ას-659-1036-06 1 მარტი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი. კ-ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ გ. კ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ბ-ე (მოპასუხე)
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და ბინიდან გამოსახლება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. კ-ის წარმომადგენელმა გ. კ-მ სასარჩელო განცხადება შეიტანა სასამართლოში ზ. ბ-ის წინააღმდეგ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მან მოპასუხისაგან შეიძინა საცხოვრებელი ბინა. აღნიშნული ბინა რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში ი. კ-ის სახელზე. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ზ. ბ-ე არ ათავისუფლებს ბინას. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის ბინიდან გამოსახლება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ზ. ბ-ე გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ზ. ბ-მ შეიტანა სააპელაციო საჩივარი.
ზ. ბ-მ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 19 ივნისის განჩინებით ზ. ბ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო ი. კ-ის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლს.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი. კ-ის წარმომადგენელმა გ. კ-მ. მან მიუთითა, რომ სასამართლოს განჩინება ყადაღის დადების თაობაზე უსაფუძვლოა, რადგან ბინის გაყიდვას იგი არ აპირებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ი. კ-ის წარმომადგენელ გ. კ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, აგრეთვე მითითებას იმაზე, თუ უზრუნველყოფის რომელი Yღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს საჭიროდ.
ამავე კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად.
აღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის გამოუყენებლობით გადაწყვეტილების აღსრულება დაბრკოლდება, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე მიიღებს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 19 ივნისის განჩინებით, ყადაღა დაედო ი. კ-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ, საცხოვრებელ სახლზე ყადაღის დადება შეესაბამება კანონით დადგენილ წესებს.
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის განჩინებაში სასამართლომ მიუთითა სააპელაციო საჩივრის შესაძლო დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ განჩინებაში მიუთითა, რომ საფუძვლიანია განმცხადებლის მითითება იმის შესახებ, რომ შესაძლებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ი. კ-მა ბინა გაყიდოს და გართულდეს გადაწყვეტილების აღსრულება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღების შემდეგ, მხარეებს არ ერთმევათ უფლება გაყიდონ ან სხვა გზით გაასხვისონ დავის საგანი, ანდა დათმონ თავიანთი მოთხოვნა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფას გამოიყენებს იმ შემთხვევაში, თუ მიაჩნია, რომ აცილებული იქნება მოპასუხის მხრიდან ქონების შესაძლო განკარგვა. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, სარჩელი დაკმაყოფილდება თუ არა, განცხადების შინაარსიდან გამომდინრე სასამართლოს უფლება აქვს გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის შესაბამისი ზომა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ სწორად იქნა შერჩეული უზრუნველყოფის ღონისძიებად – საცხოვრებელ სახლზე ყადაღის დადება და არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. კ-ის წარმომადგენელ გ. კ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.