Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ ას-657-879-08 6 ოქტომბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. ი-აძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ს-ნკო

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილებების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ი-აძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ს-ნკოსა და ლ. ჭ.-ს მიმართ ა. მ.-სა და ლ. ს.-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილებების შეტანის შესახებ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ივლისის განჩინებით არასათანადო მოსარჩელე ლ. ი.-ე შეიცვალა სათანადო მოსარჩელით ქ. ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურით, ხოლო ლ. ი-აძე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლის თანახმად, საქმეში ჩართულ იქნა მესამე პირად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ქ. ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სარჩელი, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ი-აძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 მაისის განჩინებით ლ. ი-აძის სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლით: ლ. ი.-ე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის საფუძველზე ცნობილ იქნა არასათანადო მოსარჩელედ და ამავე კოდექსის 89-ე მუხლის თანახმად, ჩართულ იქნა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად, ლ. ი.-მ კი სათანადო მოსარჩელეობაზე თავად თქვა უარი და მისი თანხმობით საქმეში სათანადო მოსარჩელედ ჩაება ქ. ბათუმის მერიის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი იქნა მანანა მახარაძის მიერ გაცემული მიმართვა, რომლის თანახმადაც ა. მ.-ს მიერ 2003 წლის 5 ივნისს შედგენილი ანდერძი მის მიერვე იქნა გაუქმებული 2006 წლის 10 მაისს, რაც თავად ლ. ი.-ის მიერ იქნა დადასტურებული, ამდენად საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ლ. ი.-ის უფლებებსა და მოვალეობებზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში შეიძლება გაასაჩივრონ მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ი-აძემ, შემდეგი საფუძვლით: ლ. ი.-ე მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნით საქმეში ჩართული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლის თანახმად და არა ამავე კოდექსის 89-ე მუხლის თანახმად. ლ. ი.-მ პირველ ინსტანციის სასამართლოში მონაწილეობა მიიღო საქმის განხილვაში, დააფიქსირა თავისი მოთხოვნები და მოსაზრებები და ასევე მონაწილეობა მიიღო პაექრობაში, რის უფლებაც მას არ ექნებოდა თუ იგი საქმეში ჩაბმული იქნებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლით, ამდენად საქმეში არსებული განჩინება ლ. ი.-ის საქმეში მესამე პირად ჩართვის შესახებ და ჩატარებული სასამართლო სხდომები ეწინააღმდეგება ერთმანეთს. სააპელაციო სასამართლოში ლ.ს.-ს წარმომადგენელ ლ. ფ.-ის მიერ წარმოდგენილ იქნა შესაგებელი, დამატებითი სააპელაციო შესაგებელი და დამატებითი სააპელაციო საჩივრის დაზუსტება, რომელშიც თავად ლ. ფ.-ე აღნიშნავს, რომ მათ მიერ დარღვეულია შესაგებლის წარდგენის ვადა და ითხოვს, სასამართლომ ვადის დარღვევა ჩაუთვალოს საპატიოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით კი შესაგებლის წარდგენის ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი, ლ. ფ.-ის შესაგებელში კი არ არის მითითებული საპატიო მიზეზი და არ არის შესაბამისი მტკიცებულება წარმოდგენილი, სააპელაციო სასამართლომ კი გადაწყვეტილებას სწორედ შესაგებელში მითითებული გარემოებები დაუდო საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოს მიერ დასაშვებად იქნა მიჩნეული და მხოლოდ მის დასაშვებად მიღების შემდეგ გამოვლინდა დაუშვებლობის მიზეზი, თუმცა სასამართლომ არ მიუთითა დასაშვებობის მიზეზზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად, მოცემული განჩინება გასაუქმებლია, ასევე სასამართლო სხდომის ოქმები არ ასახავს ფაქტობრივად ჩატარებულ სხდომებს, იგი არასწორადაა შედგენილი და ეწინააღმდეგება საპროცესო ნორმებს, რის საფუძველზეც კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახალი განხილვისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ი-აძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, რომელიც საქმის განხილვის დროს დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, შეუძლია მოსარჩელის თანხმობით საქმის შეუწყვეტლად შეცვალოს თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით. ლ. ი.-ე ცნობილ იქნა არასათანადო მოსარჩელედ და მისივე თანხმობით ქ. ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური ჩართულ იქნა საქმეში სათანადო მოსარჩელედ, ამავე კოდექსის 89-ე მუხლის თანახმად, ყოველ დაინტერესებულ პირს, რომელიც არ აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით, რათა დაუშვას იგი საქმეში მესამე პირად მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეზე, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება ამ საქმეზე შეუძლია შემდგომი გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ. მესამე პირად დაშვების საკითხს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, წყვეტს სასამართლო. კერძო საჩივრის ავტორის მითითება იმის შესახებ, რომ იგი საქმეში ჩართული იყო მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით და სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველი, უსაფუძვლოა, ვინაიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 ივლისის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლის შესაბამისად ლ. ი.-ე ჩართულ იქნა საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მისივე თანხმობით (ს.ფ 130). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლით განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებსაც უფლებამოსილება გააჩნიათ, გაასაჩივრონ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით, კერძოდ _ მხარეებსა და მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. ლ.ი.-ე მოცემულ საქმეში ჩაბმულია მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.

ასევე უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მითითება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ ჯერ წარმოებაში მიიღო სააპელაციო საჩივარი და მერე დატოვა განუხილველად, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდა ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.

სასამართლო ვერ იმსჯელებს ლ. ი.-ის მოთხოვნაზე იმის შესახებ, რომ სასამართლო სხდომის ოქმები არ ასახავს ფაქტობრივად ჩატარებულ სხდომებს, იგი არასწორადაა შედგენილი და ეწინააღმდეგება საპროცესო ნორმებს, ვინაიდან ამავე კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად სხდომის ოქმზე ხელმოწერიდან სამი დღის ვადაში მხარეებს და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი შენიშვნები ოქმთან დაკავშირებით, მიუთითონ მის უსწორობასა და უსრულობაზე, ამავე კოდექსის 289-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ოქმი მომზადებული და ხელმოწერილი უნდა იქნეს არა უგვიანეს სამი დღისა სხდომის დამთავრების ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ. კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 20 და 23 მაისის სასამართლოს სხდომის ოქმებზე შენიშვნები წარადგინა 30 მაისს, ე.ი. შენიშვნების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად ლ. ი.-ის წარმომადგენელ თ. ი.-ის შენიშვნები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 20 და 23 მაისის სხდომის ოქმებზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. ი.-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. ი-აძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.