Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-659-881-08 13 ოქტომბერი, 2008წ.

¹ თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ რ. დ-აძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ რ. დ-აძე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მაისის განჩინება

სარჩელის საგანი _ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 17 იანვარს რ. დ-აძემ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე რ. დ-აძის მიმართ.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ _ 2005 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...-ში. მანამდე იგი ცხოვრობდა ბათუმში, ...-ის ქ. ¹...-ში მდებარე ¹17 ბინაში, რომელიც საკუთრებაში გადასცა თავის ვაჟიშვილს, მოპასუხე რ. დ-აძეს. ამ უკანასკნელის დაჟინებული თხოვნით 2005 წლის წლის 17 მაისს სოფელ ...-ში არსებული სახლი მოსარჩელემ გააჩუქა შვილიშვილზე. სახლის გაჩუქებაზე არსებითი გავლენა იქონია იმ გარემოებამ, რომ მოპასუხე მას სიცოცხლის ბოლომდე სათანადო მოვლა-პატრონობას დაჰპირდა. ჩუქების ხელშეკრულების დადებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როდესაც რ. დ-აძისათვის ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელე დაოჯახებას აპირებდა, რ. დ-აძის მიმართ მისი დამოკიდებულება შეიცვალა, იგი მოსარჩელეს ყოველმხრივ ზღუდავდა და ქონებით სარგებლობის შესაძლებლობას არ აძლევდა. რამდენადაც სადავო ქონების გაჩუქებამ რ. დ-აძის საარსებო წყაროს გარეშე დარჩენა გამოიწვია, 2005 წლის 18 მაისის ჩუქების ხელშეკრულება გაუქმებას ექვემდებარებოდა (ს.ფ. 1-2).

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით რ. დ-აძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 520-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. რ. დ-აძის ჩვენებაზე დაყრდნობით რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მის მიმართ ოჯახის წევრები არ იჩენდნენ უმადურობას და უპატივცემულობას და არც შეურაცხყოფას აყენებდნენ მას. მოსარჩელის მოტივაცია, რომ მისმა რძალმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მის არარეგისტრირებულ მეუღლეს და მასთან ერთად არ სადილობდნენ, რაიონულმა სასამართლომ მძიმე შეურაცხყოფად ან დიდ უმადურობად არ მიიჩნია, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნული მოტივით ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებაზე არ დააკმაყოფილა (ს.ფ. 37-40).

რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. დ-აძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 46-49).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მაისის განჩინებით რ. დ-აძის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება რ. დ-აძეს ჩაჰბარდა 2008 წლის 31 მარტს, ხოლო ამ უკანასკნელმა სააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში შეიტანა 2008 წლის 16 აპრილს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 14-დღიანი ვადის დარღვევით (ს.ფ. 56-58).

დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა რ. დ-აძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება მას ჩაჰბარდა არა 2008 წლის 31 მარტს, როგორც ეს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაშია აღნიშნული, არამედ 2 აპრილს, რაც არასარწმუნოობის შემთხვევაში შეუძლიათ დაადასტურონ მისმა მარწმუნებელმა და შესაბამისმა მოწმემაც. აღნიშნულის გათვალისწინებით, რ. დ-აძეს სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა არც ერთი დღით არ დაურღვევია (ს.ფ. 68-69).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრისა და საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. დ-აძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მაისის განჩინება უცვლელად დარჩეს შემდეგ, გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება რ. დ-აძეს გაეგზავნა 25 მარტს და ჩაჰბარდა 2008 წლის 31 მარტს (ს.ფ. 44), ხოლო სააპელაციო საჩივარი ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე რ. დ-აძემ 2008 წლის 16 აპრილს შეიტანა (ს.ფ. 46-49)

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლის მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი რჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. დ-აძემ გაუშვა სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონმდებლობით დადგენილი ვადა, რის გამოც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი სწორად იქნა დატოვებული განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. დ-აძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.