Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№450აპ-17 ქ. თბილისი

ს-ი გ, 450აპ-17 15 იანვარი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ივნისის განაჩენზე აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსი პროკურორის - რამაზ შავაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 მარტის განაჩენით გ. ს-ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე. გ. ს-ი, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით; საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ერთმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა მეორე ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ. ს-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 3 წლით. გ. ს-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 18 ივნისიდან. გ. ს-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2016 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 03:40 საათზე, -ში, ჯ-ის ქუჩის N საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, არაფხიზელმა გ. ს-მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ჩხუბის დროს ა. ფ-ეს მარცხენა ბარძაყში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა, რამაც ხანმოკლე მოშლით მისი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება გამოიწვია. იმავდროულად ხსენებული დანით განზრახ მოკვლის მიზნით, ა. ფ-ის თანმხლებ გ. ზ-ს წელზე მიაყენა ორი ნაკვეთი ჭრილობა, ხოლო მუცელში - ერთი შემავალი ჭრილობა. გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გ. ზ-ი სიკვდილს გადაურჩა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანას, გ. ს-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 120-ე და სსკ-ის 19.108-ე მუხლებით და მკაცრი სასჯელის დანიშვნას. კასატორის მითითებით, სახელმწიფო ბრალდებამ დაადასტურა, თუ როდის გაუჩნდა გ. ს-ს გ. ზ-ის მკვლელობის განზრახვა. დაზარალებულ გ. ზ-ის ჩვენების თანახმად, იგი გ. ს-ის მიერ ა. ფ-ის დაჭრის შემდეგ გასაშველებლად მივიდა, რა დროსაც გ. ს-მა თავად მოწმეც დაჭრა. კონფლიქტის დროს დანა გ. ს-ის გარდა არავის ჰქონია და დაზარალებულს არ შეუძლია ახსნას მიზეზი, რატომ მიაყენა მას გ. ს-მა სამი ჭრილობა. შ. მ-ის ჩვენების თანახმად კი, გაშველების პროცესში მან დაინახა, გ. ს-ის მოქნეული დანა როგორ მოხვდა მუცელში გ. ზ-ს, ხოლო ა. ფ-ე წაქცეული, ნახევრად მჯდომ მდგომარეობაში იყო.

6. კასატორის მითითებით, სასამართლოს ყურადღება უნდა მიეპყრო დანაშაულის ჩადენამდე ბრალდებულსა და დაზარალებულებს შორის ურთიერთდამოკიდებულებაზე (კონფლიქტის ინიციატორი იყო ბრალდებული), დანაშაულის ჩადენის ხერხსა და იარაღზე (დანის მრავალჯერ ჩარტყმა სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან მიდამოებში), მიყენებული დაზიანების ხასიათსა და ლოკალიზებაზე. გ. ზ-ი მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით და იგი თავდაცვით მდგომარეობაში არ იმყოფებოდა.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგ. იხ. №227აპ-16 გადაწყვეტილება), ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

10. ბრალდების მხარის პოზიცია, რომ გ. ს-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით. საკასაციო პალატა გ. ს-ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას მართებულად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მიღებულ გადაწყვეტილებაში იმსჯელა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უტყუარად ვერ ადასტურებდნენ გ. ს-ის მიერ გ. ზ-Fის მოკვლის განზრახვას. სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და, შესაბამისად, გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსი პროკურორის - რამაზ შავაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე