ბს-1066-647-კ-05 20 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ი. ლეგაშვილი,
ჯ. გახოკიძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ი. ს-მა სარჩელი აღძრა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის ფილიალის უფროსის მ. თ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის რაიონული ფილიალის 2005წ. 9 თებერვლის ¹4 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება, შემდეგი საფუძვლით:
მოსარჩელე მუშაობდა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის ფილიალში ...ის თანამდებობაზე. 2004წ. 7 დეკემბერს სამსახურში ყოფნისას ფილიალის უფროსმა მ. თ-მა მოსარჩელეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მიიღო ტვინის შერყევა, მკურნალობდა ჯერ ახალციხის საავადმყოფო-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში, შემდეგ თბილისის ცენტრალურ კლინიკაში. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის თაობაზე მოსარჩელემ ცნობები წარადგინა სამსახურში, იგი 2005წ. 9 თებერვლის ბრძანებით გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან.
მოსარჩელემ სარჩელით ასევე მოითხოვა მ. თ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მკვლელობის მცდელობისათვის და მოპასუხისათვის 20000 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის ფილიალის უფროსმა მ. თ-მა რაიონულ სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლით:
სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, განხორციელდა რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევდა სისტემაში მომუშავე მუშაკთა შტატების რიცხოვნების შემცირება, ხოლო სისტემა დაკომპლექტდა უმაღლესი ეკონომიკური და იურიდიული განათლების მქონე პირებით. ამის გამო ახალქალაქის ფილიალის მუშაკები, ფონდის გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, გარდა ი. ს-ისა, 2004წ. 17 დეკემბრის პერსონალურად ხელმოწერით გაფრთხილებულ იქნენ სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. ამ დროისათვის ი. ს-ი იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე და ამ მიზეზით 2004წ. 17 დეკემბერს ვერ მოხერხდა მისი გაფრთხილება. მოსარჩელე სამსახურში უნდა გამოცხადებულიყო 18 დეკემბერს, მაგრამ იგი 2005წ. 5 იანვრამდე არ ცხადდებოდა სამსახურში. 2005წ. 5 იანვარს როდესაც ის გამოცხადდა სამსახურში, იგი გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი შემცირების შესახებ, მაგრამ მან უარი განაცხადა ხელმოწერაზე მისი გაფრთხილების შესახებ. ამის გამო, მან, როგორც ფილიალის უფროსმა, თანამშრომლის თანდასწრებით შეადგინა ოქმი. 2005წ. 20 იანვარს, გაფრთხილებიდან ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, ფილიალის ყველა თანამშრომელი მისი ბრძანებით გათავისუფლდა თანამდებობიდან და იმავე დღეს მათივე წერილობითი განცხადებების საფუძველზე შრომითი კონტრაქტის საფუძველზე მიიღეს სამსახურში სამი თვის ვადით. 2005წ. 9 თებერვალს ასევე გაფრთხილებიდან ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ ი. ს-ი გათავისუფლდა სამსახურიდან შკკ-ის 36-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო იმის გამო, რომ მან ამის შემდეგ არ მიმართა ფილიალის უფროსს სათანადო განცხადებით სამსახურში მიღების შესახებ, იგი თანამდებობაზე ხელახლა აღარ დანიშნეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005წ. 7 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლობის გამო, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
მოსარჩელე ი. ს-ი მუშაობდა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის ფილიალში უფროსი ...ის თანამდებობაზე. სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან და სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მუშაკების სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ფონდის გენერალური დირექტორის 2004წ. 20 თებერვლის ბრძანების საფუძველზე ყველა მუშაკი გაფრთხილდა სამუშაოდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ, რაც დადასტურდა მათი ხელმოწერებით. ფილიალის გენერალური დირექტორის 2004წ. 3 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცდა ფონდის აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ცენტრალურ აპარატში რეგიონულ, რაიონულ და საქალაქო ფილიალებში დასაქმებულ მუშაკთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები, დასაქმებულ მუშაკთა რიცხოვნობა და თანამდებობრივი კატეგორიები, თანამშრომელთა თანამდებობები და სარგოები. ამავე ბრძანების მე-4 პუნქტის საფუძველზე, აჭარის და აფხაზეთის ა/რ, რეგიონალური, რაიონული და საქალაქო ფილიალების რეორგანიზაციასთან, საშტატო განრიგის, მუშაკთა თანამდებობისა და სარგოების დამტკიცებასთან დაკავშირებით 2005წ. 1 იანვრიდან უნდა განხორციელებულიყო ფონდში დასაქმებულ მუშაკთა გათავისუფლება დაკავებული თანამდებობებიდან შკკ-ის მოთხოვნების სრული დაცვით. მითითებული ბრძანების მე-4 და მე-6 პუნქტებში ფონდის გენერალური დირექტორის 2004წ. 14 დეკემბრის ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილებები. ბრძანების მე-4 პუნქტის საფუძველზე სისტემაში მიმდინარე რეორგანიზაციის გამო სამუშაოდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ფონდში დასაქმებული მუშაკები პერსონალურად ხელისმოწერით, ხელმძღვანელის მიერ უნდა ყოფილიყვნენ გაფრთხილებულები, ხოლო ბრძანების მე-6 პუნქტის მიხედვით კი უნდა მომხდარიყო ფილიალებში დასაქმებულ მუშაკთა გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან 2005წ. 20 იანვრიდან. ფონდის დირექტორის მითითებული ბრძანებების და შკკ-ის 422 მუხლის მოთხოვნათა საფუძველზე ახალქალაქის ფილიალის უფროსის მ. თ-ის მიერ 2004წ. 17 დეკემბერს გაფრთხილდა ფილიალის ყველა მუშაკი მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, გარდა ი. ს-ისა, რადგან იგი იმყოფებოდა საავამდყოფო ფურცელზე და სამსახურში არ ცხადდებოდა. შპს ახალქალაქის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიენების მიერ 2004წ. 13 დეკემებრს გაცემული ¹054434 საავადმყოფო ფურცლის თანახმად, ი. ს-ი 2004წ. 17 დეკემბრამდე მკურნალობდა შპს .. ..-ში და იგი იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე. ი. ს-ი საავადმყოფოდან გაეწერა 2004წ. 13 დეკემებრს და იგი სამსახურში უნდა გამოცხადებულიყო 18 დეკემბერს, მაგრამ იგი ამ დღეს არ გამოცხადდა სამსახურში და მკურნალობის გასაგრძელებლად წავიდა ქ. თბილისში, ამბულატორიულ მკურნალობას გადიოდა პს “... ცენტრში”. აღნიშნული ცენტრის მიერ 2004წ. 24 დეკემბერს გაცემული ¹351 ცნობის მიხედვით, ი. ს-ი 2004წ. 20 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე ამბულატორულ მკურნალობას გადიოდა და მას 24 დეკემბერს დაენიშნა 10 დღიანი წოლითი რეჟიმი. 2005წ. 5 იანვარს ი. ს-ი გამოცხადდა სამსახურში. ფილიალის უფროსმა ი. ს-ს სთხოვა, რომ შესულიყო მასთან კაბინეტში და ხელმოწერით დაედასტურებინა სამსახურიდან მისი მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილება, რაზედაც ამ უკანასკნელმა არაფერი უპასუხა და არც შევიდა მასთან კაბინეტში. შემდეგში, მოსარჩელეს რომ არ უარეყო ეს ფაქტი, ფილიალის უფროსმა მოიწვია თათბირი, რომელსაც ესწრებოდა ფილიალის ყველა თანამშრომელი გარდა მოსარჩელისა. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ი. ს-თან ორჯერ მივიდა მთავარი ბუღალტერი თათბირის შესახებ გასაფრთხილებლად, ი. ს-მა უარი განაცხადა თათბირზე დასწრებაზე, დატოვა საავადმყოფო ფურცელი, ცნობა და წავიდა სამსახურიდან. ამ ფაქტს მოჰყვა ახსნა-განმარტებითი ბარათი ფილიალის უფროსის სახელზე და სათანადო ოქმის შედგენა, სადაც დაფიქსირდა ის ფაქტი, რომ ი. ს-მა უარი განაცხადა, ხელი მოეწერა სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებაზე ხელმოწერაზე. აღნიშნული ოქმი შედგა ფილიალის ყველა თანამშრომლის თანდასწრებით და მათი ხელმოწერით, მიუხედავად იმისა, რომ შკკ-ის 422.1. მუხლის მიხედვით ოქმს ხელს აწერს მხოლოდ გაფრთხილებაზე უფლებამოსილი პირი. 2005წ. 2 თებერვალს ახალქალაქის რაიონული პროკურატურიდან, სადაც მიმდინარეობდა ი. ს-ის მიერ მიღებული სხეულის დაზიანების ფაქტზე წინასაგამოძიებო შემოწმება, ახალქალაქის ფილიალის უფროსმა წერილით მიიღო სამკურნალო-საკონსულტაციო ცენტრის მიერ 2005წ. 27 იანვარს გაცემული ცნობა ¹30, რომელშიც მითითებული იყო, რომ ი. ს-ი კონსულტაციაზე იმყოფებოდა ცენტრში, სადაც მას დაენიშნა მკურნალობა და რეკომენდაცია მიეცა, რომ ოცი დღის შემდეგ ისევ მიეკითხა ცენტრისათვის საკონსულტაციოდ. აღნიშნული ცნობის საფუძველზე მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ ის იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული ცნობა არ წარმოადგენდა საავადმყოფო ფურცელს, რითაც დადასტურდებოდა მუშაკის დროებითი შრომისუუნარობა, მით უფრო, რომ აღნიშნული ცნობით ი. ს-ს არ ჰქონდა დანიშნული წოლითი რეჟიმი, როგორც ამის შესახებ იყო მითითებული ამავე ცენტრის მიერ 2004წ. 24 დეკემბერს გაცემულ ¹351 ცნობაში.
რაიონულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ 2005წ. 9 თებერვალს ი. ს-ი მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებული იქნა ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ ფონდის ფილიალის უფროსის ¹4 ბრძანებით, ხოლო მისი გათავისუფლება სამსახურიდან განხორციელდა “შკკ-ის” 34-ე მუხლის “ა” პუნქტით და ამავე კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით; რომ მოსარჩელეს არც სასარჩელო განცხადებაში და არ სასამართლო სხდომაზე არ მოუთხოვია ფილიალის უფროსისათვის მისი სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ტოლფას ან სხვა უფრო დაბალ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, არამედ იგი მოითხოვდა მის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული _ უფროსი ...ის თანამდებობაზე აღდგენას, რაც შეუძლებელი იყო, რამდენადაც ფონდში განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად ახალქალაქის ფილიალში შეიცვალა დასაქმებულ მუშაკთა რაოდენობა და თანამდებობრივი კატეგორიები, ხოლო ფონდის გენერალური დირექტორის 2004წ. 3 დეკემბრის ბრძანებით საერთოდ სისტემაში, მათ შორის, ახალქალაქის ფილიალში შეიკვეცა უფროსი ...ის თანამდებობა, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ.
რაიონულმა სასამართლომ მითითებით, არ არსებობდა სასამართლოდან პროკურატურისათვის რაიმე მასალების გადაგზავნის საჭიროება მოსარჩელის მოთხოვნის _ აღძრულიყო სისხლის სამარლის საქმე თ-ის მიმართ მისი მკვლელობის მცდელობისათვის და ასევე – დაკისრებოდა ოციათასი ლარის ზიანის ანაზღაურება, რამდენადაც საქმის მასალებითაც და სასამართლო პროცესზეც დადასტურდა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებდა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ს-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:
აპელანტი მიიჩნევს, რომ ის ფონდის ფილიალის დირექტორ მ. თ-ისათვის წარმოადგენდა არასასურველ თანამშრომელს, რადგან იგი უარს აცხადებდა მისი უკანონო განკარგულების შესრულებაზე. 2004წ. 7 დეკემბერს თ-მა მოსთხოვა მოსარჩელეს ერთ-ერთ საპენსიო საქმის ძველი რიცხვით დამტკიცება, რაზეც სარიბეგიანმა უარი განუცხადა, მათ შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რის შედეგადაც მ. თ-მა ს-ს რამდენჯერმე ჩაარტყა შეშა თავისა და სახის არეში, ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის დაზიანება და მოათავსეს ახალქალაქის საავადმყოფოში, სადაც მკურნალობდა 18 დეკემბრამდე. მას დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა. 20 დეკემბრიდან კი მკურნალობა გააგრძელა ქ. თბილისში. იგი 2005წ. 5 იანვარს სამსახურში არ გამოცხადებულა და, ამდენად, არც გაუფრთხილებიათ მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. არ არსებობს არანაირი საბუთი, რომ მან იცოდა ოქმის არსებობის შესახებ და მან უარი განაცხადა, ხელი მოეწერა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებაზე. იგი მას არ ჩაბარებია, არ გაუგზავნიათ და არც ყოფილა მცდელობა მის ჩაბარებაზე, რის გამოც მისი გათავისუფლების დროს დარღვეული იქნა შკკ-ის 422-ე მუხლის მოთხოვნები.
აპელანტი მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლების დროს დარღვეულ იქნა ამავე კოდექსის 421.2. მუხლის “ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ მუშაკის შრომითი უფლება გარანტირებულია სხვა სამუშაოს მიცემით იმავე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში და სამუშაოს შეთავაზება უნდა ყოფილიყო ფონდის ფილიალის ხელმძღვანელობის მხრიდან, რაც არ მომხდარა, ასევე დარღვეულია “შკკ-ის” 36-ე მუხლის მოთხოვნები, რამდენადაც შტატების შემცირების დროს უპირატესობა ენიჭება იმ მუშაკებს, რომლებიც უფრო მაღალი კვალიფიკაციით და შრომის ნაყოფიერებით გამოირჩევიან, ხოლო აპელანტი ამ ორგანიზაციაში მუშაობდა 20 წელზე მეტ ხანს, აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება და შესაბამისად მითითებული ნორმით გათვალისწინებული უფლებები მასზე უნდა გავრცელებულიყო.
მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ ცნო ი. ს-ის სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 15 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შესაბამისად გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ი. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის რაიონული ფილიალის 2005წ. 9 თებერვლის ბრძანება ი. ს-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ი. ს-ი აღდგენილ იქნა ტოლფას თანამდებობაზე იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურებით, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
ზონის ...ი ი. ს-ი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის რაიონული ფილიალის 2005წ. 9 თებერვლის ბრძანებით, ფილიალში განხორციელებული რეორგანიზაციის გამო, რომელსაც თან ახლავს შტატებისა და მუშაკთა რიცხოვნობის შემცირება შკკ-ის 36-ე მუხლის გათვალისწინებით. ადმინისტრაციის მიერ ფილიალში განხორციელებული რეორგანიზაციის დროს ი. ს-ისთვის სხვა სამსახური შეთავაზებული არ ყოფილა, რითაც დასტურდება, რომ ს-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისას დარღვეული იქნა შკკ-ის 422-ე მუხლის მოთხოვნა გათავისუფლებული მუშაკის შრომის უფლების უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ. საქმის განხილვისას ი. სარბეკიანმა დააზუსტა სარჩელის საგანი, მოითხოვა ტოლფას თანამდერბობაზე აღდგენა, გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ფილიალის უფროსმა მ. თ-მა კი დაადასტურა, რომ მათ სამსახურში ს-ის გათავისუფლების შემდეგ მიღებულია სხვა თანამშრომელი.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა შკკ-ის 207-ე მუხლი და დაასკვნა, რომ მითითებული ნორმის თანახმად ი. ს-ის სარჩელი ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
სააპელაციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება, შემდეგი მოტივით:
რეორგანიზაციის დროს გათავისუფლებული მუშაკების შრომის უფლება გარანტირებულია, თუ უწყებაში არსებობს მუშაკის კვალიფიკაციის შესაბამისი სხვა სამუშაო შკკ-ის 422-ე მუხლის შესაბამისად. ფილიალში დამტკიცებული თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნას “ხორის დირიჟორის” კვალიფიკაციის მქონე ი. ს-ი ვერ აკმაყოფილებდა. აქედან გამომდინარე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა შკკ-ის 421 მუხლი. ფილიალის უფროსმა მ. თ-მა სასამართლოს წარუდგინა ახალი, 2004წ. 24 მარტით დათარიღებული მტკიცებულება, რომელშიც ჩანს ფილიალის თანამშრომელთა ხელმოწერა სამსახურიდან შესაძლო დათხოვნაზე გაფრთხილების თაობაზე. ყველა გათავისუფლებულ თანამშრომელთან სხვადასხვა ვადით გაფორმდა შრომითი შეთანხმებები და იმ შემთხვევაში, თუ ი. ს-ი გამოცხადდებოდა სამსახურში ის მიიღებდა ანალოგიურ შეთავაზებას, ხოლო ი. ს-ი ითხოვდა მის აღდგენას მხოლოდ პირვანდელ თანამდებობაზე, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული.
ი. ა-ის წარმომადგენელმა მ. ფ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ შეპასუხებაში არ ცნო სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
ი. ს-ის გათავისუფლებისას დარღვეულია “შკკ-ის” მოთხოვნები, კერძოდ, შკკ-ის 421 და 422 მუხლის მოთხოვნები, გათავისუფლებული მუშაკის შრომის უფლების გარანტიები, მუშაკის გაფრთხილება მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, ამავე კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნები სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ენიჭებათ იმ მუშაკებს, რომლებიც უფრო მაღალი კვალიფიკაციით და შრომის ნაყოფიერებით გამოირჩევიან, ი. ს-ი 20 წელზე მეტია მუშაობს აღნიშნულ ორგანიზაციაში და შესაბამისად კვალიფიციურია. საქმის მასალებით და ზეპირი განხილვისას დადგენილია, რომ ი. ს-ისთვის სხვა სამუშაო არ შეუთავაზებიათ.
მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი გაუგებრად მიიჩნევს კასატორის მტკიცებას იმის შესახებ, რომ თ-მა სასამართლო სხდომაზე წარადგინა მტკიცებულება დათარიღებული 2004წ. 24 მარტით, სადაც არსებობდა ს-ის ხელმოწერა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებაზე. მაშინ, როდესაც საქმეში არსებობს ოქმი, რომელიც თ-მა შეადგინა თანამშრომლების თანდასწრებით და დაფიქსირდა, რომ თითქოს ი. ს-მა უარი განაცხადა სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილების შესახებ ხელმოწერაზე. ოქმის შედგენიდან ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ კი იგი გათავისუფლდა სამსახურიდან, მაშინ, როცა ი. ს-მა საერთოდ არ იცოდა ოქმის არსებობის შესახებ, არ ჩაბარებია და არც ყოფილა მცდელობა მის ჩაბარებაზე და ამდენად იგი გათავისუფლდა წინასწარი გაფრთხილების გარეშე, კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინების მიღებისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსკ-ის 393.2. და 394. “ე” მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სწორად არ იქნა საქმის მასალები გამოკვლეული და დადგენილი ფაქტები.
სსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო პრეტენზია დასაბუთებელია, რადგან სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არსებითად არ იმსჯელა შემდეგ გარემოებაზე _ რეორგანიზაციის შემდეგ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის რ-ის ფილიალში არსებობს თუ არა ის თანამდებობა, კერძოდ, უფროსი ...ის, რომელიც ი. ს-ს ეკავა სამსახურიდან განთავისუფლებამდე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შკკ-ის 206-ე მუხლი კანონიერი საფუძვლის გარეშე დათხოვნილი ან სხვა სამუშაოზე უკანონოდ გადაყვანილი მუშა ან მოსამსახურის აღდგენას ითვალისწინებს წინანდელ სამუშაოზე. ამავე კანონის 109-ე მუხლით განსაზღვრულია არჩევით თანამდებობაზე არჩეულ მუშაკთა გარანტიები, რომლის შესაბამისად, მუშაკებს, რომლებიც სამუშაოდან განთავისუფლდნენ არჩევით თანამდებობაზე არჩევის გამო, რწმუნების ვადის დამთავრების შემდეგ ეძლევათ წინანდელი სამუშაო (თანამდებობა), ხოლო, თუ ასეთი არ არის _ სხვა ტოლფასი სამუშაო (თანამდებობა) ამავე, მათი თანხმობით, სხვა საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “შკკ-ის” 109-ე მუხლით გათვალისწინებული წინანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ გარანტიები ვრცელდება მხოლოდ არჩევით თანამდებობაზე არჩეულ მუშაკებზე, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ი. ს-ი ისე აღადგინა ტოლფას თანამდებობაზე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის ფილიალში, რომ არ იმსჯელა, თუ რამდენად წარმოადგენდა ი. ს-ი მითითებული ნორმის სუბიექტს, შესაბამისად, სასამართლომ არ გამოიკვლია, გავრცელდებოდა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ი. ს-ზე მითითებული ნორმით დადგენილი გარანტიები. ამდენად, ი. ს-ის აღდგენა ტოლფას თანამდებობაზე ეწინააღმდეგება “შკკ-ის” 206-ე მუხლით გათვალისწინებულ წინანდელ სამუშაოზე აღდგენის შესაძლებლობას.
შესაბამისად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა იმსჯელოს იმ გარემოებაზე, არსებობს თუ არა რეორგანიზაციის შემდეგ ის თანამდებობა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანის სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის ფილიალში, რომელიც ი. ს-ს ეკავა სამსახურიდან გათავისუფლებამდე და, შესაბამისად, ი. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მისი აღდგენა განახორციელოს მითითებული გარემოების გამოკვლევა-დადგენის შემდეგ.
“შკკ-ის” 422 მუხლით განსაზღვრულია მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი და წესი. მითითებული ნორმის პირველი პუნქტით იმპერატიულად არის დადგენილი, რომ მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მუშაკს პერსონალურად უნდა ეცნობოს ერთი თვით ადრე მაინც, ამასთან, აღნიშნული შეტყობინება მუშაკმა უნდა დაადასტუროს ხელმოწერით, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მუშაკი უარს აცხადებს ხელის მოწერაზე, გაფრთხილებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია, შეადგინოს ოქმი, რომელშიც მითითებული იქნება, რომ მუშაკი გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ და იგი უარს აცხადებს ხელის მოწერაზე. ამ შემთხვევაში ოქმში მიეთითება მისი შედგენის თარიღი და მასზე ხელს აწერს მხოლოდ გაფრთხილებაზე უფლებამოსილი პირი, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული და აღნიშნულზე სასამართლომ მსჯელობა არ იქონია, კერძოდ, საქმის მასალებში არსებული აქტები არ იქნა შეფასებული სასამართლოს მიერ, სასამართლომ არ გამოიკვლია ის გარემოება, ი. ს-ი გაფრთხილდა თუ არა კანონით დადგენილი წესით მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ ი. ს-მა უარი განაცხადა სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილების ხელმოწერაზე, რაზედაც შედგენილი იქნა აქტი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე ერთი თვით ადრე შეტყობინების /გაფრთხილების/ ვალდებულება ადმინისტრაციის მხრიდან წარმოადგენს მუშაკის კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ გარანტიას, მომზადებული შეხვდეს სამუშაოდან გათავისუფლების ფაქტს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას შეფასება უნდა მისცეს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, საქმის მასალებში მოიპოვება სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის ფილიალის აქტები, რომლის თანახმად, ი. ს-ი სამსახურში არ ცხადდებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შესაბამისად გამოკვლეული უნდა იქნეს ის გარემოება, ჰქონდა თუ არა ფონდის ადმინისტრაციას შესაძლებლობა “შკკ-ის” 421.2. მუხლის შესაბამისად შეეთავაზებინა ი. ს-ისათვის სხვა თანამდებობა, რამდენადაც მითითებული ნორმით განსაზღვრულია გათავისუფლებული მუშაკის შრომის უფლებები და გარანტიები, კერძოდ, გათავისუფლებული მუშაკის შრომითი უფლებების ერთ-ერთ გარანტიას წარმოადგენს სხვა სამუშაოს მიცემა იმავე საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში,
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად შეუძლებელია საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას არ იქნა დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რის გამოც მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, გამოიკვლიოს მითითებული გარემოებები საქმეზე ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სსკ-ის 372-ე, 390-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალქალაქის ფილიალის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.