Facebook Twitter

#395აპ.-17 ქ. თბილისი

ბ. შ-ო-395ap.-17 4 იანვარი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის განაჩენით შ. ბ., - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით. სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ შ. ბ-ეს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით. მსჯავრდებულ შ. ბ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ბოლო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2017 წლის 18 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 29 სექტემბრიდან 2017 წლის 18 იანვრის ჩათვლით.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 29 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი შ. ბ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ბ-ემ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის სამჯერ ნასამართლევი შ. ბ. 2015 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 12.05 საათზე, ქ. ბ-ში, გ-ის ქ. №-–ში არსებულ კერძო სკოლა -- ყოფნისას, მესამე სართულზე მდებარე „ჭადრაკის ოთახიდან“ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ. ნ-ას კუთვნილ 60 ლარს.

4. კასატორი – მსჯავრდებული შ. ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ხოლო ალტერნატივის სახით - სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ შ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, მათ შორის - დაზარალებულ მ. ნ-სა და მოწმეების - ნ. თ-ის, გ. ა-ის, ზ. ქ-ის, ც. ბ-ის, ა. ა-ის, მ. პ-სა და გ. გ-ის ჩვენებები, დაკავებისა და დათვალირების ოქმები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ შ. ბ-ის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტი, რის გამოც პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას მისი გამართლების შესახებ.

3. ამასთან, საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შ. ბ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - ქურდობა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის -დაკვალიფიცირების ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

§ გასაჩივრებული განაჩენით დადგენილია, რომ შ. ბ-ეს აღნიშნული კვალიფიკაციით მსჯავრი დაედო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე სასამართლოს 2007 წლის 2 აპრილის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 ივლისის განაჩენით (რომელიც უცვლელად დარჩა კვალიფიკაციის ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის განაჩენით) - სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების გამო.

§ საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 22 ნოემბრის განკარგულება, რომლის თანახმადაც, შ. ბ. სრულად გათავისუფლდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 24 ოქტომბრისა და ამავე სასამართლოს 2007 წლის 2 აპრილის განაჩენებით განსაზღვრული საპატიმრო სასჯელის მოხდისგან.

§ საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ (იხ. სუსგ საქმეებზე №4571-13, №64აგ-13).

§ ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 24 ოქტომბრისა და ამავე სასამართლოს 2007 წლის 2 აპრილის განაჩენების ნასამართლობა შ. ბ-ეს ვერ შეერაცხება მაკვალიფიცირებელ გარემოებად.

§ ამასთან, გასაჩივრებული განაჩენით ბრალად შერაცხული ქურდობის ჩადენისას - 2015 წლის 29 სექტემბერს - შ. ბ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 ივლისის განაჩენით (უცვლელად დარჩა კვალიფიკაციის ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის განაჩენით, დამძიმდა სასჯელის ნაწილში) გასამართლებული იყო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მას ახალი დანაშულის ჩადენის მომენტისთვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, რის გამოც, საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის გათვალისწინებით, სახეზეა არაერთგზისი დანაშაული, ვინაიდან სსკ-ის 177-ე მუხლით მსჯავრდებულმა შ. ბ-ემ ნასამართლობის მოხსნამდე/გაქარწყლებამდე კვლავ ჩაიდინა სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება.

§ ამდენად, შ. ბ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე - ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის.

4. სასჯელის განსაზღვრისას პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ შ. ბ. მიდრეკილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისკენ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები კი არ გააჩნია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ შ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. შ. ბ-ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

4. შ. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

5. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ შ. ბ-ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალოს 2017 წლის 18 იანვრიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 29 სექტემბრიდან 2017 წლის 18 იანვრის ჩათვლით.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მაისის განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე