საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№483აპ-17 ქ. თბილისი
ხ-ა ჯ, 483აპ-17 29 იანვარი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. ხ-ასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – ბ. ყ-ისა და ი. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის განაჩენით ჯ.ხ-ა, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 31 იანვრიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავების დრო – 2016 წლის 6 ოქტომბრიდან იმავე წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით. გაუქმდა ჯ. ხ-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და გირაოს უზრუნველსაყოფად ჯ. ხ-ას, ნ. ხ-ასა და დ. ხ-ას თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მდებარე -ში, -ის ქ. №-ში, საკადასტრო კოდი – ---) მოეხსნა ყადაღა. ასევე გაუქმდა ჯ. ხ-ას მიმართ საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლით გამოყენებული ღონისძიება და მას დაუბრუნდა აღკვეთის ღონისძიების უზრუნველყოფის მიზნით ჩამორთმეული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და მართვის უფლების მოწმობა.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. ხ-ამ ჩაიდინა ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2016 წლის 27 აგვისტოდან 2016 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჯ. ხ-ა რამდენჯერმე მივიდა გ. და ც. ხ-ის სახლში, ასევე ნ. ბ-ასა და გ. ფ-ას სახლში, სადაც მარტო იმყოფებოდნენ 12 წლის მ. ხ-ა (დაბადებული --- წელს) და 11 წლის ჩ. ფ-ა (დაბადებული --- წელს). ჯ. ხ-ამ, რომელსაც შეცნობილი ჰქონდა, რომ მ. ხ-ა იყო 12 წლის, ხოლო ჩ. ფ-ა – 11 წლის, მათთან ძალადობის გარეშე ჩაიდინა გარყვნილი ქმედებები. კერძოდ, მ. ხ-ასა და ჩ. ფ-ას გახადა ტანსაცმელი და თავისი სასქესო ორგანოთი ეხებოდა მათ სასქესო ორგანოს, ასევე ეფერებოდა ხელით მკერდსა და მთელ სხეულზე, კოცნიდა ტუჩებში.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განაჩენის გაუქმებას და ჯ. ხ-ას გამართლებას იმავე მოტივებით, რაზეც სააპელაციო საჩივარში იყო მითითებული, კერძოდ: განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; ჯ. ხ-ა არის უდანაშაულო; მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება, ძირითადად, ორი არასრულწლოვანი დაზარალებულის ჩვენებებს, რომლებსაც სასამართლო სხდომაზე ფიცი არ დაუდვიათ და ამის გამო მათი ჩვენებების უტყუარობა ეჭვს იწვევს; საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ჯ. ხ-ვას ბრალეულობას; მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებია; სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ფსიქოლოგ ლ. ც-ას დასკვნა; სასამართლომ დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ არ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულება – მ. ხ-ას უხამსი მიმოწერები „ოდნოკლასნიკებში“. დაცვის მხარე ასევე უთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი არ შეიძლება გამოტანილ იქნეს მხოლოდ ირიბი ჩვენებებისა და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებების საფუძველზე და ასევე – ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკაზე განაჩენის დასაბუთებასა და „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტის თაობაზე.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (მაგალითისთვის იხ. №77აპ-17, №90აპ-17).
8. განსახილველ შემთხვევაში კასატორებს საეჭვოდ მიაჩნიათ ორი არასრულწლოვანი დაზარალებულის ჩვენებები იმ მოტივით, რომ მათ სასამართლოში ჩვენებების მიცემის წინ არ დადეს ფიცი. საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 52-ე მუხლის მე-4 ნაწილით: „14 წლამდე ასაკის მოწმეს განუმარტავენ მის მოვალეობას, თქვას მხოლოდ სიმართლე, მაგრამ არ აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის და ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის მოტივი, რომ დაზარალებულებს – მ. ხ-ასა და ჩ. ფ-ას ჩვენებების მიცემამდე სასამართლოში ფიცი არ დაუდვიათ, ვერ გახდება გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების საფუძველი.
9. საქმის განხილვის დროს დაიკითხა ფსიქოლოგი ლ. ც-ა, რომელიც ესწრებოდა არასრუწლოვანთა გამოკითხვების პროცესს და რომელმაც აჩვენა, რომ აკვირდებოდა დაზარალებულებს – მ. ხ-ასა და ჩ. ფ-ას; დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ ისინი არ იტყუებოდნენ, იძლეოდნენ დამაჯერებელ ჩვენებებს, რომ ისინი ნამდვილად იყვნენ ჯ. ხ-ას მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი, მათ მიმართ განხორციელდა ის გარყვნილი ქმედებები, რომელთა შესახებაც ისინი დეტალურად და თანმიმდევრულად ყვებოდნენ; დაზარალებულებს ჩვენებების მიცემის დროს ჰქონდათ შფოთვის მაღალი დონე, ღელავდნენ, იხსენებდნენ დეტალებს, წითლდებოდნენ, იკვნეტდნენ ფრჩხილებს; მათმა ფსიქოემოციურმა მდგომარეობამ ფსიქოლოგი დაარწმუნა, რომ ბავშვები ამბობდნენ სიმართლეს და მათ ნამდვილად გადაიტანეს სექსუალური ძალადობა. სასამართლოს ფსიქოლოგ ლ. ც-ას ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია.
10. რაც შეეხება კასატორთა მითითებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება „ოდნოკლასნიკებიდან“ მ. ხ-ას მიმოწერის სახით, აღნიშნულზე სააპელაციო სასამართლომ მხარეს გასცა მოტივირებული პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
11. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოტივს განაჩენის დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად,[1] კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო.[2] განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები.
12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონით შეიცვალა საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქცია, რის შესაბამისადაც, საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლს დაემატა მე-2 ნაწილი. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ჯ. ხ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება – ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან –დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლით (ძველი რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, შეესაბამება საქართველოს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტს (ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ), რაც ითვალისწინებს 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს, ამიტომ საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა და მისი ქმედება დააკვალიფიციროს სსკ-ის ამჟამად მოქმედი რედაქციის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ჯ. ხ-ასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – ბ. ყ-ისა და ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე
[1] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Suominen v. Finland), N37801/97, 01/07/2003, §34.
[2] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43.