Facebook Twitter

ას-657-1033-06 26 თებერვალი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ თ. ც-ე (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში _ მოპასუხე)

წარმომადგენლები _ ლ. ც-ე, ნ. ო-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ 1. ლ. თ-ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი), 2. ნ. ბ-ე (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების განმარტება

დავის საგანი: ძირითად სარჩელში _ უკანონო მშენებლობის აღკვეთა, შეგებებულ სარჩელში _ უკანონოდ აშენებული კედლის მოშლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ც-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. თ-ის მიმართ უნებართვო მშენებლობის აღკვეთის შესახებ იმ საფუძვლით, რომ მხარეები არიან მეზობლები. ლ. თ-მა მოახდინა თავისი საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ფართის უკანონო რეკონსტრუქცია, რის შედეგად შესაძლებელია შენობის ნაწილი ჩამოინგრეს.

ლ. თ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ლ. ც-ის მიერ მისი საცხოვრებელი ფართის გვერდით უკანონოდ აშენებული კედლის დანგრევა.

საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ჩაება ნ. ბ-ე, რომელმაც მოითხოვა ქ.თბილისში, ... ქ.58/10-ში მდებარე სახლის პირველი სართულის ღია აივანზე ლ. ც-ის ამოშენებული 10,6 კვ.მ ოთახის მოშლა, თავისი სახრებით ფართის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და ღია აივნით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა.

ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ლ. თ-ს აეკრძალა ქ.თბილისში, ... ქ. ¹58/10-ში არსებული სახლის მის სარდაფში მდებარე უკანონო სველი წერტილების, სანიტარული კვანძისა და სამზარეულოს მოწყობა, ლ. თ-ის შეგებებული სარჩელი და მესამე პირ ნ. ბ-ის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. თ-მა და ნ. ბ-მ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით. მოცემული საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. თ-სა და ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით თ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ლ. თ-ის შეგებებული სარჩელი და ნ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ც-ს დაევალა ქ.თბილისში, ... ქ.¹58/10-ში პირველი სართულის ღია აივანზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა იმდაგვარად, რომ მას დარჩეს 6 კვ.მ ოთახი.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება თ. ც-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 29 მაისის განჩინებით თ. ც-ის წარმომადგენელ ლ. ც-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა თ. ც-ის წარმომადგენელმა ლ. ც-მ და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების განმარტება, რათა მხარისათვის გასაგები გახდეს სარეზოლუციო ნაწილში სასამართლო ლ. ც-ს გულისხმობს თუ თ. ც-ს, ამასთან, როგორ უნდა იქნას გაგებული ფრაზა _ “დარჩეს 6 კვ.მ ფართის ოთახი”, სად მდებარეობს იგი და რა იგულისხმება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის განჩინებით თ.ც-ის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 აბზაცის მეორე წინადადება განიმარტა იმდაგვარად, რომ “თ. ც-ს დაევალოს თბილისში, ... ქუჩა ¹58/10-ში პირველი სართულის ღია აივანზე აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, კერძოდ ისე, რომ თ. ც-ს დარჩეს 6 კვ.მ ფართის ოთახი”. რაც შეეხება განმცხადებლის მოთხოვნას გადაწყვეტილების დანარჩენ ნაწილში განმარტების შესახებ, აღნიშნული სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, ვინაიდან ჩათვალა, რომ ამგვარი განმარტება გამოიწვევდა გადაწყვეტილების შინაარსის შეცვლას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე თ. ც-ის წარმომადგენელმა ლ. ც-მ და ნ. ო-მა შეიტანეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს განცხადებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება და გადაწყვეტილების იმდაგვარად განმარტება, რომ მხარეს მიეთითოს სადავო აივნის რა სახით გადატიხვრით უნდა დარჩეს 6 კვ.მ ოთახი და რა იგულისხმება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ც-ის წარმომადგენელ ლ. ც-სა და ნ. ო-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის განჩინებით თ.ც-ის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 აბზაცის მეორე წინადადება განიმარტა იმდაგვარად, რომ “თ. ც-ს დაევალოს თბილისში, ... ქუჩა ¹58/10-ში პირველი სართულის ღია აივანზე აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, კერძოდ ისე, რომ თ. ც-ს დარჩეს 6 კვ.მ ფართის ოთახი”. დანარჩენ ნაწილში განცხადებას უარი ეთქვა, რაზეც განმცხადებლის წარმომადგენლებმა შეიტანეს კერძო საჩივარი.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ თ.ც-ის განცხადება გასაჩივრებულ ნაწილში მართებულად არ დააკმაყოფილა, კერძოდ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა თხოვნით განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ აღსრულებული არ არის და თუ არ გავიდა დრო, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

მითითებული ნორმით დასაშვებია გადაწყვეტილების შინაარსის იმგვარად განმარტება, რომ მისი შინაარსი მეტად გასაგები და ხელმისაწვდომი გახდეს მხარეთათვის. მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გასაჩივრებული პუნქტი რაიმე ბუნდოვან დებულებას არ შეიცავს და არც განსახილველი განცხადებით მისი შინაარსის გაურკვევლობა არ დგინდება, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ჩანაწერით ქ.თბილისში, ... ქ.¹58/10-ში მდებარე სახლის პირველი სართულის აივანზე თ. ც-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 1996 წლის განჩინებით მიეკუთვნა 6 კვ.მ შემინული აივანი. ფაქტობრივად, მხარემ დაიკავა 10 კვ.მ, რის გამოც თ. ც-ის უნდა დარჩეს ტექაღრიხვის სამსახურის მონაცემებში ასახული 6 კვ.მ, დარჩენილი ფართი კი წარმოადგენს მხარეთა საერთო საკუთრებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ც-ის წარმომადგენელ ლ. ც-სა და ნ. ო-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.