Facebook Twitter

#429აპ.-17 ქ. თბილისი

მ. ა-ნ -429ap.-17 11 იანვარი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 იანვრის განაჩენით ა. მ., - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.

სსკ–ის 273–ე მუხლით - ჯარიმა 1000 ლარი.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სსკ–ის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ა. მ-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.

სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ–ის 59–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ა. მ-ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.

ა. მ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. მ-მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით; ასევე - ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით.

ა. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 სექტემბრის განაჩენით, სსკ-ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ა. მ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1181,99 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანა“, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში - ქ. გ-ში, დ. ა-ის ქუჩა №--ში.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისათვის ადმინისტრაციულ–სახდელდადებულ ა. მ-ს 2016 წლის 3 ნოემბერს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად კვლავ დაუდგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ უკანონო მოხმარების ფაქტი.

4. კასატორი - მსჯავრდებულ ა. მ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ო. გ. ითხოვს მსჯავრდებულ ა. მ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის სიტყვების - „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის. ვინაიდან გასაჩივრებული განაჩენით ა. მ. მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ, „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (,,მარიხუანა“) უკანონოდ მოხმარებისათვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

3. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილს, საკასაციო პალატა, პირველ ყოვლისა, მიუთითებს, რომ არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ა. მ-ის უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, მათ შორის - მოწმეების: ე. მ-ის, ლ. ნ-სა და ჯ. ბ-ის ჩვენებები, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტითაა დადასტურებული ა. მ-ის ბრალეულობა.

4. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 2731-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის.

5. მოცემულ შემთხვევაში ა. მ. მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1181,99 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანის“ უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, რაც შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილს. დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი შესაბამისი მუხლის სანქცია ითვალისწინებდა 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, რაც მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-6 ნაწილი იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის ითვალისწინებს 2-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც წარმოადგენს მძიმე დანაშაულის კატეგორიას. აღნიშნული გარემოება კი მიუთითებს იმაზე, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

6. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ა. მ-ის დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე.

7. სასჯელის განსაზღვირსას პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულმა განზრახი მძიმე დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის დინებისას, ხოლო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ა. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა ა. მ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

4. ა. მ-ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე.

5. ა. მ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ–ის 59–ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ა. მ-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალოს 2016 წლის 3 ნოემბრიდან.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განაჩენი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლებების ჩამორთმევისა და ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე