Facebook Twitter

ას-676-1052-06 1 მარტი, 2007წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. ს-ის რწმუნებული მ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ს-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ივლისის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 24 მარტს მ. ს-მ სარჩელით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს ქობულეთის რაიონის ... , შპს “ .. .. ..” (ყოფილი ...) და ა. ს-ის მიმართ და მოითხოვა ქ.ქობულეთში, ... ¹136ა-ში მდებარე ¹... ბინის პრივატიზებულად ჩათვლა, შესაბამისად, ქობულეთის რაიონის ტექაღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის დავალდებულება სათანადო ტექნიკური პასპორტის გაცემის შესახებ და სადავო ბინიდან წილის გამოყოფა და ბინაში შესახლება.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, 1992 წლის 5 აგვისტოს საპრივატიზაციო ხელშეკრულების თანახმად, ქ.ქობულეთში, ... ¹136ა-ში მდებარე ¹42 ბინა ჩაითვალა პრივატიზებულად და მოსარჩელე შესახლებულ იქნა ყოფილი მეუღლის –ა. ს-ის ბინაში თანამესაკუთრის უფლებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქობულეთის რაიონის ტექაღრიცხვის სამსახურში ხსენებულ ბინაზე არსებულ ჩანაწერებში შეტანილ იქნა შესაბამისი ცვლილებები და შესაბამისად, გაიცა ტექნიკური პასპორტი ორი თანამესაკუთრის სახელზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ა. ს-ის რწმუნებულმა მ. ბ-მ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 აგვისტოს განჩინებით, მხარეთა წარმომადგენლების მოთხოვნის საფუძველზე, სადავო ბინიდან მ. ს-სათვის წილის გამოყოფისა და მიკუთვნების, ასევე ბინაში შესახლების შესახებ არსებულ დავაზე სამოქალაქო საქმე ცალკე წარმოებად იქნა გამოყოფილი და განსჯადობით გადაეგზავნა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ივლისის განჩინებით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, ა. ს-ის რწმუნებულ მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

აღშნინული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ს-ის რწმუნებულმა მ. ბ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, მას კანონით დადგენილი წესით სასამართლოს უწყება არ ჩაბარებია. ამასთანავე უწყება, რომელიც მას მოგვიანებით გადაეცა, არ იყო შედგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ა. ს-ის რწმუნებულ მ. ბ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.

ამავე კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არცერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

აღნიშნული ნორმების თანახმად, სასამართლოს ევალება, შეატყობინოს მხარეს და მის წარმომადგენელს სასამართლო სხდომისა თუ ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. თუ მხარეებს გაეგზავნათ უწყება კანონით დადგენილი წესით, მაგრამ ისინი არ გამოცხადდებიან სასამართლო სხდომაზე, მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საპროცესო მოქმედების შესრულებას და სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სარჩელი. (სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტი).

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 24 ივლისის განჩინებით ა. ს-ის რწმუნებულის _ მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად მხარეთა გამოუცხადებლობის გამო. სასამართლო სხდომის ოქმში (ს.ფ. 237) აღნიშნულია, რომ მხარეებს უწყებები ჩაჰბარდათ 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება, კერძოდ, საქმეში არ მოიპოვება საფოსტო შეტყობინება ან სხვა რაიმე ცნობა იმის შესახებ, რომ მ. ბ-ს უწყება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად კი, სასამართლო უწყების შინაარსი უნდა შეიცავდეს იმ საქმის დასახელებას, რომლის გამოც იბარებენ ამა თუ იმ პირს და მითითებას დავის საგნის შესახებ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის განმარტებას იმის თაობაზე, რომ სასამართლო უწყება, რომლის შესახებაც მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, კანონის დარღვევით არის შედგენილი, კერძოდ, მასში არ არის მითითებული საქმის დასახელება და დავის საგანი, რის გამოც იყო დაბარებული სასამართლოში, ამასთანავე, უწყებაში არასწორად არის მითითებული გასაჩივრებული გადაწყვეტილება, კერძოდ, ნაცვლად ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებისა, მითითებულია ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება (ს.ფ.231).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მითითებული საპროცესო დარღვევები გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ს-ის რწმუნებულ მ. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

ამ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ივლისის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.