საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-658-880-08 22 ოქტომბერი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ვ. ს-ოვა(მოსარჩელე)
წარმომადგენელი----კ. ნ-იძე
მოწინააღმდეგე მხარე- ა. და მ. ჯ-აძეები (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 6 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა ვ. ს-ოვამ და მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის, მ. და ა. ჯ.-ებისათვის ფულადი თანხების 1844 აშშ დოლარისა და 3000 ლარის ოდენობით დაკისრება. ამავე სასამართლოს 2008 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. ს-ოვას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელე ვ. ს-ოვამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ივნისის განჩინებით ვ. ს-ოვას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
დადგენილია, რომ 2008 წლის 3 აპრილის ხარვეზის განჩინებით აპელანტს, ვ. ს-ოვას ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღე. აღნიშნული განჩინება ვ. ს-ოვას და მის წარმომადგენელს კ. ნ-იძეს გაეგზავნა არაერთგზის სააპელაციო საჩივარზე მითითებულ მისამართზე. საფოსტო გზავნილზე ფოსტის კურიერის მიერ გაკეთებული შენიშვნით ირკვევა, რომ ვ. ს-ოვა აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს და დიდი ხანია იმყოფება რუსეთში. დადგენილია, რომ ვ. ს-ოვას წარმომადგენელს კ. ნ-იძეს ხარვეზის განჩინება, ჩაბარდა 2008 წლის 12 მაისს.
სააპელაციო პალატა მიიჩნია, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ს-ოვას წარმომადგენელმა კ. ნ-იძემ.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ვ. ს-ოვა ირიცხება სოციალურად დაუცველ ფენათა სიაში, საქმეში წარმოდგენილია შესაბამისი დოკუმენტები. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით მათ მიერ ვადაში გამოგზავნილი იქნა განცხადება ხარვეზთან დაკავშირებით, კერძოდ ხელზე გამოატანა სამარშრუტო ავტობუსის მძღოლს, რომელმაც მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ ან არ მიიტანა სააპელაციო სასამართლოში, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და ხარვეზი ჩაეთვალოს შევსებულად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა კერძო საჩივარი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებულ მისამართის მიხედვით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მასამართზე უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტს, ვ. ს-ოვას ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღე. აღნიშნული განჩინება ვ. ს-ოვას და მის წარმომადგენელს კ. ნ-იძეს არაერთგზის გაეგზავნათ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. საფოსტო გზავნილზე ფოსტის კურიერის მიერ გაკეთებული შენიშვნით ირკვევა, რომ ვ. ს-ოვა აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს და დიდი ხანია იმყოფება რუსეთში (ს.ფ. 82-84, 90-92, 93-94).
ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლოს სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება (იგულისხმება განჩინება) მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდა ერთ-ერთ მათგანს. წარმომდგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. საქმეზე დადგენილია, რომ ვ. ს-ოვას წარმომადგენელს კ. ნ-იძეს 2008 წლის 12 მაისს ხარვეზის განჩინება ჩაბარდა კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად.(ს.ფ.96)
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რომლის თანახმად თუ სააპელაციო საჩივარზე ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად კი, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ განჩინებით დანიშნული ვადის დაცვით განცხადება ხარვეზთან დაკავშირებით ხელზე გამოატანა სამარშრუტო ავტობუსის მძღოლს, რომელმაც მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ ან არ მიიტანა სააპელაციო სასამართლოში, მითითებულ გარემოებას საკასაციო პალატა ვერ მიიჩნევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის თანახმად ისეთ საპატიო მიზეზად, რაც შეიძლება ჩაითვალოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ვ. ს-ოვას წარმომადგენლის კ. ნ-იძის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ს-ოვას წარმომადგენლის კ. ნ-იძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ივნისის განჩინება
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.