Facebook Twitter

¹ ბს-1062-906-კ-04 1 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: მიწაზე გადასახადის გადამხდელთა სიაში ცვლილებების შეტანა.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. ლ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: ვ. ლ-ის, მიწის მართვის გორის სამმართველოს და სოფელ ძევერას თემის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1992 წელს, მიწის პრივატიზაციისას, მიწის გამანაწილებელმა კომისიამ მას მიაკუთვნა მიწათმოსარგებლის პირველი კატეგორია და მიუზომა 1.25 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც შედგებოდა შემდეგი ნაკვეთებისაგან:

1. რიყეზე სასახლკარე _ 0,42 ჰა; 2. “შავ მიწებში” _ 0,17 ჰა, რომელიც მდებარეობდა შ. ლ-ის და ჯ. გ-ის ნაკვეთებს შორის; 3. 13 ჰექტრიანში _ 0,21 ჰა; 4. მამაპაპისეული _ 0,34 ჰა; 5. საფუტკრე _ 0,11 ჰა.

რამდენიმე წლის წინ “შავ მიწებში” მისი ნაკვეთის მოსაზღვრე ჯ. გ-ს გაუცვალა 0,13 ჰექტრიანში მდებარე 0,21 ჰა ნაკვეთი. გაცვლის შემდეგ “შავი მიწების” ტერიტორიაზე ფლობს 0,38 ჰა მიწის ანკვეთს. მიწის ნაკვეთის გაცვლის შემდეგ მისი მოსაზღვრე გახდა ვ. ლ-ა, რომელიც ფლობდა 0,41 ჰა მიწის ნაკვეთს. რამდენიმეწ. წინ ვ. ლ-ა სამუშაოდ წავიდა რუსეთში და მიწის ნაკვეთი მას დაუტოვა მოსავლელად. რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ ვ. ლ-მ განცხადებით მიმართა გორის რაიონის მიწის სამმართველოს და მოითხოვა მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად აღრიცხვა. განცხადებით საკუთრების უფლება მოითხოვა იმ ნაკვეთზეც, რომელიც მან გაუცვალა ჯ. გ-ს და რომელიც უკვე მას ეკუთვნოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის არსებული დავის გადასაწყვეტად შეიქმნა კომისია, სადავო საკითხი ვერ გადაწყდა, ითხოვდა ე.წ. “შავ მიწებში” 0,38 ჰა სადავო მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების ცნობას.

სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა ი. ლ-მ მოპასუხეების: ი. ლ-ის, მიწის მართვის დეპარტამენტისა და სოფ. ძევერის თემის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა თვითნებურად მიტაცებული მიწის ნაკვეთის დაბრუნება. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1992 წელს, მიწების პრივატიზაციისას, მისი ოჯახი მიეკუთვნა პირველი კატეგორიის მიწათმოსარგებლეს და გამოეყო მიწის ნაკვეთები, კერძოდ, ე.წ. “კეკლიცაურის” ტერიტორიაზე 0,18 ჰა, “ნაკუნძრებში” – 0,15 ჰა, “შავ მიწებში” -0,75 ჰა, საბოლოოდ შეევსო ზღვრულ ნორმამდე 1.25 ჰა-მდე.

1992 წლიდან ფლობდა 1.25 ჰა მიწის ნაკვეთს და იხდიდა შესაბამის გადასახადებს. 1995 წლიდან სამუშაოდ წავიდა რუსეთში, რა დროსაც ე.წ. “შავ მიწებში” მდებარე 0,75 ჰა მოსავლელად დაუტოვა ი. ლ-ს. რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ მოითხოვა გამოყოფილ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სანამ მიწის მართვის სამმართველო არკვევდა და ადგენდა მიწის გამოყოფის საფუძვლებს, ი. ლ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს. მიაჩნდა, რომ ი. ლ-ის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, ვინაიდან სოფ. ძევერის თემის საკრებულოს ცნობით, დასტურდებოდა, რომ ეს უკანასკნელი მიეკუთვნებოდა მეორე კატეგორიის მიწთმოსარგებლეს. არასწორი იყო ი. ლ-ის მითითება იმის შესახებ, რომ მან გაუცვალა მიწის ნაკვეთი ჯ. გ-ს, ვინაიდან მათ შორის მიწების გაცვლის შესახებ არანაირი მასალა არ მოიპოვებოდა საკრებულოში.

გორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 12 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. ლ-ის სარჩელი. იგი ცნობილ იქნა ე.წ. “შავ მიწებში” მდებრე 0,38 ჰა მიწის ნაკვეთის კეთილსინდისიერ მფლობელად. არ დაკმაყოფილდა ვ. ლ-ის შეგებებული სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ლ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად რაიონულ სასამართლოში დაბრუნება, ამასთან, გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა გორის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს სოფელ ძევერის გამგეობის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ მიწებზე გადასახადის გადამხელთა სიებში ცვლილებების შეტანა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 ივლისის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 მაისის განჩინებით ცალკე წარმოებად გამოიყო ვ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 12 ივნისის გადაწყვეტილებაზე და შეჩერდა საქმის წარმოება ამავე პალატის 2004წ. ივნისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 24 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ვ. ლ-ის გაზრდილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ძევერის გამგეობის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ მიწებზე გადასახადის გადამხდელთა სიაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გორის რაიონის ძევერის გამგეობის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ სადავო მიწებზე გადასახადის გადამხდელთა სია წარმოადგენდა ადმინისტრაციულ აქტს ზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად და მიიჩნია, რომ აპელანტი ვერ უთითებდა აღნიშნულ ადმინისტრაციულ აქტში ცვლილებების შეტანის სამართლებრივ საფუძვლებს და ასეთად არ მიიჩნია აპელანტის მიერ მიწის რეფორმის პერიოდისათვის სოფელ ძერულის მუდმივ კომლთა სია, რადგანაც ამ უკანასკნელს არ გააჩნდა ადმინისტრაციული აქტისათვის დამახასიათებელი ძირითადი რეკვიზიტები. არ იყო დასახელებული მისი მიმღები ორგანო, არ იყო ხელმოწერილი თანამდებობის პირის მიერ და არ იყო დამოწმებული ბეჭდით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ლ-მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და მისი გაზრდილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადიმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 მაისის გადაწყვეტილება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გორის რაიონული სასამართლოს მიერ განხილული როგორც სარჩელი, ისე შეგებებული სარჩელი წარმოადგენს კერძოსამართლებრივ, სამოქალაქო დავას, ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენს მიწის ნაკვეთის კეთილსინდისიერ მფლობელად ცნობა და უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა. რაიონულმა სასამართლომ დავის გადაწყვეტისას, ერთ-ერთი მტკიცებულების სახით გამოიყენა მიწაზე გადასახადის გადამხდელთა სიები 1997წ.ათვის. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ლ-მ, რომელმაც შემდგომში გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მიწაზე გადასახადის გადამხდელთა სიებში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ვ. ლ-ის გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, საქმე გადასცა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას, რომელმაც თავისი 2004წ. 24 მაისის განჩინებით ცალკე წარმოებად გამოყო ვ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი და ამ ნაწილში შეაჩერა საქმის წარმოება გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ხოლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაადგინა შეჩერებული საქმის განსჯადი სასამართლოსათვის (სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატა) დაბრუნება.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი. სკ-ის 381-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოწინააღმდეგე მხარე თანახმა იქნება ამაზე, ან სააპელაციო სასამართლო ამას მიზანშეწონილად ცნობს. ამდენად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განიხილოს მხარის გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნა თუ იგი მიზანშეწონილად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოში მხარის მიერ სარჩელის გაზრდას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სააპელაციო სასამართლო თავად იხილავს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შესულ სააპელაციო საჩივარს. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ იყო მისი განსჯადი, მაგრამ, მეორე მხრივ, წარმოებაში მიიღო და გადაწყვიტა აპელანტის გაზრდილი ადმინისტრაციული სასარჩელო მოთხოვნა, რაც, საკასაციო სასამართლოს აზრით, ეწინააღმდეგება “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილისა და 21-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს, რადგან აღნიშნული მოთხოვნა რაიონული სასამართლოს განხილვის საგანი არ ყოფილა, ხოლო სააპელაციო პალატა იხილავს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შესულ სააპელაციო საჩივრებს.

საკასაციო პალატის აზრით, საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ ასევე უნდა გადაწყვიტოს სარჩელის დასაშვებობის საკითხი. მოსარჩელეს უნდა დააზუსტებინოს მოთხოვნის საფუძველი, კერძოდ, გორის რაიონის სოფელ ძევერის გამგეობის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ მიწებზე გადასახადის გადამხდელთა სიებში ცვლილების შეტანას ითხოვს, როგორც ადმინისტრაციულ აქტში ცვლილებების შეტანას, თუ ასაჩივრებს, როგორც რაიონული სასამართლოს მიერ საქმის გადაწყვეტისას გამოყენებულ ერთ-ერთ მტკიცებულებას. საკასაციო პალატის აზრით, მითითებული მოტივის გარკვევას არსებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან თუ მხარე დავის საგანს მიიჩნევს, როგორც მტკიცებულებას, იგი არ შეიძლება ცალკე დავის საგანს წარმოადგენდეს, ვინაიდან სკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და მისი შეფასება ხდება საქმის გარემოებების ერთობლიობაში. იმ შემთხვევაში, თუ მხარის მოთხოვნას წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტში ცვლილებების შეტანა, სასამართლომ უნდა დაადგინოს მოთხოვნის სამართლებრივი ინტერესი, რადგან საგადასახადო კოდექსის 152-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები დგინდება ყოველი საანგარიშოწ.ათვის და სარჩელის აღძვრის დროისათვის სოფელ ძევერის გამგეობის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ მიწებზე გადასახადის გადამხდელთა სიები 1997წ.ათვის უკვე ძალადაკარგული იყო.

მართალია, საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 16 მაისის ¹327 ბრძანებულების “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის შესახებ” მე-4 პუნქტის “გ’’ ქვეპუნქტი მიწაზე საკუთრების უფლების პირველი რეგისტრაციის საფუძვლად ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედ საგადასახადო სიას, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც არ არსებობს ამავე პუნქტის (მე-4) “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები. საქმის მასალებით კი დადასტურებულია, რომ ასეთი დოკუმენტი წარდგენილია, კერძოდ, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის ყრილობაზე დამტკიცებული მიწების განაწილების სია და მიწის გამოყოფის გეგმები.

ამდენად, გასარკვევია მოსარჩელის სამართლებრივი ინტერესი გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მიმართ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 მაისის გადაწყვეტილება და ვ. ლ-ის გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნა წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.