საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-665-886-08 6 ოქტომბერი, 2008წ.
¹ თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) _ ე. ტ-აძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ე. ჯ-იძე (მოსარჩელე)
მოპასუხე _ ნ. ტ-აძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ საქმეზე წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2002 წლის 16 აგვისტოს ხაშურის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ე. ჯ-იძემ მოპასუხეების _ ე. და ნ. ტ-აძეების მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დაბა ...-ში, ...-ს ქ. ¹14-ში მდებარე მის კუთვნილ მიწის ნაკვეთსა და სათავსზე მოპასუხეთა უკანონო მფლობელობისა და სარგებლობის აღკვეთა, აგრეთვე, მასა და მოპასუხეების ეზოებს შორის სასაზღვრო მიჯნის აღდგენისას ხელშეშლის აღკვეთა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ დაბა ...-ში, ...-ს ქ. ¹14-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთით წარმოადგენდა მის საკუთრებას, რომელსაც სამხრეთით ესაზღვრებოდა ე. ტ.-ის ნაკვეთი. მხარეთა მიწის ნაკვეთებს შორის არსებობდა ღობე, რომელიც დროთა განმავლობაში დაძველდა და დაიშალა. რამდენადაც მოსარჩელის ოჯახი მუდმივად არ ცხოვრობდა ...-ში, მოპასუხე შეეცადა ე. ჯ.-ის მიწის ნაკვეთი და სახლთან მიშენებული სათავსი მიეთვისებინა. ამ მიზნით მოპასუხემ ე. ჯ.-ის ნებართვის გარეშე მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე დააყენა მანქანები, მოაწყო ბოსტანი, სათავსში მოათავსა თავისი ნივთები.
მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ე. ტ.-ე განაგრძობდა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფლობას და არ იძლეოდა ახალი სასაზღვრო მიჯნის აღმართვის შესაძლებლობას. აღნიშნული გარემოება ე. ჯ.-ის, როგორც მესაკუთრის უფლებებს მნიშვნელოვნად არღვევდა (ს.ფ. 2-3).
2002 წლის 9 ოქტომბერს იმავე სასამართლოში ე. ტ.-მ შეგებებული სარჩელი წარადგინა, რომელშიც მოპასუხედ ე. ჯ.-ე დაასახელა. შეგებებული სარჩელის ავტორმა მოითხოვა 185კვ.მ მიწის ნაკვეთის ე. ჯ.-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მასა და მოპასუხის მიწის ნაკვეთებს შორის სასაზღვრო მიჯნის აღმართვა.
თავის მოთხოვნას შეგებებული სარჩელის ავტორი აფუძნებდა 1938 წლის 30 აგვისტოს ხელშეკრულებას, რომლითაც მამამისმა ვასილ ტ.-მ ბ. ბ.-ისაგან შე. 775კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე არსებული ნაგებობებით, აგრეთვე 1931 წლის 7 თებერვლის გაყრილობის განაჩენს, რომელიცBშეეხებოდა ბ. ბ.-ის მამის _ ვლადიმერ ბ.-ის ქონების ოჯახის წევრებზე გაყოფას. აღნიშნული მტკიცებულებები, ე. ტ.-ის მოსაზრებით, ცხადყოფდა, რომ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის გარკვეულ ნაწილს სწორედ ე. ჯ.-ე ფლობდა, ხოლო ...-ის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში სადავო მიწის ნაკვეთების ოდენობა არასწორად იყო ასახული. ე. ტ.-ის მტკიცებით, მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან 185კვ.მ ფართის მითვისება ე. ჯ.-ემ 1943 წელს მოახდინა (ს.ფ. 29-31).
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. ჯ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა დაბა ...-ში, ...-ს ქ. ¹14-ში მდებარე ე. ჯ.-ის სახელზე რიცხული სახლის სამხრეთით არსებულ მიწის ნაკვეთში ძველი ღობის აღდგენა; აღნიშნული ღობე მიჩნეულ იქნა მიჯნად; ნუნუ და ე. ტ-აძეებს დაევალათ ე. ჯ-იძის კუთვნილი სახლის სამხრეთით მდებარე ეზოს მიწის ნაკვეთისა და სათავსის ფლობის აღკვეთა; ნუნუ და ე. ტ-აძეების შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 54-56).
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ტ.-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ს.ფ. 54-59).
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით ე. ტ.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება უსაფუძვლობის მოტივით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ე. ტ.-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო; გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებულ ...-ის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს ცნობაზე, რომლის თანახმად, ნ. ტ.-ის სახელზე ირიცხებოდა 460კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო ე. ჯ.-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი 540კვ.მ-ს შეადგენდა, რისი გათვალისწინებითაც ე. ჯ.-ის სარჩელი საფუძვლიანი იყო. 1943 წელს მითვისებული მიწის ნაკვეთის ე. ჯ.-ის მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ ცალსახად ხანდაზმულად მიიჩნია, რაც შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დამოუკიდებელ წინაპირობას წარმოადგენდა (ს.ფ. 109-113).
2007 წლის 24 ოქტომბერს ე. ტ.-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
განმცხადებელმა ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითა 1931 წლის 7 თებერვლის გაყრილობის განაჩენში აღნიშნულ საზომ ერთეულებს _ არშინსა და მეტრს შორის არსებული სხვაობაზე, რისმა გაუთვალისწინებლობამაც ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემების მართებულად მიჩნევა და დავის არასწორად გადაწყვეტა განაპირობა. საოლქო სასამართლოს 2003 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება არ შეიცავდა მითითებას იმის შესახებ, რომ არშინის ნაცვლად ე. ჯ.-ეს მიწა მეტრებში მიეზომა. სწორედ ამგვარი მიზომვით აღმოჩნდა განმცხადებლის საკუთრებაში 460 კვ.მ მიწის ფართი, ნაცვლად 775კვ.მ ფართისა.
ე. ტ.-ემ საქმეზე წარმოების განახლების შესახებ განცხადების 2007 წლის 24 ოქტომბერს წარდგენა დაუკავშირა საზომ ერთეულებს _ მეტრსა და არშინს შორის სხვაობის თაობაზე კომპეტენტური ორგანოს დასკვნის მიღებას. განმცხადებელმა მიუთითა, რომ ბოლო პერიოდში აღნიშნული საზომი ერთეულების სხვაობაზე საფუძვლიანი ეჭვი გაუჩნდა და ამ მიზნით შესაბამის ორგანოში განცხადებაც წარადგინა. 2007 წლის 25 სექტემბერს ე. ტ.-ემ ადვოკატთან ხელშეკრულება გააფორმა, ხოლო იმავე წლის 27 სექტემბერს ზემომითითებულ განცხადებაზე პასუხი მოიპოვა, რამაც საქმეზე წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარდგენა განაპირობა (ს.ფ. 150-153, 199-200).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მაისის განჩინებით ე. ტ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განმცხადებლის მოთხოვნა საქმის წარმოების განახლების შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მისთვის 2007 წლის 7 სექტემბერს გახდა ცნობილი საზომ ერთეულებს _ არშინსა და მეტრს შორის სხვაობის თაობაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებას არ წარმოადგენდა. ამასთან, გასათვალისწინებელი იყო, რომ ამ გადაწყვეტილებით ე. ტ.-ის შეგებებული სარჩელი ე. ჯ.-ის მიმართ, უკანონოდ მიტაცებული მიწის ნაკვეთის გამოთხოვის თაობაზე, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის მოტივით არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 225-229).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. ტ.-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება, შემდეგი მოტივებით:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის უსაფუძვლობის სათანადო დასაბუთებას, შესაბამისად, გაუგებარია, თუ რატომ არ მიიჩნია სასამართლომ ახლად აღმოჩენილ გარემოებად განმცხადებლის მიერ დასახელებული გარემოებები. ხანდაზმულობის საკითხთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლოს ყურადღება უნდა მიექცია 1966 წლიდან ე. ტ.-ის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოებში წარდგენილ საჩივრებზე, რაც შეგებებული სარჩელის ხანდაზმულობას გამორიცხავდა.
დავის განხილვისას არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ გაუთვალისწინებია ის ფაქტი, რომ 1931 წლის 7 თებერვლის გაყრილობის განაჩენში ვ. ბ.-ის ქონების ოჯახის წევრებს შორის გაყოფისას საზომ ერთეულად გამოყენებულია არშინი, ე. ჯ.-ეს კი მიწა მეტრებში მიეზომა. დღეის მდგომარეობით, როცა საზომ ერთეულებს _ მეტრსა და არშინს შორის სხვაობა მის მიერ დადასტურებულია, არსებობს აღნიშნული მოტივით საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი (ს.ფ. 237-244; 262-263).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მაისის განჩინება დატოვებულ იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტი საქმის წარმოების განახლებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო უკავშირებს მხარის მიერ მხოლოდ ისეთი ახალი გარემოებების ან მტკიცებულებების გაცნობას, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ახლად აღმოჩენილად მითითებული გარემოება რელევანტური უნდა იყოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ჩამოყალიბებულ ფაქტობრივ და იურიდიულ დასაბუთებულობასთან, ამიტომ ნებისმიერი გარემოება, რომელსაც აღნიშნულ დასაბუთებულობასთან უშუალო შემხებლობა არა აქვს, ვერ იქნება ახლად აღმოჩენილი.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაეყრდნო ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემის სისწორის პრეზუმფციას, ხოლო შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა მარტოოდენ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებად ასახელებს 2007 წლის 7 სექტემბრის ცნობით საზომ ერთეულებს _ არშინსა და მეტრს შორის არსებული სხვაობის შეტყობას, რის საფუძველზეც სადავოდ ხდის მხარეთა საკუთრებად აღრიცხული მიწის ნაკვეთების ოდენობას, რაც თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით დამთავრებულ საქმეზე ახლად აღმოჩენილ გარემოებას არ წარმოადგენს. როგორც უკვე აღინიშნა, მხარეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთების ოდენობის დადგენისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემებით, რაზეც განმცხადებლის მიერ მითითებული ცნობა ვერ ახდენს გავლენას. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ასევე ვერ გახდება ე. ტ.-ის მითითება იმის შესახებ, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით 1966 წლიდან მის მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილების სხვა საშუალებების გამოყენება (ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მიმართვა) გამორიცხავდა შეგებებული სარჩელის ხანდაზმულობას და რომ სასამართლომ არასწორად გამოთვალა ხანდაზმულობის ვადის დენა. თავის დროზე შეგებებული სარჩელის ხანდაზმულობასთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მართლზომიერება ე. ტ.-ეს სადავოდ არ გაუხდია, კერძოდ, დასახელებული გადაწყვეტილება მას საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია. საქმის წარმოების განახლების საფუძვლად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მოტივების მცდარობაზე მითითება ვერ ჩაითვლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებად და ამ მოტივით საქმის წარმოების განახლებას ვერ განაპირობებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ტ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მაისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.