Facebook Twitter

¹

¹ბს-1063-644(კ-05) 13 აპრილი, 2006

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: ფიქსირებული გადასახადის დაწესების შესახებ აქტის, საგადასახადო გირავნობის შესახებ შეტყობინების ბათილად ცნობა, საცხოვრებელ სახლზე ყადაღის მოხსნა.

აღწერილობითი ნაწილი:

ზ. ტ-მა სარჩელი აღძრა რაიონულ სასამართლოში გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მიუთითა, რომ 2004წ. ივნისში გორის მიწის მართვის სამმართველოში შეიტყო, რომ მისი კუთვნილი ბინა, მდებარე ქ. გორში, ...... დაყადაღებული და დაგირავებული იქნა გორის საგადასახადო ინსპექციის შეტყობინების საფუძველზე. მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს და გაარკვია, რომ ინსპექციის თანამშრომლებს 18.08.02წ. აუზომიათ პურის საცხობის ფართი, რის საფუძველზეც დაეკისრა ფიქსირებული გადასახადის გადახდა თვეში 1200 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ საგადასახადო ინსპექციის მიერ შედგენილი აქტი არ შეესაბამება საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნას, მასზე არ არის შესამოწმებელი პირის ხელის მოწერა და არც ხელის მოწერაზე უარი. აქტის და მის საფუძველზე შედგენილი მოხსენებითი ბარათების საფუძველზე მიღებული აქვს შეტყობინება მის კუთვნილ ბინაზე საგადასახადო გირავნობის უფლების წარმოშობის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საგადასახადო ინსპექციის ინსპექტორების მიერ 18.08.02წ. შედგენილი აქტის და მისი თანამდევი შედეგის ბათილად ცნობა.

გორის რაიონული სასამართლოს 22.09.04წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ინდ. მეწარმე «ზ. ტ-ის» სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი გორის საგადასახადო ინსპექციის ინსპექტორების 18.08.02წ. აქტი და 97.07.03წ. შეტყობინება ¹639 საგადასახადო გირავნობის უფლების წარმოშობის შესახებ, რომლის საფუძველზეც დაყადაღდა და დაგირავებულ იქნა ქ. გორში, ........ მდებარე ზ. ტ-ის ბინა. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ არ იცოდა საგადასახადო ინსპექციის მიერ მისთვის ფიქსირებული გადასახადის, თვეში 1200 ლარის‚ დაკისრების შესახებ. მოსარჩელისათვის უცნობი იყო აქტით მისთვის ყოველთვიურად ფიქსირებული გადასახადის დაკისრების შესახებ. შენობის ფართის აზომვისას ინსპექციის თანამშრომლებისათვის ცნობილი იყო, რომ საცხობი არ ფუნქციონირებდა. 18.08.02წ. შედგენილი აქტის შესახებ საგადასახადო ინსპექციამ წერილით მხოლოდ 16.06.04წ. აცნობა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის 1200 ლარის ძირითადი დავალიანების, 9300 ლარის‚ საურავის დაკისრება.

სააპელაციო პალატის 30.05.05წ. საოქმო განჩინებით არასათანადო მოსარჩელე ზ. ტ-ი შეცვლილ იქნა სათანადო მოსარჩელედ შპს «ტ-ი». იმავე დღეს მიღებული გადაწყვეტილებით გორის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 22.09.04წ. გადაწყვეტილება და სააპელაციო პალატის მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს «ტ-ას» სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ზ. ტ-თვის უცნობი იყო საგადასახადო ინსპექციის მიერ აქტის შედგენის და შემდგომში ფიქსირებული გადასახადის დაკისრების თაობაზე, მას არ გაუხდია სადავოდ არც საცხობის ფართის და არც ფიქსირებული გადასახადის ოდენობა. საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის 63-ე ნაწილის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო საგადასახადო ინსპექციისაცვის წერილობით ეცნობებინა საცხობის კონსერვაციის შესახებ, რაც ზ. ტ-ს არ განუხორციელებია.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 30.05.05წ. გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა შპს «ტ-ას» დირექტორის ზ. ტ-ის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ უმართებულოდ არ გაიზიარა მოსაზრება იმის შესახებ, რომ მისთვის უცნობი იყო საგადასახადო ინსპექციის მიერ აქტის შედგენის და ამ აქტის საფუძველზე ფიქსირებული გადასახადის დაკისრების ფაქტი. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ აქტი არ შეესაბამება 1997წ. საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებს, ხოლო სზაკ-ის მე-60.1 მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული აქტი და მისი თანამდევი შედეგები ბათილად უნდა გამოცხადდეს, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ საცხობის აზომვის კანონიერად მიჩნევის შემთხვევაშიც კი თვეში 1200 ლარის ფიქსირებული გადასახადის დაკისრება თავისთავად კაბალურ ხასიათს ატარებდა, რის გამოც ორიოდე თვეში გაუქმებულ იქნა საგადასახადო კოდექსის შესაბამისი მუხლი. სასამართლომ არ გაითვალისწინა‚ აგრეთვე, რომ 2002წ. აგვისტოში ბინა, მაღაზია და საცხობი გაიქურდა და არ ფუნქციონირებდა, რის თაობაზეც ინსპექცია ზეპირსიტყვიერად ინფორმირებული იყო. კასატორი თვლის, რომ ობიექტის აზომვა ჩატარდა არასწორად და ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებას.

საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა და მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმყაოფილება. საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნეს და ითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საღუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ 18.08.02წ. გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლების მიერ მოხდა პურის საცხობის აზომვა, რის საფუძველზეც მოსარჩელეს დაერიცხა ფიქსირებული გადასახადი თვეში 1200 ლარის ოდენობით. 2003წ. ივლისის მდგომარეობით შპს «ტ-ას» მიერ ბიუჯეტის დავალიანებამ 6500 ლარი შეადგინა, რის საფუძველზეც საგადასახადო ინსპექციის მიერ 07.07.03წ., იმჟამად მოქმედი საგადასახადო კოდექსის 244-ე და 245-ე მუხლების საფუძველზე, შედგა შეტყობინება საგადასახადო გირავნობის უფლების წარმოშობის შესახებ. საფუძვლიანია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ზ. ტ-თვის ცნობილი იყო საგადასახადო ინსპექტორების მიერ საცხობის აზომვის შესახებ, ვინაიდან ზ. ტ-მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილი იყო საცხობის აზომვის და ფიქსირებული გადასახადის ოდენობის თაობაზე. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო საგადასახადო ინსპექციისათვის წერილობით ეცნობებინა საცხობის კონსერვაციის შესახებ, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის 63-ე ნაწილის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანა ან ამ რეჟიმის მოხსნა ხორციელდება გადამხდელის გადაწყვეტილებით, რის შესახებაც მან საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე წერილობით უნდა აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს. კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანილი ღუმელი (თონე) ილუქება შესაბამისი საგადასახადო ორგანოს ლუქით. კასატორს საცხობის კონსერვაციის თაობაზე განცხადებით საგადასახადო ინსპექციისათვის არ მიუმართავს. კანონმდებლობის მიხედვით მხოლოდ კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანილი ღუმელი (თონე) არ მიიღებოდა მხედველობაში გადასახადის გაანგარიშებისას.

ზემოაღნიშნულთან ერთად, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით 18.08.02წ. აქტის ბათილად ცნობასთან ერთად მოითხოვდა აგრეთვე სხვა შედეგების ბათილად ცნობას. სასარჩელო განცხადებაში ზ. ტ-ი აღნიშნავდა, რომ მისი კუთვნილი ბინა‚ მდებარე ქ. გორი, ....... დაყადაღებულია და დაგირავებულია გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ. საქმის მასალებით დასტურდება. რომ გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 07.07.03წ. ¹639 შეტყობინებით, საგადასახადო კოდექსის 244-ე, 245-ე მუხლების საფუძველზე, შპს «ტ-ას» დირექტორს ზ. ტ-ს ეცნობა საწარმოს ქონების მიმართ სახელმწიფოს სასარგებლოდ გირავნობის უფლების წარმოშობის და დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში ამ ქონების დაყადაღების შესახებ. საგადასახადო კოდექსის 245-ე მუხლის I-ლი ნაწილის თანახმად, ქონებაზე ყადაღის დადება არის გირავნობის უფლების რეალიზაცია, საგადასახადო გირავნობა ვრცელდება საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე. გორის რ-ნის მიწის მართვის სამმართველოს 17.06.04წ. ¹295 ცნობის თანახმად ქ. გორში, ....... მდებარე საცხოვრებელი ბინა, აღრიცხულია ზ. ტ-ის სახელზე, შპს «ტ-ას» ¹639 შეტყობინების საფუძველზე, ერიცხება ბიუჯეტის დავალიანება 6600 ლარი. საქმის მასალებით დასტურდება. რომ საცხოვრებელი ბინა იმყოფება ზ. ტ-ის და არა შპს «ტ-ას» საკუთრებაში. შპს «ტ-ა» რეგისტრირებულია გორის რაიონული სასამართლოს მიერ 16.08.96წ., რეესტრი ¹......., საზოგადოების დირექტორია ზ. ტ-ი, გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ შპს «ტ-ას» მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო კოდი ¹........., საქმიანობის სახეობად მითითებულია პურის ცხობა. აღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატის 30.05.05წ. სხდომაზე პალატის მიერ ზ. ტ-ი მიჩნეულ იქნა არასათანადო მოსარჩელედ, არასათანადო მოსარჩელე შეიცვალა სათანადო მოსარჩელედ, შპს «ტ-ი». საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს «ტ-ა» სათანადო მოსარჩელეა საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლების მიერ 18.08.02წ. აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის მიმართ, საგადასახადო გირავნობის უფლების წარმოშობის შესახებ 07.07.03წ. ¹639 შეტყობინების მიმართ, რაც შეეხება საცხოვრებელ სახლზე ყადაღის დადებას, მოთხოვნის ამ ნაწილის მიმართ ზ. ტ-ი სათანადო მოსარჩელეა. საქმის მასალების (შპს «ტ-ას» წესდება, ქ. გორის სასამართლოს 16.08.96წ. დადგენილება შპს «ტ-ას» რეგისტრაციის შესახებ, მიწის მართვის სამმართველოს 17.0604წ. ცნობა) მიხედვით არ დასტურდება, რომ ქ. გორში, ....... მდებარე სახლი იმყოფება შპს «ტ-ას» საკუთრებაში. საქმეზე არ არის დადგენილი საცხოვრებელ სახლზე ყადაღის დადების ფაქტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში სასამართლოს უნდა ემსჯელა აღნიშნულის მართლზომიერებაზე, მოთხოვნის ამ ნაწილის მიმართ სათანადო მოსარჩელედ უნდა ცნობილიყო არა შპს «ტ-ა», არამედ საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე, ფიზიკური პირი ზ. ტ-ი.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო ინსპექციის ინსპექტორების მიერ 18.08.02წ. შედგენილი აქტის ბათილად ცნობა არ გამოიწვევს საცხობის ფიქსირებული გადასახადის გაუქმებას, ვინაიდან აქტის შედგენის გარეშეც გადასახადის გადამხდელი, შპს «ტ-ა» ვალდებული იყო გადაეხადა საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფიქსირებული გადასახადი, რომლის ოდენობა საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის 63-ე ნაწილის თანახმად ფიქსირებული გადასახადის განაკვეთზე და მოქმედი ღუმელის ფართობზე იყო დამოკიდებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაირკვეს‚ მოსარჩელის უფლებადამცავი ინტერესი 18.08.02წ. შედგენილი აქტის ბათილად ცნობის მიმართ, დავის საგნის დაზუსტების შედეგად უნდა გაირკვეს‚ გააჩნია თუ არა მოსარჩელეს პრეტენზია მასზე დაკისრებული ფიქსირებული გადასახადის ოდენობის და შესაბამისად გადასახადის განაკვეთისა და საცხობის ფართობის მიმართ, უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში გარკვევას საჭიროებს დაკისრებული თანხის ოდენობის სისწორე.

ზემოაღიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საჭიროა საქმის გარემოებების დამატებითი გამოკვლევა, დავის საგნის და პროცესის მონაწილეთა სტატუსის დაზუსტება. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე არსებითი განხილვისათვის უნდა გადაეგზავნოს თბილისის სააპელაციო პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «ტ-ას» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 30.05.05წ. გადაწყვეტილება, საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

2. საქართველოს უზენაესი სასამათლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.