Facebook Twitter

ას-660-966-09 27 ივლისი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ს. მ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ა., სი., ლ. ს-ები (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინებები _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება, წილის ნატურით გამოყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა., სი. და ლ. ს-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ს. მ-ის, ქ. თბილისის ............ დეპარტამენტისა და ქ. თბილისის ........... რაიონის გამგეობის მიმართ საზიარო უფლების გაუქმებისა და წილის ნატურით გამოყოფის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1974 წლიდან ა. სა-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ს. მ-ის ძმასთან _ ს. ს-თან და მათთან ერთად ცხოვრობდა თბილისში, ......... ქუჩა ¹12-ში მდებარე სახლში. ქორწინების პერიოდში შეეძინა ორი შვილი _ ლ. და სი. ს-ები. ერთად ცხოვრების მანძილზე მხარეები ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ა. ს-ის უშუალო მონაწილეობით განხორციელდა როგორც არსებული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია, ასევე ახალი სხვადასხვა სამეურნეო თუ საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაგებობების მშენებლობა. აღნიშნულ მისამართზე მდებარე სახლი ირიცხებოდა ს. მ-ის სახელზე. ოჯახური უსიამოვნების ნიადაგზე ა. ს-მა 1987 წელს მიმართა ქ. თბილისის ლენინის რაიონის სახელობის სახალხო სასამართლოს. აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა და ა. ს-ს შვილებთან ერთად გამოეყო 40.01 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, ხოლო დამხმარე საყოფაცხოვრებო ნაგებობა დარჩა საერთო სარგებლობაში. საერთო სარგებლობაში დარჩა ასევე მიწის ნაკვეთიც ეზოს სახით. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში საერთო სარგებლობაში არსებული მთლიანი ფართი მოსარჩელეთა თანხმობის გარეშე აღირიცხა მოპასუხე ს. მ-ის სახელზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეები არ წარმოადგენენ 40,01 კვ.მ საცხოვრებელი ფართის მესაკუთრეებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ა., სი. და ლ. ს-ებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ივნისის განჩინებით აპელანტთა შუამდგომლობა სხვა ადმინისტრაციული საქმის განხილვამდე საქმის წარმოების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა კატეგორიის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა ამ საქმის გადაწყვეტისას. მოცემულ შემთხვევაში პალატამ ჩათვალა, რომ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს განსახილველი საქმისათვის, შესაბამისად, არსებობს საქმის წარმოების შეჩერების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

სააპელაციო სასამართლოს ამავე თარიღის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ს. მ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რაზეც შეტანილი კერძო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ივლისის განჩინებით დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 ივნისის განჩინებაზე ს. მ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტთა მოთხოვნას წარმოადგენს საზიარო უფლების გაუქმება, მათ საკუთრებაში არსებული ქონების _ 40,01 კვ.მ საცხოვრებელი ფართის პროპორციულად მიწის ნაკვეთისა და არასაცხოვრებელი ფართის ნატურით გამოყოფა, შესაბამისად, დავის საგანია ქონებაზე საზიარო უფლება და არა თავად ქონება. აპელანტებმა ზემოხსენებულ ქონებაზე საკუთრების უფლება მოიპოვეს სასამართლოს 2005 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე. ამჟამად, აღნიშნული გადაწყვეტილება ბათილადაა ცნობილი, რის გამოც კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობისა და “საჯარო რეესტრის შესახებ” 26-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის საფუძველზე, 2009 წლის 15 აპრილს გაუქმდა აპელანტთა საკუთრების უფლება სადავო 40.01 კვ.მ-ზე და გაიცა ახალი ამონაწერი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, სასამართლო შეაჩერებს საქმის წარმოებას, თუ გამოარკვევს, რომ მისი განხილვა სხვა საქმის წარმოების დასრულებამდე ობიექტურად შეუძლებელია.

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრისა და 2009 წლის 19 თებერვლის განჩინებებით ირკვევა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განახლდა საქმის განხილვა სი. ს-ის სარჩელის გამო ს. მ-ისა და ქ. თბილისის ........... სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ ს. მ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობისა და საჯარო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ზემოხსენებული ადმინისტრაციული საქმის განხილვის შედეგი არსებითად გავლენას იქონიებს განსახილველი დავის სამართლებრივ შედეგზე, ვინაიდან ა., სი. და ლ. ს-ების სასარჩელო მოთხოვნა ს. მ-ის, ქ. თბილისის ........... დეპარტამენტისა და ქ. თბილისის ............ რაიონის გამგეობის მიმართ საზიარო უფლების გაუქმებისა და წილის ნატურით გამოყოფის შესახებ ეფუძნება სწორედ ქ. თბილისში, ............ ქ. ¹12-ში მდებარე უძრავი ქონების მოსარჩელეთა საკუთრების უფლებას, რომლის გაუქმების შემთხვევაში ზემოხსენებულ ქონებაზე მხარეთა საზიარო უფლება აღარ იარსებებს და, შესაბამისად, წილის ნატურით გამოყოფის მოთხოვნაც მნიშვნელობას დაკარგავს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად შეაჩერა მოცემული საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მიმდინარე დავის განხილვამდე, ხოლო კერძო საჩივრის ავტორს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლის არსებობა სათანადოდ არ დაუსაბუთებია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.