Facebook Twitter

ას-667-888-08 10 სექტემბერი, 2008წ. ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. ტ-აძე

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ც-იძე, შ. ჯ-აძე, შპს “ს-ი”

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ტ-აძის სარჩელი ლ. ც-იძის, შ. ჯ-აძისა და შპს “ს-ის” მიმართ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ტ-აძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინებით ი. ტ-აძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების ვადის გაშვების გამო.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი. ტ-აძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება იმ მოტივით, რომ გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა არ დაურღვევია, ვინაიდან მან სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში შეიტანა, მაგრამ კანცელარიამ უკან დაუბრუნა გადასაწერად, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ი. ტ-აძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი ი. ტ-აძეს ჩაჰბარდა 2008 წლის 14 აპრილს (ს.ფ.215), ხოლო მან სააპელაციო საჩივარი აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ შეიტანა 2008 წლის 30 აპრილს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, რადგანაც სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა, სამოქალქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მეორე ნაწილების თანახმად, იყო 2008 წლის 29 აპრილი.

კერძოO საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მან კანონით დადგენილ ვადაში შეიტანა სააპელაციო საჩივარი, კერძოდ, 2008 წლის 29 აპრილს ავადმყოფობის გამო, სასამართლოში წარსადგენად გაატანა მამას _ რ. ტ-ძეს, თუმცა კანცელარიის თანამშრომელმა უკან გამოატანა და განუმარტა, რომ სპეციალური ფორმით შედგენილი სააპელაციო საჩივარი უნდა შემოეტანა, შესაბამისად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოითხოვა სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადის დარღვევის საპატიოდ ჩათვლა. მითითებულ განმარტებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მტკიცების ტვირთი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკისრება თავად კერძო საჩივრის ავტორს, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში კი, ი. ტ-აძემ ვერ დაამტკიცა ის გარემოებანი, რომლებზედაც დაამყარა თავისი მოთხოვნა,კერძოდ, ვერ დაამტკიცა, რომ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 29 აპრილს.

ამდენად, ი. ტ-აძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია გასაჩივრების კანონით დადგენილი წესის დარღვევით და შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული საჩივარი სწორად ცნო დაუშვებლად და არ არსებობს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ტ-აძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.