¹ას-664-1041-06 26 თებერვალი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – ნ. ა-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ა-ი (მოსარჩელე)
დავის საგანი _ ბინიდან გამოსახლება
განმცხადებელის მოთხოვა – ქ.თბილისში, გლდანის მასივი, “ა” მ/რ, 70 კორპუსი, ბინა ¹36-ში მდებარე ბინაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადება
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ. ა-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მოთხოვნებს, რაც აღნიშნული განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველს წარმოადგენს.
ა. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ა-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების თაობაზე.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ის განქორწინებულია ნ. ა-სთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი – ვ. ა-ი. მოპასუხე თავის შვილთან ერთად, რომელიც პირველი ქორწინებიდან ჰყავს, ცხოვრობს მის კუთვნილ ბინაში, რის გამოც ის და მისი შვილი იძულებულნი არიან დაიქირავონ ბინა. მოსარჩელემ მოითხოვა ნ. ა-ის ბინიდან გამოსახლება.
ნ. ა-მ შეგებებული სარჩელი შეიტანა სასამართლოში და მიუთითა, რომ სადავო ბინა შეიძინეს ქორწინების პერიოდში და წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. გარდა ამისა, ავტომანქანას, რომელსაც ფლობს ა. ა-ი, წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. ნ. ა-მ მოითხოვა როგორც ბინის, ასევე ავტომანქანის თანამესაკუთრედ ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 აპრილის განჩინებით ა. ა-ის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, შეწყდა საქმის წარმოება. ამავე სასამართლოს 2006 წლის 2006 წლის 23 მაისის განჩინებით კი ნ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. ა-მ (სფ.92), ვინაიდან სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში არ იყო წარმოდგენილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი (სფ. 96).
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ა-მ (სფ. 99).
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მას არ დაურღვევია გასაჩივრების ვადა, რადგან დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა არა მას, არამედ მის საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებ ს. დ-ს. აქედან გამომდინარე, ნ. ა-მ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინებით ნ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 სექტემბრის განჩინება.
2007 წლის 23 თებერვალს ნ. ა-მ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სადავო ბინაზე ყადაღის დადება. განმცხადებლის განმარტებით, ვინაიდან სადავო ბინას არ ადევს Yყადაღა, დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება გაასხვისოს ბინა, რის გამოც მისი (განმცხადებლის) სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდება, რითაც მიიღებს, როგორც მატერიალურ ისე მორალურ ზარალს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა განცხადების მოტივების შემოწმების, საქმის მასალების განხილვის შედეგად თვლის, რომ ნ. ა-ის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინებით ნ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 სექტემბრის განჩინება.
2007 წლის 23 თებერვალს ნ. ა-მ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სადავო ბინაზე ყადაღის დადება. განმცხადებლის განმარტებით, ვინაიდან სადავო ბინას არ ადევს Yყადაღა, დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება გაასხვისოს ბინა, რის გამოც მისი (განმცხადებლის) სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდება, რითაც მიიღებს, როგორც მატერიალურ ისე მორალურ ზარალს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებიათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
სარჩელის უზრუნველყოფა ესაა გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებლისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, მოპასუხის მიერ თავისი ქონების ან ფულადი სახსრების განკარგვის უფლების შეზღუდვის გზით. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაში უნდა იყოს მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების აუცილებლობის შესახებ. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან სადავო ბინას არ ადევს ყადაღა, დაინტერესებულ პირს აქვს საშუალება გაასხვისოს ბინა, რის გამოც მისი (განმცხადებლის) სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდება, რითაც მიიღებს, როგორც მატერიალურ ისე მორალურ ზარალს.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განჩინებით ნ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 სექტემბრის განჩინება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან ნ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 სექტემბრის განჩინება, ამიტომ არ არსებობს განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ა-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით სადავო ბინაზე ყადაღის დადების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.