის ომში, სადაც მიიღო ტრამვა და დაავადდა ფსიქიურად, მხარის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა აღნიშნა, რომ მეურვესთან ცხოვრებით ბავშვებს პაპის სახელზე რიცხულ ბინაზე უფლება არ დაუკარგავთ.

მოპასუხეების - ნ. რ-ისა და მ. დ-ს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მისი მარწმუნებლები არ ცნობენ სარჩელს, სადავო სახლში, რომლის ფართობიც შეადგენს დაახლოებით 36 კვ.მეტრს, სადაც ცხოვრობს მოპასუხე მ. დ-ი ოჯახთან ერთად. მოსარჩელეებს გაშვებული აქვთ სამკვიდროს მიღების ვადა, ამასთან ისინი სამკვიდროს არც ფაქტიურად ფლობენ, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა. წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მოსარჩელეების დედა სადავო ბინაში შესახლდა სარგებლობის უფლებით 1993 წლის მარტიდან ამავე წლის მაისამდე იგი იმყოფებოდა აფხაზეთის ომში. მოსარჩელეებმა სადავო ბინა დატოვეს ნებაყოფლობით. 1997 წლის 4 აგვისტოს - მათი დედა გასამართლებული იყო სადავო ბინაზე ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობისათვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდა 2000 წლის 12 ივნისს მოსარჩელეების მეურვედ ს. თ-ის დანიშვნის საფუძველი. ბავშვების დედა იძებნებოდა ამ დანაშაულისათვის.

მესამე პირის - ... ორგანოს, გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი დაეთანხმა სარჩელს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ი. და გ. ვ-ები ცნობილი იქნა ქ. თბილისში, ... ქ. ¹23-ში მდებარე უძრავი ქონების, საჯარო რეესტრში აწ გარდაცვლილ ი. ვ-ს სახელზე რიცხული 1/3 იდეალური წილის მესაკუთრეებად.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. რ-ის და მაია დ-ს წარმომადგენელმა თ. გ-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ივლისის განჩინებით ნ. რ-ის, მ. დ-ს და მათი წარმომადგენლის თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტებს და მათ წარმომადგენელს ხარვეზის შესავსებად დაუდგინდა 10 დღიანი ვადა. მათ ხარვეზი უნდა შეევსოთ 2007 წლის 17 ივნისის ჩათვლით. აპელანტებმა და მათმა წარმომადგენელმა ხარვეზი არ შეავსეს სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში. ხოლო, მათ მიერ განცხადება ხარვეზის ნაწილობრივ შევსებისა და სახ. ბაჟის გადასახდელად საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი იყო სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის 10 დღის გასვლის შემდეგ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. რ-ის და მ. დ-ს წარმომადგენელმა თ. გ-მ.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, განჩინება ხარვეზის შესახებ არ ჩაბარებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, განჩინება ჩაბარდა მათ მეზობელს ფ. კ-ს, რისი უფლებაც სასამართლო კურიერს არ ჰქონდა, ხოლო მეზობელმა განჩინება გადასცა რამდენიმე დღის შემდეგ, მიუხედავად ამისა სასამართლოს მიერ მითითებული 7 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით მათ მიერ ხარვეზი შევსებული იყო ვადაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ივლისი განჩინება .

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. რ-ის და მ. დ-ს წარმომადგენლის თ. გ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად. თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი მოქალაქე ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. ჩაბარებად ჩაითვლება როგორც უწყების პირადად გადაცემა, ასევე უწყების მიმღების მიერ ადრესატისთვის უწყების შინაარსის ცნობება.

საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 მაისის განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით, ვინაიდან როგორც საქმიდან ირკვევა, აღნიშნული განჩინების გზავნილი ჩაბარდა ფ. კ-ს (ს.ფ. 199), შეტყობინების ფურცლიდან არ დგინდება გზავნილზე ხელმომწერი პიროვნების დამოკიდებულება გზავნილის ადრესატთან. შესაბამისად, სააპელაციო პალატას უფლება არ ჰქონდა აღნიშნული მიეჩნია კანონით დადგენილი წესით მხარისათვის ჩაბარებად. ამასთან საკასაციო პალატა თვლის, რომ განცხადება, ხარვეზის ნაწილობრივ გამოსწორებისა და სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ, მხარის მიერ წარდგენილია სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ხარვეზი უნდა შევსებულიყო 2007 წლის 08 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით, ვინაიდან ხარვეზის შევსების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, ხოლო ხარვეზი შევსებული იქნა მომდევნო სამუშაო დღეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად დაუშვებლობის გამო. ამდენად იგი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. რ-ის და მ. დ-ს წარმომადგენლის თ. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 02 ივლისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დასაშვებობის შესამოწმებლად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.